კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიგერია მზია შარაშიძემ ვეფხვის თავდასხმა და რატომ დალაშქრა მან 3 000-მეტრიანი მწვერვალი ტაშტითა და პამპერსებით

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე ზოოპარკში ცხოველების სიყვარულმა მიიყვანა. ბავშვობიდან მოყოლებული, მის სახლში ყოველთვის ბინადრობდა ცხოველთა სამყაროს რომელიმე წარმომადგენელი და დღესაც აქვს პატარა ზოოპარკი მოწყობილი შინ. ცხოველების სიყვარულით მისი 3 წლის ქალიშვილიც გამოირჩევა და მეუღლეც, რომელთან ერთადაც აფრიკაში სწორედ საყვარელი არსებების ბუნებრივ გარემოში ნახვის სურვილმა წაიყვანა და ნანახით იმდენად მოიხიბლა, რომ იქ დაბრუნება დღესაც ოცნებად აქვს ქცეული.
– როგორც ვიცი, სახლშიც გაქვთ პატარა ზოოპარკი მოწყობილი.
– ბავშვობიდან მოყოლებული, სახლში რაღაც ცხოველი ყოველთვის მყავდა: თუთიყუში, ძაღლი, კატა, კუ თუ სხვა ცოცხალი არსება. ზოოპარკში ცხოველების სიყვარულმა მომიყვანა. ახლა ჩემს შინაურ ზოოპარკში მყავს გერმანული ნაგაზი, სახელად ბონო; მაქვს დიდი აკვარიუმი, რომელშიც სხვადასხვა სახეობის თევზები ბინადრობენ და მყავს თუთიყუში, სახელად ზორო.
– პატარა შვილი გყავთ, ცხოველები მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ?
– მართა 3 წლისაა და ცხოველები ძალიან უყვარს. განსაკუთრებით მოსწონს, დედა ზოოპარკში რომ მუშაობს და, თუ ორშაბათიდან პარასკევამდე აქ სამუშაოდ მოვდივარ, შაბათ-კვირას, როგორც მართას დედა, ისე ვესტუმრები ხოლმე ზოოპარკს. ახლა განსაკუთრებით გველები და ხვლიკები აინტერესებს, ისე კი, ჩვენს ყველა ბინადარს იცნობს. ძაღლი, რომელიც სახლში გვყავს, ძალიან დიდი ზომისაა, მაგრამ ბავშვს არანაირი შიში არ აქვს. მათიკო რომ გაჩნდა, ძალიან ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა ძაღლი, რადგან, თავისებური ხასიათი აქვს და ცოტა აგრესიულია. თავიდან მართლა დაიძაბა პატარას ნახვისას და რამდენიმე დღე ერიდებოდა; შემდეგ მართას პამპერსებსა და ტანსაცმელს ვუდებდი, რომ მის სუნს შეჩვეოდა. მართლაც ნელ-ნელა მიიღო. ერთ დღეს კი სტუმრები გვყავდა სახლში და, ძაღლი რომ მოვიკითხეთ, ვნახეთ, რომ მართას ყარაულობდა და სტუმრებისგან იცავდა. ამის შემდეგ დაიწყო მათი მეგობრობა. აგრესიული ძაღლია, შეიძლება, ვიღაცას შეუღრინოს და უკბენია კიდეც, მაგრამ მათიკოსთან ჩაიში ჩამბალი პეჩენიასავით ხდება (იცინის). ბავშვი ზურგზე აჯდება, აჭენებს, ეფერება და მოკლედ, საოცარი ურიერთობა აქვთ.
– თქვენთვის არასდროს მოუყენებია ზიანი ცხოველს?
– მახსოვს, ბავშვობაში ჩვენი ნათესავის ძაღლს შევაჯექი ზურგზე. როგორც ჩანს, არ მოეწონა, სახეზე დამპორჭყნა და მიკბინა (იცინის), თუმცა ამის გამო შიში არ გამჩენია. ზოოპარკში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემი გამოუცდელობის გამო, ზედმეტად ახლოს მივედი ვეფხვების ვოლიერთან ფოტოს გადასაღებად. ერთ-ერთმა შარვალზე გამომდო კლანჭი, მაგრამ, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, პირიქით, დავუცაცხანე – ახლავე გამიშვი-მეთქი და გამიშვა (იცინის).
– მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ?
– ცხოველები მასაც ძალიან უყვარს და, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ აფრიკაში წავედით ზუსტად იმიტომ, რომ ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოში გვენახა. სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანასა და ზამბიაში ვიყავით. ნაკრძალში „ჯიპებით“ დავდიოდით და ღამით კარავში გვეძინა. დაუვიწყარი მოგზაურობა გამოვიდა და ოცნებად მაქვს ქცეული იქ დაბრუნება. იქ, ნაკრძალებში, ეს ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან და შენ შეგიძლია, ისინი მანქანიდან დაათვალიერო.
– კიდევ რომელ ქვეყნებში გიმოგზაურიათ?
– თავიდან ევროპის ქვეყნები დავათვალიერეთ და ამის შემდეგ გადავედით შორეულ მარშრუტებზე. ევროპის ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ, ძირითადად, მაინც ერთი სტილია, მე კი ყოველთვის მიზიდავდა ეგზოტიკური ქვეყნები, განსაკუთრებით – აღმოსავლეთი. ამიტომ აღმოვჩნდით ინდოეთში, ბუტანში, ეგვიპტეში, ორჯერ – მაროკოში და ასე შემდეგ. არასდროს მივდივართ სტანდარტული ტურებით, ყოველთვის იქაურ ტურისტულ სააგენტოებთან გვაქვს ურთიერთობა და სპეციალურ მარშრუტებს ვადგენთ ხოლმე. მაროკოში ერთი ტურით ატლასის მთებში ავედით ფეხით და კარვები ავიტანეთ, მეორედ კი უდაბნოში წავედით. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, თუმცა მაროკოელებს სურათს ადვილად ვერ გადაუღებ, ამის უფლებას არ გაძლევენ. თუ შემთხვევით დაგინახეს, ძალიან ბრაზდებიან. არადა, ისეთი საინტერესო ტიპაჟები და გარემო იყო, სულ ფოტოების გადაღება მინდოდა და გული მწყდებოდა, რომ ვერ ვიღებდი.
– განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნებულხართ?
– მაინც აფრიკას გამოვყოფდი, თუმცა ინდოეთიც ძალიან მიყვარს. ინდოეთში განსხვავებული ბუნებაა. სტუდენტობისას მთელი საქართველო მაქვს მოვლილი ფეხით და კარვებით. როგორც წესი, ზღვის დონიდან 2 000 მეტრის ზემოთ ალპური ზონა იწყება და ხეები აღარ გვხვდება. ინდოეთში კი 3 600 მეტრზე არის როდოდენდრომების უზარმაზარი ტყე – ხეები, რომლებსაც ძალიან დიდი ყვავილები აქვს. ერთხელ უღელტეხილზე ფეხით მოგვიწია გადასვლა, სადაც ეს ხეები იყო. წარმოიდგინეთ, ნისლში ჩაძირული უზარმაზარი ხეები, ულამაზესი, დიდი ფერად-ფერადი ყვავილებით. მეგონა, რომ ზღაპარში მოვხვდი. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, მაგრამ ყველა ბედნიერია, თუმცა, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე საუბარი ზედმეტია: ერთ სოფელში პატარა რუ ჩამოდიოდა სახლების წინ. მთელი სოფელი გარეთ იყო და ერთი სახლის წინ ქალი ამ რუში თავს იბანდა, შემდეგი სახლის წინ; იმავე რუში, ბავშვები თამაშობდნენ; ცოტა მერე ქალი რეცხავდა ჭურჭელს და, ასე, ყველაფერი იმ რუში ხდებოდა (იცინის). როგორ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში რამე არ დაგემართოს?! იქ რომ ჩადიხარ, გაფრთხილებენ, რომ ონკანიდან წყლის დალევა არ შეიძლება. მხოლოდ ბოთლიდან უნდა სვა. ერთ-ერთ სასტუმროში დამავიწყდა და დავლიე, მოვიწამლე და სამი დღე ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. თან, ამ დროს 4 000-მეტრიანი უღელტეხილის გადალახვა მომიწია და ცოტა გამიჭირდა ასეთ მდგომარეობაში ამის გაკეთება. ასეთებიც ხდება.
– ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემები არასდროს შეგქმნიათ?
– ბოლოს ვიყავით იამაიკაზე, რომელიც ძალიან კრიმინოგენური ქვეყანაა და არაა რეკომენდებული იამაიკის მთიან სოფლებში ტურისტების დამოუკიდებლად გადაადგილება. მაგრამ ჩვენ ჩავედით იამაიკაზე, ვიქირავეთ მანქანა და წავედით საბოდიალოდ (იცინის) – კუნძულის მეორე ნაწილში უნდა გადავსულიყავით, მაგრამ გზა აგვებნა და აღმოვჩნდით სოფლებში, სადაც „დაბოლილი” მოსახლეობა ვერაფრით ვერ გვიხსნიდა, საით უნდა წავსულიყავით (იცინის). მოკლედ, სიცილ-კისკისით ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. ეს ამბავი რომ მოვყევით, ხალხი გაგიჟდა, რადგან იქ ძალიან სახიფათო ყოფილა და ჩასულები ტურისტულ მარშრუტს არ სცდებიან, ჩვენ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ვურთიერთობდით, იმათ გაკეთებულ საჭმელს ვჭამდით და ახალ წელსაც იქ შევხვდით. საქართველოში ახალი წელი რომ დადგა, იქ შუადღე იყო და ზღვაში ვბანაობდით. უმაგრესი შეგრძნება იყო – თბილისში ამ დროს ხალხი საცივს ჭამდა, ჩვენ კი ზღვაში ვნებივრობდით (იცინის). მერე ღამით პლაჟზე გაიმართა იამაიკისთვის დამახასიათებელი კონცერტი. მათი ტრადიცული საჭმელი შებოლილი და მარინადში მომზადებული ქათამია, რომელსაც შემდეგ გრილზე წვავენ. ჩვენც მთელი ღამე დავდიოდით და შებოლილ ქათმებს ვჭამდით. მოკლედ, ის ახალი წელი ძალიან მხიარულად გავატარეთ.
– ახლა რომელი ქვეყანა გაქვთ მიზანში?
– ძალიან მინდა, წავიდე პერუსა და ჩილეში. დაგეგმილიც გვქონდა, მაგრამ მერე მათიკო გაჩნდა, ახლა კი ველოდებით, ცოტა რომ წამოიზრდება, მასაც წავიყვანთ, თუმცა ზოგან უკვე დაგვყავს. სამი თვის იყო, როცა შვეიცარიაში 3 000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა (იცინის). პამპერსებით, ტაშტითა და სარეცხი ფხვნილით ვიყავით წასულები, რადგან ამის ბოდეები სულ გასარეცხი იყო (იცინის). სურათიც მქონდა, რომელზეც მწვერვალის ფონზე მათიკოს ტანსაცმელი იყო გაფენილი. მშვენივრად იმოგზაურა.

скачать dle 11.3