კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უწინასწარმეტყველა ყავაზე მკითხაობისას ცოლის შერთვა რეზო ჩხიკვიშვილს გია ჯაჯანიძემ და რა დარჩა მას სანანებლად

ამ ადამიანის დანახვაზე ქართველ მაყურებელს დღესაც გული უჩქროლდება, ის კი ისეთივე თავმდაბალია, როგორც წლების წინათ. საკუთარი თავის კრიტიკა ჩვევად აქვს ქცეული. ეს ჩვენი მონატრებული, უკვე 60 წელს მიტანებული, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, ყველაზე მგრძნობიარე მსახიობი,  რეზო ჩხიკვიშვილია – ძალიან თბილი, ლაღი და გულახდილი რეზო.          
– თბილისში პერიოდულად  ჩამოდიხართ ნიკა ხომასურიძის ახალი ფილმის, „ექვთიმეს“ გადაღებებზე, რომლეშიც მთავარი როლი გაქვთ. ამიტომ, ამ ფილმით დავიწყოთ.
– ბევრი ფილმი, სპექტაკლი,  გრიმი მინახავს, ბუნებრივია, მაგრამ პირველად ვარ ბედნიერი იმით,  რასაც ახლა ვაკეთებ. საოცარი მსგავსებაა. საერთოდ, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავისა და ყველა როლის მიმართ, იმ როლის მიმართაც კი, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა.  ერთ-ერთი გადაღების შემდეგ გარეთ გამოვედი. ხალხმა რომ დამინახა, ტაში დამიკრა.  გამიხარდა და ვიკითხე: თქვენ როგორც რეზო ჩხიკვიშვილი  მიცანით, თუ მართლა დაინახეთ ექვთიმეს სახე-მეთქი. არა, ბატონო  რეზო, ნამდვილი ექვთიმე ხართ, ექვთიმეო. რომ  ნახო, იმ  პერიოდიდან, საიდანაც ვიღებთ, მართლა ერთი ერთშია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამ ღვთისნიერი, ერისკაცის როლს ვითამაშებდი.
–  ძალიან კრიტიკული ვარ იმ როლის მიმართაც კი, რომელმაც დიდი პოპულარობა მომიტანაო, თქვით. არის რამე ისეთი ამ  სპექტაკლში, სადაც არ მოგწონთ თქვენი თამაში?
–  ამ სპექტაკლს დღეს ვერ ვუყურებ, რადგან იმდენ შეცდომას ვპოულობ...  ამიტომ, გაკვირვებული ვარ, ამ პირველი როლით ამხელა წარმატება რომ მოვიდა. ზოგან არის დამაჯერებელი მომენტები, ზოგან – არა, მაგრამ ამას მარტო მე ვხვდები. სიყვარულის თემა, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით მეც და ეკაც და კარგად მოვიტანეთ.  საერთოდ, ბუნებით რომანტიკოსი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი, მაგრამ იქ რომ ვთამაშობდი, ზუსტად მაშინ არ მქონდა არანაირი გრძნობა. ძნელია შეყვარებულის თამაში, თუ მართლა არავინ გიყვარს. არადა, ჩვენ მართლა ვკოცნიდით ერთმანეთს ტუჩებში. ეს მაშინ ძალიან დიდი მოვლენა იყო. მეშინოდა, რატომ იცით? როდესაც გრძნობებით თამაშობ, შეიძლება, მართლა გაგიჩნდეს გრძნობა პარტნიორის მიმართ. ყველაფერი ხდება. ხომ შეიძლებოდა, მართლა შემყვარებოდა. უბრალოდ, თავს ვთოკავდი და ამის უფლებას არ ვაძლევდი, რადგან ის გათხოვილი იყო და მისი მეუღლე – ჩემი მეგობარი. თორემ, ეკა რომ ყოფილიყო  თავისუფალი გოგო, შეიძლებოდა, ჩვენს შორის რაღაც მომხდარიყო.  ამიტომ მინდოდა, ეკას თვალებში დამენახა ის გოგო, ვისთვისაც შეიძლებოდა, ეს სპექტაკლი მიმეძღვნა. ხან,  კულისებიდან ფარდას გავწევდი და  ჩუმად შევათვალიერებდი. თქვენ არ იცით, როგორ ვნატრობდი: ნეტავ, მეც ვიღაცას ასე მოვეწონო-მეთქი. კარგად დავიმახსოვრებდი რომელიმე  გოგოს სახეს და მას ვუძღვნიდი სპექტაკლს. მეორე სპექტაკლზე კიდევ სხვას ავარჩევდი და ასე...  აგიჟებდათ, ალბათ, ის გულახდილი თამაში. მე ამას თამაშს არც ვუწოდებდი.  ეს იყო კოკას და ნინოს ცხოვრება ორი საათის განმავლობაში. ამით ვცხოვრობდი. ბოლოს, მონოლოგს რომ  ვკითხულობდი, ცრემლებად ვიღვრებოდი. ფარდა იხურებოდა და მე როლიდან ვერ გამოვდიოდი. ის მომენტი არ მქონდა, რომ სპექტაკლი დამთავრდა და ახლა როლიდან უნდა გამოხვიდე. გაბრუებული ვიდექი, იმდენად ძლიერი იყო ის ემოცია. მართლა ბავშვები ვიყავით, მართლა გვტკიოდა ჩვენი სიყვარული, ჩვენი დაშორება.   
– როცა მსახიობს სულ იმ როლზე ეკითხებიან, რამაც პოპულარობა მოუტანა, ვიცი, ცოტა აღიზიანებთ. თქვენ?
– სიმართლე გითხრათ, თავიდან ასე იყო. იმიტომ რომ, მას შემდეგ არაჩვეულებრივი როლები ვითამაშე... მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი, რატომ უნდა მომაბეზროს თავი, ეს ხომ ციდან ჩამოვარდნილი ბედნიერებაა. ეს როლი რომ არ მეთამაშა, მე ხომ დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.  
– „კალიგულა“ იყო ბოლო სპექტაკლი, რაც ქართულ სცენაზე ითამაშეთ. ეს კიდევ უფრო ძლიერი შესრულება იყო.
– კი, „კალიგულა“ იყო ბოლო თუ არ ჩავთვლით „მუსიკის ჰანგებს“, რომელიც დოიმ შემომთავაზა 5-6 წლის წინ მუსკომედიაში.  „კალიგულათი,“ ასე ვთქვათ, საბაბი მივეცი მერაბ თავაძეს, რომელიც ორ გერმანელ რეჟისორთან ერთად აკეთებდა პროექტს „ოიდიპოს მეფე“, რომ შემოეთავაზებინა მთავარი როლი.  ეს პროექტი საქართველოში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ვინაიდან აქ ომი და არეულობა დაიწყო,  გადაიტანეს გერმანიში. ამ  პროექტში რომ მნახა გერმანული თეატრის მმართველმა, გადაწყვიტა ჩემი მიწვევა. ასე დავრჩი და დავრჩი. რაც შეეხება ისევ „კალიგულას”, მე ასევე, ვინატრებდი „ოტელოში” იაგოს, გაიძვერას როლს. ამით რა მინდა ვთქვა, უარყოფით პიროვნებას რომ ვთამაშობ, ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის. ეს იყო ჩემი პირველი საშიში როლი. თუ შენ ადამიანს პარტერიდან შეეზიზღე, ესე იგი, კარგად ითამაშე. მე, არამარტო  ვეზიზღებოდი მაყურებელს, შემიყვარა კიდეც, რადგან ბოლოს  კალიგულას ის მხარე ვაჩვენე, რასაც გრძნობებთან ჰქონდა კავშირი. როცა ადამიანი თავის გრძნობებს გიჩვენებს, თუნდაც დესპოტი იყოს, დანაშაულს გულით აღიარებს და ამას ცრემლებით აკეთებს, მის მიმართ სიმპათიები უჩნდებათ. ძალიან საინტერესო მომენტია, როცა სხვის სხეულებში გადავდივარ – ვკლავ, ვაუპატიურებ და ეს მსიამოვნებს. ბოლოს კი ვამბობ: მე რომ მთვარე მქონოდა, ხომ სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. 
– გერმანიამ რადიკალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება? 
– აბსოლუტურად. ალბათ, ორი ცხოვრება არ მეყოფოდა იმისთვის, რაც მე გერმანიაში შევქმენი ამ 21 წლის განმავლობაში. არ გავჩერებულვარ, რაც ყველაზე  მეტად მიხარია.  იმ დროს, როცა საქართველოში ომი, შიმშილი,  სიბნელე იყო, მე აქ არ ვიყავი. აქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ჩავკვდებოდი, როგორც მგრძნობიარე მსახიობი. ვერ ავიტანდი უმუშევრობას. 
– ისე, ძალიან საინტერესოდ მოხდა თქვენი გერმანიის თეატრში მიღება.  გვიამბეთ.   
– იფიქრეს, მოდი, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ერთი წლით დავტოვოთ და ამ ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ, რა შეუძლიაო. ვმუშაობდი, მაგრამ არ ვიყავი აქტიური. იქ მსახიობი ყოველდღე რიგში დგას. ამ დროს ვიღაც რეზო ჩხიკვიშვილი ჩამოდის და იკავებს ადგილს გერმანიის თეატრში, იღებს ხელფასს, მე ვიტყოდი, დაუმსახურებლად. რას ვაკეთებდი ისეთს? ამიტომ, ვფიქრობდი, როგორ გამემართლებინა ეს ნდობა. ფეხბურთელი რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, ოცდაოთხი საათი ვივარჯიშებდი, მაგრამ როგორ გავტეხო ენა ისე, რომ შილერი და გოეთე ვითამაშო გერმანულად. ერთი წლის მერე დავრწმუნდი, რომ ამას მე ვერ შევძლებდი და უკან წამოსვლა გადავწყვიტე. ამ დროს  თეატრის მმართველისგან ვიღებ შემოთავაზებას: ძალიან მინდა, ერთი მონოსპექტაკლი ითამაშო და თუ გინდა, მერე წადიო. ვიფიქრე, როგორ გავაკეთო ისე, რომ საათ-ნახევრის განმავლობაში მარტო ვიდგე სცენაზე-მეთქი. უარი ვთქვი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს არის ჩემი დუელში გამოწევევა, მე ან გადავრჩები ან მოვკვდები, უკან დასახევი გზა არ მაქვს. ღმერთო! მომეცი იმის ძალა და შემწეობა, მე ეს როლი ისე გავაკეთო, რომ თავაწეული დავტოვო გერმანია-მეთქი. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. გარშემო შემოვიკრიბე  ის ხალხი,  ვისაც გერმანული ესმოდა. მითარგმნიდნენ თითოეულ მიმიკას, გამოთქმას  ვხვეწდი და ამ სპექტაკლზე მქონდა ყველაზე  ხანგრძლივი ტაში, რაც კი ოდესმე მქონია.   ამან განაპირობა ჩემი ერთი წლით დარჩენა, მერე კიდევ ერთი წლით და ასე... 
– იმ გოგოებზე თუ გიფიქრიათ აქ რომ დატოვეთ?
– სანანებლად დამრჩა ის, რომ წერილების „ენ” რაოდენობას, რომლებსაც დიდ ჩემოდანში ვინახავდი, პასუხი ვერ გავეცი და  ასე დავტოვე ყველაფერი. სულ მაინტერესებდა, ნეტა, ვინ მწერს, როგორ გამოიყურება. ყოველი  ტელეფონის ზარზე გავდიოდი, ვეძებდი, ვეძებდი,  ვერ ვპოულობდი.  იყო გაცნობა, ურთიერთობები მაშინდელ დონეზე, მაგრამ ჩემი იდეალი გვიან ვიპოვე. ხათუნამ, სხვათა შორის, კარგად მაცალა. 29 წლის ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე. ერთ კარგ ამბავს მოგიყვებით. ფილმს ვიღებდით. გია ჯაჯანიძე ჩვენს ჯგუფში ასისტენტად იყო.  ფილმში ცოლი უნდა მომეყვანა. მკითხეს, როგორი გოგო მოგიყვანოთო. რა ვიცი,  ნუ იქნება დაბალი, მსუქანი, იყოს ჩემი აღნაგობის-მეთქი. „ჩიორა“ ხომ გახსოვთ, აი, იქ რომ  გოგოა, ისეთი-მეთქი. მომიყვანეს ზუსტად ის. ყავა დავლიე. გადავატრიალე. ეს ის პერიოდია, უკვე ძალიან შეწუხებული რომ ვარ გოგოებისგან. ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ცოლის მოყვანა მინდა. გიამ გადაატრიალა ჭიქა და მეუბნება: შენ მალე ცოლს მოიყვანო. ხომ არ ჩანს, ვის-მეთქი. ხათუნასო. გამეცინა და ვთქვი, ალბათ, მალევე გავცილდები-მეთქი. არა, მალე არ დაცილდები, მთელი ცხოვრება ერთად იქნებითო.  მწყევლი, კაცო, როგორ შეიძლება, ერთ ცოლთან ვიყო მთელი ცხოვრება, მსახიობი ვარ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა.
– მე როგორც ვიცი, არ გინდოდათ მაინცდამაინც ცოლის შერთვა და არც ხათუნაზე გადარეულხართ.
– ჰო, არ ვიყავი ისე გადარეული. გატაცებული რომ ხარ, ხომ უნდა შეგიყვარდეს, დრო უნდა მომწიფდეს? ყველაფერი უცებ მოხდა. ბედს მივანდე ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ხანდახან, როცა ვფიქრობ: ამასთან რომ არ ვყოფილიყავი და იმასთან ვყოფილიყავი, ნეტავ, როგორ იქნებოდა-მეთქი, ყველა შემთხვევაში, ვბრუნდებოდი ისევ იმ აზრთან, რომ მე მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რადგან, მან ჩემს თავისუფლებას ხელი არ შეუშალა. ჩვენ, მსახიობები ხომ არ ვართ ნორმალურები. გერმანიაში, ქუჩაში რომ დავდივარ, საკუთარ თავს ველაპარაკები, ტექსტებს ვიმეორებ. ვინც არ მიცნობს, მეკითხება, რა იყო, რამე ხომ არ ხდებაო. მიხარია მანქანა რომ არ მყავს, იმიტომ რომ, აუცილებლად რაღაცას დავეჯახებოდი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, ადამიანი რომ გაგიგებს და ხელს შეგიწყობს, კარიერა გააგრძელო, დასაფასებელია. ხათუნა რომ მოვიყვანე, მერეც არ მერიდებოდნენ, სახლში მოდიოდნენ. მოჰქონდათ დიდი ჯამით ხილი. თუ ავად ვხდებოდი, ხათუნას ეკითხებოდნენ, რეზო როგორ არისო. ხათუნა ამას არ იღებდა სერიოზულად. თუ ადამიანს უნდა, იმას მაინც გააკეთებს. ასე, რომ...
– ესე იგი, მაშინ რომ ვერ წარმოგედგინათ, მთელი ცხოვრება როგორ უნდა გეცხოვრათ ერთთან, ახლა ასე აღარ ფიქრობთ?  
– ბევრი მსახიობი ვიცი, ვისაც მთელი ცხოვრება ერთი მეუღლე ჰყავს. ზოგს თერთმეტი და თორმეტი ცოლი ჰყავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ შენ იმ ერთს ვერ ცვლი ვერავისზე,  რადგან იმ ერთს აქვს ის თვისებები, რაც სხვას არ აქვს. იცი, რომ ის არის შენი ერთგული, რომელიც შენთვის ყველაფერს გააკეთებს.
– მთელი თბილისის ქალები თქვენ შეგნატროდნენ და სულ არაფერი გქონიათ?
– აი, აბა, ახლა რა შეკითხვებს მაძლევ?.. ყველა ადამიანში ზის ეშმაკი. შენ რას გააკეთებ, ამაშია საქმე, თორემ ოჯახის დანგრევაზე ადვილი არაფერია. მეც მქონდა პერიოდი, როცა მინდოდა, ცოლს გავყროდი – რატომაც არა. დგება ასეთი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის პატიება შეგვეძლო – ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, რომ ოჯახი არ დაინგრეს. ამაშია ჩვენი  სიძლიერე და ამით ვამაყობ. მიხარია, რომ დღეს ჩემს შვილებს მშობლები  ჰყავთ.  შემოქმედებითად მართლა არაფერი მაკლია – როლიდან როლზე გადავდივარ. რაღაც ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. მეორედ რომ დავბადებულიყავი, მაინც მსახიობი გავხდებოდი.

скачать dle 11.3