კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბიძინა ივანიშვილი ბადრი ვადაჭკორიას მოვალე და როგორ გაატარეს მათ ერთი კვირა ერთად ლვოვში

როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს „სილამაზეზე მონადირე“ გახდა და მისი ფოტოების თითოეულ დეტალში უშრეტი, ზოგჯერ ენით გამოუთქმელი სილამაზე იგრძნობა. ცნობილი ჟურნალისტის, ყოფილი დიპლომატისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. ის წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტომემატიანეა და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ის ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.
ბადრი ვადაჭკორია: მას შემდეგ, რაც გავჩნდი, გეგმები და პროექტები სულ მაქვს. რაც შეეხება იმას, რითაც ამ ეტაპზე ვარ დაკავებული – ეს არის ყველაზე ეროვნული პროექტი ბეჭდურ პროდუქციაში. ჩემი დევიზი იყო და არის: საქართველო გავაცნოთ და შევაყვაროთ ქართველებს. ამიტომაც ყოველთვე გამოდის წიგნი, საკმაოდ სოლიდური და სულ უნდა გამოვიდეს – 13. უკვე გამოცემულია „აჭარა“, „გურია“, „იმერეთი“, „კახეთი“ და ახლა გამოდის „მცხეთა-მთიანეთი“, ძალიან ლამაზი და საინტერესოა, რაც მთავარია, ჩემ გარდა, სხვა ფოტოგრაფების ფოტოებიც არის დაბეჭდილი. გარდა ამისა, 2 წელია, ვმუშაობ კატალოგზე, რომელსაც ჰქვია „თბილისი“. შარშან უნდა დამებეჭდა, მაგრამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გარეშე ხომ წარმოუდგენელია?! ახლა, რადგან იქ პატარა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ კატალოგის დაბეჭვდა რამდენიმე თვით გადაიდო. ბოლო დროს „სილამაზეზე მონადირე“ გავხდი, ხალხიც დაიღალა და მეც დავიღალე ამდენი პრობლემით, გაჭირვებით. ამას უჩემოდაც აკეთებენ სხვები, ამიტომ ვცდილობ, ჩემი ქვეყანა, ხალხი სხვებს ყველაზე ლამაზი კუთხით დავანახვო.
– ზემოდან გადაღებული ფოტოები განსაკუთრებით ლამაზია, ნახატებს ჰგავს.
– რასაც ხედავ, რომ ლამაზია ყველაფრის გადაღებას იწყებ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ზემოდან არის, თუ ქვემოდან. მე გადაღების პროცესი მსიამოვნებს. ზემოდან გადაღებული ფოტოები თვალისთვის ცოტა დამღლელია, ამიტომ ჩემს წიგნებში ყველანაირი ფოტოა. ყველაზე ადვილად აღსაქმელი ადამიანის თვალის დონეზე დანახული ფოტოებია, ასეთ დროს თვალი არ იღლება.
– ალბათ, კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა ფოტოების გადაღება დაიწყეთ.
– მე ვარ მწერალ-ჟურნალისტი, წლების წინ პუბლიცისტური ნოველებისთვის „ოქროს ფრთა“ მომცეს. ჩემი გვერდები მქონდა სხვადასხვა გაზეთში, ასევე 34 წელი ტელევიზიაში ვმუშაობდი. მაგრამ, დღეს ეს არავის ახსოვს. სამაგიეროდ, ჩემი ფოტოები ყველამ იცის. ზოგადად, ფოტო ინფორმაციული უნდა იყოს. ერთმა ფოტომ შეიძლება უფრო მეტი თქვას, ვიდრე ტექსტმა. ძალიან საინტერესო პროცესია ფოტოგრაფია, თან იმდენ სულიერ სიამოვნებას მაძლევს...
– როდესაც საინტერესო კადრს ხედავთ და მის გადაღებას ცდილობთ, ალბათ, ეს ყველაზე დიდი აზარტია.
– იმხელა აზარტია, რამდენჯერმე ფოტოს გადაღების გამო, ლამის კისერი მოვიტეხე. ხევსურეთში რომ ვიყავი, აბუდელაურის ტბებზე, როშკის წყალი მოდის ძალიან ლამაზად. ჩავირბინე, თურმე ჭაობი ყოფილა, ჩავვარდი, ლოდს მივარტყი მხარი. ლოდი კი გავაპე, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მხარი მქონია მოტეხილი, ხელს ვერ ვამოძრავებდი. რამდენჯერ დამცურებია ფეხი, გადმოვვარდნილვარ. ერთხელ სამეგრელოში უკან გადავვარდი. გვიანი შემოდგომა იყო. ლოდი ეგდო, თავი უნდა დამერტყა, იქვე კი პოლიეთილენის ცარიელი ბოთლი ეგდო და იმას დავარტყი თავი – ღმერთი რომ გადაგარჩენს. სულ ვაგინებ იმას, ვინც ნაგავს ტოვებს და პირველი შემთხვევა იყო, არაფერი რომ არ მითქვამს. შვეულმფრენიდან რომ ვიღებ, ფეხები მაქვს გადმოყოფილი და სამი კაცი მიჭერს, თან ვიხვეწები: კამერა არ გადავარდეს, მე – ჯანდაბას-მეთქი. დაცემისას ფოტოაპარატი გულზე „მისვენია” – რაც გადავიღე, ის რომ გადარჩეს.
– ძალიან ბევრს მოგზაურობთ, ბევრგან იღებთ ფოტოებს. რომელმა ადგილმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?
– ბევრი რამ იყო ფოტოშოკივით. ყველაზე ხელმისაწვდომი რა უნდა ნახოს ადამიანმა? თურქეთში უნდა ნახოს სამი რამ: კაბადოკია, პამუკალი, ეფესო, სტამბულიც – თავისთავად. საქართველოში იმდენი რამ არის სანახავი, თითქმის ყველაფერი. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იორდანიაში პეტრამ, საოცარი ქმნილებაა. ზოგადად, იორდანიაში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი. გამაოგნა სინას მთიდან დანახულმა აისმა. ღამე რამდენიმე საათით მიდიხარ ფეხით, მერე 740 საფეხური უნდა აიარო და საბოლოოდ, ადიხარ სინას მთაზე. მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. ჰიმალაიც გადამიღია, იქაც მინახავს მზის ამოსვლა, მაგრამ სინას მთაზე გათენება რომ ლამაზია, ასეთი არსად მინახავს – იმდენი ფერია, თითოეულ წამში იცვლება გამა, სხვადასხვა ფერი მოდის. ძალიან მიყვარს უდაბნოს გადაღება – როგორც ჩამავალ, ასევე ამომავალ მზეზე.
– ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვდა თქვენს ობიექტივში. მათგან ვინმეს ხომ არ გამოარჩევდით?
– ძალიან ბევრი, ყველა პოლიტიკური მოღვაწე მყავს გადაღებული. ბუშის კაბინეტში სამჯერ ვარ ნამყოფი. პუტინი ძალიან ბევრჯერ გადამიღია, „დესეთეს“ პრეზიდენტები... ჩემი და მილა იოვოვიჩის ფოტო გინახავთ, ალბათ. იალტაში გადავიღე, პრეზიდენტების შეხვედრა იყო. თვითონ მთხოვა: ერთად გადავიღოთ ფოტოო. ამ ფოტოს ნივთმტკიცებასავით სულ თან ვატარებ. ცოლმა კინაღამ მომკლა: ბადრიკო, როგორ მომჭერი თავი, ანგელოზივით ქალი როგორი გეხუტება და შენ კიდევ ჩანთას ჩაფრენიხარო. რეტფორდი, დე ნიროც მყავს გადაღებული, სოფი ლორენი. სოფი ლორენს, რომ ნახავ, უნდა დაეცე და დამუნჯდე. თან, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, სოფი ლორენიც ახალგაზრდა იყო. მოსკოვში შევხვდი – უმაგრესი ქალია, ნამდვილი მოვლენა. რეტფორდს რამდენჯერმე შევხვდი, მის შვილებსაც ვიცნობ. დე ნირო ქალიშვილთან ერთად ვნახე. დაახლოებით 3 წლის წინ საფრანგეთში შევხვდი კლაუდია კარდინალეს – ქალი-ოცნება იყო, ტელევიზორში მის დანახვაზე ცუდად ვხდებოდი, ვგიჟდებოდი. რიგი იდგა მასთან ფოტოს გადაღებაზე.
– თქვენი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. თქვენ მისი ფოტომემატიანე ხართ.
– პატრიარქთან ურთიერთობა 90-იან წლებში დაიწყო. ის ყველას იმედი და მფარველია. მისი ლოცვა-კურთხევა ყველგან დამყვება, რამდენჯერ გადავრჩი საფრთხეს და ამ დროს სულ ვხვდები, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მიფარავს. უცხოეთშიც რომ მიდის, თან მიახლებს ხოლმე. ამ დროს ჩვენთან შემოდის თვითმფრინავში და გვლოცავს. რა თქმა უნდა, მასთან სულ მოკრძალებით ვარ, განსაკუთრებული გრძნობა და დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ფოტოებს როცა ვაჩვენებ და განსაკუთრებულად მოეწონება, ახლობელი აღმოჩნდება მისთვის, ეფერება ხოლმე. მის კურთხევას საოცარი ძალა აქვს. 2007 წლის 12 ოქტომბერს პატრიართქან მიღებაზე ვიყავით მე და ოთარ მარღანია. 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრების 30 წელი სრულდებოდა. იქვე მომივიდა აზრად და მის უწმიდესობას კურთხევა ვთხოვე: უცხოეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების ალბომი მინდა, გავაკეთო და მოგიძღვნათ-მეთქი. მომცა კურთხევა. 2 თვის განმავლობაში 5 ქვეყანა მოვიარეთ: წმიდა მიწა, ეგვიპტე – სინას მთა, ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი, გადავიღეთ და წიგნიც გავაკეთეთ. „სეზამ, გააღესავით“ იყო პატრიარქის კურთხევა, განსაკუთრებით ეგვიპტეში, წმიდა ეკატერინეს ტაძარში, სადაც ხელნაწერების უდიდესი ფონდია ვატიკანის შემდეგ. ჩვენამდე ერთი კვირით ადრე სომხეთის დელეგაცია არ შეუშვეს, თან ოფიციალური შეთანხმება ჰქონდათ. მე და პაატა ნაცვლიშვილმა როგორც კი გადავეცით პატრიარქის თხოვნა და ჩემი წიგნები, მაშინვე თავად გამოგვიტანეს ახალაღმოჩენილი ხელნაწერები. მეორე შემთხვევა იყო 2010 წლის 12 სექტემბერს. დამავალა სვეტიცხოველზე გამეკეთებინა წიგნი და მისი კურთხევით 21 დღეში ყველაფერი დავასრულე. რა თქმა უნდა, მის უწმიდესობასთან ურთიერთობისას ყოველთვის უკანა პლანზე ვარ, ასეც უნდა იყოს. მე ვხედავ როგორი პატივისცემით ეპყრობიან მას სხვა ქვეყნის პირველი პირები. დიდ პატივს სცემენ, რადგან უდიდესი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი გვყავს.
– არ შემიძლია თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ არ გკითხოთ. როდესაც თქვენი ფოტოალბომის – „ეს საქართველოა“ პრეზენტაცია იყო, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული შეფასებები მოგცათ. გარდა ამისა, განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისი ვალიც მას დღემდე აქვს. რა ვალი აქვს ამისთანა?
– გენიოსი პიროვნებაა, რომ თქვა – ეს მესიამოვნა, მაგრამ მერე ვალი მაქვს მაგისიო... მის მეუღლეს ვეუბნებოდი – სახელი გამიტეხა-მეთქი. 1980 წელს ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით ლვოვში, თავის ახლობლებთან ერთად იყო ჩამოსული. როგორც თავად ხუმრობს: „სასპეკულიანტოდ“. მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და სამსახურიდან ვიყავი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მითხრა: მაშინ გაცილებით ბედნიერი ვიყავიო... ერთი კვირა ერთად ვიყავით. სხვა ქართველებიც იყვნენ, მაგრამ თავისი ხასიათით, სითამამით თავი დამამახსოვრა. მე მანქანით ვიყავი – „ნოლშესტი“ მყავდა. ის პატარა ბიჭი იყო, არ ჰყავდა მანქანა. მერე ერთად წამოვედით, პატარ-პატარა თავგადასავლები გადაგვხვდა, ბორანზე ძლივს ავედით. ღამე მანქანაში გავათიეთ. გზაში უამრავი ფოტო გადავიღეთ. კარგად გავერთეთ, ერთ რეგისტრზე ვიყავით აწყობილები – ის ბედნიერი იყო, რომ რაღაცეები შეიძინა, მე კი კარგი გასტროლი გამომივიდა.
– გოგონებიც იქნებოდნენ.
– გოგონებისთვის ვის ეცალა მაშინ, სამუშაოდ ვიყავით ჩასულები. პოლონელებს შემოჰქონდათ ტყავის გრძელი ლაბადები და მაგის საყიდლად იყო წამოსული.
– რა ვალი აქვს თქვენი?
– არაფერი. მანქანით რომ წამოვიყვანე, გზის ფული დაზოგა და იმ ფულით ზედმეტი ჯინსის შარვალი იყიდა. ამიტომ იყო ბედნიერი. მერე მოსკოვშიც შევხვდით ერთმანეთს. 2003 წელს შევხვდით კიდევ. ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა, რადგან ჩვენს ახალგაზრდობას შევხვდით, იმ განწყობას დავუბრუნდით. მე მისი მილიარდები არ მძაბავს, შენობით ვსაუბრობთ, რადგან, როცა თქვენობით დაველაპარაკე, შენიშვნა მომცა. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, ოჯახებით ვეტრაბახებით ერთმანეთს, სხვა რით უნდა დავეტრაბახო.
– როდის აპირებს ვალის გასტუმრებას?
– არა, ამ სტატუსით უნდა დავრჩე მთელი ცხოვრება.

скачать dle 11.3