კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ მოუნათლა ლაშა ჟვანიას ორი შვილი იერუსალიმის პატრიარქმა ირინეოსმა, რომელიც 7 წლის განმავლობაში გისოსებს მიღმა ჰყავდათ გამომწყვდეული და რაზე მისცა მას ლოცვა-კურთხევა საქართველოს პატრიარქმა

„1981 წლის იანვარში მოვინათლე, 7 წლის ასაკში. ნათლობა რომ დამთავრდა, ჩემმა ნათლიამ თქვა: ილია, მოდი, ლაშა მივიყვანოთო. მიმიყვანეს უწმიდესთან. შავი პალტო ეცვა, კარაკულის საყელოთი და, მახსოვს, როგორ ჩავეხუტე. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან“. პირველი შეხვედრა კარგად ახსოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს, ლაშა ჟვანიას, რომელიც პატრიარქის დავალებით, არაერთ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს აღასრულებს. ლაშა ჟვანიას არა მხოლოდ მის უწმიდესობასთან, არამედ, იერუსალიმის 7-წლიან ტყვეობაში მყოფ პატრიარქ ირინეოსთანაც საკმაოდ კარგი და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.
ლაშა ჟვანია: კარგად მახსოვს: 1989 წელს გრიგოლ ჩიგოგიძემ, რომელიც „პიონერ-ფილმის“ ხელმძღვანელი იყო, შობა დღეს რამდენიმე ბავშვი მიგვიყვანა მის უწმიდესობასთან. ოთახიდან ბოლოს გამოვედი და, როდესაც გამოსვლისას შევბრუნდი, რომ დავმშვიდობებოდი, დავინახე უწმიდესი იდგა და ჯვარს გვსახავდა. მახსოვს, ასევე, მომენტი: იმ ბავშვებს, რომლებიც იმ დროს სიონში დავდიოდით, უწმიდესი სულ გვაკვირდებოდა – ლოცვის დროს, ამბიონზე, ქადაგებისას. გავხედავდი და – გვიყურებდა. ბოლოს საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ მეჩვენებოდა. მაგრამ მერე ასეთი რამ მოხდა: 1993 წელს ორმა მონაზონმა და უწმიდესის ექიმმა, მედეა მახარაძემ, რომელიც დღეს მონაზონია, მოინდომეს წმიდა მიწაზე წასვლა. უწმიდესთან მივიდნენ და  უთხრეს თავიანთი სურვილის შესახებ. პატრიარქს მათთვის ასე უთქვამს: წადით, ოღონდ, ჩვენთან დადის ერთი ბიჭი, რომელიც ისრაელს კარგად იცნობს, ლაშა ჰქვია, მაგრამ დღეს წირვაზე არ ყოფილა, გუშინ იყო ლოცვაზე და მოძებნეთო. ისრაელში სამი კვირა დავრჩით და სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ჩემი ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსთან. პატრიარქმა დიოდოროსმა, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა, მიგვიღო და ფულიც კი მოგვცა მგზავრობის ხარჯებისთვის. მანამდე ბევრჯერ ვიყავი წმიდა მიწაზე ნათესავებთან, სამ-სამი თვე ვრჩებოდი დედასთან ერთად, მაგრამ ეს უკვე პილიგრიმობა იყო, თან – პატრიარქის კურთხევით. რადგან იერუსალიმში არ ცხოვრობდნენ ჩემი ნათესავები, თელ-ავივიდან მიწევდა ფეხით ასვლა. მაცხოვრის საფლავზე წირვა ღამით ტარდებოდა, უკან დასაბრუნებელი ავტობუსები კი დილის 7 საათამდე არ იყო, ამიტომ მიწევდა ღამით ქუჩაში დაძინება. მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ამაზე ბედნიერი დღეები არ მქონია...
ფაქტობრივად, იერუსალიმის საპატრიარქოს დღევანდელ მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, არქიმანდრიტებთან ერთად გავიზარდე. ბევრი მათგანი იმ პერიოდში სასულიერო სემინარიის მოსწავლე იყო. თან, იერუსალიმი ძალიან პატარაა, იქ დამალვა შეუძლებელია – ხშირად რომ ტრიალებ, ყველა გცნობს და მერე უახლოვდები. მღვდელმთავარმა თეოფანემ მაჩუქა არაბი მეცნიერის  წიგნი – „მე ვარ იერუსალიმი“, რომელსაც დააწერა: „ლაშა, რომელიც თავად არის იერუსალიმი“. ასე რომ, შეიძლება ითქვას, იერუსალიმის ეკლესიასთან ერთად გავიზარდე და ჩემად მივიჩნევ.
მის უწმიდესობასთან ერთად წმიდა მიწაზე პირველად 2000 წელს ვიყავი. იგი მაცხოვრის შობის 2000 წლის აღსანიშნავად სპეციალური ჩარტერული რეისით გაფრინდა, თან დიდი ჯგუფი ახლდა. 8 დღე იმყოფებოდა მისი უწმიდესობა ისრაელში, სადაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი „ლიმუზინი“ ემსახურებოდა, რომლის მძღოლიც ებრაელი კაცი იყო. ყველგან, სადაც უწმიდესი მიდიოდა, 4 ავტობუსი დაჰყვებოდა საქართველოდან წასული ხალხით და ყველგან კურთხევას იღებდნენ, ხელზე ემთხვეოდნენ ხოლმე. ბოლო დღეს, როდესაც აეროპორტში მიიყვანა, მძღოლი კარის გასაღებად „ლიმუზინიდან“ გადმოვიდა, მივიდა და ხელზე ეამბორა, იმდენად განიმსჭვალა პატივისცემის გრძნობით სხვა რელიგიის ადამიანი.
– წლების წინ მისმა უწმიდესობამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარათ – თქვენ გახდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი.
– როდესაც ჩამაბარა და მითხრა, რომ ფონდის ხელმძღვანელად უნდა გავემწესებინე, საოცარი სიხარული მქონდა, განსაკუთრებით – ამხელა ნდობის გამო. ვკითხე: შეიძლება, დედას დავურეკო-მეთქი? დაურეკეო და თვითონ დაელაპარაკა, დალოცა. რომ დაასრულა საუბარი, ვუთხარი: თქვენო უწმიდესობავ, არ გიღალატებთ, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის-მეთქი. სახეზე მომარტყა ხელი და მითხრა: „მე ხომ გიცნობ”. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა მქონია, მათ შორის საპატიოც, მაგრამ ფონდის ხელმძღვანელობაზე საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობა არასდროს მქონია. ხუმრობით ვამბობ ხოლმე: ჩემისთანა უფროსი არავის ჰყავს-მეთქი. მთელი დღის რუტინის შემდეგ, საკმარისია, ღამით ხუთი წუთი უწმიდესს შევხვდე და ყველაფერი, აურზაური – არაფერი გახდეს და გაქრეს.
– რა არის პატრიარქის მიერ მოცემული რჩევა, რომელიც დღემდე გახსოვთ და თქვენს ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს?
– ორი რჩევა მახსოვს განსაკუთრებულად: 12 აგვისტოს, 2008 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა კომიტეტიის თავმჯდომარე ვიყავი, გვიანობამდე ვმუშაობდი, ძირითადად, შტატებთან ვიყავი ხაზზე და ევროპასთან. ძირითადად ღამით ვსაუბრობდით, შემდეგ ჩავდიოდი უწმიდესთან, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, გვიანობამდე არ იძინებდა. მახსოვს, ჩაის ვსვამდით და ტელევიზორს ვუყურებდით. გადავრთეთ ერთ არხზე – მე ვარ; მეორეზეც – მე ვარ, მესამეზეც – მე ვარ, თან, მკაცრი სახე მაქვს – 12 აგვისტოა. გადმომხედა უწმიდესმა და მითხრა: ლაშა, ინტერვიუს რომ აძლევ, შეჭმუხნილი სახე გაქვს, ხალხს კიდევ უფრო მეტად ძაბავ. შენ სხვანაირი გული გაქვს, ამიტომ ინტერვიუს დროს გაიღიმე და ბოლოს ღიმილით თქვი: „ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება.” მეორე დღეს ჟურნალისტები მოვიდნენ და მეუბნებიან: რუსები მუშაობენ, რათა მოხდეს ოსებთან და აფხაზებთან საზღვრის ისეთი დემარკაცია, რომ კედლის მშენებლობა იქნას დაწყებულიო, მე კი ამ დროს ვამბობ: „კედელს, რომელსაც ოკუპანტი ააშენებს, მერე აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენით, ჩვენივე ხელით დავანგრევთ მათთან ერთად, – თან, გავიღიმე და ვთქვი – ყველაფერი კარგად იქნება.” ასე იყო მეორე ინტერვიუზეც. მეორე დღეს მეგობარმა, კახა ხვისტანმა მითხრა: რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ, არ გეწყინოს. ბოლო ხანებში ტელევიზორში გიყურებ, დეგენერატივით იქცევი და არ გინდაო. მეორე დილას მოვუყევი უწმიდესს, ბევრი იცინა. ერთი წლის თავზე ეს კიდევ გავიხსენეთ და მაშინ სერიოზული სახით მითხრა: ახლა გაძლევ მეორე ლოცვა-კურთხევას: „არასდროს არ გაბრაზდე. როცა ბრაზდები, არასწორ გადაწყვეტილებას იღებ“. ეს არის ყველაზე რთული შესასრულებელი და, როცა გაბრაზებას ვიწყებ, მისი სიტყვები მახსენდება, თან, ძალიან ადვილად ვბრაზდები.
– წლებია, იცნობთ იერუსალიმის პატრიარქ, ირინეოსს, რომელიც უკანონოდ  გადააყენეს პატრიარქობიდან და 7-წლიან ტყვეობაში ჰყავდათ.
– პატრიარქი ირინეოსი 2000 წლის 20 დეკემბერს პატრიარქ დიოდოროსის დაკრძალვაზე გავიცანი. არჩევისას სინოდის 17 წევრიდან მას მხარს 7 უჭერდა, დანარჩენ კანდიდატებს კი 5-5 მომხრე ჰყავდათ. ანუ, თავიდანვე, მის მიმართ ძალების გადანაწილება 7 იყო 10-ზე. პატრიარქმა ირინეოსმა გადაწყვიტა, ბრძოლა გამოეცხადებინა კორუფციისთვის, რაც ეხებოდა მიწების, შენობა-ნაგებობების გაყიდვას და რაშიც მღვდელმთავრებიც იყვნენ ჩართულები. რიგი მღვდელმთავრებისა თანამდებობებიდან რომ გაეთავისუფლებინა, პატრიარქი იორდანიის მეფესაც შეუთანხმდა, რომელმაც პირდაპირ უთხრა: მოჭერი მოსაჭრელი თავები, მე გვერდში გიდგავარ. მაგრამ მან ამ პროცესის დაწყება დააგვიანა, რადგან თანამოაზრეები ცოტა ჰყავდა და, საბოლოოდ, ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორი ძალა შეიკრიბა, გახდნენ ათნი, უკანონოდ, იერუსალიმის ეკლესიის ყველა კანონის დარღვევით, შეკრიბეს სინოდი და მოსთხოვეს პატრიარქს გადადგომა, რაზეც მან უარი განაცხადა. მის წინააღმდეგ სკანდალის აგორება დაიწყეს, რომ თითქოს მან ორი შენობა გააქირავა ებრაულ ჯგუფებზე – ამის შესახებ ებრაულ გაზეთებში დაიწერა, დაიწყო გამოძიება. არადა, ის შენობები, რის გამოც პატრიარქი გადააყენეს, დღესაც იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილებაა. გარდა ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ჩაერია საქმეში ძალიან უხეშად, მათ სინოდის უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ჩათვალეს და პატრიარქ ირინეოსის სახელი დიპტიხიდან ამოიღეს. დაიწყეს არჩევნების ჩატარება ასევე ყველა კანონის დარღვევით, უფრო მეტიც, 25 მაისს პატრიარქ ირინეოსის განსჯის დღე იყო კონსტანტინეპოლში, სადაც ყველა ეკლესიიდან იყვნენ წარმომადგენლები. თუმცა საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა – თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი ეკლესიის საშინაო საქმეებში ჩარევაა და ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან მართლმადიდებლურ ეკლესიასო. 25 მაისს ჩაატარეს სხდომა და 24 მაისს მოვიდა პალესტინის მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილი კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც პატრიარქი ირიენოსი უბრალო იყო ყველა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებასა და ცილისწამებაში, თუმცა ეს მაინც არ მიიღეს მხედველობაში და აგვისტოში აირჩიეს ახალი პატრიარქი – თეოფილოსი. მაგრამ ყველაზე არაჰუმანური იყო ის, რომ პატრიარქი ირინეოსი ჩაკეტეს თავისსავე სენაკში, დაახლოებით 20 მეტრის პერიმეტრში სამი გისოსი დაუყენეს და 7 წლის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი. ეს ხდება მაცხოვრის საფლავიდან 100 მეტრში, მაცხოვრის დილეგიდან კი – დაახლოებით 800 მეტრში და, რაც მთავარია, საპატრიარქოს ტერიტორიაზე. ანუ, ის გადააყენეს პატრიარქობიდან, ჩამოართვეს მღვდელმსახურების უფლება, მღვდელმთავრის რანგი და 7 წელი ჰყავდათ ჩაკეტილი თავის სენაკში, საიდანაც პატრიარქად დანიშვნის შემდეგაც არ გადასულა საპატრიარქო აპარტამენტებში და მოკრძალებულად, თავმდაბლად ცხოვრობდა. 2008 წლიდან მოყოლებული, მას მზის შუქი არ უნახავს. მასთან სანახავად კი არა, საჭმლის მისატანადაც არავის უშვებდნენ, მხოლოდ ერთი არაბი კაცი აწვდიდა მუდმივად საკვებს. შარშან 27 სექტემბერს გარდაიცვალა არქიმანდრიტი კელადიონი, რომელიც პატრიარქის დილეგად ქცეული კელიის გვერდით ცხოვრობდა, მას ჰქონდა კლიტეებიც. ერთ კვირაში პატრიარქ ირინეოსს განუვითარდა პერიტონიტი, რადგან მასთან კბილის ექიმსაც არ უშვებდნენ და, როდესაც კბილი სტკიოდა, თოკს აბამდა კარზე და ისე იღებდა. საზოგადოებაში ერთი ამბავი ატყდა, გავრცელდა ინფორმაცია და ხალხმა პატრიარქ ბართლომეოსის უხამსი სიტყვებით მოხსენიება დაიწყო. ამის მერე შედგა სატელეფონო საუბარი მასა და იერუსალიმის დღევანდელ უკანონოდ არჩეულ პატრიარქს შორის და გახსნეს გისოსები, გონებადაკარგული პატრიარქი კი საავადმყოფოში წაიყვანეს. მღვდელმთავრები რეანიმაციაში მიდიოდნენ და პოზიორობდნენ პატრიარქის თითქმის ნეშტად ქცეულ სხეულთან, რომელიც აპარატზე იყო შეერთებული. მაგრამ, პატრიარქი 5 დღეში სასწაულებრივად გადარჩა, ასე რომ, სიტუაცია შეიცვალა. გარდა ამისა, საპატრიარქოში სხვა რამეც მოხდა: რამდენიმე თვის წინ ახალი კეთილმოწესე დაინიშნა – არქიმანდრიტი ბართლომეოსი, რომელიც ჩემი სულიერი ძმაა, საკმაოდ კარგი და გონიერი ადამიანი. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაიწყო პატრიარქის მონახულება, მანამდე კი სულ ესაურებოდა ტელეფონზე. მასთან ერთად იყო არქიმანდრიტი მელეტიოსი, არაბი. ასე რომ, მისი ისევ გამოკეტვა ვერავინ იტვრითა. დღეს პატრიარქი თავის სენაკში ცხოვრობს, თუმცა, გისოსები აღარ არის. ბევრს არ საუბრობს. პერიტონიტმაც იმოქმედა მის გონებასა და სამეტყველო აპარატზე და ისე გამართულად ვეღარ ლაპარაკობს, თუმცა, გაგებინებს. ახლა გაცილებით უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე ორი თვის წინ. ის ყოველთვის გამორჩეული იყო როგორც თბილი, ადამიანური და გულიანი პიროვნება. 2006 წელს მოვნათლე ჩემი შვილები და პატრიარქი ირინეოსი ორივეს ნათლია გახდა. ჩემს ბიჭს მის პატივსაცემად ნათლობის სახელი – ირინეოსი დავარქვით – მან თავად გაუკეთა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილიანი ჯვარი და ირინეოსი დაარქვა.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ წირვაზე, როცა მამა მელეტიოსი წირავდა, პატრიარქი ირინეოსი სამღვდელო შესამოსელით შეიმოსა, რომ ტრაპეზზე ზიარებულიყო. მამა მელიტიოსი არ ცნობს უკანონო გადაწყვეტილებას და, გადაყენებულ პატრიარქს, ბერის ხარისხამდე დაყენებულს შესთავაზა, ზიარებულიყო. შემდეგ მან მოქმედ პატრიარქს აცნობა ამის შესახებ. თეოფილე დაინტერესდა – ტრაპეზთან ეზიარაო? დიახ და ეპიტრახილი ეკეთაო, – უთხრა მელეტიოსმა და, ამის შემდეგ, დღეს მოქმედმა პატრიარქმა განაცხადა: შემდეგში რომ ეზიარება, მთლიანად სამღვდელმთავრო შესამოსელი ჩაიცვასო. შეიძლება, ეს შინაგანი სინდისის ქენჯანცაა, მაგრამ, არის ერთი ფაქტი – როგორც  ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ბრძანა: თუ გვინდა, კანონიკური წყობა აღდგეს იერუსალიმის საპატრიარქოში, პატრიარქი ირინეოსი ერთი წუთით მაინც უნდა დაბრუნდეს ტახტზე და მერე ან თქვას: „მე გადავდექი”, ან ტახტზევე უნდა გარდაიცვალოსო...

скачать dle 11.3