კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-8(791)

 ლევანი ხვდებოდა, რომ ცოლი მაინც არ ენდობოდა – ზოგჯერ გრძნობდა მის ეჭვით სავსე, დაძაბულ მზერას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მობილურ ტელეფონს იღებდა ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ნანამ უთხრა, შვილთან ვაპირებ გამგზავრებასო, რამდენიმე დღე ისე გავიდა, ქალს არაფერი ეტყობოდა, რომ წასასვლელად ემზადებოდა. თითქოს ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის დალაგდა და ფეთქებადსაშიში სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ კაცი მაინც ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად – შებოჭილობის განცდა უქმნიდა უხერხულობას. გაბრიელაზე იმაზე ხშირად ფიქრობდა, ვიდრე ამის სურვილი ჰქონდა. ისეთი ლტოლვა და მიზიდულობა, როგორიც ცხელსისხლიანი გაბის მიმართ გაუჩნდა, მანამდე არცერთ ქალთან არ ჰქონია. საკმარისი იყო, გაბრიელას მკერდი და უზადო ფეხები წარმოედგინა, რომ ტვინი მომენტალურად გამოსცემდა იმპულსებს. არავითარი მორიდება, არავითარი შებოჭილობა ან კომპლექსები – გაბი ყოველ ჯერზე, ყოველი სიახლოვისას, რაღაც ახალს, ჯერაც გაუსინჯავს სთავაზობდა და, როგორ შეიძლებოდა, ასეთი ქალი არ მონატრებოდა?! მაგრამ, კარგად ხვდებოდა იმასაც, რომ ის, რასაც გაბრიელას მიმართ გრძნობდა, არ იყო სიყვარული... თუმცა ლევანს არც იმ კითხვაზე ჰქონდა პასუხი, თავისი ცხოვრების რომელი ქალი უყვარდა, რომელს ჰქონდა ყველაზე დიდი ადგილი მის გულში. იყო დრო, როცა თეონა მიაჩნდა იმ ერთადერთ და განუმეორებელ, ზეციურ არსებად, რომლის გვერდითაც ბედნიერად გაატარებდა სიცოცხლის დარჩენილ წლებს, მაგრამ ახლა, როცა თეოზე ფიქრობდა, უკვირდა – მართლა ვათენებდი ღამეებს მისი სიყვარულით, მართლა გულის ამოვარდნამდე მენატრებოდა თუ ეს ყველაფერი თავად მოვიგონეო.
ნანამ ყავა დაისხა და ფინჯნით ხელში მზით განათებულ ვერანდაზე გამოვიდა.
– კარგი ამინდია, არა? – ჰკითხა დაწნულ სავარძელში მოკალათებულ ქმარს და გვერდით მიუჯდა.
– მეც მინდა ყავა, მაგრამ ადგომა მეზარება, – გაიზმორა ლევანი.
– არც იფიქრო, რომ მე მოგიტან, მოსამსახურე კი ჯერ არ მოსულა. ასე რომ, მოგიწევს ადგომა.
– იყოს, საუზმეს დაველოდები.
ნანამ მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა:
– შენი ნებაა... მაგრამ, ძალიან ხომ არ გაზარმაცდი?
– ვიცი, ყავა მე უნდა მომერთმია შენთვის საწოლში, მაგრამ, ადრე ავდექი, აქ გამოვედი და ფიქრებში გავერთე. იცი, რა მინდოდა მეკითხა? მოსამსახურედ ჩინელი რატომ გყავს? აქ ხომ ბევრი  ჩამოდის საქართველოდან სამსახურის საშოვნელად.
ნანამ გადაიკისკისა:
– ესე იგი, დილიდან ზიხარ აქ და ამაზე ფიქრობ? ანუ, სად არის ჩემი პატრიოტიზმი? ლევან, საყვარელო, მირჩევნია, ჩინელი დავიქირავო. ოღონდ, ნუ ამახსნევინებ, რატომ და რისთვის. უკვე დიდი ბიჭი ხარ და თავადაც მიხვდები... აჯობებს, მითხრა, დღეს რა გეგმები გაქვს.
– კარგი ამინდია, ცოტა ხანს აუზში ვიცურავებ, მერე კი ბარში წავალ – ვნახავ, როგორ მიდის საქმეები.
ნანამ უკმაყოფილოდ ასწია წარბი:
– ბარში უჩემოდ არ მიხვალ...
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– თუ გინდა, საერთოდ არ მივალ.
– ასე აჯობებს. სახლში იყავი და დამელოდე. რომ დავბრუნდები, თავად გადავწყვეტ, სად წავიდეთ.
– კარგი, – მორჩილად დაუქნია თავი ლევანმა და არ დაინტერესებულა, სად აპირებდა წასვლას მისი ცოლი. ნანას არ ესიამოვნა ასეთი უყურადღებობა.
– არ მეკითხები, სად მივდივარ?
– სად მიდიხარ?
– საქმე მაქვს. დისტრიბუტორებს უნდა შევხვდე. ფული დაგიტოვე.
– რისთვის? თუ სახლში უნდა ვიყო, არაფერში დამჭირდება.
 – მაინც გქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის, – მოლბა ნანა, მაგრამ ლევანის მიმართ ნდობა მაინც არ გასჩენია. ჯერაც ვერ მოინელა ის, რომ ლევანი წავიდა და არავინ იცის, ლამის ორი ღამე სად იყო და ვისთან. თუმცა, ხვდებოდა, რომ ამის მიზეზი თავადაც იყო – პროვოცირება თვითონ მოახდინა. მაგრამ, რა იცოდა, ლევანი შემთხვევით თუ მოისმენდა იმ სიტყვებს, რაც მან ყოფილ ქმარს უთხრა.
– ლევან, გადავწყვიტე, შვილთან რომ წავალ, შენც წაგიყვანო.
– რა?! ამას მართლა ამბობ?
– ჰო. მგონი, უნდა გაიცნოთ ერთმანეთი. რას იტყვი?
– თუ შენ გინდა...
– ლევან, რანაირად მელაპარაკები? ეს შენ თვითონ უნდა გინდოდეს. ჩემი ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი ერთმანეთს უნდა იცნობდეს. ასე არ ფიქრობ?
– ჰო, ასე ვფიქრობ. უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ არ მიგყავდი მის გასაცნობად და ამიტომაც გამიკვირდა.
– გადავიფიქრე. ჩემი შვილი ძალიან მიყვარს. ცუდია, რომ ხშირად ვერ ვნახულობ – გაიზარდა და თავისი ცხოვრება აქვს. აქამდე ვფიქრობდი, რომ შენს გასაცნობად მზად არ იყო, მაგრამ გუშინ ველაპარაკე და ყველაფერი რიგზეა. მთხოვა, ორივე ჩამოდითო.
– როდის მივდივართ?
– როგორც კი ბილეთებს ავიღებ... თუ მოვასწრებ, დღესაც გავაკეთებ ამას.
– რამდენი დღით გავემგზავრებით?
– რა ვიცი, შეიძლება მთელი კვირაც კი დავრჩეთ...
– მერე, აქ ვინ მიხედავს?
– სტივენს ვთხოვ... – ნანამ დაუფიქრებლად წარმოთქვა ეს სიტყვები და მაშინვე ინანა – ლევანი ჭარხალივით გაწითლდა და იფეთქა:
– სტივენი... ისევ სტივენი! როგორ მძულს ეგ სახელი! სპეციალურად იქცევი ასე? გინდა, ჭკუიდან გადამიყვანო? ვერ ხვდები, რომ ვეჭვიანობ?
– ვხვდები და ეგ ძალიან მომწონს, – გაეცინა ნანას და ერთბაშად გამხიარულდა, – ესე იგი, გიყვარვარ.
 ლევანის სახეზე წითელი ფერი თეთრმა შეცვალა და კბილებიც კი გააღრჭიალა.
– ნანა, ხომ გთხოვე, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი-მეთქი... გინდა, ისევ წავიდე? ოღონდ, თუ ახლა წავალ, უკან აღარ დაბრუნდები.
– ეს რა, შანტაჟია? მაშანტაჟებ?
– ჰმ, რამედ რომ გიღირდე, ამას არ მკითხავდი. არ მაცდი, რომ დავივიწყო ის, რისი დავიწყებაც მინდა. საერთოდ არ ცდილობ, ამაში დამეხმარო, პირიქით, ცეცხლზე ნავთს მისხამ.
– ისეთი რა ვთქვი? საქმე – საქმეა; სასიყვარულო ურთიერთობა – სასიყვარულო ურთიერთობა... სტივენი ბიზნესში მეხმარება – სულ ეს არის.
 – ნუ მაიძულებ, ის სიტყვები გაგახსენო, რომლებიც შემთხვევით მოვისმინე. თუ მაგ სიტყვების მიხედვით ვიმსჯელებთ, მარტო ბიზნესში არ დაგხმარებია...
– მოდი, ნუ გავქექავთ ამ ამბავს, თორემ, მეც შემიძლია, მოგთხოვო, მითხრა, სად გაატარე ის დღეები... არც შენ ხარ მართალი და, შეიძლება, არც მე, ამიტომ, რა საჭიროა ამ ყველაფრის წინა პლანზე ამოტივტივება?
– მართალი ხარ, საჭირო არ არის, ამიტომ, გთხოვ, სანამ შენს ყოფილ ქმარს ახსენებ, ამ ყველაფერზე მანამდე იფიქრე.
– გაითვალისწინე, რა იქნება საერთო საქმისთვის უკეთესი.
– რომელი საერთო საქმისთვის, რომელშიც მე არ მახედებ? შეგიძლია, ისე მოიქცე, რომ იმისი დახმარება აღარ დაგჭირდეს? მე ვარ შენი ქმარი, მე და, ვალდებული ვარ, ამ ყველაფერზე და შენზე ვიზრუნო!
– რა თქმა უნდა... ასეც უნდა იქცეოდე, მაგრამ, მთავარი გავიწყდება – ჯერ ჩემი ნდობა უნდა მოიპოვო.
– მაგით რისი თქმა გინდა? – ეწყინა ლევანს, – რომ არ მენდობი? იცი, რომ ამით შეურაცხყოფას მაყენებ? მაშინ, რატომ მოინდომე, დავქორწინებულიყავით? სტატუსი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი ნდობაა.
– რატომ დავქორწინდით? – იმიტომ, რომ მშვიდად გეცხოვრა ამერიკაში და ახლა ეს უკვე შეგიძლია. მერე მოქალაქეობასაც მიიღებ და ჩემზე დამოკიდებული აღარ იქნები, როცა მოინდომებ, მაშინ  წახვალ.
– არსად არ ვაპირებ წასვლას. ამას რატომ მეუბნები?
– ვიცი, რომ არსად წასვლას არ აპირებ, მაგრამ, ამით მინდა მიგახვედრო, რომ თავისუფალი ადამიანი ხარ და, შეგიძლია, ისე მოიქცე, როგორც მოგესურვება. მაგრამ, თუ ჩემთან იქნები, ღალატს ვერ ავიტან – არ გაპატიებ. არავინ მიღირს ჩემს თავმოყვარეობაზე უფრო ძვირად. საკუთარ თავზე მაღლა არავის დავაყენებ და არც არასდროს დამიყენებია...
– ნანა, გულს მტკენ... იმიტომ, რომ შენ თვითონ მიღალატე.
– ხომ გითხარი, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ-მეთქი! აქ თამაშის წესებს მე ვკარნახობ. ან ასეთ მოცემულობას მიიღებ, ან ერთმანეთს დავემშვიდობებით.
– ნანა, გთხოვ... – ლევანი ადგა, ცოლთან მივიდან და მოეხვია. ქალმაც ალერსით უპასუხა. მალე საძინებელში გადაინაცვლეს და შუადღემდე ოთახიდან არ გამოსულან...
***
თეო სარწეველა სავარძელში იჯდა. კახა რამდენიმე წუთის წინ წავიდა. ქალი აღარც ცდილობდა, მასთან ურთიერთობა დაემალა. თითზე წამოცმულ ბეჭედს დასცქეროდა და იღიმებოდა... რამდენ ხანს სთხოვდა ლევანს, რომ მისთვის საქორწინო ბეჭედი ეყიდა. უნივერსიტეტში გაიცნო... თეო სტუდენტი იყო, ლევანი კათედრაზე ასისტენტად მიიღეს. გოგო უნივერსიტეტში მისვლის დღესვე შეამჩნია – გრძელფეხება, ცისფერთვალება და ქერათმიანი... კვირაში ერთხელ სემინარზე შედიოდა მათთან ლევანი და მთელი ერთი საათის განმავლობაში თითქოს მხოლოდ თეოს მიმართავდა, თითქოს მის გარდა აუდიტორიაში სხვა არავინ იყო. თეო გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას. მაგრამ, დრო გადიოდა, ლევანი კი აქტიური ნაბიჯის გადადგმას არ ცდილობდა. გოგო აწრიალდა. მერე სტუდენტ გოგოებში ხმა გავრცელდა, ჩვენი სიმპათიური ასისტენტი, შეიძლება, საერთოდ წავიდეს უნივერსიტეტიდანო და თეონამაც გადაწყვიტა, თავად აეღო ხელში ინიციატივა. ერთ დღეს, როცა ლევანი მარტო იდგა მოსაწევ  კუთხეში და ეწეოდა, თამამი ნაბიჯით მივიდა მასთან და სიგარეტი სთხოვა. ლევანმა გაოცებით შეხედა – აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის გოგოს აქტიურობა, მაგრამ მალევე შეძლო, გაეცნობიერებინა შანსი, რომელიც მიეცა და გაიბადრა:
– მეგონა, არ ეწეოდით.
– ასეა, არ ვეწევი. მაგრამ, რატომღაც, მომინდა. დამპატიჟებთ?
– სიამოვნებით... – ლევანმა სიგარეტი გაუწოდა და სანთებელაც მოუმარჯვა. თეონამ გააბოლა და მომხიბვლელად გაუღიმა.
– ამბობენ, ჩვენგან მიდისო...
– მე? ა, ჰო... ვაპირებ...
– რატომ? – ჰკითხა გოგომ და გულუბრყვილოდ შესცინა. ლევანს ჟრუანტელმა დაუარა.
– რა ვიცი, აქ ჩემი ადგილი არ არის. ძალიან დაბალი ხელფასია. ეს ფული არაფერში მეყოფა. მირჩევნია, რამე სასარგებლოს მოვკიდო ხელი.
– გასაგებია. ახალგაზრდა კაცს ფული ძალიან სჭირდება, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა თეომ. ლევანი ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა გოგო.
– ფული ყველას სჭირდება, – თქვა და კიდევ ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან.
– მართალია, მაგრამ კაცს მეტი სჭირდება. მაგალითად, გოგო, რომელიც მოგწონს, კაფეში ხომ უნდა დაპატიჟო?
ლევანს სული შეუგუბდა მღელვარებისგან:
– ანუ, კაფეში რომ დაგპატიჟო, უარს არ მეტყვი?
– არა, – გადაიკისკისა თეონამ, – მეტსაც გეტყვი: დიდი ხანია, ამას ველოდები.
– მართლა? როგორი სულელი ვყოფილვარ. ახლავე წავიდეთ?
– წავიდეთ. ერთი ლექცია მაქვს, მაგრამ გავაცდენ.
– ისე არ გამოვიდეს, რომ მე გიბიძგებ სტუდენტს უნივერსიტეტის განაწესის დარღვევისკენ.
– შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, არავის ყვეტყვი, – სახე ყურთან ახლოს მიუტანა თეონამ და იდუმალი ხმით წასჩურჩულა. ლევანმა ვეღარ გაუძლო, წელზე ხელი მოხვია და იქვე, დერეფანში აკოცა. თეონა ჯერ გაინაბა მის მკლავებში, მაგრამ მერე გაუძალიანდა.
– არა, არა, ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ მხოლოდ მომწონხარ... უფრო კარგად უნდა გაგიცნო.
– მე კი ძალიან, ძალიან მომწონხარ და უკვე საკმარისად გაგიცანი. როცა დაგინახე, მე თვითონ არ ვიცი, რა მომივიდა. სულ შენზე ვფიქრობ. აქამდეც წავიდოდი აქედან, მაგრამ ვნერვიულობდი, უშენოდ როგორ უნდა გამეძლო...
– მართლა? მაშინ, წავიდეთ კაფეში... – გოგომ ხელი ჩასჭიდა ლევანს და, მასთან ერთად, თავაწეული გაუყვა დერეფანს...
თეონამ სავარძლის ქანაობა შეწყვიტა და მობილური აიღო...
– კახა, მე ვარ. იცი, რომ უკვე მომენატრე? იცი, რა ვიფიქრე? დილას გადმოდი ჩემთან, რაღას დაველოდოთ?.. არა, მე არ მექნება პრობლემა. ჯერ ერთი, მარტო ვცხოვრობ და, მეორეც, საღამომდე ჩემებს დაველაპარაკები – გამიგებენ. კარგი, მაშინ, რამე გემრიელს მოვამზადებ, მოგეწონება...
კახამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიტენა და იქვე მჯდარ ზურას მიუბრუნდა.
– დღეს ცოტა ადრე რომ წავიდე, აქაურობას მიხედავ?
– რა იყო, პრობლემა გაქვს?
– არა, პრობლემას ამას ვერ დავარქმევ... – კახა შეყოყმანდა, ფიქრობდა, ეთქვა თუ არა ზურასთვის სიმართლე. მერე ხელი ჩაიქნია, – კარგი, გეტყვი, მალე მაინც ყველა გაიგებს... ცოლი მომყავს!
– რა? მართლა? ახლა იმას ხომ არ ელაპარაკებოდი?
– ჰო. დღესვე გადმოდი ჩემთანო და, ამიტომ, მინდა, ადრე წავიდე. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ჯერ ჩემი მშობლებისთვისაც არ მითქვამს.
– ნუ გაატრაკე, ბიჭო, ასე უცებ ციდან ჩამოვარდა?
– ასე უცებ რა, ხუთი თვეა, ვხვდებით ერთმანეთს.
– შეგიყვარდა?
– ჰო. თავადაც არ მოველოდი, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, ნეტავი მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი-მეთქი. ასე მგონია, მოვკვდები, თუ ჩემ გვერდით არ იქნება.
– ილუზიაა, ძმაო, ეგ ყველაფერი, ილუზია... განაგრძე შეხვედრები და ნახავ, ნელ-ნელა როგორ გაგივლის. ეგრე მე სამჯერ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, ვერცერთხელ ვერ შემაბეს ისე, რომ რომელიმე ცოლად შემერთო.
– შებმა რა შუაშია, მიყვარს...
– ვიცი, მაგრამ გიფიქრია, რა არის სიყვარული? აი, ლევანსაც ეგონა, რომ ცოლი ძალიან უყვარდა, მაგრამ, ვერ გამოეკიდა ამერიკაში იმ კახპას?!
ლევანის ხსენებაზე კახამ ფერი დაკარგა:
– არ გინდა, ასე ნუ ლაპარაკობ. ვერავის განსჯი. არც ის ქალია კახპა და არც ლევანია ცუდი ბიჭი.
– კარგი, რა! ნანას იცავ? შენი თვალით მაინც არ გქონდეს ნანახი, რა დღეში იყო ხოლმე აქ კორდებალეტის ბიჭებთან... ისე, შენც გიჟუჟუნებდა თვალებს.
– არაფერსაც არ მიჟუჟუნებდა, საიდან მოიტანე?
ზურამ მხრები აიჩეჩა და უცებ სახე გაუნათდა:
– ბიჭო, იმ დღეს საბავშვო ეტლს რომ ყიდულობდი და მითხარი, საჩუქრად მინდაო, ხომ არ მომატყუე, რამე ხომ არ ხდება?
კახა შეყოყმანდა. ვერც „ჰოს“ თქმას ახერხებდა, ვერც უარყოფდა. ზურამ შუბლზე იტაცა ხელი:
– ხუთი თვეა, ვხვდებიო – ეგეც შენი სიყვარული! დარწმუნებული ხარ, რომ მართლა გინდა მისი ცოლად მოყვანა?
კახა გაცხარდა:
– აუ, ვერაფერიც ვერ გაიგე. შევცდი, ხმა არ უნდა ამომეღო... თეოს ორსულობას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს გადაწყვეტილებასთან, – წამოსცდა თეონას სახელი და მაშინვე ინანა, იმიტომ, რომ ზურა გაშრა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა:
– მოიცა, ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ, თუ, მეშლება?
კახამ ამოიოხრა:
– ჰო, ლევანის ყოფილი ცოლი, თეონა მომყავს ცოლად.
ზურამ დაუსტვინა:
– აუჰ, შენ მაგრად აგირევია, ძმაო... ძმაკაცის ცოლთან რა გინდოდა, ტო, გაგიჟდი? თან, დააფეხმძიმე კიდეც? აზრზე ხარ, საერთოდ რა ჩაიდინე?
– ლევანი გაშორდა თეოს, ნანა მოიყვანა ცოლად ამერიკაში. მის წინაშე ვალდებულებას არ ვგრძნობ და არც შენ წინაშე ვაპირებ თავის მართლებას. ეს ჩემი ცხოვრებაა და უფლებას არ მოგცემ, შიგ ხელები უფათურო, – ამ სიტყვებით კახა წამოხტა, მანქანის გასაღები ჯიბეში ჩაიტენა და კარი ხმაურით გაიჯახუნა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3