კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ვალებზე აგებინეს პასუხი დიღომში ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ ძმებ ბერიშვილებს

16 თებერვალს, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-19  კილომეტრზე  მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ათამდე შეიარაღებული პირი თავს დაესხა აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონეებს, ძმებს, ზურაბ და გია ბერიშვილებს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლი გაუხსნეს. უფროსი ძმა – ზურა გულში მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზევე გარდაიცვალა, გია კი – ფეხში და თავის არეში დაიჭრა. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ერთი პირი. უკავშირდება თუ არა მართლაც მომხდარი ძველ ვალს, ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ მხარეს, გია ბერიშვილს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და დანარჩენი ძებნილი პირების ვინაობას არ ვასახელებთ. ინტერვიუში პირობითი სახელებია გამოყენებული.     
–  უპირველესად, გმადლობთ, ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით   ასეთ მძიმე დროს – თქვენი ძმის ორმოციც არ არის გასული. მოგვიყევით, გია, რა და როგორ იყო? ვინ არის ეს ხალხი, რას გედავებოდნენ? ეს იყო ჩვეულებრივი ყაჩაღობა თუ რამე უთანხმოება გქონდათ ვინმესთან და ახლა გაგიხსენეს?   
– ჩვენ ეს ბიზნესი დავიწყეთ 1990 წლიდან.  თავიდან გვქონდა სხვა კომპანია (ასევე, საწვავის ბიზნესი), მერე ის კომპანია დაიხურა წინა მთავრობის დროს გარკვეული მიზეზების გამო. იყო ერთი პიროვნება – გელა, რომელსაც ჩვენგან ჰქონდა წაღებული საკმაოდ დიდი თანხა. ის სხვა კომპანიის წარმომადგენელი  გახლდათ და ვთანამშრომლობდით. ნდობის ფაქტორი იყო, ბუნებრივია. სხვაგვარად არავინ გაატანდა ამხელა თანხას, ხომ? საუბარია რამდენიმე მილიონზე. მე ვინც მომიგზავნა მკვლელები, პარალელურად, გელას მისგანაც ჰქონია წაღებული მილიონ ორასი ათასი. გელასთან, რა თქმა უნდა,  ხელშეკრულება გვქონდა ოფიციალურად გაფორმებული. ვადა დაახლოებით ერთი წელი იყო მითითებული, რა ვადაშიც უნდა გადაეხადა და იმ პერიოდში მაქსიმალურად ახლოს ვიყავით, რომ სადმე არ დაკარგულიყო და ვალი დაებრუნებინა. 2009-დან დაიწყო ეს ჩვენი ურთიერთობა. ამ ადამიანს პირიქით, კომფორტს ვუქმნიდით, ვეფერებოდით, რომ ჯანმრთელად ყოფილიყო და კომპანიისთვის თანხა დაებრუნებინა. ხშირად ოფისში მოდიოდა, ზოგჯერ შვილთან ერთად, თბილი ურთიერთობა გვქონდა.  განვიცდიდით, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო. 7 წელი გავიდა ასე.  მაშინ ოფისი გვქონდა ორთაჭალაში. საკმაოდ დიდი კომპანია იყო, ბევრი ადამიანი გვყავდა დასაქმებული. ერთ დღესაც მოდიან ძმები – დათო და ზაზა, აი, ისინი, ვისი ვალიც ჰქონდა პარალელურად გელას. იმ დროს გელა იქ იყო.  ზედმეტი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხომ იცით, ქართველი კაცის ბუნება. ჩვენ დავიცავით: თუ რამის თქმა გინდათ, იცით სახლი, იცით ოფისი, მიდით და იქ გაარკვიეთ. არ არის ლამაზი, რომ მოდიხართ და ამდენი ხალხის თანდასწრებით შეურცხყოფას აყენებთ. ეს ჩვენი შეურაცხყოფაც არისო, ვუთხარით (სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ამათგანაც წაღებული ჰქონია  მილიონ ორასი). გავიდა რაღაც პერიოდი. კიდევ მოიკითხეს, ჩვენ ისევ ავუხსენით, დავიცავით, რომ ჩვენთან არ გაებედათ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის. მას მერე გავიდა წლები, ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ინფორმაციის დონეზე ვურთიერთობდით: გელა სად არის? თქვენთან ხომ არაფერი მოუტანია?.. ვინ არ გადავარდნილა, ვის არ ჰქონია ვალები, პიროვნებებსა და კომპანიებს კი არა, სახელმწიფოს აქვს სახელმწიფოს ვალი. მაქსიმალურად გვინდოდა, თბილად მოვპყრობოდით გელას, რამე არ დამართნოდა, არ ენერვიულა. ხომ შეიძლებოდა, გულს დაერტყა?! ამ პიროვნებიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობა გვქონდა ჩვენც და იმ ორ ადამიანსაც, რომლებმაც მერე გამომიგზავნეს მკვლელები, როგორც უკვე ვთქვი. ამ პერიოდში, გელა რომ ვეღარ აქტიურობდა, ფულს ვეღარ იხდიდა, ამათმა – ძმებმა დათომ და ზაზამ მიზეზად მოიდეს, ვითომ ჩვენ გვაქვს მათი ვალი, რადგან ჩვენ ამ გელას ვეფერებოდით და ვამბობდით, არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ, ჩვენი გაცილებით მეტი აქვს წაღებული, ვიდრე თქვენიო. გადის დრო, ვერ აბრუნებს გელა ფულს, უფრო და უფრო უკან მიდის  ცხოვრება. ვიცნობ მის დედას, მამას, შვილს, ცოლს. ცალკე დედამისს ვეფერებით და ვეხვეწებით, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, ცალკე – მამამისს. ადამიანს ამხელა ფული რომ აქვს წაღებული, ან – ეფერო ან უნდა მოკლა. კვირაში ერთხელ, ორჯერ ვნახულობდით. რამდენჯერმე მის დაჭერაზეც იყო ლაპარაკი. ერთხელ მივედით, ვთხოვეთ, ამ ბიჭებს  –  დაჭერას რა აზრი აქვს, ჯობია, გარეთ იყოს,  იცხოვროს, საქმე აკეთოს, რომ დაიჭირო, რა?..  ამ ორი ძმიდან  ერთ-ერთი – დათო თანამშრომელია და იმან რამდენჯერმე თქვა: აი, ამ კაცს თქვენ რომ ასე ეფერებით, იცოდეთ, მაგ ფულს თქვენ მოგთხოვთო. არასერიოზულად მივიღეთ, რა თქმა უნდა. გამეცინა.  ვუთხარი: ამ ადამიანს რამე რომ დაემართოს, თქვენც დაკარგავთ ფულს და ჩვენც დავკარგავთ-მეთქი.
– როცა დაინახეთ, რომ გამოჩნდნენ პიროვნებები ასეთი ულტიმატუმებით, მუქარით, არ გაიკითხეთ ვინ იყვნენ? ერთი წუთითაც არ იფიქრეთ რაზე წამსვლელები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ? მაინც ბიზნესმენი ხართ, თან ასეთი შემთხვევები ხშირია სწორედ ბენზინგასამართ სადგურებზე.  
– არ მიფიქრია. ეს გაგრძელდა დაახლოებით შვიდი წელიწადი. ამ პერიოდში ჩვენ გავჩერდით, კომპანია დაიხურა, მეპატრონეები დაიშალნენ. ისევ თავიდან დავიწყეთ ყველაფრის კეთება, ალბათ, სადღაც ორი წელიწადია. ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, როცა რაღაცას აკეთებ, ჩანს. დაინახეს, გიამ ფული იშოვა – იღვიძებს მტერი, მოყვარე და ათასი უბედური ხალხი. ერთხელაც, ერთ-ერთი ძმა, ვინც მკვლელები მომიგზავნა, მოდის უშუალო მკვლელთან ერთად, რომელიც ბოლოს გაირკვა, რომ მკვლელია. ჯდება და რაღაც ულტიმატუმს მიყენებს. გამიკვირდა, რომ მითხრა, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. სადაც ვიყავი მისული, იქ მოვიდნენ. ეტყობა, ჩუმად დამყვებოდნენ. მელაპარაკებიან რაღაც დავიწყებულ საქმეზე. შენ, ბიჭო, რატომ არ იხდი ამათ ვალსო – ის ტიპი მეუბნება. რა ვალი, ერთი თეთრიც არ მაქვს ამათი ვალი-მეთქი. პატარა ჩხუბიც იყო. ერთ-ერთი ძმა, დათო ცოტა უხეშადაც  მოვიხსენიე, ეს არაკაცია, იტყუება, შენ ვაჟკაცი კაცი ჩანხარ. ამან შეცდომაში არ შეგიყვანოს და თუ რამე სალაპარაკო გაქვს, შევხდეთ და ვილაპარაკოთ-მეთქი. გამოვიჩინე აქტიურობა და რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი. ცოტა უკან დაიხია. ამის მერე მხვდებიან მისი მეგობრები,  რამდენიმე კაცი. თავიდან პრეტენზია ჰქონდათ მილიონ ორასზე, თითქოს მილიონ ორასი მქონდა მაგათი ვალი. ამ შეხვედრების შემდეგ, ამ არაკაცებს რომ გავურკვიე ყველაფერი, მერე მეუბნებიან, თითქოს მილიონ ორასი კი არა – ოთხასი ათასი მქონია ვალი.
– ალბათ, ამაზე ლაპარაკობდნენ ქალაქში, რომ ძმებს ძველი ვალის გამო ესროლესო. ესე იგი თქვენ კი არა, პირიქით, თქვენი ვალი ჰქონია პიროვნებას, რომლის გამოც მოხდა ეს ამბავი.
–  დიახ. ეს ოთხასი ათასიც ამათი დასახელებული ციფრებია. ერთი ჩვენი განაყოფი კომპანია ადრე მათთან მუშაობდა თურმე, ამ ძმებთან – დათოსთან და ზაზასთან ვალდებულება ჰქონდა აღებული. იმ ვალდებულებაზე მივყევით, მივეხმარეთ,  ვუთხარით, რომ ეს კაცი არსად გაიქცევა და არ ენერვიულათ. მართლა გადაუხადა ეტაპობრივად. იგონებდნენ ესენი რაღაცეებს – პროცენტებს, ჯარიმებს, არარსებულ თანხებს. ერთ-ერთ  შეხვედრაზე – ეს ოთხასი ათასიც გაირკვა. მე ბუღალტერია ამოვიღე, საბუთები მოვატანინე იმ კომპანიის ხელმძღვანელის და ვუთხარი, როდის, რამდენი თანხა ჩაერიცხათ. ეს ციფრები იყო: 90 ათასი, 85 ათასი, 89 ათასი, 155 ათასი.
– ანუ, ფაქტობრივად, ძმები ამ გელას გადასახდელს „გაწერდენენ“ და რაღაც გამართლება რომ ჰქონოდა მათ საქციელს, ამ გამოძალვას, თქვენს გამყოფ კომპანიასთან თავიანთი ადრინდელი ურთიერთთანამშრომლობა გაგიხსენეს.      
–   დიახ. ყველაფერი გაირკვა, წავიდნენ. რომ ვერაფერი ნახეს ხელჩასაჭიდი. დაიჟინეს, არა, კიდევ ერთხელ შევხვდეთო. მე ვეუბნებოდი, რაზე უნდა შევხედეთ, ხომ გაირკვა უკვე ყველაფერი. თვითონაც ხომ აღიარეთ, რომ არანაირი ვალი არ ყოფილა-მეთქი. მოკლედ, ძალიან დაძაბული შეხვედრები გვქონდა, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველანაირად მართალი ვიყავი და არ ვნერვიულობდი. ვერ ისვენებდნენ, უნდოდათ, მაინც რაღაც მოეგონებინათ. ბევრი მოდიოდა ოფისში. მე არავის ვახვედრებდი, ვიყავით მხოლოდ მე,  ჩემი ძმა, ბიძაშვილი. არავის  ვურეკავდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს ყველგან. არ მივიჩნევდი ამ ხალხს სერიოზულად, პატარა ბიჭები იყვნენ.
–  მინდა, ის დღე აღწეროთ, როცა მკვლელობა მოხდა.
– იმ ორ ძმას – დათოსა და ზაზას ხშირად დაატარებდნენ შეხვედრებზე. ისინი ვერაფერს ამბობდნენ და მერე თვითონ ეჩხუბებოდნენ: ბიჭო, ხმა ამოიღე. იქ,  ჩვენთან რომ ლაპარაკობდით!.. ამ კაცს ვალი აქვს თქვენი, რაღაცნაირად დაგვამტკიცებინე, რომ ეს მართლა ასეაო. რომ ვერ დაამტკიცებინეს ეს ჩემთან, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ. დაინახეს, რომ კაპიკის გადამხდელი არ ვიყავი და არც ვაპირებდი. რატომ, რისთვის, რატომ უნდა გადამეხადა ვიღაცეებისთვის ფული? მერე, როგორც გავიგე, ასე, ვიღაცასთანაც ყოფილან, ფული ამოუღიათ – შეუშინებიათ, წაურთმევიათ. შემდეგი ობიექტი მე ვიყავი. აღმოჩნდა, მკვლელობაზე ნასამართლევები ყოფილან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ერთ დღესაც მირეკავენ, 16 თებერვალს, მკვლელობის დღეს და მეუბნებიან, შეხვედრა გვინდაო. ცოტა დაძაბული ლაპარაკი მომივიდა ტელეფონზე. შენთან ობიექტზე მოვალთ და იქ დაგელოდებითო.  დიდი დრო იყო გასული, უკვე მოშორებულები იყვნენ. ყველაფერში გამართლებულები ვიყავით. ძმები აღარ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ, როგორც ვატყობ, შინაური ურევია, ვინც იმათთან ერთად მოქმედებდა. ალბათ, აქეზებდა – ფული აქვს და გამოვძალოთო. მე ვუთხარი, ქალაქში შევხვდეთ. არა, აქ გელოდებითო. მოვდივართ იქ მე, ჩემი ბიძაშვილი და მძღოლი. ამის შემდეგ ჩემი ძმა მირეკავს და მეკითხება, სად ხარო. მე ვუთხარი, მანდ მოვდივარ, მარკეტში-მეთქი. მარკეტს ვეძახი ამ ადგილს. არ მოხვიდე, ბევრნი გროვდებიანო. ჩემი ძმის ზარი სერიოზულად არ ჩავთვალე. 
– რატომ? ადამიანი პირდაპირ გაფრთხილებთ არ მოხვიდე ბევრნი გროვდებიანო. ეს ხომ ძალიან სერიოზული გაფრთხილება იყო?
– ვიფიქრე, იგივე ყაყანი იქნება, რაღაცეების დაბრალება და ამიტომ არ ჩავთვალე სერიოზულად. მანქანაში ორი იარაღი მქონდა, თავის „ჩიხოლებში” ჩასმული. არც ამოვიღე და არც გავამზადე. რომ მივედი, საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა მართლაც, სადღაც, ათი თორმეტი კაცი იქნებოდა. გადმოვედი მანქანიდან, ყველას მივესალმე, ერთ-ერთი გარეწარი მკვლელი პირველივე დღეს რომ დაიჭირეს, ის მეუბნება უხეშად: წამო, დაჯექი მანქანაში, გარეთ ვილაპარაკოთო.  ჯერ შემობრძანდით ოფისში, თუ რამე სალაპარაკოა, აქ ვილაპარაკოთ და თუ გასასვლელია, მერე გავიდეთ-მეთქი. საერთოდ, ძალიან ანერვიულები დამხვდნენ.  ხელი, რომ ჩამოვართვი, უკანკალებდათ. ოფისში ოპერატორები, ბუღალტერი და მეგობარი ბიჭი იყვნენ. ერთი კაცი შემომყვა. გოგოებს ვუთხარი, თქვენ დამტოვეთ, გაისეირნეთ, მეგობრები მყვანან სტუმრად, მერე დაგირეკავთ და მობრძანდით-მეთქი. შემოდის ეს ორი გარეწარი, სხდებიან სავარძელში,  მე გავდივარ გარეთ, კართან გოგოებს ვაცილებ და ჩემს ძმას ვეუბნები, არ შემოხვიდე. ამათთან მალე მოვრჩები ლაპარაკს, მაგრამ ძმაა, ოფისში ხომ უნდა შემოვიდეს. ერთ-ერთი ფეხზე დგას, ჩემი ძმა და ბიძაშვილიც უკან გადადიან. ოთხი კაცი გარეთ დგება, ოთხი – უკან. მათ დანები მიადეს ჩემს ძმას. ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მელაპარაკებიან. მერე იარაღს იღებენ და მიშვერენ. ეგერევე წავედი იარაღისკენ წასართმევად, ანუ არ დავმდგარავარ და არ დამიწყია – შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. მინდოდა, წამერთმია იარაღი, უკვე გადავედი  ჭკუიდან. წავიდა სკამების სროლა, უბედურება, ყვირილი, წივილი, თავში მირტყამდნენ. გარეთ გადის ჯერ ჩემი ბიძაშვილი, მერე ჩემი ძმა, რაღაც რომ აიღოს ხელში, მოიგერიოს. მერე გავდივარ მე. ერთი კარიდან  მარცხენა მხარეს გადის სროლით, ხუთი კაცი მარჯვენა მხარეს. მე მანქანისკენ გავიქეცი, რომ იარაღი ამოვიღო, მაგრამ მანქანასთან რომ მივედი, კარი ვერ გავაღე. მძღოლმა გვიან გამიღო საბარგული, ვეღარ მოვასწარი ამოღება. ჩემი ძმა ჩემსკენ არის მოტრიალებული, ყვირის:  დროზე, დაგვხოცესო და ესროლეს. ზურგში აქვს ორი ტყია მოხვედრილი. გამოდის გულში. ჩემს თვალწინ დაეცა და დალია სული. მე ფეხში ვარ დაჭრილი. თავი გაჩეხილი, ხელი მოტეხილი მქონდა. იმხელა კივილი და წივილი იყო. მოცვივდა ხალხი, პატრული. ერთი იქვე დააკავეს. 
– ესე იგი, თქვენ ამ ძმებთან სუფთა იყავით და არანაირი ვალი არ გქონიათ?
– სრულიად გულწრფელად ვამბობ, ჩემი ძმის საფლავს და შვილებს ვფიცავ, მაგ ადამიანებთან მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობა მქონდა იმ პიროვნებიდან გამომდინარე. მხოლოდ იმ ადამიანს ვიცავდი, რომ ჩემი ფული ამომეღო. იგივეს ვეუბნებოდი მათაც წაიყვანეთ, მოეფერეთ, დაასაქმეთ. ყოველთვის ჯობია, დიპლომატიურად მიუდგე ადამიანს, ჩხუბით, ცემა-ტყეპით, უბედურებით, ვერაფერს გააკეთებინებ. ეს ორი ძმა იმდენად გაუნათლებელი და შეუგნებლები იყვნენ, აზრი აღარ ჰქონდა მათთან ლაპარაკს. თუ ფულის წართმევა გინდა, ბოლო-ბოლო სხვანაირად მიდი. იმდენი ლაპარაკი იყო, იმდენი შეხვედრა და იმდენად დარწმუნებული ვიყავი... რას წარმოვიდგენდი? ჩემმა ძმამ რომ დამირეკა, მარტო არ მოხვიდე ბევრი გროვდებიანო, მაშინაც არ მიფიქრია. ჩემი ძმის შემოყვანაც არ მინდოდა. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ ვაჟკაცი ვარ. ასეთებთან კი არა, ამათზე მაგარ ტიპებთან მომსვლია ჩხუბი, მერე კი დავმეგობრებულვართ. 
–  ხომ არ იყო აქ რაღაც სხვა ამბავი, რაც თქვენ არ იცოდით. შეიძლება, თქვენს ძმას ჰქონდა ადრე ვინმესთან პრობლემა და არაფერს გეუბნებოდათ?   
– არა, არა. მათ მხოლოდ ჩემთან ჰქონდათ საქმე. კარგი მანქანებით დავდივარ, კარგი სახლი მაქვს. ყველას ვეხმარები: ქორწილია, გასვენებაა ნათესავს, მეგობარს, მეზობელს. ხომ იცით, ქალაქი პატარაა და ვრცელდება ხმა უცბად.  ბიზნესში, ძირითადად, მე ვიყავი ყველაფერი – თავი და თავი. ჩემი ძმა იყო რიგითი დამხმარე, მეგობარი. არ ვაძლევდი ისეთ საქმეს, რომ ბიზნესში ჩარეულიყო. ჩვეულებრივად მუშაობდა ჩემთან, ხელფასი ჰქონდა. საკმაოდ წყნარი, მშვიდი ბიჭი იყო, მაგრამ ამავე დროს არავის არაფერს აპატიებდა. ძალიან მართალი და ფრთხილი იყო, ჩემთან შედარებით ათასჯერ ფრთხილი.  
ჯერჯერობით გამოძიება მიდის კარგად. კმაყოფილი ვარ, ვთანამშრომლობთ. რამდენი ოჯახი გააუბედურეს ასე და აუბედურებენ.  90-იან წლებში დავიწყე საქმე, მაშინ უფრო მეტი იარაღი ტრიალებდა ქალაქში. თან პატარა ბიჭი ვიყავი. დღემდე ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ... რა გააკეთეს მაინც, რომ ხედავდნენ უკან არ ვიხევდი, მართალი ვიყავი... მე საკმაოდ კარგად ვჩხუბობ, მიუხედავად იმისა რომ ექვსი კაცი მირტყამდა, ვერ წამაქციეს. ხომ შეიძლებოდა, ხელით გვეჩხუბა თუ ჩხუბი უნდოდათ, მათ კი იარაღი დააძრეს.

скачать dle 11.3