კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს ავთო ხურციძისთვის „მინი ტაისონის” წოდება და რას ატყუებს ის დედას ყოველი ბრძოლის წინ

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით გამართულ ბრძოლაში ამერიკელ ანტუან დუგლასს სძლია და საშუალო წონაში ინტერნაციონალური ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ქართულ-ამერიკულ დაპირისპირებას ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქმა ბეთლეჰემმა უმასპინძლა.  23 წლის დუგლასს აქამდე არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული – 19 გამარჯვება (13 ნოკაუტი) და 1 ფრე იყო მის ანგრიშზე. „ტორნადომ“  კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ჩვენთნ საუბრისას განაცხადა, რომ 40 წლამდე ისევ აპირებს რინგზე დარჩენას.

 ავთო ხურციძე: ჩემი მოწინააღმდეგე მსოფლიო ხუთეულში იყო და პირველი ადგილისთვის ვიბრძოდით. დავამარცხე და პირველი ადგილიც მოვიპოვე. დუგლასი ინტერნაციონალური ქამრის მოქმედი მფლობელი გახლდათ. პირველი ვერსიით, მას მსოფლიოს ექსჩემპიონ სემ სოლიმანთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრაც ვერ შედგა. სათადარიგოში მე ვიყავი და გადაწყვიტეს, ჩვენ შევრკინებოდით. თუმცა, დუგლასს ჩემთან ჩხუბს არიდებდნენ. ეს შეხვედრა მეც ძალიან მაწყობდა. ახლა რომელ ეტაპზეც გადავედი, აქამდე რომ მივსულიყავი, ორი ბრძოლა უნდა ჩამეტარებინა. ეს კიდევ მოკლე გზა იყო ჩემთვის. ვიცოდი, დუგლასი ძლიერი ბიჭი იყო და სერიოზული ბრძოლა მექნებოდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ  ფიზიკურად ვერ გამიძლებდა.  ჩემს ძალაში დარწმუნებული ვიყავი, თორემ კრივის ცოდნითა და ტექნიკით ისიც არავის ჩამოუვარდებოდა. მართალია, საკმაოდ ახალგაზრდა, 23 წლის არის, მაგრამ როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიული კარიერა კარგი აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, წარმატებული მოკრივეა. ამ ბრძოლისთვის ორი კვირა ვემზადებოდი, თუმცა მე ყოველთვის დარბაზში ვარ და ვვარჯიშობ. კიდევ ერთი ქამარი შეემატა ჩემს კოლექციას (იცინის).
– მეათრე რაუნდში დაამარცხე, იმაზე მეტი წინააღმდეგობა გაგიწია, ვიდრე მოელოდი?
– არა, რასაც მოველოდი, ზუსტად ისე იყო, მაგრამ არ მეგონა, მე-10 რაუნდამდე თუ მივიდოდით. უფრო ვფიქრობდი, მე-5 რაუნდამდე მოვრჩებოდი. ასეც დავიწყე თავიდან, მაგრამ, რომ შევატყვე, ეს ბიჭი წინააღმდეგობას მიწევდა, მერე უფრო სხვა ხერხს მივმართე. შევხედე, ცოტა დაიღალა და ვამუშავე, მეშვიდე რაუნდიდან კი, ისევ ჩხუბი დავუწყე. მე-10 რაუნდის დასაწყისში დავამთავრეთ შერკინება. მარტო მე ვიცოდი, რომ მოვიგებდი. ტრენერი სულ მეკითხებოდა: განწყობა როგორი გაქვს, რას ფიქრობო? მერე ცოტა შევუბღვირე, ხასიათი და განწყობა შენგან უნდა მივიღო და შენ კიდევ მე უნდა მოგიყვანო ხასიათზე-მეთქი. მერე ისე „დაიქოქა”, გამაგიჟა. ბოლოს ყვიროდა: ჩემი ბიჭი ხარ, ჩემი ბიჭი ხარო; მისი შვილი მწერდა, მამაჩემს ასე ჩემთვის არ უთქვამსო – ეჭვიანობა დაიწყო შვილმა (იცინის).
– შენი რეაქცია რას ნიშნავდა, ბოლოს ტატმზე რომ ჩაიმუხლე და მუშტები დაუშინე იატაკს?
– ეს იყო ჩემი ემოცია. ძალიან გამიჭირდა კრივში დაბრუნება. ოთხი წელი არ ვყოფილვარ რინგზე, გართულებები მქონდა ყოფილ პრომოუტერთან. ძალიან ცუდად დავცილდით ერთმანეთს. ხელს მიშლიდა ყველაფერში. მის გამო, ჩემს ამერიკელ პრომოუტერს ვერ გამოვყავდი დიდ ბრძოლებში. უკრაინიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. ამ ბრძოლითა და გამარჯვებით კი, ყველა წვალება და ტანჯვა დამთავრდა. სწორედ ამას ეძღვნებოდა ჩემი რეაქცია. იმ ყველაფერმა ცუდი კადრივით გაირბინა ჩემს მეხსიერებაში. ამით, არა მხოლოდ, რინგზე მოვიგე, არამედ საერთოდ გავიმარჯვე ამ სიტუაციაში. ყველა დავამარცხე.
– კიდევ, რომელი ქამარი დაგრჩა მოსაპოვებელი?
–  ერთი სამი თვე დავისვენებ და მერე გამოჩნდება რამე (იცინის). ორ მსოფლიოს ჩემპიონს უნდა შევხვდე, თუმცა დაგეგმილი ჯერ არაფერია, კონტრაქტზეც არ მომიწერია ხელი. მოდი, ასე ვიტყვი, კიდევ ხუთი წელი ვიქნები რინგზე, 40 წლამდე არსად მივდივარ და მერე, ვნახოთ, რა იქნება (იცინის). პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, ჩემს მოწინააღმდეგეზე რას ვფიქრობდი. მაგათ დავპირდი, რომ მოვიგებდი და ვუპასუხე: კარგი ბიჭია, მაგრამ ჩემთან მისი ბრძოლა ჯერ ადრეა. ამას რატომ ვამბობ, რინგზე ნახავთ-მეთქი. სხვათა შორის, კომენტატორმაც გამოაცხადა: ხურციძე რასაც დაგვპირდა, აასრულაო (იცინის).
– „მინი ტაისონად“ მოგიხსენიეს, ეს წოდება რას ნიშნავს შენთვის?
– ტაისონი ძალიან მიყვარს. მისი სიყვარულით წავედი კრივში. ბავშვობაში მისი ჩხუბი რომ ვნახე ისე მომეწონა, გადავწყვიტე, მეც მოკრივე ვყოფილიყავი. მაგრამ, მაშინ არეულობა იყო, ომი და არავის ეცალა სპორტისთვის. ამის გამო შემრჩა სამოყვარულო კარიერა. სულ 10 თუ 12 ბრძოლა მაქვს სამოყვარულოში ჩატარებული. სასიამოვნოა, როცა მას მადარებენ. ტაისონი ჩემთვის მაგალითია. მან დაცემაც გამოსცადა და ამაღლებაც. ჩემს ცხოვრებაშიც იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ მას რომ ჰქონდა, ისეთი არა. რაღაც მხრივ ჩემი ცხოვრება წააგავს მისას.
– ამ ბრძოლის შემდეგ, დედამ არ გითხრა, სახლში დაბრუნდი, უკვე ყველაფერი მოგებული გაქვსო?
– კი, როგორ არა. როცა ბრძოლას პირდაპირი ეთერით გადმოსცემენ, დედაჩემს სულ ვატყუებ, ეს ბრძოლა უკვე მოგებული მაქვს და არ ინერვიულო, ჩანაწერია-მეთქი. ამ დროს დედაჩემი ხალხს აწყნარებს, ურეკავს, მოგებული აქვს ჩხუბი, დაწყნარდითო. არადა, იმ დროს მიდის პირდაპირი ბრძოლა (იცინის). ახლა, იმედი მქონდა, რომ ვერ ნახავდა, რადგან საქართველოს გარდა, ყველა ტელევიზიამ გააშუქა. ჩემს მოწინააღმდეგეს მაგრად გულშემატკივრობდა დედამისი. იქ იყო მოსული. დედამისის უფრო მეშინოდა, ვიდრე მოწინააღმდეგის (იცინის) დიდი, „ზდაროვი” ქალი იყო. ბავშვი სასწორზე რომ დააყენეს, ტაში შემოსცხო. ჩხუბის მერე მივედი და მითხრა, კარგი მოკრივე ხართო. მეც ვუთხრი, კარგი შვილი გყავთ-მეთქი. სურათებიც  გადავიღეთ ერთად.
– საქართველოში როდის აპირებ ჩამოსვლას?
– გაზფხულის ბოლოს ჩამოვალ. ახლა კარგ ფორმაში ვარ და ჯერ არ მინდა. მანდ რომ ჩამოვდივარ, სულ  ქეიფი და ერთი ამბავია. არ მინდა, ფორმიდან ამოვვარდე. ამ დიდ ბრძოლასაც ჩავატარებ და მერე ჩამოვალ.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება? ტატამს მიღმა რა ხდება?
– კრივით ვცხოვრობ. სხვას არაფერს ვაკეთებ. რომ გითხრა, რამე ბიზნესი მაქვს-მეთქი – არა. ვისვენებ, დავდივარ, ვერთობი. ახლა მაიამიში წავალ და იქ დავისვენებ. ჩემი მეგობარი მეუბნება, ჩამოდი ჩემთან, დაისვენეო. კარგი, წამოვიღებ სპროტულებს და ვირბენ-მეთქი. სარბენად კი არ გეპატიჟები, დაისვენეო (იცინის). ესაა ჩემი დასვენება, ყველაფერს ჩემს პროფესიასთან ვაკავშირებ.
– პირად ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა?
– არა, არ ჩანს არავინ. სად იყურებიან ეს გოგონები, დავბერდი კაცი (იცინის). ჩემს ტრენერს, მურთაზ ბებიას შევპირდი, შენ რომ მოიყვან ცოლს, მერე მეც მოვიყვან-მეთქი. ბედს არ ვაბრალებ ახლა ამას. ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას  და მერე, რომ არაფერი გამოუვათ, ბედს აბრალებენ. ისეც არ არის, რომ ვინმეს ვეძებ. ჯერჯერობით ვერ შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს. დაბადებული კი უნდა იყოს, წესით (იცინის). ჟურნალისტებმა მკითხეს, თავს როგორ უვლი, ასე ახალგაზრდულად რომ გამოიყურებიო. უცოლო ვარ-მეთქი და ბევრი იცინეს.
– ამერიკის ქუჩებში რომ დადიხარ, ალბათ, გცნობენ?
– პირველად, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ერთი ბრძოლაც არ მქონდა ჩატარებული, ქუჩაში მაჩერებდნენ და სურათებს იღებდნენ. ალბათ, ვინმე ჩემპიონს მამგვანებდნენ (იცინის). ახლა კი ნამდვილად ყველა მცნობს და მიხარია ეს.

скачать dle 11.3