კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ქართველმა მამაკაცმა „კაგებეს“ საიდუმლო კუნძულიდან გაქცევა

უბედური შემთხვევა
1968 წლის 16 აგვისტოს 24 წლის თბილისელი მერაბ ხმალაძე ქალაქ სოჭის გარეუბანში, ეგრეთ წოდებული, „ბუხტის“ უკაცრიელ პლაჟზე იმყოფებოდა თავის მეგობართან, ოთარ მამრაძესთან და ორ რუს გოგონასთან ერთად, რომლებიც თბილისელმა ყმაწვილებმა კურორტზე გაიცნეს და დაუახლოვდნენ. შუადღე იდგა. ათლეტური აღნაგობისა და სიმპათიური გარეგნობის მერაბი წყალში შევიდა და გაცურა. ნაპირზე დარჩენილები კარტს თამაშობდნენ და მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მერაბი ბრწყინვალე მოცურავე იყო. წყალში ერთხელ შედიოდა ხოლმე და ისე შორს მიცურავდა, თვალს ვერ შეავლებდი. შემდეგ წყლიდან ამოვიდოდა, მზეზე დაწვებოდა და, რომ გაშრებოდა, ვეღარავინ აიძულებდა კვლავ წყალში შესვლას. ამ ჩვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში არღვევდა, თუ ვინმეს შველა სჭირდებოდა. ასეთი შემთხვევა მერაბის ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა და მას ხუთი ადამიანი ჰყავდა დახრჩობას  გადარჩენილი. მერაბ ხმალაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო  ჭაბუკებს შორის და ცურვას იმიტომ არ გაჰყვა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მას ფეხი გადატეხილმა კაფელმა გაუჭრა და არტერია დაუზიანა, რის შედეგადაც მარჯვენა ფეხის ბარძაყზე მას ნაიარევი დარჩა. ექიმებმა ძლივს მოახერხეს ჭაბუკის გადარჩენა და მერაბს რეაბილიტაციისთვის საკმაო დრო დასჭირდა. ცურვა, როგორც სპორტის სახეობა მიატოვა, მაგრამ ძველებურად უზადოდ ცურავდა და რამდენიმე კილომეტრის გაცურვა მისთვის პრობლემას მაინც არ წარმოადგენდა.
იმ დღესაც, მერაბმა ტრადიციულად ძალიან შორს გაცურა, მაგრამ, რომ აღარ გამოჩნდა, ოთარ მამრაძემ მილიციას მიაკითხა და მეგობრის მოძებნაში დახმარება სთხოვა. იმავე საღამოს სოჭში ჩავიდნენ მერაბის მშობლები და მყვინთავების დახმარებით ბიჭის ძებნა დაიწყეს. სამდღიანმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და მერაბ ხმალაძე დამხრჩვალად გამოაცხადეს. მაშველთა უფროსმა კი მერაბის მამას უთხრა:
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, უბედური შემთხვევა მოხდა და თქვენი შვილი ზღვაში დაიხრჩო...
სპეცპროექტი „ტყუპისცალი“
გასული საუკუნის სამოციანი წლების შუა პერიოდში საბჭოთა „კაგებეს“ პოლკოვნიკმა ენვერ შულცმა ზესაიდუმლო სპეცპროექტი შეიმუშავა, სახელწოდებით – „ტყუპისცალი“. შულცი ძალიან ბნელი პიროვნება იყო, ეროვნებით გერმანელი. ის თავის დროზე ფაშისტებს ემსახურებოდა და „ესესის“ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლაში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. შემდეგ კი ნებაყოფლობით ჩაბარდა საბჭოთა დაზვერვას და თავისი სამსახური შესთავაზა, თან ყველა ის პროექტი გაშიფრა, რომელთა განხორციელებაც ვერ მოასწრეს დამარცხებულმა ფაშისტებმა და სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო „ტყუპისცალი“. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ საბჭოთა დაზვერვას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჯერ უნდა მოემზადებინა, შემდეგ კი შეეცვალა პერსპექტიული უცხოელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მსახიობებიც კი, რომლებიც მომავალში საბჭოთა კავშირისთვის სასარგებლო საქმეებს გააკეთებდნენ. შულცი ერთდროულად გახლდათ ფსიქოლოგი, ქიმიკოსი და ფარმაცევტი. მას დამთავრებული ჰქონდა ბერლინის უნივერსიტეტის ქიმიური და სამედიცინო ფაკულტეტები და ამ სფეროებში ძალიან ღრმა განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მან ეს ცოდნა ბოროტებისკენ მიმართა, რის გამოც კოლეგები „სატანას“ უწოდებდნენ. შულცს თავისი იდეების განსახორციელებლად ამა თუ იმ შესაცვლელი ობიექტის ზუსტი ორეული, ფაქტობრივად, ტყუპისცალი ესაჭიროებოდა, მათ მომზადებას კი ჰიპნოზის საშუალებითა და სხვადასხვა ფსიქოტროპიული პრეპარატის გამოყენებით აპირებდა. ჰიპნოზის სისტემაც და ფსიქოტროპიული საშუალებებიც თავად შულცის შექმნილი იყო. სპეცპროექტი „ტყუპისცალი“ ყოფილმა „ესესელმა“ 1966 წელს წარუდგინა თავის უფროსობას, რომელიც დაუმტკიცეს და შულცს დაუბრუნეს განსახორციელებლად, თან იმ უცხოელთა ოცკაციანი სიაც მოაყოლეს, რომლებიც საბჭოთა დაზვერვის ინტერესების სფეროში შედიოდნენ. პოლკოვნიკს სპეციალურად მომზადებული ოცეული დაუქვემდებარეს ადამიანების მოსატაცებლად. კურილიის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე კი საჭირო ინფრასტრუქტურა აუშენეს იმ პერიოდისთვის თანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით. ეს საიდუმლო კუნძული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 1 კილომეტრით იყო დაშორებული წყლით, წყალში კი მტაცებელი ცხოველები ნადირობდნენ და, საგანგებო დაცვის ასეულსაც რომ გაჰქცეოდა კაცი, ზღვის მტაცებელი შეჭამდა მას, ან, უბრალოდ, დაიხრჩობოდა და მეორე ნაპირზე ცოცხალი ვერ გააღწევდა. სწორედ პროექტ „ტყუპისცალში“ მოხვდა მერაბ ხმალაძე, რადგან  ის ერთი-ერთში ჰგავდა ერთი ამერიკელი კონგრესმენის ვაჟს, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა და დიდი პოლიტიკური პერსპექტივები გააჩნდა. სწორედ მას დაადგა თვალი საბჭოთა დაზვერვამ. შულცის ემისრებმა კი  მერაბ ხმალაძეს ქალაქ სოჭში მიაგნეს, შემდეგ წყლიდან მოიტაცეს და შულცს მიჰგვარეს, რომელმაც ქართველი ყმაწვილი სწორედ კურილიის იმ კუნძულზე გადაიყვანა და „დასამუშავებლად“ გაამზადა.
გაქცევა
მერაბ ხმალაძე ყველას გამოტირებული ჰყავდა მამამისის გარდა. ანზორ ხმალაძე პროფესიით გამომძიებელი იყო, პროკურატურაში მუშაობდა და კოლეგებს შორის პატივისცემით სარგებლობდა. მას, ალბათ, რაღაც ზებუნებრივი მამობრივი გრძნობა კარნახობდა, რომ მერაბი ცოცხალი იყო და მასთან შეხვედრის იმედით ცოცხლობდა. თუმცა, მხოლოდ იმედით არ სულდგმულობდა მამა და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებით ცდილობდა, დაკარგული შვილის კვალს დადგომოდა. ანზორი თავადაც კარგი მოცურავე იყო. მან „ბუხტის“ მიდამოებში რამდენიმეჯერ ჩაატარა წყალქვეშა ძებნა. რაღაც-რაღაც ფაქტები შეაგროვა და უფრო განუმტკიცდა რწმენა, რომ მერაბი ცოცხალი იყო. თავისი დასკვნებით, ანზორ ხმალაძე თავის სიძესთან (დის ქმართან), „კაგებეს“ პოლკოვნიკ ანტონ პავლენკოსთან მივიდა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. თავისი ეჭვები გაუზიარა და უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი ცოცხალია. ის ასე ადვილად არ დაიხრჩობოდა. სხვა რაღაც მოხდა და, ვფიქრობ, ეს შენს სფეროს უფრო შეეხება.
მიუხედავად  იმისა, რომ პოლკოვნიკ პავლენკოს ლუბიანკაზე დიდი თანამდებობა ეკავა, „ტყუპისცალის“ თაობაზე მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა, ამ სპეცპროექტის საქმის კურსში მხოლოდ „კაგებეს“ კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ერთი მოადგილე იყო. თავად კურილიის ის კუნძული კი, სადაც პროექტი ხორციელდებოდა, არცერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული, ხოლო მის ირგვლივ ათი კილომეტრის რადიუსში ფრენა და ზღვაოსნობა აკრძალული იყო. 
მოგვიანებით, კუნძულიდან სასწაულებრივად გაქცეული მერაბ ხმალაძე თავის ჩვენებაში წერდა: „კუნძული, სადაც ოცი ადამიანი ვიყავით იძულებით მოთავსებული, ისე იყო დაცული, რომ იქიდან გაღწევა შეუძლებელი ჩანდა. მის თავზე არც საფრენი აპარატი დამინახავს და არც ზღვაში – გემი...“
მიუხედავად ასეთი გასაიდუმლოებისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებისა, 1969 წლის 21 აგვისტოს, ანუ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ, 25 წლის მერაბ ხმალაძემ საიდუმლო კუნძულიდან გაქცევა მოახერხა: ღამით, ეგრეთ წოდებულ ფსიქოთერაპიის ლაბორატორიაში მერაბმა შეძლო ენვერ შულცის განეიტრალება, რომელიც მას ტრენინგს უტარებდა – მან ყოფილი „ესესელი“ გაკოჭა და პირი ჩვრით ამოუვსო, რომ არ ეყვირა. შემდეგ შულცის ლაბორატორიიდან აღებული გოგირდის სუნიანი საცხით მთელი სხეული დაიზილა და წყალში გადაეშვა უკუნეთ სიბნელეში... გაქცევის ამბავი მხოლოდ დილით გახდა ცნობილი და მერაბი ყველამ დაღუპულად ჩათვალა. სინამდვილეში, უზადო მოცურავე ქართველმა ათიოდე კილომეტრი გაცურა და, იმდენი შეძლო, რომ მეთევზეთა ბარკასით „დიდ მიწამდე“ ჩამოაღწია. ზღვის მტაცებლებისგან კი მერაბი გოგირდისსუნიანმა საცხმა იხსნა, რომლებიც მას სათოფეზეც კი ვერ მიეკარნენ.
მერაბი თბილისში 3 ოქტომბერს დაბრუნდა და მამამისის დაჟინებული თხოვნით, ერთი თვე იმალებოდა.  ამ პერიოდში მერაბმა ყველაფერი დაწვრილებით აღწერა თავის ჩვენებაში, რომელიც „კაგებეს“ კომიტეტის თავმჯდომარეს შეუტანა პოლკოვნიკმა ანტონ პავლენკომ და პირადად ანდროპოვის გარანტია მიიღო მერაბის უსაფრთხოებაზე. სამაგიეროდ, მერაბსაც ჩამოართვეს გაუთქმელობის ხელწერილი და ამ საიდუმლო ისტორიას მხოლოდ წლების შემდეგ, 2003 წელს აეხადა ფარდა, როდესაც კანადაში მცხოვრებმა მერაბ ხმალაძემ დაარღვია დუმილი და ჟურნალში ინტერვიუ გამოაქვეყნა.

скачать dle 11.3