კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარს უკეთებდა ზურაბ შიოშვილი საქართველოს პატრიარქს ყოველ წელს და რატომ ვერ იმეტებდა მისი უწმიდესობა ჩალმიან გოგრას გასაჩუქებლად

რეჟისორი ზურაბ შიოშვილი ულამაზესი ორქიდეების დიდ კოლექციას ფლობს, რომლის ისტორია წლების წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ამ საქმით საქართველოში თითქმის არავინ იყო დაინტერესებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოში ორქიდეების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერია. წლების წინ ზურაბი მისი უწმიდესობის ზამთრის ბაღსაც უვლიდა და არაერთი მცენარე გადაარჩინა განადგურებას.
ზურაბ შიოშვილი: ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში დეკორატიული მცენარეებისა და მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია მინიმალური იყო, სახლში მქონდა იშვიათი ტროპიკული და ალპური მცენარეების უნიკალური კოლექცია. რაც შეეხება ორქიდეებისადმი ჩემს სიყვარულს, ეს ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა – საბჭოთა ჟურნალში იყო სტატია ორქიდეებზე და გრაფიკულადაც იყო გამოსახული. ასევე, აღწერილი, რომ ეს მცენარეები ცხოვრობენ ხეზე. იქ იზრდებიან, ფესვები აქვთ ჰაერში და სახლის პირობებში სჭირდებოდათ ორქიდეარიუმის გაკეთება. ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში ჩემთვის საინტერესო იყო მისი ყვავილი, სილამაზე, მე უფრო მეტად მისმა ცხოვრების წესმა დამაინტერესა. პირველი ორქიდეა ჩემს ცხოვრებაში ალბათ 12-13 წლის წინ გამოჩნდა – მაჩუქეს. მერე ნელ-ნელა გაჩნდა სხვა ორქიდეებიც. პატრიარქმაც მაჩუქა და ამის მერე, კიდევ უფრო სხვა დამოკიდებულება გაჩნდა ამ მცენარისადმი.
– მან, ალბათ, იცოდა შენი დამოკიდებულება ორქიდეებისადმი.
– მის ზამთრის ბაღს ვუვლიდი. მის უწმიდესობას აჩუქეს ინ ვიტრო წესით გამრავლებული (ორქიდეა ზოგადად ინ ვიტრო წესით მრავლდება) ორქიდეები – კოლბაში დათესილი, სადაც გარკვეულ ასაკამდე იზრდება და შემდეგ ღია სივრცეში უნდა გადმოიტანონ. დროზე თუ არ გადაიტან, დაიღუპება. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი – სხვა არაფერი თუ არა მიკრობიოლოგია. როგორც მაშინ მითხრეს: უწმიდესი ძალიან ნერვიულობს, რადგან სპეციალისტი ვერსად ნახა, ეშინია, მცენარეები არ დაიღუპოს და თქვენ თუ შეგიძლიათ, დახმარებაო. კი-მეთქი და მივედი საპატრიარქოში. მისმა უწმიდესობამ მაშინვე მკითხა: თუ შეძლებთ ამასო და რომ ვუპასუხე, შევძლებ-მეთქი, ჩამეკითხა: როგორ კეთდებოდა ეს. მეც ავუხსენი და მეორე დილით მივედი ჩემი ინვენტარით, პრეპარატებით და პატრიარქიც მაშინვე შემობრძანდა ზამთრის ბაღში. ძალიან უნდოდა ამ პროცესის ნახვა, მაგრამ შეხვედრაზე მიდიოდა. შეხვედრიდან რომ დაბრუნდა, მანქანის მოსვლა და პატრიარქის ბაღში შემოსვლა ერთი იყო. 3-4 საათში მცენარეების დაახლოებით 50 პროცენტი გამოტანილი მქონდა და მინის სათბურებში გადატანილი. ძალიან გაუხარდა და რადგან როგორც ორქიდეებს, ასევე სხვა მცენარეებსაც მოვლა სჭირდებოდა, კურთხევა მომცა, ზამთრის ბაღში დავრჩენილიყავი. ყურადღება მიმექცია მისთვის. გარდა ამისა, მან ნახა, რომ ბევრი რამ ვიცოდი მცენარეების შესახებ და თავადაც აინტერესებდა რაღაც საკითხები. პატრიარქს აქვს ფიკუსები, მათ შორის ერთი უცნაური ფორმის, რომელსაც ფესვები ჰაერში აქვს, შეზრდილია საკუთარ ტანზე. დედაოებმა მკითხეს: თუ იცი, ეს ასე რატომ ეზრდებაო. ვიცი-მეთქი და მოვუყევი. მოიცადე ერთი წუთით, უწმიდესი დიდი ხანია, ამას კითხულობს და ვერავინ უპასუხა, დავუძახებო. წამიერად იქ გაჩნდა პატრიარქი, იმდენად აინტერესებდა. მეც ავუხსენი... ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მე ყოველდღე დავდიოდი, ისიც ყოველდღე ცდილობდა, ჩემთან ურთიერთობისთვის დრო გამოენახა, მესაუბრა მასთან ყვავილებზე. გავრცელებულია პატრიარქის ფოტო, სადაც ის ნაბადში გახვეული თვლემს. გვერდით მაგიდაზე კი უდევს ჩალმიანი გოგრა, რომელიც იმ დროს ისე გავრცელებული არ იყო, როგორც ახლაა. იმ დროს ჩალმიან გოგრას ყოველ წელს ვთესავდი ახლობლის ნაკვეთში, ვზრდიდი და ყველაზე ლამაზი პატრიარქისთვის მიმქონდა საახალწლოდ. ზამთრის ბაღში ან თავის სენაკში სულ უდგას მის უწმიდესობას მაგიდა, რომელზეც წყალი ან წიგნი დევს და სანამ გვიანი გაზაფხული არ მოვიდოდა, ჩალმიანი გოგორაც სულ იქ ედო. მახსოვს, ახალი წლის პერიოდში სტუმარი ჰყავდა და მასაც ძალიან მოეწონა. ხელში აიღო, ატრიალა, ატრიალა. უწმიდესი უყურებდა, მაგრამ იმდენად მოსწონდა და უყვარდა, რომ ვერ აჩუქა. თუმცა, იმავე საღამოს იმ სტუმარს ძალიან ლამაზი ია აჩუქა. პატრიარქი სულ ცდილობდა, ერთნაირი მცენარეები ერთად ყოფილიყო და გვეუბნებოდა: ესენი ერთად რომ არიან, უხარიათო. მან რომ ნახა, ასე ვუვლიდი ყვავილებს, ამდენი რამ ვიცოდი, ერთ დღეს მაჩუქა ორიქიდეა – ფალენოფსისი, რომელიც დღეს გავრცელებული ორქიდეაა. სახლში რომ მივიტანე, ჩემი მთავარი ამოცანა გახდა – არ დაღუპულიყო. ის დღემდე  ჩემს კოლექციაშია და გამორჩეულად მიყვარს. შემდეგ, ძირითადად, ვყიდულობდი – ტაილანდიდან ჩამოჰქონდათ ან ვიწერდი და მიგზავნიდნენ ველურ ორქიდეებს. ჩემს კოლექციაშია იშვიათი და განსაკუთრებული ორქიდეები, რომლებიც ძირითადად საჩუქარია და ძვირად ღირებული. მაქვს ისეთი ორქიდეებიც, ევროპულ კოლექციაში კოლექციონერებთანაც იშვიათად რომ შეხვდები. ასევე, არის ჩემთან ერთი ორქიდეა გერინგის კოლექციიდან. მას ძალიან კარგი კოლექცია ჰქონდა. ჩემმა ახლობელმა შეიძინა საკმაოდ ძვირად და ახლა ჩემს კოლექციაში ინახება. ის ხის მერქანზე იზრდება, ძალიან ლამაზია, თან, საამაყო ჩემთვის.
– როგორ უნდა მოვუაროთ ორქიდეას სახლის პირობებში? ზოგადად, მისი მოვლის ბევრი არასწორი მეთოდია გავრცელებული.
– ორქიდეა ისეთი მცენარეა, ძალიან მალე რომ იღუპება. შეიძლება, რამდენიმე საათში განადგურდეს.  სულ ყურადღების მიქცევა სჭირდება. ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და მათ შორის, საქართველოშიც. როცა მაღაზიაში ვყიდულობთ ორქიდეას გამჭვირვალე ქოთნით, უნდა გავხედოთ და თუ ახლად მორწყულია ფესვები, ხასხასა მწვანეა, თუ ურწყავია, მაშინ – ვერცხლისფერი. თუ ფესვები ჩაჩუტულია, ყავისფერი და ლაქებიანი, ეს ნიშნავს, რომ დამპალი მასაა. დღეს მაღაზიებში ძირითადად, რაც იყიდება, არის აზიური ან ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკული ჰიბრიდები, რაც ხეებზე იზრდება, ხეს იყენებს, როგორც საყდენს, მასზე მაგრდება და იკვებება ჰაერში არსებული ტენითა და ფრინველის სკორეთი, რომელიც ფესვებში გროვდება. ორქიდეების მოვლის მეთოდებიდან, რაც დღეს არის გავრცელებული – პირველი ყველაზე ცუდი ტენდენციაა ორქიდეების ქოთნიდან ამოღება და უფრო დიდში გადარგვა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ფესვთა სისტემის სერიოზული დაზიანება უნდა ჰქონდეს, რომ მე ორქიდეა გადავრგო. გადარგვა აზიანებს მცენარეს, განსაკუთრებით კი მიწაში – ეს მცენარის სიკვდილს იწვევს. იშვიათია შემთხვევა, რომ ორქიდეამ მიწაში რამდენიმე წელი გაძლოს.  თუ მაინც გადარგავთ, უნდა გადარგოთ ფიჭვის ქერქში. როცა ორქიდეებთან ურთიერთობას იწყებ, უნდა გააცნობიერო, რომ შენს ცხოვრებაში ახალი საზრუნავი გაჩნდება. მოგიწევს გამხმარი ფიჭვის ქერქის  მოძიება, რომლისგანაც უნდა შექმნა გრუნტი, სადაც შემდეგ ორქიდეას ჩარგავ. არაფრით არ შეიძლება ცოცხალი ფიჭვის ქერქის გამოყენება. ამ დროს – ჯერ ერთი, აზიანებ, ახმობ ცოცხალ ხეს და მეორეც, ცოცხალი ხე უამრავ ნივთიერებას შეიცავს, რაც მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს. მკვდარი ფიჭვის ქერქიდან ეს ნივთიერებები გასულია, წარმოადგენს მხოლოდ სამაგრ გრუნტს ორქიდეასთვის, მინერალებს იკავებს, რითაც მცენარე იკვებება. ქართველები ზარმაცები ვართ, გვეზარება ფიჭვის ქერქის მოძებნა, ამიტომ ხშირად აფთიაქში ვყიდულობთ მუხის ქერქს პაკეტებით და მასში ვრგავთ ორქიდეას. ეს კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მუხის ქერქი საზიანოა ორქიდეასთვის. რაც შეეხება გრუნტის გამოცვლას, ფიჭვის ქერქი რომ დაიშლება, ერთიან მიწის მაგვარ მასად იქცევა, რასაც რამდენიმე წელი სჭირდება. მაშინ უკვე შეიძლება გადარგვა ფიჭვის ახალი ქერქისგან გაკეთებულ გრუნტში. თუ მაღაზიაში ვიყიდით, იქ ფიჭვის ქერქი სხვაგვარად არის დამუშავებული და შედარებით სწრაფად იშლება. ამიტომ, ზოგჯერ გადარგვა 2-3 წლის შემდეგ ხდება საჭირო. სამაგიეროდ, ტყიდან მოტანილი ფიჭვის ქერქი იმდენად ძნელად იჟღინთება, რომ მან შეიძლება, 7 წელიც გაძლოს. ამდენი ხნის განმავლობაში არ დასჭირდეს ორქიდეას გადარგვა. რაც შეეხება მორწყვას: ეს ის პრობლემაა, რომელიც ორქიდეების ძალიან სწრაფ სიკვდილს იწვევს. ვისაც ორქიდეებთან ურთიერთობა არ ჰქონია, მათ ვურჩევ, იყიდონ ფანელოფსისი, რომელიც მეტ-ნაკლებად ადვილი მოსავლელია – ტენს შიგნით ინარჩუნებს და რაღაც დროის განმავლობაში არ სჭირდება წყალი. მორწყვისას სასურველია, გამოვიყენოთ არა ონკანის, არამედ წვიმის, გამოხდილი, გადადუღებული ან ნადგამი წყალი. ამ წყალს ვასხამთ ჭურჭელში, შიგ ვდგამთ ორქიდეას 10 წუთის განმავლობაში. ის შეიწოვს წყალს მთლიანად. ორქიდეები აუცილებლად გამჭვირვალე ქოთნებშია მოთავსებული. როდესაც მას ვრწყავთ, ფესვები უმწვანდება, გრუნტი კი მუქდება, შავდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ფესვები ხდება ვერცხლისფერი, ხოლო გრუნტი – ყავისფერი, ვრწყავთ ხელმეორედ. თუ ფესვი ვერცხლისფერია, ხოლო გრუნტი – ისევ მუქი, ეს ნიშნავს, რომ გრუნტი კვლავ ინარჩუნებს ტენიანობას და მცენარეს კიდევ 2 დღის განმავლობაში არ ვრწყავთ. ორი დღე რომ დააგვიანო ორქიდეის მორწყვა, არ გაფუჭდება, მაგრამ თუ ორი დღით ადრე მოვრწყავთ, დიდი შანსია, ფესვის ლპობა გამოიწვიოს და დაიღუპოს. ზოგიერთი ორქიდეა როცა იყვავილებს, საყვავილე ღეროს თავიდანვე იხმობს. თუ პირველივე ეტაპზე იწყებს ხმობას, ეს იმას მიანიშნებს, რომ მცენარეს თავიდანვე ჰქონდა პრობლემა. მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია, მწვანე საყვავილე ღერო დარჩება, მას არ სჭირდება გადაჭრა. თუ ოდნავ მოახმა წვერი, პირველი კვირტი, რომელიც თავში იწყება, დაახლოებით 2 სანტიმეტრში უნდა გადაიჭრას და არა ძირში. რადგან, როცა მწვანე, ხასხასა ღეროს ძირში გადავჭრით, უნდა გავიდეს რაღაც დრო, რომ ორქიდეამ ახალი საყვავილე ღეროს გაზრდა დაიწყოს, რასაც ზოგჯერ 6 თვე და მეტიც სჭირდება. რაც შეეხება ტემპერატურას, ორქიდეა არ არის ყინვაგამძლე. შესაბამისად, ჩვენთან, ღია სივრცეში თავს ვერ იგრძნობს კარგად. ჯობია, იქ იყოს, სადაც მეტი სითბოა, თუმცა 25 გრადუსზე მეტი არ შეიძლება. ამიტომ, თბილისში ზამთარში უფრო იოლია ორქიდეის მოვლა, ვიდრე ზაფხულში. ნულ გრადუსზე თუ არ ჩამოვიდა სახლში ტემპერატურა, ორქიდეა ძლებს. რაც უფრო მეტად ვარდება ტემპერატურა, უფრო ნაკლებად სჭირდებათ მორწყვა. ზაფხულში მზიან ადგილს უნდა მოაცილოთ. იქ უნდა მოათავსოთ, სადაც მეტი სიგრილეა. თუმცა, სადაც სიგრილეა, იქ მზე არ არის, მცენარეს კი სჭირდება სინათლე. შესაბამისად, ჩვენს კლიმატში ეს ქმნის პრობლემებს. ბევრი სპეციალურად აგრილებს ოთახს კონდიციონერით, მაგრამ არც ეს არის კარგი, რადგან ის აშრობს ჰაერს, გარდა ამისა, შეიძლება, პირდაპირ უბერავდეს მცენარეს, ასევე აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. ორქიდეას ძალიან უყვარს მოძრავი ჰაერი, ოღონდ არა ორპირი, გამოკეტილი სივრცე არ უყვარს. შესაბამისად, ვისაც აივანი აქვს, ან ჩრდილიანი ეზო, კარგია ორქიდეას ასეთ ადგილას მოთავსება, ოღონდ მზის სხივი პირდაპირ, არ უნდა მოხვდეს, რადგან დაწვავს და მისი რეაბილიტაცია იქნება ძალიან რთული. რაც შეეხება სახლის პირობებში გამრავლებას, ორქიდეების უმეტესობა, ძირითადად, მაინც მიკრობიოლოგიურ პირობებში მრავლდება. მაგრამ ბოლქვიანი ორქიდეები მრავლდება სახლის პირობებში, ბოლქვების გაყოფით. ფალენოფსისებთან დაკავშირებით საქართველოში შემოვიდა პრეპარატი, რომელსაც უცხოეთიდან იწერენ. მას საყვავილე ღეროზე, კვირტზე უსვამენ და იქიდან შვილივით გამოდის ფესვები. ის იზრდება და მერე რგავენ. ზოგჯერ ისე მოსწონთ ეს პროცესი, რომ ყველა კვირტზე უსვამენ და ხუთ-ექვს შვილს ზრდიან ერთ მცენარეზე. ასეთ დროს მცენარე ძალიან ძლიერი უნდა იყოს, თორემ შეიძლება, თვითონ დაიღუპოს ისე, რომ შვილების გაზრდა  ვერ მოასწროს. ფალენოფსისს თუ ზრდის წერტილი მოუკვდა, გვერდიდან ამონაყარს აღარ გაიკეთებს, ეს იშვიათად ხდება. ანუ, ზემოდან რომ ჩახედავთ, ფოთლები საიდანაც ამოდის, აბსოლუტურად საღი უნდა იყოს. ღეროსაც, საიდანაც ფესვი გამოდის, არ უნდა ჰქონდეს სიშავე, სიდამპლე. კიდევ ერთი, რაც ორქიდეების კვდომას იწვევს, ეს არის ტენიანობის გაზრდა დანამვის გზით ან ცხელი შხაპი, რასაც დღეს ხშირად მიმართავენ. ფოთლების შეერთების ადგილას თუ ტენი დაგროვდა და რამდენიმე საათის განმავლობაში არ  ამოშრა, ზრდის წერტილიდან დაიწყება ლპობა, რასაც ვერ შეამჩნევთ და რამდენიმე კვირაში ან საათში დაინახავთ, რომ ორქიდეის ყველა ჯანსაღი ფოთოლი ძირს ყრია. ქოთანი კი ცარიელია. ასე რომ, ორქიდეების მოვლისას ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო და გამოუცდელი ადამიანი ექსპერიმენტების ჩატარებას უნდა მოერიდოს.

скачать dle 11.3