კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უჩნდება გიორგი სუხიტაშვილს საკუთარი თავის მიმართ დიდი აგრესია და როდის ხდება ის არაადეკვატური

გიორგი სუხიტაშვილი, მუსიკალურად დატვირთული კარიერის პარალელურად,  ცოტა ხნის წინ რადიოწამყვანი გახდა; მისი გმირიც კვლავ გამოჩნდება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და, გარდა ამისა, ახლო მომავალში ის ახალაშენებულ და გარემონტებულ ბინაში აპირებს გადასვლას, რომელიც თავისი გემოვნებით მოაწყო.
გიორგი სუხიტაშვილი: „საზოგადოებრივი რადიოს“, „პირველი რადიოს“ დილის გადაცემის წამყვანად დავიწყე მუშაობა – „პიკის საათი” მიმყავს ჩემს შესანიშნავ მეწყვილესთან, ლანა ბლიაძესთან ერთად. მაქვს ჩემი რუბრიკა: სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ზოგადად ყველაფერი, რაც საინტერესოა ჩემთვის. არ ვარ შეზღუდული, თუმცა აქცენტი ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე მაქვს გაკეთებული და, ასევე იმაზე, როგორ და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს. ჩემთვის ყველაფერი პირადი მაგალითებით იწყება, სხვისი მაგალითითა და გამოცდილებით არაფერს ვაკეთებ. ამიტომ ვფიქრობ: სამაგალითო უნდა ვიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს ნააზრევს ოდნავ მაინც მიიჩნევენ საინტერესოდ და მნიშვნელოვნად.
– ვისთვის ხარ სამაგალითო?
– გულწრფელად მინდა, რომ მომავალი თაობისთვის ვიყო სამაგალითო და, ალბათ, ასეც არის რაღაც კუთხით, რადგან ჩემი პროფესია პირდაპირ პასუხობს იმ ასაკს, რასაც თინეიჯერობა ჰქვია და რა ასაკშიც ყალიბდება ადამიანი პიროვნებად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ გარე სამყაროზე, მეგობრებზე, რომლებიც შეიძინეს; როგორ იქცევიან ისინი სკვერებში, ბაღებში და ასე შემდეგ.
– როგორი იყო თინეიჯერი გიორგი?
– დაახლოებით ისეთი, როგორიც ახლაა. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავასრულე ბავშვობა, გამომდინარე იქიდან, რომ 13 წლისას სტუდენტი მერქვა, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე. ადრეული ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, რომ ჩემი ცხოვრება ორად იყო გაყოფილი: პირველი – სპორტი და, მეორე – ჩემი ძირითადი და პირველი პროფესია, ის, რაც ახლა მაქვს. სპორტი ყველაფერში მეხმარება, რადგან ჩემს პროფესიაში აუცილებელია სწორი სუნთქვა, ჯანმრთელობა, კარგი ფილტვები, კარგად რომ გამოიყურებოდე, ფორმაში იყო...  ეს კი სპორტის გარეშე გამორიცხულია.
–  და, კარგი ხასიათიც აუცილებელია.
– ჩარლი ჩაპლინი ძალიან „მყრალი” ყოფილა, ისევე, როგორც ლუი დე ფიუნესი, მათ ხასიათში დიდი დისბალანსი იყო. თუმცა, მიმაჩნია, რომ ისინი ცუდი ხასიათის კი არა, უბრალოდ, პრინციპულები იყვნენ, პრინციპულ ადამიანებს კი ხშირ შემთხვევაში, ცუდი ხასიათის პიროვნებებად ნათლავენ. სუსტი ნებისყოფის ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ეს რთული და მყრალი ხასიათია, მაგრამ ასე არ არის. არადა, ეს თვისება არის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი წარმატების მისაღწევად – ნებისყოფიანი, პასუხისმგებლიანი ადამიანები გარშემო მყოფთაგანაც იმავეს ითხოვენ. როცა „ფეისბუქზე“ ვპოსტავ, რომ ფონოგრამაზე სიმღერა დანაშაულია, ჩვენი მომღერლების დიდი ნაწილი ამაში არ მეთანხმება. სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი სტინგის კონცერტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთი ძვირი ღირდა. ცოცხალი არტისტებიდან სტინგი  ჩემთვის ნომერ პირველია და, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის. სახლში ვიჯექი და სტინგის ერთ-ერთ კონცერტს ვუყურებდი. ამ დროს ჩემი მეგობარი მოვიდა და მეკითხება: „ახლა, ეს ცოცხლად მღერის?” – იმხელა შეურაცხყოფად მივიღე... თუ ადამიანისთვის სიმღერა არის ჰობი, კულისებში კვდები და ნერვიულობ, მალე დამთავრდესო, მაშინ, თავი უნდა დაანებო. სცენაზე გასვლა ზეიმი უნდა იყოს შენთვის. ტექსტი იცი თუ არ იცი – ესეც კიდევ დიდი ადრენალინია, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. სცენაზე ხშირად შექმნილა უხერხული სიტუაცია, მეც დამვიწყებია ტექსტი, მაგრამ, გამოვმძვრალვარ. საერთოდ, შენს ბუნებრიობას კარგად იღებს მაყურებელი.
– როგორ ადგილებში არ გიყვარს ყოფნა?
– ზოგადად, ძალიან ვერიდები თავშეყრის ადგილებში მოხვედრას – არ მიყვარს ბევრი ხმაური, სიგარეტის კვამლი, ახალი ნაცნობობა. არ ვარ ის ტიპი, რომლისთვისაც ხუთი  წუთის გაცნობილი ადამიანი კარგი მეგობარია. არ ვსვამ; თუ ვსვამ – მხოლოდ შინაურ წრეში. თრობა ჩემთვის ბევრი დადებითი ემოცის გამოხატვაა და, როდესაც ამ დროს ბევრი ხალხია, ვიკეტები ჩემთვის. ჩემი არაადეკვატურობა (თუმცა არ ვარ არაადეკვატური) ჩემი მეგობრებისთვის ჩვეულებრივია და სხვებისთვის – უცხო, ამიტომ ვცდილობ, უცხო ხალხში არ დავლიო. როგორი ემოციითაც დაიწყებ დალევას, იმავე ემოციით დამთავრდება. თრობა ხომ ნებისმიერი ემოციის გაასმაგებაა, ამიტომ, კარგი და ცუდი სიმთვრალე მაინც პირობითია. ყოფილა შემთხვევა, სიმთვრალეში ძალიან გავბრაზებულვარ, მაგრამ, ძირითად შემთხვევებში ყველას ვებღლაძუნები, ყველა მიყვარს, ვეფერები. სიფხიზლეში უფრო ჩაკეტილი ვარ.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ისევ იქნები?
– მარტში დაიწყება და მალევე გამოვჩნდები. მე ძირითადად დამოკიდებული ვარ იმაზე, რას მოიმოქმედებენ ცოტნე და ბექა. მინდა, ჩემი გმირი მალე არ ამოიწუროს და დარჩეს სერიალში.
– ნებისყოფა ახსენე. როდის გღალატობს ნებისყოფა?
– უსამართლობასთან, უნამუსობასთან დაკავშირებით ნერვები არ მიძლებს, ვერ ვიკავებ თავს და ვერ ვხუჭავ თვალს. თუ ახლო ადამიანების მხრიდან ხდება ეს უსამართლობა, ვიკეტები, ჩუმი ვხდები და მათთან ეტაპობრივი დისტანცია მაქვს, რომ მეორეჯერ იგივე რამე არ დამემართოს. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ხდება, რადგან ადამიანები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან. მერე  კი უკვე მე მივანიშნებ, რომ მან ეს შეცდომა დაუშვა და ვეღარ გამოასწორებს – რა თქმა უნდა, ეს ადამიანურ ღირებულებებს, პრინციპებს ეხება. მეც ვუშვებ შეცდომას და, შეიძლება, ჩემი ამპარტავნული ხასიათიდან გამომდინარე, იმ წამს არ გამოვტყდე, მაგრამ მერე აუცილებლად ვიტყვი. მაქსიმალურად ვცდილობ, შენიშვნა არ დავიმსახურო – საკუთარი თავის მიმიმართ მიჩნდება ამ დროს დიდი აგრესია: როგორ ვერ გავაკონტროლე, როგორ დავუშვი-მეთქი.
– როგორც ვიცი, სულ მალე ახალ სახლში გადახვალ, რომელსაც შენი გემოვნებით აწყობ.
– წესით, თვე-ნახევარში უნდა გადავიდე, დეტალებიღაა დარჩენილი. ერთი სული მაქვს, ჩემს პირველ სახლში შევდგა ფეხი. ბავშვობაში მქონდა ნათქვამი: იმ ასაკში, რომელშიც ახლა ვარ, ჩემი სახლი მექნება-მეთქი. ბავშვობისა რაც დავისახე მიზნად, თითქმის 90 პროცენტი ავისრულე, მთავარია, რეალური იყოს ეს მიზნები. რომ დავისახო მიზნად, მარსს შემოვუფრენ-მეთქი, არარეალური იქნება, თუმცა ძალიან მინდა. დამსიზმრებია კიდეც – კოსმონავტობა მინდოდა ბავშვობიდან. კოსმოსი – ეს არის ის, რაც ყველაფერს აკონტროლებს. მაინტერესებს, როგორია უწონადობის შეგრძნება.
– არასდროს გქონია უწონადობის შეგრძნება, თუნდაც, როცა გიყვარს მაშინ?
– პირდაპირი გაგებით უწონადობაზე ვსაუბრობ, ამჩატებაზე კი არა. ამჩატება ყველას ჰქონია, თუმცა, არ მომწონს, როცა ამჩატებული ვარ. ხშირად ვერ ვხვდები ხოლმე და, მერე, როცა ვხვდები, რა ჩავიდინე, მრცხვენია, რადგან ამჩატებული, ძირითადად, არაადეკვატურ რაღაცეებს ჩავდივარ.
– ახალგარემონტებულ ბინაში არ გაითვალისწინე კომფორტი იმ გოგონასთვის, ვინც შემოგემატება მომავალში?
– არ გამითვალისწინებია, ასე შორს არ გამიხედავს. ძირითადად, ჩემზე და ბურთაზაზე ვფიქრობ.
– და, „სტენკა“  რომ დაგიდგას, ამაზე გიფიქრია?
– „სტენკას“ ვერ დადგამს, მით უმეტეს – რუსულს. მოვიდეს და იცხოვროს, თუ უნდა. თუ დისკომფორტი ექნება, კომპრომისზე წავალ, მაგრამ, „კედელს” წავიღებ და იქ დავდგამ – არა.
–  მის უფლებებსაც არ შეზღუდავ? არ იტყვი: ქალი ვიცი მე კუხნაშიო?
– რატომ უნდა შევზღუდო? მისაღები და სამზარეულო გაერთიანებულია, ამიტომ, ვერ გაიგებს, სად იქნება. შეიძლება, სამზარეულოს ტერიტორიაზე იყოს, მაგრამ თავი მისაღებში ეგონოს. ევროკავშირში რომ ვართ – დაახლოებით ასეთი განცდაა.

скачать dle 11.3