კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გარანტიების მიღებას ცდილობენ თურქეთი და რუსეთი საქართველოსგან და რატომ იქნება იძულებული რუსეთი, გამოიყენოს ბირთვული იარაღი

სანამ ქართველი საზოგადოება იმას არჩევდა, ბოლოს და ბოლოს, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა თუ სხვებისაც, ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისე დაიძაბა, რომ რფ-ის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებითაც დაიმუქრა (თურქეთის მიმართულებით). რიტორიკაში რუს კოლეგას არც თურქეთის პრეზიდენტი ჩამორჩა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაორაზროვანი განაცხადის ფონზე, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებს (რამაც გული ჩვენც გადაგვიქანა, რადგან სწორედ „ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლია „ნატოსკენ“ სწრაფვის მთავარი ხიბლი). მხარეები მხოლოდ კბილს უსინჯავენ ერთმანეთს თუ მათი მუქარა რეალურია; რა ბერკეტები აქვს თითოეულ მათგანს საქართველოში და როგორ შეუძლიათ, გამოიყენონ საქართველო ერთმანეთის წინააღმდეგ – ამ კითხვებზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე უპასუხებს.

 – არის თუ არა რეალური რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ?
– ამ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, ჯერ უნდა გადავხედოთ სიტუაციას, რომელიც შექმნილია ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ. დღეს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ალეპოსთვის. ალეპო, ერთი მხრივ, ასადისთვის სიმბოლოა იმისა, რომ სირიის დღევანდელმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა ბრძოლისუნარიანობა; ასადისეულ-ირანულ-რუსულ კოალიციას აქვს შორსმიმავალი გეგმები და ალეპოს დაკავებით ამას ხაზი გაესმება. მეორე მხრივ,  ალეპოს დაკარგვა თურქეთისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან ნიშნავს, რომ ასადის ხელისუფლებამ აღადგინა სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ვიდრე თურქეთამდე.
– ახლა ვის უჭირავს ალეპო?
– ძირითადად, ისლამისტებს, თუმცა ქალაქი საკმაოდ დიდია და ზოგიერთ კვარტალში გამაგრებულია სირიის თავისუფალი არმია; არის პროასადისტური კვარტალიც, მაგრამ ქალაქის 90  პროცენტი უჭირავს ისლამისტურ ძალებს, ზომიერ ოპოზიციას, სახალიფოს მებრძოლებსა და სირიის თავისუფლების არმიას. ქალაქში დარჩენილია, დაახლოებით, 100 000-მდე მოქალაქე. ასე რომ, ძალიან ჭრელი შემადგენლობაა. ქალაქზე შემტევთა კიდევ ერთი კოლონაა თურქმანებისა და ქურთებისგან დაკომპლექტებული ძალა.
– ეს ხომ შეუთავსებელია: თურქმანებს მხარს უჭერს თურქეთი, ქურთებს –  რუსეთი?
– აბსოლუტურად შეუთავსებელია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ შეუთავსებლის შეთავსებაც შესაძლებელია, თურმე. იქ ბრძოლები უცნაურად მიმდინარეობს: ხშირად იბომბება კონკრეტული მოწინააღმდეგე და არა ის, ანუ სახალიფო, ვის წინააღმდეგაც წამოიწყო ბრძოლა კოალიციამ. თურქეთი ბომბავს ქურთების პოზიციებს, რუსეთი –  ზომიერ ოპოზიციას, ამერიკელები კი –  ხან სახალიფოს ტერიტორიას, ხან –  ქურთების პოზიციებს. მოკლედ, აჭრილია სიტუაცია.
– მაგრამ მოიწევს ჩვენკენ.
– ახლა მთავარი ხდება დაპირისპირება ორ მეტოქეს, რუსეთსა და თურქეთს შორის, რომელთა უკან დგას სხვადასხვა ქვეყანა. არაბული სამყარო საუდის არაბეთის მეთაურობით –  თურქეთის უკან და ირანი –  რუსეთის უკან. მაგრამ აშშ მაქსიმალურად ცდილობს, საშუამავლო ფუნქციის აღებას საკუთარ თავზე. თუ ალეპო დაეცა, ეს ნიშნავს თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას. თუ დაინახეს ანკარაში, რომ ალეპო ეცემა, დარწმუნებული იყავით, სამხედრო კონფრონტაცია გარდაუვალია.
– რა ტიპის სამხედრო კონფრონტაცია?
– სამხედრო კონფრონტაციასაც აქვს თავისი ლოგიკა. რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც დღეს სირიაშია, არ არის იმ სიძლიერის, რომ თურქეთის არმიის შეტევას გაუძლოს. ჯერ ერთი, არ აქვს საარტილერიო დანადგარები, ძირითადად, შემოიფარგლება საავიაციო ჯარებითა და სპეცრაზმებით. მათ შორისაა კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმი. ამდენად, თურქეთის არმიის შეტევის შემთხვევაში, იმ ბაზებზე, რომლებსაც რუსები აკონტროლებენ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი თურქეთის სასარგებლოდ დამთავრდება. სწორედ ამის გამო ამბობს რუსეთის ხელისუფლება, რომ, თუ დაიწყება ეს ლოკალური ომი, აუცილებლად გამოიყენებს ატომურ იარაღს, ვინაიდან სხვა შანსი რუსეთს უბრალოდ არ აქვს. რადგან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში აუცილებლად გადაიკეტება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები და ძალიან გაჭირდება სირიაში მყოფი რუსული კონტინგენტის დახმარება, მათთან კომუნიკაცია. ამიტომაც იმუქრება ატომური იარაღის გამოყენებით რუსეთის ხელისუფლება.
– სავარაუდოდ, საიდან გამოიყენებს?
–  არ ვარ სამხედრო ექსპერტი და ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ რუსეთს თავის ევროპულ ნაწილშიც აქვს სარაკეტო შახტები. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ბირთვული ქობინი გაისროლოს კასპიის ზღვის ფლოტილიიდან.
– სწორედ ამიტომ ვიკითხე, რაკეტების გასროლა რომ გვაჩვენა კასპიის ზღვიდან ტერორისტების მიმართულებით, ეს საჩვენებელი მოთელვა ხომ არ იყო?
– ესეც არის. მათი შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდზეც არის ბირთვული ქობინი და იქიდანაც შეუძლიათ სროლა. მე ვერ გეტყვი, კონკრეტულად საიდან ისვრის.  
– თუ აშშ არ ჩაერევა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში, ეს ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ დგება „ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლი და ამ დაპირისპირებაში შტატებმა უკან დაიხია?
– მიაქციეთ ყურადღება თქვენ მიერვე დასმულ კითხვას: ჩაერევა თუ არა კონფლიქტში? კონფლიქტში, ალბათ, არ ჩაერევა, იმიტომ რომ, კონფლიქტი ივარაუდება სირიის ტერიტორიაზე. მაგრამ, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაშინ აშშ ამ საქმეში ჩაერევა. შტატები ბოლომდე შეასრულებს შუამავლის როლს, მაგრამ თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აუცილებლად ჩაერევა. დღეს კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის ივარაუდება სირიის ტერიტორიაზე და ეს განსხვავებული ცნებებია.
– როდესაც რუსეთი ამბობს, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რას ამბობს კონკრეტულად, სად გამოიყენებს?
– ეს განცხადება მიმართულია თურქეთისადმი. დიდი ეჭვი მეპარება, რომ მუქარა რეალურად ახდეს, მაგრამ, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ხელისუფლებისთვის დღეს სირიის  სივრცეში დამარცხება სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ორივე ყველაფერს გააკეთებს, რომ მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენოს. ნუ დაგვავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ ფლობს ბირთვულ იარაღს, მის ტერიტორიაზე ინახება 40-მდე ბირთვული ქობინი, რომლებიც „ნატოს“ ეკუთვნის. მაგრამ მუშაობს ორი გასაღების პრინციპი: ერთი გასაღები თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ხელშია, თუმცა მათ შეუძლიათ, ექსტრემალურ სიტუაციაში „ნატოს“ უმაღლესი მთავარსარდლობის ოფიციალური ნებართვის გარეშე გამოიყენონ ეს იარაღი.
– ორი გასაღების პრინციპი ის არის, რომ ორი გასაღებია. მეორე გასაღები სად ინახება?
–  მეორე გასაღები არ არის თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიიღებენ არაოფიციალურ ნებართვას, თუ საჭირო გახდა.
– სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება, მაგრამ ყველას თავისი სამრეკლო აქვს. რა პრობლემები გვემუქრება ჩვენ ამგვარი დაპირისპირებისას და და გავლენის რა ბერკეტები აქვთ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად?
– გავყოთ ეს ორი ცნება: კონფლიქტი და სრულმასშტაბიანი ომი. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სირიის ტერიტორიაზე, თუ ის ლოკალურად მოხდა, საქართველო პერიფერიაზეა და აქ გასნაკუთრებული არაფერი მოხდება, მაგრამ ომის განვრცობის შემთხვევაში საქართველო, ბუნებრივია, ჩათრეული აღმოჩნდება. იმიტომ რომ, საომარი მოქმედებები, სულ მცირე, განვითარდება შავი ზღვის აკვატორიაში, საქართველოს ტერიტორიიდან არც ისე შორს, მაგრამ ეს არის ჰიპოთეტური სურათი.
– და ყველაზე ცუდი სცენარი.
– არ მინდა, საზოგადოება შეშინდეს, მაგრამ, დავუშვათ, მილიონიდან ერთი შანსია, რომ სიტუაცია ასე განვითარდეს. მიაქციეთ ყურადღება, რა ტიპის აქტივობას იჩენს დღეს თურქეთი და რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში: ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ საქართველოს „ნატოში“ „შეთრევის“ შემთხვევაში რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს. ამასობაში, გამოვარდა ჯერ ქიშმარია, აფხაზების „თავდაცვის მინისტრი“, რომ „ნატო“ უახლოვდება აფხაზეთის საზღვრებს და ამიტომ რეგიონში იქმნება რთული მდგომარეობა, შემდეგ თიბილოვმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანების მოთხოვნით რეფერენდუმისთვის ემზადება. ეს ყოველივე არის პრევენცია საიმისოდ, რომ მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველომ იცოდეს, რომ დაუცველია და ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამასობაში თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, საქართველოსგან მიიღოს დამატებითი გარანტიები რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. ამაზე პირდაპირ არ ლაპარაკობენ, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თემას; თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არანაირი აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს. მოკლედ, ორივე მხარე ცდილობს, საქართველოს მთავრობისგან ჰქონდეს დამატებითი გარანტია, რომ რეგიონი მხარს დაუჭერს კონკრეტულ სუბიექტს. თურქეთს –  აზერბაიჯანი და საქართველო და რუსეთს –  სომხეთი. დღეს ეს მეორეხარისხოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.
თუ საქართველომ მოინდომა აქტიური თამაში ამ სივრცეში, მაშინ, ერთი მხრივ, მივიღებთ იმას, რასაც გვემუქრება რუსეთი, მეორე მხრივ კი, ამუშავდება თურქული აგენტურა საქართველოს რეგიონებში. იცით, რომ სერიოზულად არიან წარმოდგენილნი აჭარაში და ასე შემდეგ... საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. ანუ დიდი ომის შემთხვევაში ვიქნებით აბსოლუტურად დაუცველები და აქ ჩვენი არმიის მომზადება-არმომზადება არ არის პრობლემა. საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა შემთხვევაში იმუშავებს „ნატოს“ მეხუთუ მუხლი. მიუხედავად სტოლტენბერგის განცხადებისა, რომ „ნატოს“ აღმოსავლეთ პარტნიორებს პრობლემებს  უქმნის რუსეთი და „ნატო“ ვალდებულია, დაიცვას ეს თავისი აღმოსავლეთ პარტნიორები. ამ აღმოსავლელ პარტნიორებში სტოლტენბერგმა საქართველოც შეიყვანა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთთან მიმართებაში „ნატო“ უკან იხევს. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დასავლეთი ცდილობს, თურქეთი და რუსეთი დააჯახოს ერთმანეთს. როგორც თურქეთი ცდილობდა, რომ „ნატო“ დაეჯახებინა რუსეთისთვის, დასავლეთი კი ცდილობს, დაიტოვოს შუამავლის როლი. სხვათა შორის, ასადიც კი, რომელსაც, წესით, თამაშის თავი არ უნდა ჰქონდეს, მაინც ცდილობს, ერთმანეთს დააჯახოს დასავლეთი და რუსეთი, იმიტომ რომ, ყველა მხარე თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე მის გარდა. აი, ასეთი  რთული ვითარებაა რეგიონში და ჩვენც ამ ვითარების პასიურ მონაწილედ აღმოვჩნდით.
– საერთოდ რომ არ ჩავერიოთ და იმის იმედად ვიყოთ, იქნება და, არ მოგვხვდეს შემთხვევითი ბომბი?
– საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვერევით. საქართველოს ხელისუფლება სწორად მოქმედებს, როდესაც ცდილობს, რომ არც ერთი მსხვილი მოთამაშე არ გააღიზიანოს და ანგარიში გაუწიოს თავისი პარტნიორის პოზიციას, ვგულისხმობ აშშ-ს. მაგრამ რეგიონი იმდენად ჭრელი და მცირეა, არ არის გამორიცხული, ამ ორი დიდი მოთამაშის დაპირისპირებამ, გვინდა თუ არა, უნებლიეთ ჩაგვითრიოს.
– აპატურაიმ განაცხადა, რომ „მაფს“ ვერ მოგვცემენ, ამაზე არც უნდა ჩაიციკლოთ და არც ხელისუფლება აკრიტიკოთო. რითაც „ნაციონალებს“ მიანიშნა, ქვეყნის კურსის ცვლილებით არ ისპეკულიროთო. ესეც ხომ არ არის უკანდახევა „ნატოს“ მხრიდან?
– ეს არის სიტყვები, ლამაზი სიტყვები, შინაარსიანი სიტყვები, მაგრამ ამასობაში მუშაობას იწყებს „ნატოს“ სასწავლო ცენტრი. იწყება ოფიცრების მომზადება.
– ვერ დავასრულე კითხვა: „მაფი“ გააღიზიანებს რუსეთს და პრობლემებს შეგიქმნითო, მაგრამ ვითომ რუსეთს არ გააღიზიანებს ამის მომდევნო განცხადება, მაინც მიგიღებთო? ბარემ „მაფიც“ მოეცათ.
– როგორ არ გააღიზიანებს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, რუსებმა ძალიან კარგად იციან პრობლემის სიღრმე –  რომ „ნატო“ უახლოეს მომავალში არ მიგვიღებს, მაგრამ რუსეთს უკვე აღიზიანებს საქართველოს აქტივობაც კი ამ მიმართულებით. ლავროვის ასეთი გამონათქვამები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, დასავლეთის ყურისთვისაა. მიდის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაში, რომელშიც ყველა მსხვილი მოთამაშე ცდილობს, გარკვეული როლის მორგებას და ეს პროცესი იწვევს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რყევებს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სტატუსკვო. რამდენად გამოგვივა, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენი დიპკორპუსის ოსტატობაზე, არამედ გარემოებებზე.

скачать dle 11.3