კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვის ანდო დიმიტრი ხუნდაძემ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობა და რა კავშირი ჰქონდა მას ნაგვის ურნების ბორბლების ბიზნესთან

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში,   არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ოტორინოლარინგოლოგიიდან მოხვდა. ბიძინა ივანიშვილის პირად ექიმს, პოლიტიკურ კარიერაზე არასდროს უფიქრია. თუმცა,  მეგობარმა  ისე  „ჩაითრია”, თავადაც გვიან მიხვდა. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური  ბატალიების გამოცდილება არ ჰქონდა,  დეპუტატობის სამი წლის განმავლობაში, სკანდალებსაც აარიდა თავი და ქართული  პოლიტიკის  მძიმე კულისებსაც.  როგორ  შეძლო მან ეს და  რა „კავშირი” ჰქონდა ნაგვის ურნების ბორბლების ბიზნესთან, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.   

 დიმიტრი ხუნდაძე:  არ ვიცი, როგორი გზა უნდა გაიარო, რომ ოტოლარინგოლოგიიდან დიდ პოლიტიკაში მოხვდე, ეს არასდროს დამიგეგმავს. ხუთი წლის წინ, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, პოლიტიკაში მოხვდებიო, ამაზე დიდი სახუმარო და გასაოცარი არაფერი იქნებოდა.  დიდი ხნის განმავლობაში  ექიმის ცხოვრება მქონდა – ვერ ვიტყოდი, რომ მშვიდი. ქირურგის პროფესია  ისეთია,   დღე და ღამე  შეიძლება, ერთნაირი იყოს. თავს არ შევიქებ, მაგრამ  ჩემი კოლეგებიც მიიჩნევენ, რომ ურიგო ექიმი არ ვიყავი. სანამ სტატისტიკას ვაწარმოებდი, ხუთი ათასამდე სხვადასხვა სირთულის ოპერაციამდე ავედი, მერე კი თავი დავანებე „სტატისტიკას”. იმ წლებში  არც შემოსავალს ვუჩიოდი და არც პაციენტებს. გარდა კარგი ანაზღაურებისა,  სახლში მორთმეული ძღვენებიც მახსოვს მადლიერი პაციენტებისგან.  სამედიცინო კარიერა სანიტრობით დავიწყე, ყველა ეტაპი გავლილი მაქვს. როცა დამხმარე არ მყავდა, ცოცხის ხელში დაჭერაც მიწევდა. ალბათ, მაშინ შემჯავრდა ცოცხი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში სიმბოლური დატვირთვა აქვს – ცოცხი იყო, როგორც ჩემი პროფესიული ცხოვრების, ასევე პოლიტიკური საქმიანობის   დასაწყისში (იცინის).
–  თქვენი მოსვლა პოლიტიკაში, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თქვენი პაციენტი იყო. როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?
–   ბიძინა ივანიშვილის ოჯახს   ვიცნობ 10-12 წელია, ჩვენი შეხვედრა მოხდა   შეკვეთილში,  მე იქ წლებია აგარაკი მაქვს.  მათ დავჭირდი, როგორც ოტორინოლარინგოლოგი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი გავიცანი არა როგორც მეზობელმა, არამედ როგორც ექიმმა. ხან მე მივდიოდი მათთან სახლში, თუ რაიმე ანალიზის გაკეთება იყო საჭირო და ისინიც მოდიოდნენ ჩემთან კლინიკაში. ჩვენი ურთიერთობა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობიდან გადაიზარდა მეგობრობაში. როცა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, მე ვეხმარებოდი კონტაქტებით, პროფესიული გამოცდილებით. თუმცა, ვეხმარებოდი „გვერდიდან” – პირდაპირ პროცესებში არ ვერთვებოდი.   მახსოვს, ერთხელ მითხრა:  ხომ არ მოსინჯავდი საკუთარ შესაძლებლობებს პოლიტიკაშიო. ეს ხუმრობად მივიჩნიე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.  როდესაც  ამ თემაზე კვლავ შედგა  ჩვენი საუბარი, მე ვითხოვე დრო გადაწყვეტილების მისაღებად. ერთ საღამოს მოვუხმე ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს,  „სათათბირომ” ერთხმად დამიჭირა მხარი. მახსოვს, 2003 წელი, როდესაც მაშინდელ პრეზიდენტს ვირჩევდით, მშობლებს ვთხოვე, მისთვის ხმა არ მიეცათ, სამწუხაროდ, მაშინ მშობლებმა   არ დამიჯერეს.   
– როგორც ჩანს, მაინც იოლად დაგიყოლიათ ბიძინა ივანიშვილმა?
– არ აღმოვჩნდი მტკიცე ნებისყოფის  (იცინის). კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომ დავსახელდი, ამის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ამაზე შეთანხმება არ ყოფილა, შესაბამისად, არაფერი ვიცოდი. მაშინვე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და ვთხოვე, რომ სასწრაფო საქმე მქონდა და უნდა მენახა.  მან მითხრა, რომ ჭორვილაში იყო.  იქ  ჩავედი და ვუთხარი: თავმჯდომარეობა არ მინდა, პოლიტიკაში გამოუცდელი ვარ. მცხეთის მაჟორიტარს, რაიონში ათასნაირი პრობლემა მაქვს მოსაწესრიგებელი  და ორი საქმის ცუდად კეთებას, ერთის კარგად გაკეთება მირჩევნია-მეთქი. გაუკვირდა – ამ თანამდებობისთვის ხალხი თავს იკლავს და შენ უარს ამბობო? მოკლედ, წამოვედი. მეგონა, ეს ერთი პრობლემა მოვიშორე, მაგრამ დილით გამომიცხადა: გუშინ რომ შევთანხმდით, ეგ საქმე არ გამოვაო და ასე შემოვრჩი აქამდე (იცინის).     
– როდესაც დეპუტატი გახდით, პოლიტიკური გამოცდილება არ გქონდათ. თუმცა, მაინც მოახერხეთ  და ამ სამი წლის განმავლობაში არც პოლიტიკურ სკანდალებში გახვეულხართ და არც საპარლამენტო ბატალიებში.
– ალბათ, გურულობამ მიშველა, მამით გურული ვარ, დედით რაჭველი, თუმცა, მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი გენეტიკურ-ემოციური სტრუქტურა დაბალანსებულია. 70 პროცენტი რაჭული გავლენა მაქვს, 30 – გურული. აი, იმ დროს ვარ „სახიფათო”, როცა ამ ოცდაათ პროცენტში ვყვები, რისკ-ფაქტორები იზრდება (იცინის). მე თავიდანვე მოვერიდე პოლიტიკურ ბატალიებში შესვლას.  ბოლო პერიოდში, სუფთა პოლიტიკურ თემებში შესვლაც მომიწია, რასაც ჟურნალისტების კომენტარების მოთხოვნაზეც ვგრძნობ. მე კი ჯანდაცვისკენ მიმყავს ყველა თემა, მაგრამ მაინც „გადამიტყუებენ” ხოლმე პოლიტიკურ კომენტარებში. ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ – როგორ მღუპავდა ჩემი გურული ხასიათი.  ახალი დაწყებული მაქვს პარლამენტში საქმიანობა, ვერიდები ჟურნალისტებს.  ტელევიზიებთან ურთიერთობის გამოცდილება, როგორც ექიმს, მქონდა, მაგრამ არც თუ ისე დიდი და ახალბედას რანგში არ მინდოდა თავის „გამოჩენა”. შრომის კოდექსზე ვმუშაობდით, იურდიული ნიუანსები ჩემთვის უცხო იყო. ჟურნალისტებმა მთხოვეს, ამ თემაზე  პირდაპირ ეთერში  გვსურს თქვენი ჩართვაო.  როგორც მითხრეს,    ჩართვამდე მქონდა ათი წუთი, არ გინდა კოდექსს ათ წუთში გადახედო?  უკვე ვფიქრობ, რომ აი, შევრცხვი საქართველოს მასშტაბით.   ხან ერთი ტელეფონი რეკავს, ხან – მეორე. მოკლედ, შარში ვარ. ჩემი მეგობარია  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი ბიძინა ფაჯიშვილი. იმ დღეებში  ხშირად მირეკავდა, მის ახლობელს ჰქონდა პრობლემა და დახმარებას მთხოვდა. ავიღე ტელეფონი და მესმის: ბიძინა ვარ. ისე ვარ გამწარებული შრომის კოდექსით, დავიწყე და რა დავიწყე: კაცო, შენ მაინც დამანებე თავი, ადამიანი არ ხარ? ჩემი გაჭირვება მეყოფა, შემეშვი, დამანებე  თავი, ორი წუთი დამრჩა-მეთქი? უცებ მესმის ხმა: –  რა ორი წუთი დაგრჩა, რას ამბობ, ბიძინა ვარ ივანიშვილიო. საათიც ამერია და კოდექსიც, მოვუბოდიშე, ვერ გიცანით-მეთქი. ხო, არა უშავს, გავმდიდრდებიო (იცინის).  
   ჩემი პოლიტიკური წარსული იმდენად ხანმოკლეა, ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ძველს ვერაფერს მოეჭიდება. იყო ერთი-ორი უსაფუძვლო მცდელობა, რაც იოლად აისხლიტა   ჩემმა აურამ და ამას რეაქციაც არ მოჰყოლია. პირველი „ბრალდება”, რაც წამიყენეს იყო, როგორ ისვენებდა ჩემი ცოლ-შვილი ეგვიპტეში. თუმცა, ისინი იქამდე, სანამ დეპუტატი გავხდებოდი, სხვაგან ისვენებდნენ ხოლმე. იყო მერე კიდევ ერთი პერიოდი, როცა გავიგე, რომ ნაგვის ურნების ბორბლების ბიზნესი მქონდა. ცოტა შევწუხდი – სასწრაფოდ მოვძებნე ამ საკითხში „კომპეტენტური” ადამიანი. მცხეთის გამგებელს დავურეკე და ვკითხე, ცალკე თუ არსებობდა  ბორბლების თემა. როგორც გავიგე, ასეთი ბიზნესიც არსებობს თურმე. ცოტა გული კი დამწყდა, თუ მაბრალებ რამეს, ისეთი რამ მაინც დამაბრალე, ღირდეს...
– როგორც ამბობენ, ახლა, როცა უკვე საარჩევნო ციებ-ცხეელბა დაიწყო, თქვენ მომავალ პოლიტიკურ გუნდში ადგილი გარანატირებული გაქვთ.  
–  მე გადავწყვიტე, დავრჩე პოლიტიკაში. ამისთვის ბევრი ობიექტური მიზეზია. რამდენიმე მაღალჩინოსანი დამიპირისპირდა როგორც პოლიტიკოსს,  მიზეზი კი იყო მხოლოდ და მხოლოდ მათი  პირადი სარგებელი. არ ჩამეძიოთ, მათ ვინაობას არ ვიტყვი. მათ დაავიწყდათ, რომ მე ვარ ქირურგი, საკმაოდ მყარი ფსიქიკის ადამინი. ქირურგი, რომელიც უკან არ იხევს საოპერაციოში, ის არსად იხევს უკან, მით უმეტეს, როცა ეს პრინციპები გადის შენი ქვეყნისთის საკეთილდღეო საქმეებზე, რომლის ხელში  ჩაგდებასაც ცდილობს მავანი, პირადი ინტერესების გამო. მე აქ უკან არ დავიხევ, პირიქით, მათ დაიხიეს უკან.  
– რაც დეპუტატი გახდით,  რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საგრძნობლად?
– დიდი ოჯახი მაქვს – სამი შვილი, ერთი ცოლი, სამი შვილიშვილი, მშობლები.  სამწუხაროდ,  დრო აღარ მაქვს  ოჯახისთვის. იმდენ სითბოსა და ყურადღებას ვეღარ ვუთმობ მათ, როგორც ეს ადრე იყო. მთელი ცხოვრება ოჯახის ყველა საზრუნავი – ბაზარი, ყიდვა, საკუთარ თავზე მქონდა აღებული. ეტყობა, ზებუნებრივი ძალებიც მომეხმარა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საოჯახო საქმის ორგანიზებასთან – რემონტი, როგორც სახლში, ასევე აგარაკზე, უკვე დამთავრებული მქონდა. დღეს საოჯახო საზრუნავებს  ჩემი მეუღლე უძღვება და კარგადაც გაართვა თავი. ის ღირსეულად მიმაგრებს ზურგს. ჩემი მეუღლე ჩემი კოლეგაა. თავიდან ლაბორატორიაში მუშაობდა, მაგრამ მერე  სამი შვილის აღზრდა, იმდენ საქმესთან  იყო დაკავშირებული, უკვე წლებია, აღარ მუშაობს.   ჩვენი დიდი ოჯახი ისევ მცხეთაში ცხოვრობს.  მე  წლების შემდეგაც მცხეთაში დავასრულებ ცხოვრებას.  ამიტომაც არის მცხეთის მაჟორიტარობა ჩემთვის გაათმაგებული პასუხისმგებლობა.    
– ძველი, საყვარელი საქმისთვის იცლით? დღეს ბიძინა ივანიშვილი  კვლავ თქვენი პაციენტია?
–  მე   ვეღარ  ვახერხებ,  ხან ქუთაისში ვარ,  ხან – უცხოეთში. რამდენჯერმე  დასჭირდათ კონსულტაცია და ჩემს მეგობარს ვთხოვე ამ ფუნქციის  შესრულება. თუმცა, გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პაციენტი, ჯანმრთელია.  მე დღესაც ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ცოტა ხნის წინ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის, დროებით, კვლავ შევასრულე საოპერაციოში  ძველი როლი. იმდენად გავერთე ამ საქმით, სულ დამავიწყდა ფილმიც, რეჟისორიც... მივხვდი, რომ „ჩემთან” ვიყავი. როცა წამოვედი, უფრო გამიმწვავდა ნოსტალგია  იმ საქმის, რაშიც წლები გავატარე.

скачать dle 11.3