კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ გადამალა გარსევან ჩოლოყაშვილმა კახეთის პატარა უფლისწული და როგორ მოექცა მის შესაპყრობად მისულ ქართლის დიდებულებს

მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისს საქართველო დაშლილი შეხვდა. ერთმანეთისადმი დაპირისპირებამ ქვეყანა  ნაწილებად დაყო. ამის მერეც, ზოგიერთი მეფე ცდილობდა, მეზობელი მეფისთვის წაერთმია ტერიტორიები ან მთლიანად სამეფო. ზოგი მეფე კი შედარებით მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდა.
ქართლს ხშირად ესხმოდა თავს იმერეთის სამეფო. კახეთის მეფე ალექსანდრე პირველი სისხლისღვრას ერიდებოდა და ცდილობდა, არ ებრძოლა ქართლთან. ასეთივე მშვიდობისმოყვარე ყოფილა ქართლის მეფე დავით მეათე. მას ძმები ეუბნებოდნენ, კახეთი ჩვენ გვეკუთვნის და დავიბრუნოთო, მაგრამ ის არ აპირებდა ქართველთა შორის  სისხლისღვრის მოწყობას და უარს ეუბნებოდა ძმებს.
ალექსანდრე კახთა მეფის უფროსი ვაჟი გიორგი კი განსხვავდებოდა მამისგან. მას უნდოდა ქართლის რბევა და დაკავება, რასაც მეფე-მამის, ალექსანდრეს წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა და ამის გამო ისინი ხშირად კამათობდნენ.
1511 წელს კახეთის სამეფო ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა: მეფე ალექსანდრე პირველი მოკლა შვილმა, გიორგიმ და ტახტი დაიკავა. ამის შემდეგ კახთა ახალმა მეფემ ძმას თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა, რის გამოც გიორგი მეორეს ხალხმა „ავგიორგი” შეარქვა.
ავგიორგი არბევდა ქართლს და იმერეთამდე  აწიოკებდა ხალხს. დავით მეფემ  ვერ მოახერხა  წინ აღდგომოდა კახთბატონს. ავგიორგიმ ერთხელ თვით დავით მეფე შეამწყვდია ატენის ციხეში, თუმცა ციხე ვერ აიღო  და გაეცალა.
ამ რბევების დროს, რა თქმა უნდა, უბრალო მოსახლეობა ზარალდებოდა – იძარცვებოდა და იხოცებოდა ხალხი, ქვეყანა კი უფრო მეტად სუსტდებოდა.
ავგიორგის წინააღმდეგ ბრძოლა და ქართლის დაცვა ითავა დავით მეფის უმცროსმა ძმამ, უფლისწულმა ბაგრატმა, რომელმაც გამოსთხოვა ძმა-მეფეს მუხრანი საუფლისწულოდ, ააშენა ქსნის (მტუერის, მტკვრის) ციხე, შექმნა სადროშო და ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ქართლში კახთა ბატონის თარეშისათვის.
ეს რომ გაიგო ავგიორგიმ, შემოესია ქართლს და სამი თვე ალყაში ჰყავდა ქსნის ციხეში გამაგრებული ბაგრატ უფლისწული, თუმცა ციხე ვერ აიღო და გაეცალა.
ერთხელაც, 1513 წელს, ავგიორგიმ ქართლის მორიგი დაწიოკების შემდეგ, ჯარი შინ გაუშვა, თვითონ კი მცირე რაზმთან ერთად სანადიროდ გაემართა. ამით ისარგებლა  ბაგრატ უფლისწულმა, შეიპყრო ავგიორგი და ქსნის ციხეში გამოკეტა. მალე გიორგი მეორე მოკვდა. ამბობენ, დაახრჩვესო; სხვა ვერსიით კი ის თავისით გარდაიცვალა.
მამისმკვლელი ავგიორგის დაჭერით დავით ქართლის  მეფეს გაუჩნდა შანსი, გაეერთიანებინა აღმოსავლეთ საქართველო – ქართლისა და კახეთის სამეფოები. ქვეყანას ერთიანობა ძალიან სჭირდებოდა. მეზობლად სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ დიდი იმპერიები – თურქ-სელჩუკთა სასულთნო და ირანის საშაჰო. ორივე ცდილობდა, ხელში ჩაეგდო საქართველო. დავით მეფემ დაიკავა კახეთი. ამ დროს ავგიორგის შვილი, ლევანი, მცირეწლოვანი იყო.
დავით მეფის ბრძანებით მთელ კახეთში ეძებდნენ პატარა უფლისწულს. კახეთში მისი ყოფნა კახეთის სამეფოს არსებობის გაგრძელების საშუალება იქნებოდა, გაერთიანების გარეშე კი ჩვენს ქვეყანას თავისუფლების შენარჩუნების შანსი არ ჰქონდა.
თუ გავითვალისწინებთ დავით მეათის ბუნებას, ლევან უფლისწულს არ მოკლავდნენ. თუმცა, ალბათ, ქართლში გადაასახლებდნენ და სამეფოს ჩამოართმევდნენ.
პატარა ლევანი დედასთან ერთად იმალებოდა კახეთის სამეფოს სახლთუხუცესის, გარსევან ჩოლოყაშვილის სასახლეში. გარსევან ჩოლოყაშვილი თავისი მოვალეობების ერთგული კაცი იყო.
მეფე დავითს ეჭვი ჰქონდა, რომ პატარა ლევანს დიდებულები მალავდნენ. ამიტომ, გაგზავნა თავისი ძმა, ბაგრატ მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი და ამილახორი, რათა დაეჩხრიკათ  მთელი კახეთი, გამოეძიებინათ საქმე და ეპოვათ უფლისწული.
ტფილისიდან წარგზავნილებმა შიშის ზარი დასცეს კახელებს. ბევრი დაკითხეს და დააფიცეს, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. შემდეგ მიადგნენ გარსევან ჩოლოყაშვილს.
გარსევან ჩოლოყაშვილმა ხერხი იხმარა: ლევან უფლისწულს მსახურის შვილის ტანსაცმელი ჩააცვეს და მეფის ძე მის შესაპყრობად მისულებს მეღვინედ ემსახურებოდა სუფრაზე. მეორე დღეს, როცა ჰკითხეს გარსევანს ლევანის ადგილსამყოფელი და მისგან ფიცი მოითხოვეს, ჩოლოყაშვილმა შეჰფიცა ქართლის მეფის ძმას:
„რაც თქვენი თვალით იხილეთ ჩემს სახლში, იმის მეტი არა მყავს არავინ, არც დიდი კაცის შვილი და არც პატარასიო“.
ასე დააჯერა ჩოლოყაშვილმა ფიცით მეფის ძმა.
როცა ბაგრატ უფლისწული, ერისთავი და ამილახორი წავიდნენ, ჩოლოყაშვილი მიხვდა, რომ კახეთის მეფეებისადმი მისი ერთგულების გამო დაფიცებულის ნამდვილი არსი გაირკვეოდა, სიმართლე დიდხანს აღარ დაიმალებოდა, საშიშროება დაემუქრებოდა მის ოჯახს და, რაც მთავარია, კახეთის ტახტის მემკვიდრეს. ამიტომ მან წაიყვანა პატარა ლევან უფლისწული ოჩონის (ოჩანის) ციხეში, რომელიც მდინარე ივრის ზედა წელზე იყო აშენებული და კარგად გამაგრებული გახლდათ.
მიუდგნენ კახელი დიდებულები ლევანს, გაძლიერდა პატარა უფლისწული და გულმოცემული გამოჩნდა კახეთში.
ეს რომ გაიგო ქართლ-კახეთის გაერთიანების მოსურნე ქართლის მეფე დავითმა, შეყარა ლაშქარი და შევიდა კახეთში. პატარა ლევანი და მისი მომხრე კახელები ვერ აღუდგნენ წინ ქართლის მეფეს, გაიქცნენ და მაღნარის ციხეს შეაფარეს თავი. დავით მეფემ ალყა შეამოარტყა ციხეს და ცდილობდა მის აღებას.
ამ დროს სამცხეს ოსმალები შემოესივნენ და მოაოხრეს. მესხეთის მთავრებს სამცხე უკვე ჩამოშორებული ჰქონდათ საქართველოსგან და პატარა სამთავრო მარტო რას გააწყობდა ძლიერ მტერთან. ვერავინ აღუდგა წინ და შემოვიდნენ ოსმალები შიდა ქართლში. ქართლის ლაშქარი ამ დროს კახეთში იყო და ოსმალ-თურქებმა  ქართლიც მოაოხრეს.
დავით მეფეს მოახსენეს ეს ამბავი. მან კი არ გაამხილა, რადგან, თუ კახელები ქართლში ოსმალოთა შემოჭრას შეიტყობნენ, უფრო განმტკიცდებოდნენ და არ დანებდებოდნენ. ლევანი, დედამისი და მათი მომხრე დიდებულები საკმაოდ შეჭირვებულები იყვნენ ალყით და, სადაცაა, ციხე დაეცემოდა.
შეგზავნა ციხეში დავით მეფემ ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და მოითხოვა – ციხე გადმომეცით და დამნებდითო.
ლევანის დედა, მისი არასრულწლოვანი ძე და მეციხოვნეები ძალიან შევიწროებულები იყვნენ ალყისგან და უკვე დანებებას აპირებდნენ, მხოლოდ შვიდობიანობის გარანტიაზე ფიქრობდნენ.
როცა მთავარეპისკოპოსი შევიდა ციხეში, დედოფალი მისასალმებლად მიეგება. ამ დროს უჩურჩულა მთავარეპისკოპოსმა უფლისწულის დედას: გამაგრდით, ამაღამვე წავალთო. ეს რომ გაიგო დედოფალმა, ძალიან გაიხარა და ფარულად აცნობა თავის მომხრეებსა და ძეს.
გულმოცემულმა მეციხოვნეებმა უარი შეუთვალეს ქართლის მეფეს ციხის დათმობაზე. წავიდნენ ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და გადასცეს დავით მეფეს პასუხი.
ვეღარ შეძლო დავით მეფემ ციხის ალყის გაგრძელება, რადგან მის სამფლობელოში ოსმალები იყვნენ შემოჭრილები. წავიდა, შეებრძოლა ოსმალებს, გაიმარჯვა და განდევნა ისინი ქართლიდან. 
ამ ურთიერთდაპირისპირების პერიოდში ირანელებიც შემოესივნენ ქართლს. მეფემ ხარკი იკისრა.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ კახეთის შემოსამტკიცებლად გაეშურა დავითი.
ამასობაში კახელმა დიდებულებმა ისარგებლეს ქართლში ოსმალოთა და მერე ირანელთა შემოჭრით და ლევანი მეფედ გამოაცხადეს. მაშინ პატარა კახთბატონი 7 წლის ყოფილა.
ქიზიყში მოხდა შეტაკება ქართლისა და კახეთის ჯარებს შორის. დავით მეფე დამარცხდა და ქართლში დაბრუნდა.
ლევანი კახეთში განმტკიცდა. დავით მეფეც შეეგუა, რომ ვერ გააერთიანა აღმოსავლეთ საქართველო, ზავი დადო ლევანთან და ცნო ის კახეთის მეფედ.

скачать dle 11.3