კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წავიდნენ სამეგრელოში საცხოვრებლად მატილდა მიურატის მშობლები და როგორ აცოცხლებენ ისინი ტურისტების წინაშე დადიანებისა და მიურატების ისტორიას

მატილდა მიურატი სულ მალე მეოთხე შვილის დედა გახდება. მისი ნახვა ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს – მას ძალიან ბევრ ქართველზე მეტად უყვარს საქართველო. „არცერთი წუთით არ მიფიქრია საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა. აქ მყავს მეგობრები, ოჯახი. აქ ვარ გაზრდილი და, მიმაჩნია, რომ ქართველი ვარ და არა ფრანგი. თან‚ იმ დონეზე ქართველად მივიჩნევ თავს, რომ ქართულად მესიზმრება. მახსოვს‚ პირველად რომ ვნახე სიზმარი ქართულად, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არ მეგულებოდა არავინ. ქართულად უფრო ხშირად ვლაპარაკობ და ეს უფრო მომწონს. ნამდვილად, უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ფრანგი”, – ეს სიტყვები მან რამდენიმე წლის წინ მითხრა და დღესაც ამ აზრზეა. მატილდა უკვე რამდენიმე წელია, ქაღალდის, მუყაოსა და მავთულებისგან ეკოლოგიურად სუფთა ნივთებს ამზადებს, მათ შორის, სათამაშოებს, ავეჯსა და ბევრ საინტერესო რამეს.

მატილდა მიურატი: წლის სიურპრიზია ჩემი ორსულობა, ძალიან ვიყავი შეშინებული. სამი შვილის გაზრდას, პლუს სხვა რაღაცეების კეთებას ვახერებდი, მაგრამ ოთხი შვილი, მაინც ბევრი მეჩვენა. თუმცა, იმით ვიმშვიდებ თავს, რომ, სადაც ბავშვებს ხელოვნებას ვასწავლი ფრანგულ სკოლაში, იქ ყველას ჰყავს 3-4 შვილი, ზოგს – ხუთიც. ასე რომ, მარტო მე არ ვარ. თუ ის დედები ახერხებენ ამდენი შვილის გაზრდას და ცოცხლები არიან,  მეც არაფერი დამემართება, მოვახერხებ. თან, ყველა მამშვიდებს.
– როგორი რეაქცია ჰქონდა ლევანს, შენს მეუღლეს?
– ლევანიც ცოტა ხანს შოკში იყო. ზოგადად, ყველასთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა. თან, გოგონას ველოდები. ერთი გოგო მყავს, ორი ბიჭი და მიხარია, რომ კიდევ ერთი გოგო მეყოლება. უფროსს, თინათინს, ძალიან გაუხარდა, ოღონდ მითხრა: თუ კიდევ ბიჭია, ეს ქვეყნის დასასრული იქნება, ისედაც მპუტავენ და მესამეც არ მინდაო. ბიჭებმა: გოგონა თუ იქნება, ფანჯრიდან გადავაგდებთ, ფეხბურთს არ გვეთამაშებაო. მაგრამ, ნელ-ნელა მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ და ეყოლებათ.
– სამივე შვილი თავად გაზარდე.
– კი და დედამთილი ძალიან მეხმარებოდა. როცა დედაჩემი აქეთ იყო, ისიც მეხმარებოდა. ახლა სამივე დადის სკოლაში, ბაღში და მეოთხის გაზრდაც არ იქნება რთული. თან, დიდი გამოცდილება მაქვს.
– ყველა ორსულობის დროს ძალიან აქტიური იყავი და ახლაც, როგორც ვხვდები, აქტიურად აგრძელებ შენს საქმეს.
– კი, საკმაოდ აქტიური ვიყავი და ახლაც ასე ვარ, ისევ ვმუშაობ. ივნისის 20-ისთვის ველოდები პატარა თამარს.
– როგორც მახსოვს, შენს მშობლებსაც ბევრი დედმამიშვილი ჰყავთ.
– ამიტომაც ჩემს ნათესავებს არ გაჰკვირვებიათ. ჩემს დეიდაშვილებს, ყველას 4 შვილი ჰყავს. მამშვიდებენ, ნუ გეშინია, ჩვენც 4 შვილი გვყავსო. საფრანგეთში, ძველ ოჯახებში, ეს ერთგვარი ტრადიციაა. დედაჩემის მხრიდან ყველას 4-5 შვილი ჰყავს. თვითონ დედაჩემი მესამეა 11 დედმამიშვილს შორის, მამაჩემი – მეცხრე, ცხრა შვილიდან. ჩემს დას 4 შვილი ჰყავს. თუმცა, ჩემი მშობლებისთვის მაინც მოულოდნელი იყო, მაგრამ გაუხარდათ.
– მეოთხე შვილზე აპირებ გაჩერებას?
– ალბათ, გავჩერდებით. ასე ჯობია. ჩემი მეუღლეც მეცოდება, ის მუშაობს მხოლოდ. მეც კი ვმუშაობ, მაგრამ მცირედია, ძირითადი დატვირთვა მაინც მასზე მოდის.
– რას საქმიანობენ ამჟამად შენი  მშობლები?
– დაახლოებით ერთი წელია, ჭკადუაშში ცხოვრობენ, მეგრელები გახდნენ. ულამაზესი სოფელია, მესტიის გზაზე მდებარეობს, იქვე, სახლთან ახლოს არის დიდი ბაბუის საფლავი. ეს დადიანების სანადირო რეზიდენცია იყო. სალომე დადიანი ხშირად ჩადიოდა იქ და რჩებოდა. სახლი გავარემონტეთ, თუმცა გარედან ისევ ისეთია, როგორიც იყო – ძველებურ სტილში, ბუხრით. დედა და მამა სულ იქ არიან, უყვართ ძალიან ის ადგილი. მეც ხშირად ჩავდივარ. ბავშვებს ორი კვირა ჰქონდათ არდადეგები და წავედი. მესტიის გზაზეა, როგორც აღვნიშნე, მაღალზეა და ერთი მხრიდან ზღვის ჰაერი უბერავს, მეორე მხრიდან კი – მთის. კავკასიონიც ჩანს და ზღვის ერთი ზოლიც. ჩემი მშობლები აპირებენ, ტურისტები მიიღონ და ასევე, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ოთახები ისე მოაწყვეს, საქართველოში არ გეგონება თავი – პატარა საფრანგეთია. ყველგან კედლებზე ჩემი წინაპრების ფოტოებია. მუზეუმია და თანაც, ცოცხალი, რადგან შთამომავალი, მამაჩემი იქ ცხოვრობს, თავად ხსნის ისტორიას: მიურატებზე, დადიანებზე და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს. ბაბუას საფლავზეც მიჰყავთ სტუმრები და იქვე ცოცხლდება ეს ისტორია. ზაფხულში ერთხელ უკვე ჩავუტარე ადგილობრივ ბავშვებს ხელოვნების გაკვეთილები. მინდა, მათაც იცოდნენ არაფრისგან რაღაცეების გაკეთება. კიდევ  მინდა გაკვეთილების ჩატარება,  შეიძლება პატარა გამოფენაც გავაკეთოთ. ერთი ოთახია, სადაც შეიძლება, მოვაწყო ჩემო მოსწავლეების გამოფენა და ასევე, გამოფენა დადიანებზე, მიურატებზე... ანუ, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე იქნება გამოფენები და სტუმრებიც ნახავენ. იქაურ მოსახლეობას ძალიან უხარია ეს ყველაფერი. იმედი აქვთ, რომ მათ სოფელს მაინც ეშველება რამე.
– ძველი ნივთებიდან არის რამე შემორჩენილი?
– ჩვენ რომ მივედით, სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო – ვირთხებით სავსე. მერე გავარემონტეთ, გავასუფთავეთ. ძირითადად უფრო ფრანგული რაღაცეებია, მიურატების მხრიდან, რაც დაგვრჩა. ზოგმა ძველი ფოტოების ასლები მოგვცა და ასე დაგროვდა საინტერესო რაღაცეები. სხვათა შორის, პირველად სამეგრელოში სწორედ იქ ჩავედით. 1994 წელი იყო. დავათვალიერეთ, საფლავთან მივედით. ბევრი ბავშვი დაგვხვდა, თან ყველა დიდი თაიგულით – ისეთი ემოციური და თბილი დახვედრა მოგვიწყვეს... მაშინ არ მეგონა, თუ ერთ დღეს იქ დავბრუნდებოდით და ვიცხოვრებდით.
– უკვე წლებია, ულამაზეს ნივთებს ამზადებ. ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან ძალიან ლამაზ ავეჯს, სათამაშოებსა და სხვადასხვა რაღაცას აკეთებ.
– სახლში მაქვს სახელოსნო, უფრო პრაქტიკულია. შუა კვირაში ფრანგულ სკოლაში ვმუშაობ, სხვადასხვა ასაკის ბავშვები მყავს. რაც მთავარია, ბავშვებს ძალიან უხარიათ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. სახლში რომ მიდიან თავიანთი გაკეთებული ნივთებით, მშობლებსაც ძალიან უხარიათ. სკოლაში სხვადასხვა ჯგუფია და ზოგჯერ ჩემს ჯგუფში ვერ ხვდებიან. ცოტა ხნის წინ ერთმა მშობელმა მითხრა: ჩემი შვილი შენს ჯგუფში მოხვდა. ისე უხარია, ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს სწავლასო. მეც ვიგონებ და ვიგონებ ახალ-ახალ რაღაცეებს, ყველაფერს ვაკეთებ. ზოგჯერ ბავშვებს მე ვთავაზობ იდეებს, ზოგჯერ თვითონ მეუბნებიან: ეს ცხოველი მიყვარს, როგორ შეიძლება, გავაკეთოო და მეც ვეხმარები. საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა, კარგი გაკვეთილები გამოგვდის. ჩემი შვილებიც ხშირად აკეთებენ რაღაცეებს ჩემთან ერთად. თინათინს აქვს ნიჭი, რაიმე ნაჭერს რომ ნახავს, აიღებს და იმისგან ქმნის საინტერესო რაღაცეებს.
– როგორ ახერხებ ამდენი რამის კეთებას?
– როცა საქმე გიყვარს, სიამოვნებით აკეთებ და დროსაც გამონახავ. როცა ბავშვები სკოლაში და ბაღში არიან, ძირითადად, მაშინ ვაკეთებ და დროც ყოველთვის მყოფნის.

скачать dle 11.3