კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-11(794)

 ***
რატიმ ზუსტად თორმეტის ნახევარზე დაძრა „ბეემვე“ ადგილიდან და აჭარისკენ აიღო გეზი, მართალია, ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ უზადოდ მართავდა მანქანას და ავტომობილის ექსტრემალური ტარება მისთვის უცხო ხილი არ იყო. პეტრიაშვილი ჩქარობდა, რომ ამირიძის დაკრძალვისთვის ჩაესწრო და შიგადაშიგ მოძრაობის წესებსაც კი არღევდა. თუმცა, პატრული კარგად ცნობდა უშიშროების სამსახურის ნომრებს და მისი გაჩერება არავის უცდია. ის უკვე მცხეთაში შედიოდა, ნიუმანის მიცემულმა ტელეფონმა რომ დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა რატიმ.
– სად ხართ, რატი? – იკითხა ნიუმანმა.
– გზაში ვარ, მისტერ ნიუმან, ქალაქ მცხეთაში შევდივარ.
– ვითარება შეიცვალა და აჭარაში გამგზავრება აღარ არის საჭირო. რამდენ ხანში შეძლებ სამსახურში მოსვლას? პირველის თხუთმეტ წუთზე ჩემს ოთახში გელოდები, – თქვა ნიუმანმა და ტელეფონი გათიშა.
 რატიმ მანქანა მოაბრუნა და დათქმულ დროზე ხუთი წუთით ადრე ეახლა ნიუმანს კაბინეტში.
– როგორც ეტყობა, ავტომობილს კარგად მართავთ, – შეაქო ამერიკელმა და დააყოლა, – ეს „ეფბეერის“ აკადემიაში სწავლისას გამოგადგებათ.
– მანქანას ბავშვობიდან ვატარებ, – მიუგო რატიმ. შემდეგ სკამზე დაჯდა და სმენად იქცა.
ნიუმანმა დაწვრილებით გამოჰკითხა რატის პროზექტურის ამბები და უთხრა:
– ეგ ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც მივიღეთ და ამიტომ მოგაბრუნეთ გზიდან. ისე კი, ყოჩაღ რატი, ძალიან საზრიანად და ოპერატიულად გიმოქმედიათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენში არ შევმცდარვარ. ახლა კი ახალი დავალება უნდა მოგცეთ.
– გისმენთ, მისტერ ნიუმან.
– რატი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დროა, ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთისადმი დიდი ნდობა ჩამოგვიყალიბდა, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს საზრიანობასა და ახალგაზრდობის მიუხედავად, თქვენს პროფესიონალიზმზე. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაძლევთ იმ დავალებას, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. თანაც, შეგახსენებთ, რომ ასეთი სერიოზული დავალება თქვენ ჯერ არ შეგისრულებიათ. ყველაფერი ძალიან მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მხოლოდ ჩემთან ხართ ანგარიშვალდებული. ამ მისიის წარმატებაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი კარიერა. გასაგებია?
– გასაგებია, მისტერ ნიუმან, – მიუგო რატიმ, რომელსაც ამერიკელის ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვია და ყურადღებით უსმენდა.
– ასეთი სახელი – საიდა მალავანი რამეს გეუბნებათ?
– არა, პირველად მესმის, – მიუგო რატიმ.
– ზუხრა?
– ანზორ ამირიძის მეწყვილეს გულისხმობთ, რომელიც გლდანის მასივის ერთ-ერთ ბინაში მოკლეს?
– სწორედ მას. ზუხრა და საიდა მალავანი ერთი და იგივე პიროვნებაა. უბრალოდ, ის ზუხრად ეცნობოდა ბინების გამქირავებლებს, რომ არ გაშიფრულიყო. თავად კი აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში მუშაობდა მდივნად. საქართველოში ლეგალურ საქმიანობას ეწეოდა ოფიციალურად. არაოფიციალურად კი, სავარაუდოდ, ტერორისტებთან თანამშრომლობდა. როდესაც მისი იდენტიფიკაცია მოხდა და თურქულმა მხარემ მისი მკვლელობის ამბავი შეიტყო, ცხედრის გადაცემა და გამოძიებაში ჩართვა მოითხოვეს. ჩვენ, ამერიკელები ვერ გამოვჩნდებით და ჯერჯერობით ვერც თურქებს მივაწვდით ინფორმაციებს ტერორისტებზე. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ჩვენი ძალებით, თურქეთის ხელისუფლაბის დახმარების გარეშე, უნდა მოვახდინოთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც საიდა მალავანის დაკრძალვაზე იქნება. ამიტომ, ამ მთელი პროცესის გადაღებაა საჭირო. ამას კი თქვენ განახორციელებთ, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით.
– რა თქმა უნდა, არა. თანაც, ძალიან საინტერესო საქმე ჩანს, – თქვა რატიმ.
– ძალიან.  უნდა გითხრათ, რომ ასეთ დავალებებს „ეფბეერის“ აგენტებს ვავალებთ ხოლმე. თქვენ კი დიდი პატივი გხვდათ წილად.
– გმადლობთ, მისტერ ნიუმან. რა უნდა გავაკეთო? – იკითხა რატიმ.
არნოლდ ნიუმანმა, უჯრიდან საქართველოს ეროვნული პასპორტი ამოიღო, რატის მიაწოდა და უთხრა:
– აი, გაეცანით. სამიოდე დღის განმავლობაში თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, კონსტანტინე ლომიძე ხართ. საიდა მალავანის ცხედარს სტამბულში უნდა გაჰყვეთ და დაკრძალვას დაესწროთ. თქვენს ყველა ხარჯს თურქული მთავრობა იღებს საკუთარ თავზე და სასტუმრო „მარიოტში“ იცხოვრებთ. მთავარი კი აი, ეს მუქი სათვალეა, – ნიუმანმა რატის ძვირფასი მუქი მზის სათვალე მიაწოდა და დააყოლა, – აი, ამ მარჯვენა კუთხეში რომ თითს დააჭერთ, მოწყობილობა ჩაირთვება – ონლაინ რეჟიმში, თანამგზავრის მეშვეობით მივიღებთ გამოსახულებას. გასაგებია?
– გასაგებია, მისტერ ნიუმან, – მიუგო რატიმ, რომელიც პასპორტში ჩაკრულ საკუთარ სურათს აკვირდებოდა. სურათზე რატი წვერ-ულვაშით, ბაკენბარდებითა და გრძელი თმით იყო გადაღებული.
ნიუმანს გაეცინა და პეტრიაშვილს მუქი ფერის პარკი დაუდო წინ, თან უთხრა:
– გარეგნობის შეცვლა აუცილებელია, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ პარკში კი საჭირო აღჭურვილობაა. აქედან რომ წახვალ, ჩვენი სპეციალისტი ამ სურათს დაგამსგავსებთ, – ნიუმანმა საათს დახედა, – ახლა პირველი სრულდება. სტამბოლისკენ მიმავალი თვითმფრინავი ოთხზე მიფრინავს და სამი საათი დარჩა.
– სახლში შევლას, ალბათ, ვერ მოვასწრებ... – თქვა რატიმ, რომელსაც ვარლამ კაკუბავას ნახვა და მისთვის ამ ამბის მოყოლა უნდოდა.
– კატეგორიულად აკრძალულია. ამ წუთიდან თქვენ არალეგალურ მდგომარეობაში ხართ და ყოველგვარი კონტაქტი გეკრძალებათ. აქედან რომ გახვალთ, თქვენი „ბეემვეთი“ აი, ამ მისამართზე მიხვალთ და დანარჩენ ინსტრუქციებს იქ მიიღებთ. თქვენი მობილური და ნამდვილი საბუთები ჩემთან დარჩება. დამიტოვეთ ჩემი მოცემული ტელეფონიც. დაიტოვეთ მხოლოდ ათიათასდოლარიანი ბარათი და აი, ეს როუმინგიანი ტელეფონი.
რატიმ ნიუმანს ტელეფონი გამოართვა და ჰკითხა:
– ვინმემ უნდა დამირეკოს?
– შეიძლება, დაგირეკონ, შეიძლება – არა. აი, თქვენ კი ამ ნომერზე უნდა დარეკოთ დღეს, ხვალ, ზეგ და დააფიქსიროთ, რომ ყველაფერი რიგზეა, საგანგებო არაფერი ხდება. მისალმების მერე ამ კოდურ წინადადებას იტყვით: „ზეიმი გრძელდება“. თუ საგანგებო რამ მოხდა, მაშინ პირდაპირი ტექსტით ილაპარაკეთ.
– ყველაფერი გასაგებია, მისტერ ნიუმან, – მიუგო რატიმ ამერიკელს. შემდეგ მოთხოვნილი ნივთები ნიუმანს ჩააბარა და ჰკითხა:
– შეიძლება, წავიდე?
– წაბრძანდით და როგორც შევთანხმდით, ისე იმოქმედეთ, – გააფრთხილა ნიუმანმა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
რატი რომ „მოდულის“ შენობიდან გამოვიდა, შეამჩნია „ოპელი“ კუდზე აჯდა და მიხვდა, ნიუმანის ხალხი უთვალთვალებდა. ამიტომ, კაკუბავასთან დაკონტაქტება გადაიფიქრა და ამერიკელების კონსპირაციულ მისამართზე  გაემგზავრა. ათიოდე წუთის შემდეგ რატი უკვე კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა.  კარი ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცმა გაუღო. ბინაში შეიყვანა და ინგლისურად უთხრა:
– აი, იმ თეთრ კარში შედით და მეც მალე მოვალ. სამოსი მთლიანად გაიძრეთ და მხოლოდ ტრუსებში დარჩით.
რატი უფანჯრებო ოთახში შევიდა, რომელშიც საგრიმიორო იყო მოწყობილი. ხუთიოდე წუთის შემდეგ მასპინძელი დაბრუნდა და ტრუსებისამარა რატის წვერ-ულვაში, ბაკენბარდები და პარიკი დაამაგრა. შემდეგ პატარა კარისკენ მიუთითა და უთხრა:
– იქ შედით და კარგად იბანავეთ, ნუ გეშინიათ, პარიკი არ გაგძვრებათ. ქვედა საცვალიც გამოიცვალეთ და რომ გამოხვალთ, ახალ სამოსში გამოეწყვეთ.
რატი პეტრიაშვილი ნახევარი საათის შემდეგ საუცხოოდ იყო გამოწყობილი და ისე ჰქონდა შეცვლილი გარეგნობა, რომ ვერ იცნობდით. მასპინძელმა რატი ორი საათით გააჩერა ბინაში. სამს რომ ათი წუთი აკლდა, უთხრა:
– წასვლის დროა. სტამბულის რეისი ოთხზე მიფრინავს. სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან გადით. ორმოცდაათ მეტრს რომ გაივლით, შავი ფერის „მერსედესში“ ჩაბრძანდით, რომელიც თქვენ გელოდებათ.
გარეგნობაშეცვლილმა რატიმ ზუსტად შეასრულა კონსპირაციული ბინის მასპინძლის მითითება – „მერსედესის“ უკანა სავარძელზე მოთავსდა და მანქანამ აეროპორტისკენ აიღო გეზი. მძღოლი უხმოდ მართავდა ავტომობილს და არც რატის ამოუღია ხმა. ის ჩუმად იჯდა და დღის მოვლენებს აანალიზებდა, თან ცდილობდა, გამოეცნო, რაში იყო საქმე და რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება არნოლდ ნიუმანმა. რატომ მოაბრუნა გზიდან აჭარაში მიმავალი და რატომ გაგზავნა თურქეთში. ან, რა საჭირო იყო ასეთი მასკარადი – რატომ შეუცვალეს ვინაობა და გარეგნობა. მართალია, ამ ყველაფერზე მას არნოლდ ნიუმანი ამომწურავად ელაპარაკა და ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა, მაგრამ რატის ეჭვის ჭია ღრღნიდა გულის სიღრმეში და ფიქრობდა, რომ ამერიკელი ატყუებდა და სინამდვილეში სულ სხვა რაღაცაში იყო საქმე. რატის ის მოთვალთვალე „ოპელიც“ აფიქრებდა, რომელიც მას „მოდულიდან“ კონსპირაციულ ბინამდე „დაეხვოსტა“. რატიმ მოთვალთვალე მანქანის ნომერიც დაიმახსოვრა და ისიც დაინახა, რომ მასში სამი მამაკაცი იჯდა მძღოლიანად: ორი – წინ და ერთიც – უკან. თუმცა, მხოლოდ მძღოლის სახე დაიმახსოვრა მეტ-ნაკლებად, დანარჩენების ფიზიონომიებს კი კარგად ვერ შეავლო თვალი.
„სადაა ახლა ვარლამ კაკუბავა? გამოცდილია, რაღაცას მაინც ჩაავლებდა და სასარგებლო რჩევას მომცემდა. და, საერთოდ, იმას მაინც ვეტყოდი, რომ სტამბულში მივფრინავ შეცვლილი გარეგნობითა და ვინაობით, – გაიფიქრა რატიმ, შემდეგ კი ერთმა აზრმა გაუელვა: – ჩემი თავიდან მოშორება ხომ არ უნდათ და ეს მასკარადი ამიტომ ხომ არ დადგეს? ჩემი და ამერიკელების გარდა ხომ არავინ იცის, სად ვარ და, რომ გამაქრონ, ვერც ვერავინ გაიგებს შემკვეთისა და შემსრულებლის გარდა, სინამდვილეში რა მოხდა. ნუთუ მართლა ასეა? რა ვქნა, ხომ არ გავიქცე?.. მაგრამ, ასე ხომ თავი მომეჭრება და ჩემს კარიერას ხაზი გადაესმევა, თუ, რა თქმა უნდა, უარესი არ მოხდა?! თუ ჩემი მოკვლა აქვთ განზრახული, უფრო ჭკვიანურია, რომ თურქეთში ქნან ეს და, ჩემი გატყუების ოპერაციას ხომ არ ატარებენ? რაც არის, არის, უნდა გავფრინდე სტამბულში. იქ კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო და, თუკი რამე საეჭვოს ვიგრძნობ, მაშინ შევეცდები გაქცევას. დამშვიდდი, რატი, ნერვებს ნუ აჰყვები და „ხოდზე“ იყავი“.
ფიქრებში გართული რატი მალულად მძღოლსაც ათვალიერებდა. ფოტოგრაფიული სიზუსტით დაიმახსოვრა მისი გარეგნობა და არც ის გამოჰპარვია, რომ პიჯაკის ქვეშ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა დამალული. თუმცა, რა სისტემის, ვერ დაადგინა. „მერსედესის“ მძღოლიც ინგლისურენოვანი აღმოჩნდა. ის ჯერ დაუბრკოლებლად შევიდა მანქანით აეროპორტში აკრძალულ ტერიტორიაზე, შემდეგ პირდაპირ თვითმფრინავის კუდთან მიაყენა მანქანა და რატის უთხრა:
– ის ლურჯპიჯაკიანი მამაკაცი თურქეთის საელჩოს თანამშრომელია და თქვენ გელოდებათ. გადაბრძანდით და ყველაფერს ის აგიხსნით. მშვიდობიან ფრენას გისურვებთ!
– რეგისტრაციის გავლა არაა საჭირო? – ჰკითხა რატიმ მძღოლს, მან კი მიუგო:
– თქვენთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოგვარებულია. რეგისტრირებული ხართ და, შეგიძლიათ, მშვიდად გაფრინდეთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – უთხრა რატიმ „მერსედესის“ მძღოლს, მანქანიდან გადავიდა და მის მომლოდინე თურქისკენ გაემართა.
ლურჯპიჯაკიანმა მამაკაცმა რატის გაუღიმა. ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– თქვენ მისტერ კონსტენტინე ლომიძე ბრძანდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და საიდა მალავანის ცხედარს აცილებთ სტამბულში, ხომ?
– დიახ, – მიუგო რატიმ თურქს, რომელმაც რატის ღიმილით უთხრა:
– მე ალი აგაჯანი ვარ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ჩემი მთავრობისგან თქვენი მასპინძლობა მაქვს დავალებული. ჩვენთან სტუმრობის პერიოდში მე უნდა გაგიწიოთ გიდობა. წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
– პირიქით, კოლეგები ვართ და ერთმანეთს გავუგებთ, – მიუგო რატიმ და აგაჯანს გაუღიმა, რომელიც სპეცრაზმელს უფრო ჰგავდა, ვიდრე დიპლომატს.
– მისტერ ლომიძე, ალბათ, უკვე იცით, რომ ჩვენთან სტუმრობის დასაწყისში ერთობ არასასიამოვნო პროცედურებს უნდა დაესწროთ, სანამ მიცვალებულის ცხედარს პროზექტურაში დაათვალიერებენ და დაკრძალვაზეც ჩემთან ერთად უნდა იყოთ, რომ ფორმალობა დავიცვათ, – უთხრა თურქმა რატის.
– დიახ, მე უკვე ჩამიტარეს ინსტრუქტაჟი, – მიუგო რატიმ.
– ჩვენი ტრადიციების მიხედვით, მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაიკრძალოს. დღეს ეს არ მოხერხდება. ხვალ, დღის 11 საათისთვის კი ყველაფერი მოგვარებული იქნება და დარჩენილ სამოცდათორმეტ საათს ჩვენი ლამაზი ქალაქის დათვალიერებაში გაგატარებინებთ, – თქვა აგაჯანმა, შემდეგ რატის ხელით მიუთითა თვითმფრინავისკენ და დაამატა: – გთხოვთ, მობრძანდეთ. მართალია, სატვირთო განყოფილებით მოგვიწევს ფრენა, რადგან ასეთია გადასვენების პროცედურის წესი, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეკონომკლასის კომფორტით ვიმგზავრებთ.
რატი და თურქი თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში ავიდნენ, სადაც საიდა მალავანის, იგივე ზუხრას, სპეციალურ ტომარაში მოთავსებული ცხედარი იყო დასვენებული, რომელსაც თერმოპლასტმასი ჰქონდა შემოკრული – სწორედ ის ინახავდა გვამს გაფუჭებისგან. შემდეგ კომფორტულად მოწყობილ პატარა ოთახში განმარტოვდნენ, სავარძლებში მოკალათდნენ. თურქული ავიარეისების კუთვნილი „ბოინგი“ ათიოდე წუთის შემდეგ ჰაერში აიჭრა და სტამბულისკენ აიღო გეზი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3