კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ აპირებდა ლავრენტი ბერია ძველი თბილისის ტერიტორიულ ნაკრძალად გამოცხადებას

საგულისხმო ფაქტია, რომ ერთ-ერთი ცრუ ბრალდება, რომელიც ვერაგულად მოკლულ და ვითომ გასამართლებულ ბერიას (განსასჯელის სკამზე ბერიას ორეული იჯდა) წაუყენეს, დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონის დატაცება იყო. პროფესორი, ისტორიკოსი ბენედიქტ მასლოვი წერს: „ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტია, რომ იმ აბსურდულ ბრალდებებს შორის, რაც ბერიას წაუყენეს, ათი ტონა ოქროს მოტაცება და გადამალვაც ფიგურირებდა. საქმე ეხება ერთ ისტორიას, რომელიც 1930 წელს მოხდა. მაისის ერთ დღეს საქართველოს პარტიულ მეთაურს, ლავრენტი ბერიას, კაბინეტში არქეოლოგი პეტრე ბაქრაძე ეწვია. ბაქრაძე გოგირდის აბანოების მიდამოებში მცირე სამუშაოებს ატარებდა და ნარიყალას მთიდან ჩამომავალ საიდუმლო გვირაბს ეძებდა, რომელიც მტკვრის ნაპირზე გამოდიოდა. გათხრები პირადად ბერიას მიერ იყო სანქცირებული, რადგან ძველი თბილისის იერსახის აღდგენა და ამ ტერიტორიის ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადება ჰქონდა გადაწყვეტილი. ბაქრაძე ახალგაზრდა, პერსპექტიული მეცნიერი იყო და ის პირადად ბერიამ შეარჩია. „პირველმა“ გულღიად მიიღო თავისი 25 წლის პროტეჟე. სკამზე დაჯდომა შესთავაზა და ჰკითხა:
– აბა, რა გაგჭირვებია, პეტრე, გისმენ...
ბაქრაძემ, რატომღაც, აქეთ-იქით გაიხედა, ხომ არავინ გვისმენსო, „პირველისკენ“ თავი მისწია და ხმადაბლა უთხრა:
– ამხანაგო ბერია, თქვენთან საიდუმლო საქმე მაქვს.
ბერიას ხმამაღლა გაეცინა და სტუმარს მიუგო:
– თუ საიდუმლოა, მაშინ სხვა საქმეა. არ გამიკვირდა, ასე ჩუმად რატომ ლაპარაკობს-მეთქი. ისე, კი იცოდე, ჩემს კაბინეტს ყურები არ აქვს. აბა, გისმენ.
– ამხანაგო ლავრენტი, მე მგონი, საქართველოს მთავრობის, უფრო სწორად კი, მენშევიკური მთავრობის ოქროს მივაგენი.
ბერია გამოცოცხლდა. ჯერ კიდევ „ჩეკას“ დაბალ თანამდებობაზე მუშაობისას სმენოდა, რომ საფრანგეთში გაქცეულმა მთავრობამ ოქროს მარაგის გატანა ვეღარ მოახერხა. „ჩეკა“ ამ ოქროს ეძებდა კიდეც, მაგრამ, შემდეგ რატომღაც მიიჩნიეს, რომ ტყუილი იყო და საქმე დახურეს. ძებნა კი შეწყდა.
– განაგრძე. ყურადღებით გისმენ, – თქვა ბერიამ.
პეტრე ბაქრაძემ ჯიბიდან ოქროს ერთკილოგრამიანი ზოდი ამოიღო. ბერიას უხმოდ მიაწოდა და „პირველს“ მიაჩერდა. ზოდს უმაღლესი სინჯი ერტყა. კიდეზე კი დამოუკიდებელი საქართველოს გერბი ჰქონდა ამოტვიფრული – გველეშაპის განმგმირავი წმიდა გიორგი. ბერიამ ყურადღებით დაათვალიერა ოქროს ზოდი. შემდეგ მაგიდაზე დადო და ბაქრაძეს ჰკითხა:
– როდის და სად, რა ვითარებაში იპოვეთ ეს ზოდი და ვინ აღმოაჩინა?
– გუშინ, საღამოს, ეგრეთ წოდებული მირზოევის აბანოსთან შევაჩერეთ თხრა და მთელი ჯგუფი სახლში გავუშვი დასასვენებლად. დარაჯმა, აშოტ ფარაჯანიანმაც გაშვება მთხოვა – ცოლი ავად მყავსო და მის მაგივრად მე დავრჩი. იქვე პატარა ჯიხური გვაქვს და იქ ვიყავი. რატომღაც არ დამეძინა. წერაქვი, ჯაგრისი და პროჟექტორი ავიღე და გათხრილ ზოლში ფრთხილად განვაგრძე მუშაობა. სულ რაღაც ოციოდე წუთის შემდეგ, მიწაში ეს ზოდი აღმოვაჩინე. შემდეგ ჯიხურში დავბრუნდი და მის კვლევას შევუდექი. როდესაც მივხვდი, თუ რა აღმოვაჩინე, მთელი ღამე თეთრად გავათენე, რომ შეგხვედროდით. აბა, შუაღამეზე ხომ არ შეგაწუხებდით?
– უნდა მოსულიყავი, – სერიოზული სახით თქვა ბერიამ და ბაქრაძეს ჰკითხა:
– ახლა რა ხდება იქ?
– ჩემი განკარგულებით, ჩემს მისვლამდე სამუშაოები შევაჩერე, – მიუგო ბაქრაძემ ბერიას, რომელმაც „ჩეკას“ უფროსს დაურეკა და უბრძანა:
– მირზოევის აბანოსთან სპეციალური დაცვის ოცეული გაგზავნე ბრეზენტიანი სატვირთო მანქანებით. ოთხი მანქანა საკმარისია. უიარაღოდ და მხოლოდ სასანგრე ნიჩბები წაიღეთ. დამელოდეთ და იქ მყოფი ხალხი არ შეაშინოთ. ხელი არაფერს ახლოთ, მალე მოვალ.
ბერია და პეტრე ბაქრაძე დილის 11 საათზე ერთად მივიდნენ მირზოევის აბანოსთან. ბაქრაძემ ხელქვეითები მომავალ დღემდე სახლში გაუშვა. ტერიტორია შემოღობეს და ახლომახლო არავის აჭაჭანებდნენ. სპეციალური დაცვის თანამშრომლებმა კი, ბაქრაძისა და ბერიას მეთვალყურეობით, თხრა დაიწყეს და დილის ოთხი საათისთვის ყუთებში ჩალაგებული 10 ტონა ოქროს ზოდები ამოიღეს, რომლებიც ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ გადამალა. სამალავს საიდუმლო გვირაბი ჰქონდა, რომელიც მირზოევის აბანოდან იწყებოდა და ოქროც სწორედ იქიდან შეუტანიათ. ყუთების უმრავლესობა დიდი ხნით მიწაში დებისგან დამპალი იყო და ამის გამო აღმოჩნდა ზოდები მიწაში. ოქრო მანქანებზე დატვირთეს, ბრეზენტი გადააფარეს და ბერიას მითითებით, სახელმწიფო ბანკის საცავში წაიღეს. „პირველმა“ კი ბაქრაძე დაიმარტოხელა და უთხრა:
– სწორად მოიქეცი, პეტრე, ეს ამბავი რომ არ გაახმაურე. უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. პირიქით, სახელმწიფო ხაზინას დიდი სიმდიდრე შევმატეთ, მაგრამ კანონი მოითხოვს, ამ ოქროს წარმომავლობა დავადგინოთ და გამოძიების დასრულებამდე, მხოლოდ დროებით საბუთს შევადგენთ.
მოხერხებულმა ბერიამ სერგო გოგლიძეს ოქროსთან დაკავშირებული საქმის საფუძვლიანი გამოძიება დაავალა. არაოფიციალურად კი, მისი გაჭიანურება მოსთხოვა. შემდგომში ბერიას საქმეზე დახვრეტილმა გოგლიძემ ხრუშჩოვის გამომძიებელს ჩვენება მისცა, რომელშიც ვკითხულობთ: „ლავრენტი პავლოვიჩმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– ერთიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და რა მნიშვნელობა აქვს, სახალხო სიმდიდრეს რომელ ბანკში შევინახავთ. საიმედო და ჭკვიანი გამომძიებელი მონახე და ამ საქმის საფუძვლიანად გამოძიება დაავალე. დრო შეზღუდული არაა. მთავარია, სიმართლე დავადგინოთო.
სწორედ ამ ჩვენების შედეგად დაადანაშაულეს ბერია ფერადი ლითონის დატაცებაში, რაც აბსოლუტური იდიოტიზმი და თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო. რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ბერიამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააჭიანურებინა გამოძიება გოგლიძეს, რომ დრო მოეგო და ოქრო საქართველოში დარჩენილიყო, რაც დანაშაულად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს, რომ ეს სიმდიდრე ქართველი ხალხის კანონიერი საკუთრება იყო. 10 ტონა ოქრო მხოლოდ 23 წლის შემდეგ, 1953 წლის დეკემბერში, ბერიას დახვრეტილად ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, წაიღეს თბილისიდან მოსკოვში და ლავრენტი პავლოვიჩს ის დანაშაული დააბრალეს, რაც არ ჩაუდენია.
ძალიან საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინი ისე გარდაიცვალა, ამ ოქროს შესახებ არაფერი გაუგია. ეს კი ნიშნავს, რომ ლავრენტი ბერია ზოგჯერ დიდი ბელადის ნების წინააღმდეგაც კი მოქმედებდა, თუკი მიიჩნევდა, რომ ასე იყო საჭირო.“

скачать dle 11.3