კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაკობის მოტაცებაზე სტალინმა ყველას სასტიკი უარი უთხრა

დიდი სამამულო ომის დასაწყისში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა არმია გმირული და გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაშისტური ძალების შეტევას ვერ უძლებდა და უკან იხევდა, სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობი ტყვედ ჩავარდა. როდესაც ეს ამბავი საბჭოთა ბელადს შეატყობინეს, მან მოლოტოვს უთხრა:
– სირცხვილი. როგორ ჩაუვარდა მტერს ცოცხალი. არ მყავს მე შვილი, იაკობი!
მოლოტოვი, ისევე, როგორც მარშლები – ვოროშილოვი და ბუდიონი, სტალინის ძველი თანამებრძოლი და მეგობარი იყო. მხოლოდ ისინი მიმართავდნენ ბელადს ძველი პარტიული მეტსახელით – კობა. ეშმაკმა ბერიამ მოლოტოვს იმიტომ ათქმევინა სტალინისთვის ეს ინფორმაცია, რომ თავად არ გამხდარიყო ცუდი ამბის მიმტანი.
მოლოტოვმა ჩვეული სიმშვიდით მოისმინა სტალინის სიტყვები და უთხრა:
– კობა, შენ არ გჩვევია ემოციების აყოლა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. უნდა გითხრა, რომ არ ხარ მართალი.
მოლოტოვის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, სტალინი, ალბათ, არ აპატიებდა ასეთ კადნიერებას და მკვახედაც უპასუხებდა, მოლოტოვს კი გაკვირვებით შეხედა და უთხრა:
– რაში არ ვარ მართალი, იმაში, რომ მამობრივ გრძნობებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს ვაყენებ?
– არა, კობა, არა... იაკობი ნამდვილი გმირია. ის ბოლომდე იბრძოდა და მტერმა გონებამიხდილი აიყვანა ტყვედ, – მიუგო მოლოტოვმა.
– ამას იმიტომ ამბობ, რომ მას სინდისი მოწმინდო და მე დამამშვიდო, თორემ როგორ დამიმტკიცებ შენს სიტყვებს. იქნებ კინოფირზეა ეს ყველაფერი გადაღებული და გინდა მაჩვენო? – სტალინმა ხელი ჩაიქნია და ჩიბუხის დატენვას შეუდგა. მოლოტოვმა კი კვლავ ჩვეული სიმშვიდით მიუგო:
– იაკობთან ერთად ტყვედ კაპიტანი მალცევი ჩავარდა. შემდეგ მალცევმა გაქცევა მოახერხა და სწორედ მან უამბო ორგანოებს ყველაფერი. ის ახლა აქაა და თუ მის მოსმენას ისურვებ, შემიძლია, მოვიყვანო.
ოცი წუთის შემდეგ კაპიტანი მალცევი უკვე სტალინის წინ იდგა და ბელადს დაწვრილებით უყვებოდა მისი ვაჟის ტყვედ ჩავარდნის ამბავს. კაპიტნის თქმით, იაკობი და თავად მალცევი ტყვიამფრქვევით ცელავდნენ ფაშისტების ჭარბ ძალებს და შეთანხმებულები იყვნენ, ბოლო ტყვიები ტაბელური იარაღიდან შუბლში დაეხალათ, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ. თუმცა, არ დასცალდათ, რადგან აფეთქების ტალღამ ორივე მიწაზე დასცა, გონება დააკარგვინა და როდესაც გამოფხიზლდნენ, უკვე ფაშისტების ხელში იყვნენ.
შუა თხრობისას სტალინმა მალცევს ჰკითხა:
– თამბაქოს ეწევით?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – მიუგო ეგორ მალცევმა.
ბელადმა საბჭოთა არმიის უბრალო კაპიტანს პაპიროსი „ჰერცეგოვინა ფლორა“ გაუწოდა, მოწევის უფლება დართო და ერთი კოლოფიც აჩუქა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სტალინის თანდასწრებით, თანაც მის კაბინეტში, უცხო ადამიანმა თამბაქო მოსწია. სტალინის თანდასწრებით მხოლოდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი აბოლებდა ხოლმე თავის ცნობილ სიგარებს...
ეგორ მალცევის თქმით, თავდაპირველად, ფაშისტები მისი და იაკობის დახვრეტას აპირებდნენ, მაგრამ, როცა იაკობის ვინაობა შეიტყვეს, გადაიფიქრეს.
– თავად იაკობმა გაამჟღავნა ეს? – იკითხა სტალინმა.
– არა, ამხანაგო სტალინ. ეს მე ვთქვი. იაკობმა კი მისაყვედურა ამის გამო. შემდეგ იაკობი წაიყვანეს. მე კი ტყვეთა ბანაკში გამგზავნეს და გაქცევა მოვახერხე, – დააბოლოვა მალცევმა.
– ესე იგი, გისაყვედურათ, ხომ? – გაიმეორა მალცევის სიტყვები ბელადმა.
– დიახ. ასე მითხრა – მამის ღალატი გამომივიდაო.
სტალინმა პაუზა გააკეთა და მალცევს უთხრა:
– რაიმე თხოვნა ხომ არ გაქვთ?
– ერთადერთი თხოვნა მაქვს: რაც შეიძლება, მალე გავემგზავრო ფრონტის წინა ხაზზე, რომ ფაშისტები გავანადგურო, – მიუგო მალცევმა სტალინს, რომელმაც კაპიტანს ხელი ჩამოართვა და გაისტუმრა.
მალცევი მოგვიანებით გენერალი გახდა და ძვირფას რელიკვიასავით ინახავდა სტალინის ნაჩუქარი პაპიროსების კოლოფს.
კაპიტანთან შეხვედრის შემდეგ სტალინმა მოლოტოვს უთხრა:
– ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, როგორც კი რომელიმე ბობოლა ფაშისტს ხელში ჩავიგდებთ, ჰიტლერი მის იაკობში გაცვლას შემომთავაზებს, – ბელადმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – ახლა ჩემი შვილი, ალბათ, ცხრაკლიტულში ჰყავთ გამომწყვდეული და მასზე ზემოქმედებას ცდილობენ.
– კობა, შეიძლება, რაღაც გკითხო? – თქვა მოლოტოვმა.
– მკითხე.
– ბერიამ ზუსტად იცის იაკობის ადგილსამყოფელი. მის მოსატაცებლად გეგმაც აქვს და შესაბამისი ხალხიც ჰყავს. რას იტყვი, მან ეს ოპერაცია რომ ჩაატაროს?
– არა! – მოკლედ მოუჭრა სტალინმა, – ჩემი რომ გადავარჩინო, სხვისი მამების შვილებს რა ვუყო, რა პასუხი გავცე მათ?
– იაკობი ხომ უბრალოდ შვილი არაა და მტერმა ის შეიძლება, შანტაჟისა და პროვოკაციისთვის გამოიყენოს?
– სამშობლოს წინაშე ყველას შვილი თანასწორია. შანტაჟსა და პროვოკაციაზე კი სტალინი არასდროს წამოეგება. თავისუფალი ხარ, – თქვა სტალინმა და მოლოტოვი გაისტუმრა.
სტალინთან არც ვასილ და სვეტლანა სტალინების თხოვნამ გაჭრა, რომ მამას მათი ძმა გადაერჩინა და არც სხვებისამ. ხოლო, როდესაც ჰიტლერის ემისარმა სტალინს იაკობის გაცვლა შესთავაზა ფელდმარშალ პაულიუსში, საბჭოთა ბელადმა თქვა:
– ჯარისკაცს გენერალზე არ გავცვლი.
პაულიუსში კი გერმანელი კომუნისტების ლიდერის, ერნსტ ტელმანის გაცვლა შესთავაზა, რომელიც ფაშისტებს ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, მაგრამ ახლა უკვე ჰიტლერისგან მიიღო უარი.
იაკობი 1944 წელს დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში. მან ფაშისტების თვალწინ მავთულხლართზე გადაძრომა დააპირა და ის გუშაგმა ავტომატის ჯერით ჩაცხრილა. სტალინს ეს ინფორმაცია ერთ-ერთი თათბირის დროს შეატყობინეს და მარშალი როკოსოვსკი ასე იხსენებს ამ ამბავს: „მარშალი კონევი მოხსენებას აკეთებდა და როდესაც მან თქვა: „ჩვენი მანევრის მიზანია...“ ამ დროს კაბინეტში გაფითრებული სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი შემოვიდა და სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, სასწრაფო ინფორმაციაა.
– მომახსენეთ, – მიუგო სტალინმა.
– ამხანაგო სტალინ, თქვენი ვაჟი, იაკობი დაიღუპა. გუშაგმა ის გაქცევის მცდელობისას მოკლა, – თქვა პოსკრებიშევმა.
გაფითრებული სტალინი შეცბა, მაგრამ პოსკრებიშევს უთხრა:
– გასაგებია. თავისუფალი ხართ.
ჩვენ, კაბინეტში შეკრებილები, გავისუსეთ. კონევი კი ფეხზე დარჩა და რუკაზე საჩვენებელი ჯოხი ხელში შეეყინა. სტალინი ფანჯარას მიუახლოვდა. ჩვენგან ზურგით დადგა და ნახევარი საათის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა. რა თქმა უნდა, ის იმ მომენტში თავის დაღუპულ შვილზე ფიქრობდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სტალინი სხდომას გადადებდა. ნახევარი საათის შემდეგ კი სტალინი შემობრუნდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კონევს უთხრა:
– განაგრძეთ, ამხანაგო კონევ. აბა, მოგვახსენეთ თქვენი მანევრის მიზანი.
კონევი და ყველა დანარჩენიც დაგვაბნია სტალინის საქციელმა, რადგან ვერ წარმოგვედგინა, რომ მას ასეთი საშინელი ამბის მოსმენის შემდეგ, კიდევ შესწევდა სხდომის გაგრძელების უნარი.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3