კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ქართველების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება შეცდომა

1204 წელს ქართულმა სახელმწიფომ სცადა, კონსტანტინოპოლში ტახტზე აეყვანა ბაგრატიონთა ნათესავი – ალექსი კომნენი. თამარის ჯარი დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ, თუმცა ჯვაროსნებმა დაასწრეს ქართველებს და დაიკავეს ბიზანტიის დედაქალაქი. კონსტანტინოპოლში დაარსდა ლათინთა იმპერია.
ბერძნული არისტოკრატიისა და სამხედრო რესურსის დიდმა ნაწილმა კონსტანტინოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაინაცვლა და დააარსა ნიკეას იმპერია.
რადგან კონსტანტინოპოლის დაკავება დაასწრეს ქართველებს, გეგმა შეიცვალა და 1204 წელს საქართველოს სახელმწიფომ შექმნა ტრაპიზონის იმპერია, ანუ ქართველებმა საკუთარი ბერძნული იმპერია შექმნეს.
ტრაპიზონის იმპერიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ლაზეთის იმპერია”, ვინაიდან ეს ტერიტორია ისტორიულად ქართული (ხალდურ-ხალიბურ-ჭანურ-ლაზური) იყო მუდამ. ტრაპიზონის საკეისროში აბსოლუტური უმრავლესობა (ან, დიდი უმრავლესობა მაინც) – ჩვენი ვარაუდით, 60-70 პროცენტი, ეთნიკურად ქართველი – ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ, თუმცა, ქალაქებში დიდი რაოდენობით სახლობდნენ ბერძნები ან ელინიზებული ქართველები, სომხები, ებრაელები და სხვები.
ეს ამბავი დავით აღმაშენებლის დროს რომ მომხდარიყო, დავითი პირდაპირ შემოუერთებდა ტრაპიზონის ოლქს საქართველოს და ასე დასრულდებოდა ეს საქმე, მაგრამ თამარ მეფის პოლიტიკა სხვაგვარი იყო – ის ადგილობრივ მმართველებს არ ართმევდა მთავრობას, მხოლოდ იმორჩილებდა მათ, ავტონომიურ უფლებებს კი უტოვებდა. საქართველოს სამეფო ამ დროს ძალიან ძლიერი იყო და დამორჩილებული ჰყავდა თითქმის ყველა მეზობელი. თუმცა, ამის სანაცვლოდ, საქართველო მათ უცხოთა ექსპანსიისგან იცავდა. დიდი საქართველო იყო მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და მშვიდობიანობის გარანტი. ტყუილუბრალოდ არც თავად ესხმოდა მეზობლებს. საქართველოს მეფე „ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს”. ქართველი მეფისთვის თავისი მამულიც საკმარისი იყო, მეტს არ ეპოტინებოდა, არ იერთებდა – „რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მომხვეჭელად”. ანუ ჩვენი სახელმწიფო უფრთხილდებოდა თავის კეთილ სახელს.
თამარ მეფის პოლიტიკოსებმა, ალბათ, არ ისურვეს ბერძნული სამხედრო რესურსის დაკარგვა – იმათიც, ვინც ტრაპიზონ-ლაზეთში იყო და იმათიც, ვინც კომნენებს მიემხრობოდა. ასეთები კი ბევრნი იყვნენ. თუ საქართველო მთლიანად შეიერთებდა ტრაპიზონს, ბერძნების სამხედროები და, ალბათ, ვაჭრებიც და ხელოსნებიც, არ ისურვებდნენ ქართველების ქვეშევრდომობას და, შესაძლოა, წასულიყვნენ ქალდეადან ანუ ლაზეთიდან ნიკეაში, სადაც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადავიდა ბიზანტიის არისტოკრატია.
საქართველოს სამეფო კარმა, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალა, ტრაპიზონის გარშემო ჩამოეყალიბებინათ ბუფერული იმპერია, რომელიც ტფილისის მორჩილი იქნებოდა. ეს იყო პროტექტორატული სახელმწიფო. დაარსებისას ის საქართველოს ემორჩილებოდა. საკეისროს კარზე დიდი გავლენა ჰქონდათ ქართველებსაც. ალექსი და დავით კომნენები საქართველოში, ქართულად იყვნენ გაზრდილები. ბოლო ხანს გამოჩნდა ცნობა, თითქოს ალექსი და დავით კომნენები თამარის დის, რუსუდანის შვილები იყვნენ, მაგრამ ეს არ დასტურდება ქართული წყაროებით. არადა, ეს რომ მართალი იყოს, ქართველ მემატიანეებს არ გამორჩებოდათ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა.
ტრაპიზონ-ქალდეაში, დიდი ხნის განმავლობაში რომისა და ბიზანტიის ბატონობისა და დროთა ვითარების გამო, ტრადიცია მართვისა იყო ბერძნული. ეკლესიაც ბერძნულენოვანი გახლდათ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. თუმცა, სოფლების მოსახლეობა ძირითადად ჯერ კიდევ არ იყო ელინიზებული, ანუ, ლაზურ-მეგრული ენა და ქართული თვითშეგნება, ჰქონდათ შემორჩენილი.
ამ სახელმწიფოს განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღოდა ბერძნულ-ბიზანტიურ სამხედრო, სავაჭრო, საზღვაო რესურსს, რა თქმა უნდა, ქართველ მოსახლეობასთან ერთად.
თამარმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ყველაზე დიდი წოდების მონარქი – იმპერატორი (კეისარი) გახდა საქართველოს მეფეთმეფის ფაქტობრივი ვასალი (თავიდან კომნენოსები ატარებდნენ ტიტულს – რომაელთა ავტოკრატორი); ტრაპიზონის იმპერია, ფაქტობრივად, იქცა საქართველოს ავტონომიურ სახელმწიფოდ; ტრაპიზონის იმპერიას ჰქონდა დიდი შემოსავალი საზღვაო ვაჭრობით, რაც ქართულ ეკონომიკაზეც კარგად მოქმედებდა. ქალდიის ვერცხლის საბადოები და, სავარაუდოდ, სხვა შემოსავლებიც, ტფილისის უშუალო მფლობელობაში იყო; ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით, თამარმა ერთგვარად შექმნა, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა; ქართულმა სახელმწიფომ გამოცდილი ვაჭრების, სახელგანთქმული მეზღვაურებისა და მეომრების ნაწილი, ასევე, ბიზანტიის ბერძენი არისტოკრატები, პროქართულ პოლიტიკაში ჩააბა; ტრაპიზონის პირველი იმპერატორი კი ქართულად იყო აღზრდილი (ქართული კულტურა მნიშვნელოვანი იყო მომდევნო იმპერატორების აღზრდისას, რადგან ტრაპიზონის იმპერატორები ხშირად უნათესავდებოდნენ ქართველებს. ამასთან, ტრაპიზონში ქართული გავლენა იყო); ლაზები, თითქოს დედასამშობლოს დაუკავშირდნენ, მაგრამ, ტრაპიზონის სახელმწიფოში სახელმწიფო ენა ბერძნული იყო, რის გამოც,  ამ სახელმწიფოს მცხოვრებთ ლაზები, კულტურითა და შეგნებით, კიდევ უფრო შორდებოდნენ დედასამშობლოს. მათი ელინიზება (გაბერძნება) გრძელდებოდა. ტრაპიზონი პირდაპირ რომ შემოეერთებინათ, სახელმწიფო ენა ქართული იქნებოდა, მეტად გავრცელდებოდა ქართული სალიტერატურო ენა და კულტურა და, რაც მთავარია – ქართული თვითშეგნება. მართალია, ტრაპიზონის, რიზესა და სხვა ქალაქების ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდნენ, მაგრამ, ქართული ეკლესიებიც მეტად გაიხსნებოდა და გავრცელდებოდა ქართული ენა.
გარდა ამისა, ტრაპიზონ-ლაზეთის შემოერთებით საქართველოს, შესაძლოა, ჩამოეყალიბებინა თავისი ფლოტი. ფლოტის უკან დგას სამგზავრო და სავაჭრო გემებიც, რაც სწრაფი მიმოსვლისთვისაა საჭირო, რაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ვაჭრობას. საქართველო გახდებოდა საზღვაო სახელმწიფო და ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. საერთოდ, ძალიან საკვირველია, რატომ არ შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა ფლოტი.
რომ არ დაცემულიყო დიდი საქართველო, ტრაპიზონის საკეისრო უფრო მეტად დაუახლოვდებოდა საქართველოს და, შესაძლოა, მთლიანად ინკორპორირებულიყო მასში, დედა სამშობლოში... მაგრამ, თამარის მერე ქართული სახელმწიფოს მოშლამ გამოიწვია ტრაპიზონის სამეფოსა და ქალდეა-ლაზეთ-ტრაპიზონის ქართული მოსახლეობის კიდევ უფრო ელინიზება და დაშორება საქართველოსგან.
დიდმა ხელმწიფეებმა – დავით ნარინმა და გიორგი ბრწყინვალემ, აღადგინეს საქართველოს გავლენა ტრაპიზონზე; სხვა დროსაც, ქართველმა პოლიტიკოსებმა რამდენჯერმე მოახერხეს ტრაპიზონში თავისი ინტერესების გატარება და ტახტზე პროქართულად განწყობილი იმპერატორის დასმა, მაგრამ ეს მხარე მაინც მოსწყდა დედასაქართველოს.
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრაპიზონის საკეისროს შექმნა და ამ ტერიტორიების პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოში არშემოყვანა, დღევანდელი გადასახედიდან, საბოლოოდ, შეცდომა აღმოჩნდა.
ქართველმა პოლიტიკოსებმა მაინც „საბერძნეთად“ ჩათვალეს ლაზეთი. მომდევნო საუკუნეებში ქართველი მოგზაურები და მწერლები ტრაპიზონს „ბერძენთა მეფის საჯდომად“ მიიჩნევდნენ.
ქართველმა პოლიტიკოსებმა ვერ გათვალეს, რომ საქართველო, შესაძლოა, მუდმივად ასე ძლიერი არ ყოფილიყო და, ის ბერძნული რესურსი, რომელიც უნდოდათ, მათ გამოეყენებინათ, საქართველოს სამტროდ მოუტრიალდებოდა. ასეც მოხდა: მონღოლების შემოსევების დროიდან, ტრაპიზონში მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა ქართულ და ბერძნულ პარტიებს შორის და, ხშირად, ქართველი მეფეების მოუცლელობის გამო, ბერძნული პარტია იმარჯვებდა; ყოფილა ქართველი დიდებულების დახოცვის ფაქტებიც.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად, ბერძნულ-ბიზანტიური რესურსის გამოყენების მიზნით, დაკარგეს ლაზური რესურსი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჯობდა, ლაზეთი ბერძნული რესურსისგან დაცლილიყო.
ლაზების ერთი ნაწილი საქართველოში ცხოვრობდა და, ჩვეულებრივად, ქართველია, მაგრამ დღეისათვის თურქეთის სახელმწიფოში მცხოვრები ლაზების დიდი ნაწილი თავს არ მიიჩნევს ქართველად, განსხვავებით თურქეთში მცხოვრები მესხებისგან, თუმცა, ჩვენთან ნათესაობას აღიარებს. ლაზების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველად ჩათვლიდა თავს, თამარ მეფის პოლიტიკოსებს ტრაპიზონ-ლაზეთი პირდაპირ საქართველოსთვის რომ შემოეერთებინათ.
თუმცა, მაშინ, ალბათ, ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ შესაძლოა, ამდენი ქართული სახელმწიფოებრივი რესურსი არ ჰქონდა ჩვენს ქვეყანას.

скачать dle 11.3