კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისტორიები გადახდა ირინე აბესაძეს გალაკტიონთან, ლადო გუდიაშვილთან და ელენე ახვლედიანთან ერთად და რა აკავშირებდა ნატო ვაჩნაძეს მის ოჯახთან

ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს, ქალბატონ ირინე აბესაძეს, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ დიდ და საინტერესო ადამიანთან ჰქონია შეხება მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და შესაბამისად, ძალიან ბევრი აქვს გასახსენებელი. გარდა მისი პირადი ურთიერთობებისა, მნიშვნელოვანია მისი ოჯახური კავშირები – დედის თუ მამის სახელთან დაკავშირებული ბევრი ლეგენდარული პიროვნება და მოგონებები მათზე.

 ირინე აბესაძე: ბედნიერი ვარ, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა ჩემი, დედაჩემის თუ მამაჩემის საქმიანობიდან გამომდინარე. პირველი, რასაც სიამაყით გავიხსენებ – ჩემი გალაკტიონ ტაბიძესთან შეხვედრაა. მაშინ ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი. მამას ნასვამი გალაკტიონი ქუჩაში შეხვედრია. პატარა ბავშვები აჰკიდებიან ნასვამს. სულ არ სცოდნიათ, ვინ იყო და უკან მისდევდნენ, დასცინოდნენ და კენჭებს ესროდნენ თურმე. მამას როგორც კი დაუნახავს, მაშინვე გაურიდებია აბეზარი ბავშვებისგან. გალაკტიონსაც უთქვამს: მიშველე, ძამიკო, მიხსენი ამ ბავშვებისგანო და მამამ ის სახლში მოიყვანა. მაშინ არ ვიცოდი გალაკტიონი ვინ იყო, მაგრამ როგორც კი დავინახე, ადამიანი მონუმენტური გარეგნობით და მოხდენილი წვერით, შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. იმ დროს ჩემი საბავშვო ბაღის გამგე იყო პირველი საბავშვო ბაღის დამფუძნებელი ნატალია უნაფქოშვილი, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. ამ შეხვედრას ისიც ესწრებოდა. ნატალიას ჭაღარით შევერცხლილი თმა ჰქონდა. გალაკტიონმა რომ შეხედა, იცნო იმ დროის თბილისისთვის ცნობილი პედაგოგი და გაეხუმრა: უნდა შეგაჭრათ ეს ჭაღარაო. ვიფიქრე, მართლა ასე მოიქცეოდა და ძალიან განვიცადე ეს ამბავი. ამიტომ, ჩემი პირველი შეხედულება გალაკტიონზე უარყოფითი იყო (იცინის). დედამ სუფრა გაშალა და საუბარი იქ განაგრძეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის ვიყავი, მამა ლექსებს მასწავლიდა და ბევრი მათგანი ზეპირად ვიცოდი, მათ შორის, გალაკტიონის „მე და ღამე“. მამამ მისი წაკითხვა მთხოვა და მეც მთელი მონდომებით შევასრულე მისი სურვილი. გალაკტიონი გაბრწყინებული თვალებით მისმენდა და კითხვა რომ დავამთავრე, სახელდახელოდ ხელსახოცზე ჩაწერა ექსპრომტი:
„შენი სახელი, ირინა, არის ძვირფასი,
შენს წინ მომავალია გაშლილი უდიდებულეს გვირგვინად“.
დედაჩემს კი, რომელიც ძალიან ლამაზი, მსახიობი ქალი იყო, შემდეგი სიტყვები მიუძღვნა:
„ჩემო მედეა,
 ჩემი გული მოიმედეა“.
ეს ყველაფერი ხელსახოცზე დაწერა და დღესაც ძალიან მწყდება გული, რომ სპეციალურად, ქაღალდი არ მიუტანეს. თუმცა მთავარია, ეს დაიწერა და მან ხელი მოაწერა. ამის შემდეგ მამამ და გალაკტიონმა საუბარი განაგრძეს. ხუთი წლის ბავშვს მათი საუბრის შინაარსი ნამდვილად არ მესმოდა, მაგრამ ამის შესახებ წლების შემდეგ, მამაჩემის ჩანაწერებიდან შევიტყვე. მამას გალაკტიონისთვის ერთი საინტერესო ლექსი შეუხსენებია მისი ადრეული შემოქმედებიდან – „როცა იელვა“.
„რბის ორი ძაღლი, მათ ისტორია ვერ დააფეთებს,
კბილიდან გლეჯენ ერთი მეორეს ხორცის ნაფლეთებს“.
მამამ იცოდა, რომ როცა პოეტმა ეს ლექსი გამოაქვეყნა ქუთაისის ლიტერატურულ ჟურნალში, ცენზურამ მთელი ტირაჟი ამოიღო. გალაკტიონსაც კვერი დაუკრავს. მამას აინტერესებდა, გულისხმობდა თუ არა პოეტი ორ ძაღლში ბოლშევიკებს და მენშევიკებს. გალაკტიონმა, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო, მაინც იუარა. როგორც ჩანს, იმდენად იყო დაშინებული ცნობილი რეპრესიებისგან, რომ ამ მდგომარეობაშიც კი, არ ავიწყდებოდა. თქვა: იქ მართლა იყო ორი ძაღლი. მე პროკლამაციები ვისროლე, მათ დაიჭირეს და ერთმანეთის დაგლეჯა დაიწყეს. ეს ლექსი სწორედ ამაზე დავწერეო.  
გალაკტიონს და მამას თითქმის ერთნაირი, ცილინდრის მსგავსი ქუდები ეხურათ. მხოლოდ, მამასი ახალი იყო, გალაკტიონის – ძველი. წასვლისას პოეტმა მამაჩემის ქუდი აიღო და დაიხურა. მამამ უთხრა: შეგეშალათ ბატონო გალაკტიონ, თქვენი ქუდი ეს არისო – მეორეზე მიუთითა. გალაკტიონის პასუხი ასეთი იყო: გამოგადგება, ბიძია, გამოგადგებაო... და წავიდა. სულ რაღაც ორ თვეში, გალაკტიონმა თავი მოიკლა. გამოაცხადეს, თუ რამე გაქვთ გალაკტიონისეული, ლექსი იქნება თუ პირადი ნივთები, ჩაგვაბარეთო, რადგან მისი სახლ-მუზეუმი უნდა შეექმნათ. მამა, როგორც დამჯერი მოქალაქე, ასეც მოიქცა, რაზეც ძალიან მწყდება გული. თუმცა, მასთან შეხვედრის მოგონება ჩემია და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მე გალაკტიონ ტაბიძემ დამილოცა გზა.
– ინტერვიუმდე თქვით, მამა სამჯერ შეხვდა გალაკტიონსო. დანარჩენი ორი შეხვედრა რა ვითარებაში მოხდა?
– მამა ამბობდა, რომ გალაკტიონს პირველად ახალგაზრდობაში შეხვდა. თურმე, ომის პერიოდში რუსთაველზე სიგარეტს და ასანთს ერთი ქალი ყიდდა ცალობით. გალაკტიონიც და მამაც მასთან ყიდულობდნენ და ერთმანეთს სწორედ იქ შეხვდნენ. გალაკტიონს გამყიდველ ქალზე უთქვამს: იცით, ეს ყოფილი გენერლის ცოლია. ახლა ზის და სიგარეტს ყიდისო. ეს ძალიან კარგად დამამახსოვრდაო, – იხსენებდა მამა. ის იმ პერიოდში ძალიან ახალგაზრდა იყო, გალაკტიონიც, მაგრამ მას უკვე დიდი სახელი ჰქონდა...
უკვე 40-იან წლებში მამა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო აფხაზეთში. იმ პერიოდში გალაკტიონი სოხუმში ჩასულა და მისთვის დიდი შეხვედრა მოუწყვიათ. მთავრობაც იქ იყო და აფხაზეთის მთელი ინტელიგენციაც. როგორც ვიცით, გალაკტიონს ძალიან უყვარდა სმა და თურმე ღონისძიების ორგანიზატორები ყველანაირად ცდილობდნენ, გალაკტიონი ხელიდან არ დასხლტომოდათ და არ დაელია. სპეციალურად ორი-სამი კაციც კი ჰყოლია მიჩენილი, რომ ოფიციალური შეხვედრა ფხიზელს დაესრულებინა. მაგრამ, პოეტი როგორღაც დასხლტომია მათ და ვეღარსად უპოვიათ. ბოლოს თვითონვე გამოჩენილა და უთქვამს: მე სოხუმზე ლექსი დავწერე და უბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოუღია წასაკითხად. მაგრამ უცებ გადაუფიქრებია, არა არ წაგიკითხავთო. იქ მყოფ ხალხს და პოეტებს ნელ-ნელა ცოტა გაუხსნიათ და პოეტს ბოლოს წაუკითხავს ლექსი, მაგრამ ბოლომდე არა. მხოლოდ პატარა ნაწყვეტით შემოფარგლულა. ჩვენ ვიცით, რომ გალაკტიონი თავის ლექსებს რამდენიმე რედაქციას უკეთებდა და მისი ცნობილი ლექსების არაერთი ჩასწორებული ვერსია არსებობს. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, პოეტს რაღაც არ მოსწონდა და მის წაკითხვაზე უარი იმიტომ თქვა.  
– როგორც თქვით, დედის მხრიდანაც არაერთ ცნობილ ხელოვან ადამიანს შეხვედრიხართ.
– დედაჩემი იყო მედეა რაზმაძე. მე მეორე ქორწინებიდან ვარ მისი შვილი. დედას პირველი მეუღლე კოლია მიქაბერიძე, ძალიან ლამაზი, დახვეწილი და შესანიშნავი ახალგაზრდა იყო. დედა ერთ-ერთ თავყრილობაზე გაიცნო. დედა კარგად ცეკვავდა და გარეგნობითაც გამორჩეული იყო. ერთმანეთი ნახვისთანვე შეჰყვარებიათ და შეუღლებულან. სამსახურებრივი მივლინებით მისი მეუღლე რამდენიმე თვით შუა აზიაში გაემგზავრა. დედაც გაჰყვა იქ. სამარყანდში დედას ფოსტაში უკრაინის ცნობილი „დოვჟენკოს“ სტუდიის გადამღები ჯგუფი შემოჰხვევია. თურმე ფილმს იღებდნენ და ქალის მთავარ როლზე დედაჩემი მოსწონებიათ მისი სილამაზის გამო. რეჟისორი იმ დროისთვის ძალიან ცნობილი – გიორგი ტასინი იყო. დედა სცენარისტს რომ უნახავს, გაგიჟებულა – წერის დროს ზუსტად ასეთი ქალი წარმომედგინაო. ის მართლაც გადაიღეს ამ ფილმში, მაგრამ ცოტა ხანში საქართველოში დაბრუნდა, რადგან მიხვდა, რომ სამშობლოს ვერ დათმობდა და მეუღლეც მასთან ერთად წამოვიდა. 1937 წელს ნიკოლოზი დაიჭირეს და დახვრიტეს. წლების შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა და მე გავჩნდი.
დედაჩემის გარშემო ყოველთვის ლამაზი ქალბატონები ტრიალებდნენ. მაგალითად, დარიკოს როლის შემსრულებელი ულამაზესი თამარ ციციშვილი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა თამარ მეფის სახით დახატა. ქეთუსია ორახელაშვილი, რომელიც ევგენი მიქელაძის მეუღლე და ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების – მამია და მარია ორახელაშვილების ქალიშვილი გახლდათ. ქეთუსია განსაცვიფრებელი ქალი იყო. მას დაუხვრიტეს მშობლები და სასტიკად აწამეს მისი მეუღლე ევგენი მიქელაძე. ბერია თვითონ ესწრებოდა მის დაკითხვას, რომელზედაც ევგენი თვალახვეული შეუყვანიათ, მაგრამ დიდ მუსიკოსს მაინც უცვნია ბერია ხმით. ამის გამო ხიშტით გაუხვრიტეს ყური და ბოლოს დახვრიტეს. ქეთუსია კი ოცი წლით გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ იხსენებდა ხოლმე: ამბები, რასაც საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ყვებიან, არაფერია რეალობასთან შედარებით, იქ რომ გამოვიარეო.
ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო ულამაზესი ნატო ვაჩნაძე. მან დედას შესანიშნავი კერმიკული ლარნაკი, საკუთარი ფოტო და მოგონებების წიგნი უსახსოვრა, სამახსოვრო წარწერით. სამწუხაროდ, ლარნაკი დაიმტვრა, დანარჩენ საჩუქრებს კი, დღემდე ვინახავთ. ნატო ხომ ულამაზესი და ნაზი ქალი იყო, მაგრამ დედა ამბობდა, ისეთი თამადობა იცის და ისე სვამს, კარგ ვაჟკაცს შეშურდება. ყანწიც კი ვერაფერს აკლებსო. ნატო შვილების სანახავად ძალიან ხშირად დაფრინავდა და ერთ-ერთ მეგობარს უთქვამს კიდევაც მისთვის: სულ ცაში რომ ხარ, არაფერი დაგემართოსო. სამწუხაროდ, ეს წინასწარმეტყველებასავით გამოვიდა და ავიაკატასტროფის შედეგად საწყალი ქალი ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომ მისი ცნობა მხოლოდ ბეჭდის საშუალებით მოხერხდა.
– პირადად თქვენ ვისთან ურთიერთობას გამოარჩევდით?
– ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის გამო ბევრ საინტერესო ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა. არასდროს დამავიწყდება ლადო გუდიაშვილთან შეხვედრა. მასთან ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. იმდენად მოვიხიბლე მისით, პროცესი ერთი კვირა გავწელე და ძალიან დავუახლოვდი ბატონ ლადოს. საოცრად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მან თავისი ნახატიც კი მაჩუქა და ბევრი საინტერესო ისტორია მიამბო. მათ შორის მოდილიანთან შეხვედრაც. როცა მოდილიანს ძალიან უჭირდა და ნაკლები დაფასება ჰქონდა, კაფეში ხატავდა გროშების შესაგროვებლად. ერთ დღესაც ორი ქალბატონი დაუხატავს, მაგრამ ქალბატონებს ნამუშევარი არ მოსწონებიათ და უარი უთქვამთ მასზე. ლადო გუდიაშვილი იხსენებდა: ამ დროს მეც იქვე ვიჯექი კაფეში და ამის შემხედვარემ ვთქვი: როგორ ვერ აფასებენ ჭეშმარიტ მხატვრობას-მეთქი. რადგან შენ აფასებ, მხატვარი ხარ და ნამდვილად გესმის მისი მნიშვნელობა, ეს ორი ნახატი შენი იყოსო, უთქვამს მოდილიანს და საკუთარი ხელოვნების ნიმუშები ლადო გუდიაშვილისთვის უჩუქებია.
ასევე, განსაკუთრებულად მახსენდება ელენე ახვლედიანთან შეხვედრა. მუზეუმისთვის ომის თემაზე შექმნილ ნახატებს ვაგროვებდით. ქალბატონ ელენეს ასეთი რამდენიმე ჰქონდა შესრულებული და უნდა შეგვეძინა. საექსპოზიციო კომისიამ რამდენიმე შეიძინა, ზოგიერთზე კი უარი თქვა. მე, როგორც ხელოვნებათმცოდნემ, გულდაწყვეტილმა დავუბრუნე ქალბატონ ელენეს ეს ნამუშევრები და დანანებით ვუთხარი, სამწუხაროდ, მათ ხელოვნება არ ესმით, თორემ აუცილებლად ყველას შეიძენდნენ-მეთქი. ქალბატონმა ელენემ მითხრა, რადგან შენ ასე აფასებ მათ, გაჩუქებო და ასე გაჩნდა ჩემს კოლექციაში ელენე ახვლედიანის ოთხი ნამუშევარი. შემდეგ დავახლოვდით და მან მთხოვა, დამეწერა სტატია ქალ მხატვრებზე, რომლებიც გარშემო ჰყავდა შემოკრებილი და დავწერე კიდევაც. ელენემ გამოფინა მათი ნამუშევრები და ამ გამოფენის დახურვა ისტორიული მნიშვნელობის გახდა, რადგან სწორედ იქ გარდაიცვალა ფეხზე მდგომი ელენე ახვლედიანი... მანამდე კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო ცნობილი პიანისტი რიხტერი, რომელიც ხატავდა კიდევაც და როცა საქართველოში ჩამოვიდა, გამოფენა სწორედ ელენეს სახელოსნოში მოაწყო. რა თქმა უნდა, კონცერტიც გამართა, რომლის ბილეთიც ვერაფრით ვიშოვე და ამის შესახებ ქალბატონ ელენეს შევჩივლე. მან თავად წამიყვანა კონცერტზე და საპატიო ლოჟაში გვერდიგვერდ ვისხედით. იმ დროს ძალიან ახალგაზრდა და უზომოდ ამაყი ვიყავი, რადგან ასეთი მხატვრის გვერდით ვიჯექი მისივე პატრონაჟით,  დიდი ხელოვანის კონცერტზე. ჩვენთან სახლში ეკატერინე ბაღდავაძის მიერ შესრულებული ჩემი პორტრეტი ნახა. საერთოდ, ფერწერულ ნახატს დაცვისთვის ლაკს უსვამენ, რომელიც ჩემს პორტრეტს უკვე აღარ ჰქონდა. ქალბატონმა ელენემ რომ ეს დაინახა, მითხრა, ნახატი მალე გაგიფუჭდებაო. თან, არც მისი ჩარჩო მოეწონა და თავის სახელოსნოში წაიღო. ლაკიც წაუსვა, თავის შერჩეულ ჩარჩოში ჩასვა და ასე დამიბრუნა. ამიტომ, ეს ნახატი ჩემთვის ორმაგად ძვირფასია.

скачать dle 11.3