კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-10(793)

 – სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს, დავიღალე. მეხუთე დღეა, რაც აქ ვარ და გადაბმულად ოთხი საათი არ მძინებია. მაგრამ, რას იზამ. ასეთია ჩვენი ხვედრი და უნდა გავუძლოთ... ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. როგორც ვიცი, სოსო ჯაფარიძემ გაუწყათ, რომ აბდულ-აზიზ ქემალის საქმეზე ჩვენთან ერთად იმუშავებთ.
– დიახ, მისტერ ნიუმან. ბატონმა სოსომ მითხრა ამის შესახებ, – მიუგო რატიმ.
– თქვენი ჩართვა ჩვენს საგამოძიებო-სამძებრო ჯგუფში ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო და იცით, რატომ? – ნიუმანმა პაუზა გააკეთა და ამ დროს რატიმ უპასუხა:
– არ ვიცი.
– იმიტომ, რატი, რომ მიუხედავად იმისა,  აქ თქვენზე გამოცდილი, სტაჟიანი თანამშრომლები მუშაობენ, რომლებსაც ჩვენს ცენტრალურ ოფისში, ვაშინგტონშიც კარგად იცნობენ და ენდობიან, თქვენში მე საქმისადმი კრეატიული, ახალგაზრდა კაცისთვის უჩვეულოდ ღრმაპროფესიული და ენერგიული მიდგომა დავინახე. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ საიდუმლო-საგამოძიებო-სამძებრო საქმიანობაში ჩაგრთოთ და დიდი იმედი მაქვს,  გამიმართლებთ.
– გმადლობთ, ასეთი დიდი ნდობისთვის, მისტერ ნიუმან.
– თქვენ წვდომა გექნებათ ყველა იმ აუცილებელ საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვეცნობით და საქართველოში ჩვენ გარდა, მხოლოდ სოსო ჯაფარიძეს თუ ვაცნობთ ხოლმე.
– ნამდვილად დიდი ნდობა და პატივია ჩემთვის ეს მისტერ ნიუმან, – თქვა რატიმ.
– ერთი სიტყვით, ბატონო რატი, ამ წუთიდან თქვენ ჩემს განკარგულებაში ხართ. ჩემს მითითებებსა და დავალებებს შეასრულებთ და ყველაფერს მე მიპატაკებთ. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერად ვიმუშავებთ ერთად.
– თავს არ დავზოგავ, მისტერ ნიუმან.
– არც მე დაგზოგავთ. ასე რომ, დაძაბული მუშაობისთვის მოემზადეთ, – უთხრა ნიუმანმა რატის ღიმილით. მას კი ეს ღიმილი არაჯანსაღად, რაღაც ბოროტი ქვეტექსტის შემცველად ეჩვენა.
– მზად ვარ, ბატონო ნიუმან, – თქვა რატიმ.
ნიუმანმა პაუზა გააკეთა. რატის მწველი მზერა ესროლა და ჰკითხა:
– რას იტყვით ამ საქმეზე? მე თქვენი აზრი  მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.
– ზოგადი სურათით და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, თბილისში, შეიძლება, საქართველოს სხვა რეგიონშიც, თავმოყრილია  ტერორისტთა ერთი ან სულაც რამდენიმე ჯგუფი, რომელთა შემადგენლობა და მიზნები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. აშკარაა ისიც, რომ მათ შორის უთანხმოება მოხდა, რამაც აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობა გამოიწვია. წუხელ გლდანის მასივის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი მკვლელობები კი ქემალის მკვლელობის გამო შურისძიებაა. მაწანწალების მკვლელობები კი, ჩემი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით განხორციელდა. ყველაზე საგულისხმოა ის, თუ როგორ შეძლო საერთაშორისო ძებნილმა ტერორისტმა თბილისში ჩამოღწევა და დამალვა. და, ასევე, მსგავსი დონის სხვა ტერორისტებიც ხომ არ არიან აქ. ისიც გასარკვევია, რაიმე აქცია ხომ არ იგეგმება.
– აქციის რა მოგახსენოთ, არ მგონია, რადგან ეს ჩვენ არ გამოგვეპარებოდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი აბდულ-აზიზ ქემალისა და როგორც სწორად  აღნიშნეთ, სხვა შესაძლო ტერორისტების აქ ყოფნაა. სწორედ ამის გამოსარკვევად ვართ აქ ვაშინგტონიდან მოვლინებული და თქვენც ამიტომ ჩაგრთეთ ამ საქმეში, რომ ყველაფრის გარკვევაში დაგვეხმაროთ. ახლა კი თქვენი მთავარი დავალება ამ ეტაპზე: უნდა გაჰყვეთ წუხელ, გლდანში მოკლული ანზორ ამირიძის კვალს. დაადგინოთ მასზე მაქსიმალური მონაცემები და მე მიპატაკოთ. ის, როგორც ვიცი, საქართველოს ზღვისპირა რეგიონიდანაა წარმოშობით. თუ არ ვცდები, აჭარიდან და ალბათ, იქ გამგზავრება მოგიწევთ. ყველაფრის დასადგენად ორმოცდარვა საათი გეძლევათ და ზეგ, დილის ცხრა საათზე თქვენს ანგარიშს ველოდები. ძებნა რომ გაგიადვილდეთ, აქედანვე გაემართეთ პროზექტურაში. სწორედ იქაა ახლა დასვენებული ანზორ ამირიძის ცხედარი და მისი ჭირისუფლებისგან დაიწყეთ მოკვლევა, – ნიუმანმა მაგიდის უჯრიდან კონვერტი და პატარა ყუთი ამოიღო. რატის წინ დაუდო და უთხრა, – ეს საკრედიტო ბარათია, რომელზეც ათი ათასი დოლარია დარიცხული და შეგიძლიათ, საქმეში გამოიყენოთ, რამდენიც დაგჭირდებათ. აი, ამ ყუთში კი მობილური ტელეფონია, რომლითაც კოდირებული საუბარია შესაძლებელი და თუკი დაგჭირდებით, მე დამირეკავთ. ჩემი ნომერი ტელეფონშია ჩაწერილი და იპოვით. აბა, შეხვედრამდე. ზეგ აქ, ამ დროს გელოდებით და წარმატებას გისურვებთ!
„მოდულიდან“ რატი პროზექტურაში გაემართა, სადაც უკვე დასრულებული იყო ანზორ ამირიძის გაკვეთა და მისი უამრავი ჭირისუფალი გვამის გადასვენებაზე ხლაფორთობდა. პეტრიაშვილმა ორმოცდაათამდე ადამიანი დაითვალა და გაიფიქრა, – ასე  უცებ ამდენი როგორ შეიკრიბაო. შემდეგ რატი ამირიძის ჭირისუფლებზე დაკვირვებას შეუდგა, რომელთა შორის მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. პეტრიაშვილს ისეთი ვინმეს შერჩევა უნდოდა, რომლისგანაც მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებდა მოკლულზე. რატიმ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ძირითადი ჯგუფისგან განცალკევებით იდგა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. რატიმ სიგარეტს მოუკიდა. ახალგაზრდას მიუახლოვდა და ჰკითხა:
– ბოდიში, ძმაო, შენ,  ალბათ, ანზორ ამირიძის ახლობელი ხარ?
– ბიძაშვილი, – ნაღვლიანად მიუგო ახალგაზრდამ და სიგარეტის კოლოფი ამოაცურა გულის ჯიბიდან. მაგრამ, ცარიელი იყო და კოლოფი ასფალტზე დააგდო. რატიმ სიგარეტით სავსე კოლოფი გაუწოდა ახალგაზრდას და უთხრა:
– მოსწიე...
ახალგაზრდამ სიგარეტი გააბოლა და რატის მადლობა გადაუხადა. პეტრიაშვილმა კი უთხრა:
– მე და ანზორი ერთად ვიყავით ავღანეთში. და მისი ამბავი რომ შევიტყვე, კინაღამ გავგიჟდი. რა შეემთხვა ამ ცხონებულს, მართლა მოკლული იპოვეს ბინაში?
– კი. მართლა მასეა. ვიღაც თურქ ქალთან ერთად უპოვიათ წუხელ გლდანში. ეტყობა, საყვარელი იყო და მისმა ქმარმა შეუსრულა, – თქვა ახალგაზრდამ და დაამატა, – გავიგოთ მხოლოდ, ვინ ქნა ეს და თურქეთში იქნება თუ მიწისქვეშ მაინც ვიპოვით და შევუსრულებთ.
– პოლიცია რას ამბობს?
– არაფერს. მაგათი... – შეიგინა ახალგაზრდამ და დააყოლა, – ვიძიებთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვითო. როგორც იციან მაგ შაკლებმა თქმა, ისე ამბობენ... მაგრამ მაინც გავიგებთ სიმართლეს. ხომ იცი, არაფერი იმალება და დედას ვუტირებთ მკვლელს!
– ცხონებული ანზორი დიდი ხანია, არ მინახავს. ბოლოს მაშინ ვნახე, ერაყში რომ მივდიოდი მისიაზე.
– ნეტავ ჯარიდან არ წამოსულიყო და მისიებზე ევლო. მაშინ ხომ არ დაემართებოდა ასეთი რამ, – უთხრა ახალგაზრდამ რატის, რომელიც სამხედრო ეგონა.
– დიდი ხანია, დაანება ჯარს თავი? – იკითხა რატიმ.
– ორიათას ათში. ხუთი წელია უკვე, – მიუგო ბიჭმა.
– მუშაობდა?
– ორი წელი თურქეთში იყო. მერე ცოტა ხნით ხულოში დაბრუნდა და ბათუმში ბინა იყიდა. მერე ისევ თურქეთში წავიდა. შარშან დაბრუნდა და თბილისში გადმოსახლდა. ასე ამბობდა, თურქებთან ერთად ბიზნესი მაქვსო და აი... – ბიჭმა ხელი ჩაიქნია და რატის მიწოდებული სიგარეტი გააბოლა.
„ორი წელი თურქეთში იყოო. ესე იგი, ქვეყნიდან გასული ყოფილა და ვინ იცის, სად რას აკეთებდა“,  – გაიფიქრა რატიმ და ბიჭს ჰკითხა:
– ცხედართან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
– გაკვეთას ველოდებოდით და დამთავრდა. ახლა ცინკის სასახლეს მოიტანენ, რომ გადავასვენოთ და დავკრძალოთ. უნდა მოვასწროთ, რომ მზის ჩასვლამდე მოვამთავროთ.
ბიჭის სიტყვებიდან რატი მიხვდა, რომ ანზორ ამირიძე მუსლიმანი იყო და უთხრა:
– ანზორი უფროსი ძმასავით მიყვარდა და მინდა, პატივი ვცე მის ხსოვნას და დასაფლავებას დავესწრო. მანქანით ვარ და მეც წამოვალ, მაგრამ ჯერ სამსახურში უნდა მივიდე და გავეთავისუფლო. შენ კი ზუსტი მისამართი მითხარი, რომ ჩამოვიდე.
ბიჭმა რატის ამირიძის სოფელი დაუსახელა, სადაც ის უნდა დაეკრძალათ. რატიმ ფურცელზე ჩაიწერა. ახალგაზრდას ხელი გაუწოდა და უთხრა:
– მე გოჩა მიქაძე ვარ. შენ?
– ასლან ამირიძე, – მიუგო ბიჭმა.
– წავედი, ასლან და აუცილებლად ჩამოვალ დაკრძალვაზე, – უთხრა რატიმ ახალგაზრდას. შემდეგ სიგარეტის კოლოფი დაუტოვა და პროზექტურიდან წამოვიდა.
რატი ჯერ სახლში მივიდა და „ბეემვე“ ეზოში გააჩერა. შემდეგ ბინაში ავიდა. ტაბელური იარაღი ნიუმანის მიცემული ტელეფონი და საკრედიტო ბარათი უჯრაში ჩადო. თავისი მობილური გამორთო და ისიც უჯრაში გამოკეტა. ტანსაცმელი გაიხადა და დედას უთხრა, რომ ახალი სამოსი გაემზადებინა. თვითონ სპორტული ტანსაცმელი გადაიცვა და კარისკენ გაემართა.
– საით, შვილო, არ გშია? – ჰკითხა რატის დედამ?
– არა, დედი, ვისაუზმე. ტანსაცმელი გამიმზადე და მალე მოვალ, – მიუგო რატიმ დედას. საათს შეხედა, რომელიც დილის თერთმეტის ნახევარს უჩვენებდა და სახლიდან გავიდა.
რატი ეზოში არ ჩასულა. ის სახურავზე ავიდა, სწრაფად გაიარა ორმოცდაათიოდე მეტრი და პირველი სადარბაზოს კიბეებით დაეშვა ეზოში. სადარბაზო უკანა გასასვლელით დატოვა. ქუჩაში ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა და ტაქსიში ჩაჯდა. მანქანა პროკურატურიდან სამოციოდე მეტრში გააჩერა. ფული გადაიხადა და ვარლამ კაკუბავას მანქანას რომ მოჰკრა თვალი, რომელიც ჩვეულ ადგილზე ჰყავდა გაჩერებული მის ყოფილ უფროსს, იქვე მდგომ სატელეფონო ჯიხურში შევიდა და დარეკა.
– გისმენთ, – მოესმა რატის ვარლამის ხმა.
– გცალიათ? – ჰკითხა რატიმ.
– თხუთმეტ წუთში მოვალ... – თქვა კაკუბავამ, მაგრამ პეტრიაშვილმა სიტყვა გააწყვეტინა:
– ახლავე გამოდი და გნახავ.
რატიმ ყურმილი დაკიდა. ჯიხურიდან გამოვიდა. ქუჩა გადაირბინა და კაკუბავას მანქანისკენ გაემართა კაპიუშონწამოფარებული. ვარლამმა ის შორიდანვე შეამჩნია. მანქანისკენ გაემართა, ჩაჯდა და ძრავა ჩართო. რატი უკანა სავარძელზე მოთავსდა და კაკუბავამ მანქანა ადგილიდან დაძრა
– ჩიტო სადაა? – ჰკითხა რატიმ.
– ტუალეტში იყო და აღარ დაველოდე. რა ხდება?
რატიმ ყველაფერი დაწვრილებით უამბო კაკუბავას და ბოლოს უთხრა:
– ასეა საქმე. ახლა კი სახლთან მიმიყვანეთ, რომ აჭარაში გავემგზავრო. თერთმეტი სრულდება და დაკრძალვას უნდა მივუსრო. ამირიძეს, ალბათ, უკვე მიასვენებენ ხულოში.
 – ესე იგი, ათიათასდოლარიანი საკრედიტო ბარათი და სპეციალური ტელეფონი გადმოგცა ნიუმანმა? – თქვა კაკუბავამ.
– დიახ, – დაუდასტურა რატიმ.
– სახლში დატოვე, ალბათ, – ეშმაკურად გაიღიმა ვარლამმა.
 – დიახ.
– რატომ?
– ამერიკელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და რა იცი, იქნებ მათი საშუალებით ჩვენი საუბარი მოისმინონ?
– სწორია. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ეგ სპორტული მასკარადიც კარგად მოგიფიქრებია, – თქვა კაკუბავამ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – მაინც, რაში დასჭირდა ნიუმანს ამერიკულ გამოძიებაში შენი ჩართვა?
– ალბათ, იმიტომ რომ, უფრო ახლო მიყოლიოს და მაკონტროლოს. თანაც, დამტვირთოს და დრო აღარ მქონდეს, სხვა საქმეში რომ ჩავყო ცხვირი, – თქვა რატიმ.
– არ მგონია, რომ მთლად მასე იყოს. ძაღლის თავი სულ სხვაგან მგონია დამარხული, – თავი გააქნია ვარლამმა.
– რას გულისხმობთ?
– ეგ რომ ვიცოდე, ამ საქმეს უკვე ფარდა აეხდებოდა. შენ წარმოიდგინე, რომ ჯერჯერობით ერთი ვერსიაც კი არ მაქვს. თუმცა, დღის ბოლოსთვის, ალბათ, უკვე მექნება რამდენიმე დამუშავებული ვარიანტი. შენ კი ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავი. გესმის, რატი?
– მესმის, ბატონო ვარლამ. ჩემზე ნუ იდარდებთ.
– ჰო, მართლა, იმ შენმა ნაცნობმა ზარები ამოაბეჭდინა თავის „პაკლონიკს“ და რაღაც-რაღაცეები უკვე გვაქვს მე და ჩიტოს, – თქვა ვარლამმა.
– საეჭვო ნომრებს მიაგენით?
– რამდენიმე საეჭვო ნომერს და შეიძლება, ისევ დაგვჭირდეს შენი ნაცნობის დახმარება.
– ხომ არ დავურეკო და ვთხოვო?
– არაა საჭირო. მე და ჩიტო მასაც დავუძმაკაცდით და მის „პაკლონიკსაც“. ასე გვითხრეს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს თქვენს განკარგულებაში ვართო.
– უხერხულია. რამე საჩუქარი უნდა ვუყიდო. მით უმეტეს, რომ უკვე შევპირდი, – თქვა რატიმ.
– არაა საჭირო. უკვე ვუყიდეთ, – გაეცინა ვარლამს.
– უყიდეთ?
– ჰო. რუსთაველზე რომ „სვაროვსკის“ მაღაზიაა, მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული გული ვუყიდეთ შენს „ნაქოფაკარს“ და ისე გაუხარდა, თავის „პაკლონიკსაც“ კი აკოცა ლოყაზე, რომელიც ლამის სიხარულისგან გადაირია, – სიცილით თქვა კაკუბავამ.
რატისაც გაეცინა. ვარლამ კაკუბავამ მანქანა რატის სახლიდან ასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და სანამ პეტრიაშვილი გადავიდოდა, უთხრა:
– მიდი ახლა და საქმეს მიხედე, მაგრამ ძალიან ყურადღებით და ფრთხილად იყავი.
რატი უხმოდ დაეთანხმა ვარლამს და მანქანიდან გადავიდა. შემდეგ იგივე გზა გაიმეორა, რაც სახლიდან წამოსვლის დროს და ბინაში რომ ფეხი შედგა, საათის ისრები უკვე თორმეტის თხუთმეტ წუთს უჩვენებდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3