კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-7(790)

 

ლევანს გვიან გაეღვიძა. გაბის შიშველი სხეულის სიახლოვე სიმშვიდეს ჰგვრიდა და სასიამოვნოდ თენთავდა. თვალებდახუჭულმა ჩაბღუჯა მისი მკერდი და ალერსი დაუწყო. გაბიც დაჰყვა მის ნებას და ტუჩებს ტუჩები შეაგება. თავდავიწყებამ ორივე ნეტარების მორევში ჩაითრია... კაცი გრძნობდა, რომ ბედნიერი იყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ბედნიერებაც, ადრე თუ გვიან, მთავრდება...
– როგორ არ მინდა შენგან წასვლა, – თქვა, როცა ყველაფერი დასრულდა და სიგარეტს მოუკიდა.
გოგომ გაიცინა.
– რა გაცინებს?
– შენი ბავშვური საქციელი. მებოდიშები, რომ უნდა ადგე და წახვიდე. შესაფერ სიტყვებს კი ვერ არჩევ.
– არ გჯერა, რომ წასვლა მართლა არ მინდა?
– არა, რა თქმა უნდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევნის თავისუფლება. შენ იმიტომ მიდიხარ, რომ ასე გინდა. არავინ გაიძულებს არც წასვლას და არც დარჩენას.
ლევანმა ამოიოხრა და გაბის ლოყაზე მიეფერა:
– ძალიან მარტივად უყურებ ცხოვრებას, საყვარელო...
– იმიტომ, რომ ცხოვრება მარტივია. ნებისმიერი ადამიანი თავად ართულებს მას და ასეა შენს შემთხვევაშიც.
– გაბი, მე შენსავით თავისუფალი არ ვარ.
– მერე, რა გიშლის ხელს, რომ თავისუფალი იყო? ვალდებულებები? ნუ მაცინებ. არსებობს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე, სხვა დანარჩენი ხელოვნურად არის შექმნილი, მას ჩვენ ვქმნით...
– როგორი განსაკუთრებული და უცნაური ხარ. შეიძლება, ამიტომაც მიზიდავ მაგნიტივით.
– გიზიდავ? მე კი, უბრალოდ, სექსი მომწონს შენთან, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ.
– მაგიჟებს შენი პირდაპირობა. რატომ ყველა ქალი შენ არ გგავს? იცი, როგორ დავიღალე თამაშით? ორი ცოლი მყავდა და არცერთთან არ ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი.
– წეღან რა გითხარი? ეს იმიტომ ხდება, რომ ვალდებულებებს იწესებ და მერე ისინიც გიყენებენ მოთხოვნებს.
– სხვანაირად არ გამოდის. ოჯახი ვალდებულებაა და ოდესმე შენც გაიგებ ამას.
– მე სხვანაირი ოჯახი მჭირდება. ამიტომ, ვიქნები ისეთ მამაკაცთან, რომელიც ამაში დამეთანხმება.
– ამიტომ დაშორდი საქმროს?
– ამიტომაც. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა.
– ეჰ, გაბი... შენსავით ახალგაზრდა რომ ვიყო... პრობლემები ფეხდაფეხ დამყვება. ვერ დავლაგდი და ვერ მოვისვენე.
– სწორად არ ცხოვრობ, შეცდომას შეცდომაზე უშვებ. მერე შეცდომას ასწორებ და კიდევ ახალ შეცდომაზე მიდიხარ... არ მიკვირს, რომ ცხოვრება დალაგებული არ გაქვს.
– ვიცი, მაგრამ ეს არ მშველის. სულ უფრო მეტად ვიბნევი და ვიხლართები.
– ჩემგან რას ითხოვ? – ისევ გაიცინა გაბრიელამ.
– საყვარელო, შენგან რას უნდა ვითხოვდე? შენთან ყოფნა მინდა. ერთადერთი ხარ, რომელთანაც თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობ, არაფერზე ვნერვიულობ და თითქოს ცხოვრებაც მიხარია.
– მაშინ, დარჩი, – უბრალოდ თქვა გაბრიელამ.
– ნეტავი შემეძლოს... მაგრამ იქნებ დადგეს დღე, როცა მოვალ და აღარსად წავალ.
– მერე რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მე შენს მოლოდინში ამოვიღამებ თვალებს? – აკისკისდა გოგო.
– გაბი... ასე ნუ მომექცევი. ნუ გადამიკეტავ ჟანგბადის ერთადერთ წყაროს, რომელიც შენ ხარ პრობლემებით ჩემს სავსე ცხოვრებაში.
– ხედავ, უკვე ცდილობ, ვალდებულებები ამკიდო. უკვე გითხარი, შენთან სექსი მომწონს-მეთქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთგულებას შევინახავ.
– ანუ, კიდევ რომ მოვიდე, არ მიმიღებ?
– მოდი... თუკი აქ ისევ დაგხვდები. ყოველთვის არ გაგიმართლებს.
– ჰო?! – ლევანს გაეღიმა, – ვიცი, რომ ამჯერად გამიმართლა. იცი, როგორ ვინერვიულე, როცა ბარში შემოვედი და მაშინვე ვერ დაგინახე? ამიტომ, ახლა შენი ტელეფონის ნომერს ჩავიწერ და მოგძებნი.
– არ გეშინია, ცოლმა გიპოვოს ჩემი ნომერი?
– არა. მოვახერხებ რაღაცას.
– მაგალითად, მონაცემთა ბაზაში შემიყვან სახელით – „მისტერ იქსი”... ან – „მანქანის შეკეთების სახელოსნო”... კაცები ასე იქცევიან.
ლევანმა ყოყმანით შეხედა:
– როგორი ჭკვიანი ხარ. რა გინდა, ცოლს ყველაფერი ვუთხრა შენ შესახებ?
– არა. თუმცა, როგორც გინდა, შენი გადასაწყვეტია.
– გაბი... შემხვდი, რა, კიდევ?
– მე არ მითქვამს, რომ არ შეგხვდები, – თავი გადააქნია გაბრიელამ, – მთავარია, ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვას იმ მომენტში, როცა ჩემი ნახვა მოგინდება... ტელეფონი გირეკავს...
ლევანმა მობილური აიღო. საწოლიდან ადგა და ფანჯარასთან მივიდა. გაბიმ თვალებმოჭუტულმა გახედა. მერე ისიც ადგა. მასთან მივიდა და შიშველი, როგორც იწვა, წინ დაუდგა. კაცმა ამოიოხრა. ეს სხეული ყურადღებას უფანტავდა და აღიზიანებდა... რატომღაც, ნანას ქართულად დაუწყო ლაპარაკი.
– გისმენ... ჰო. ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ... ეს ეჭვიანობა არ არის, ნანა... მე შეურაცხყოფილი და გულნატკენი ვარ... ამან უნდა გამიაროს, რაც ასე მალე ვერ მოხდება... დიახ, მანამდე შენთან დაბრუნებას არ ვაპირებ... არა... რა მნიშვნელობა აქვს, სად ვარ?! კარგად ნამდვილად არ ვარ... ეს არაფერს ცვლის და ძალიან გთხოვ, ნუ ტირი. შენი ცრემლები მე ვერ მიშველის... კარგი... ვილაპარაკებთ, როცა დავბრუნდები... ცოტა უნდა მაცადო... და აღარ იტირო. დაგირეკავ...
ლევანმა მობილური საწოლისკენ ისროლა და გაბის მოეხვია.
– სპეციალურად მაგიჟებ, ხო? გინდა, მართლა ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო და შენთან დავრჩე...
– მე აღარ მეკითხები? არ მჭირდები ასეთი კომპლექსებით... ისე, რა ენაზე ელაპარაკებოდი ცოლს? ცოლი იყო, ხომ არ მეშლება?
– არა. ტიროდა...
– ოჰ, ეს სენტიმენტალური ქალები, – გადაიკისკისა გაბიმ, – აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე, – ამ სიტყვებით კაცის ხელი აიღო და მუცლის ქვემოთ დაიდო... ლევანმა დაიგმინა...
– გიჟი ხარ... გადარეული... – ხელში აიტაცა და ლოგინისკენ გააქანა, – დღეს ვრჩები... შეიძლება, ხვალაც...
– არა, – გაუძალიანდა გაბრიელა, – ცოტა ხანში წახვალ... ცრემლებით არ დაასრულებს შენი ცოლი ამ ისტერიკას. ამიტომ, აჯობებს, მიხვიდე და დაამშვიდო.
– არაფერს დამპირდები?
– არა. თუმცა, დაგპირდები იმას, რომ ჩემთან სიახლოვეს ვერასოდეს დაივიწყებ, – გოგომ კისერზე ორივე ხელი მოხვია ლევანს და თვალები მინაბა.
               * * *
დაბრუნება ამჯერად არც ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც პირველად. ლევანს ფეხები უკან რჩებოდა. გაბრიელაში იყო რაღაც ისეთი, რაც მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევდა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ გოგოსთან დაბრუნების სურვილი ისევ გაუჩნდებოდა და არ მოასვენებდა. ახლა, როცა ნანა უკვე მისი ცოლი იყო და მიზანი მიღწეულად შეეძლო ჩაეთვალა, უფრო მეტად, ვიდრე ადრე გრძნობდა საკუთარ უსუსურობას, თუმცა ამისი აღიარება არ უნდოდა. მთელი გზა, ნანას სახლამდე, ცდილობდა, პასუხი გაეცა შეკითხვებზე, რომლებსაც მისი მომავალი უნდა განესაზღვრა, მაგრამ უშედეგოდ. იმიტომ არა, რომ პასუხები არ ჰქონდა, უბრალოდ, მათი ხმამაღლა თქმის ეშინოდა.
ნანა ბარში იყო და ანგარიშს იბარებდა. ადრიანი დილის მიუხედავად, ქალი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. ლევანს გაუღიმა და რობერტოს ანიშნა, დასალევი მოგვიტანეო.
– ადრე შედგომიხარ საქმეს, – ლევანმა ცოლს ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუჯდა.
– საქმეს ასე სჭირდება. საკმარისია, ძალიან გამიგრძელდა თაფლობის თვე.
– ეს ჩემი მისამართით არის ნათქვამი, ხომ? – დამნაშავესავით გაიღიმა ლევანმა, – გინდა მითხრა, რომ საქმეში ხელს გიშლი.
– რაც ვთქვი, იმის თქმა მინდოდა და მეტი არაფერი. ბარი ყოველთვის მოგებაზე მუშაობდა და, არ მინდა, რამე ისეთი მოხდეს, რომ ეს პროცესი შეფერხდეს. ცოტა მივუშვი, რაც ამ საქმეში დაუშვებელია.
– გინდა, დაგეხმარები? – შესთავაზა ლევანმა.
ნანამ დამცინავად შეხედა:
– ვერ დამეხმარები. შეგიძლია, იჯდე, კოქტეილი მიირთვა და მიყურო. ციფრები მოსაწყენი საქმეა. თუ გშია, რობერტოს უთხარი და პიცას მოგიტანს. ჯერ ჩვენი სამზარეულო დაკეტილია.
– შენ ისაუზმე? – ჰკითხა ლევანმა.
– მხოლოდ ყავა დავლიე. ჯერ არ მშია.
– მაშინ დაგელოდები და ერთად ვისაუზმოთ სახლში.
– სახლში არაფერი გვაქვს. პურიც არ მიყიდია.
– არა უშავს. როცა საქმეს მორჩები, მარკეტში გავივლით, რაღაცეებს ვიყიდით და გაგაოცებ, ისეთ საუზმეს მოვამზადებ.
ნანამ  ამოიოხრა:
– ნუ ცდილობ, მზრუნველი ქმრის როლი ითამაშო, ძალიან ხელოვნურად გამოგდის.
– ნანა, როგორ ფიქრობ, რატომ დავბრუნდი? – წარბი შეიკრა ლევანმა.
– არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– ამით იმას ამბობ, რომ საერთოდ ჩემზეც არ გიფიქრია?
– შეიძლება...
– ნანა, არ უნდა დავბრუნებულიყავი? – ლევანმა ქალს ხელი დაუჭირა და თვალებში ჩახედა.
– სისულელეებს მოეშვი. ეს ის ადგილი არ არის, სადაც ერთმანეთს საქმეები უნდა გავურჩიოთ. კარგი ქენი, რომ დაბრუნდი, მე ეს მინდოდა. ახლა შეგიძლია, დამშვიდდე. მალე მოვრჩები და სახლში წავალთ.
ლევანმა გაუღიმა
– ძალიან მინდა, ბედნიერები ვიყოთ.
– კარგია. მაშინ, ეჭვიანობას თავი უნდა დაანებო.
– შენც დაანებებ თავს ეჭვიანობას? – კითხვაზე კითხვით მიუგო კაცმა.
– ხელს მიშლი მუშაობაში, – თავი გადააქნია ქალმა, – ან წადი, ან ჩუმად იჯექი.
ლევანმა კოქტეილი მოწრუპა და გაიზმორა. მერე ცოლს შეავლო შემფასებლური მზერა. .ნანას ჯინსი და სხეულზე მოტმასნილი, თხელი, ყელიანი ჯემპრი ეცვა. მკერდი გაცილებით დიდი ჰქონდა, ვიდრე გაბრიელას. საერთოდაც საკმაოდ ვნებიანად და სექსუალურად გამოიყურებოდა. ლევანს მისი მოფერების სურვილი გაუჩნდა. ხელი მუხლზე დაადო და ნელ-ნელა ზემოთ ააცურა. 
– ხელს მიშლი, ლევან. მინდა, მალე მოვრჩე. დღეს მივემგზავრები და ყველაფერი წესრიგში უნდა დავტოვო.
„მივემგზავრებიო”, – ლევანმა ყური ცქვიტა. რა სიურპრიზი მოუმზადა ცოლმა?
– რომ თქვი, თაფლობის თვე მორჩაო?! ამჯერად სად მიგყავარ?
– შენ არსად, მე მივემგზავრები ორი დღით, შვილთან უნდა ჩავიდე. დიდი ხანია, არ მინახავს.
– მეც წამოვალ. აქ უშენოდ რა უნდა ვაკეთო?
– დარწმუნებული ვარ, არ მოიწყენ, – ჩაიცინა ნანამ, – ორი დღე არც ისე ბევრია. შეგიძლია, ბარში მოხვიდე და რობერტოს მიეხმარო. მოკლედ, თავად გადაწყვიტე. შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევი და რას გააკეთებ ჩვენი ბედნიერებისთვის.
ეს სიტყვები გამიზნულად იყო ნათქვამი. ლევანი მიხვდა, რომ ქალი შეგნებულად ტოვებდა მარტოს და, ალბათ, ყველა საშუალებით დააკვირდებოდა, ამიტომ, ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ნანა შემთხვევით არაფერს აკეთებდა – ამაში უკვე დარწმუნდა.
                * * *
კახამ ფული გადაიხადა, საბავშვო ეტლს ხელი მოჰკიდა და გარეთ გამოვიდა. ზურა მაშინ დაინახა, როცა მანქანის საბარგულს აღებდა. ნაძალადევად გაუღიმა და შეეცადა, მალე გასცლოდა იქაურობას. არ გამოუვიდა – ზურა პირდაპირ მისკენ გაეშურა. მხარზე ხელი დაჰკრა და განცვიფრებით დახედა კახას ნავაჭრს:
– ეს რა არის? რამე გამომრჩა?
– მეგობრის შვილს ვუყიდე საჩუქრად.
– რომელი მეგობრის, მე არ ვიცობ?
– მგონი, არა. ჩემი კლასელია. შვილი შეეძინა. მე უნდა მომანათვლინოს და ჯერ ხომ უნდა ვნახო?
– ვა! და, ეტლი უყიდე? მაგარია. სად დაიკარგე? იმ დღეს რესტორანში გამოგიარე და, იმ ბოთემ, ლევანის მაგივრად რომ მუშაობს, მითხრა, ამ ბოლო დროს ადრე მიდის ხოლმეო.
– ჰო, რაღაც საქმეები მაქვს. ხომ ვერ გადავყვები მაგ რესტორანს. ჩემი მაინც იყოს, – სწრაფად მიუგო კახამ და მანქანის კარი გამოაღო. მაგრამ ზურა ასე ადვილად არ აპირებდა დამშვიდობებას, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და მშვიდად განაგრძო კახას „წამება:”
– ბიჭო, იმისგან რა ისმის?
– ვისგან? – ვითომ ვერ მიხვდა კახა
– აი, ამერიკაში რომ გაეკიდა მდიდარ ნაშას.  ისე ნუ მიყურებ, თითქოს რაღაც ისეთს ვამბობდე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.
– ზურა, სხვისი პირადი ცხოვრება არც ჩემი საქმეა და არც შენი.
– ჰო, მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ ის ქალი შენ უფრო გეკუთვნოდა. რაც შენ მაგას სდიე... გახსოვს, ჩემი მანქანით ბეთანიაში რომ აგიყვანეთ და იქ დაგტოვეთ? დილით კი ამოგაკითხეთ.
– ზურა, არ გინდა, – ამოიოხრა კახამ და გაწითლდა. 
– ჰო, მესმის, ლევანის პონტში გიტყდება, მაგრამ, შენ არაფერ შუაში ხარ – რა იცოდი, რა მოხდებოდა? ისე, გირეკავს მაინც?
– ერთხელ დარეკა, – კახა არასდროს ყოფილა ასეთ უხერხულ და საზიზღარ სიტუაციაში. გულისრევის შეგრძნებაც კი გაუჩნდა,  – ზურა, მაპატიე, მეჩქარება. უნდა წავიდე.
– კარგი. ნუ დაიკარგები. ლევანის ამბებიც მაინტერესებს. გამოგივლი და ჩავუსხდეთ, ლუდი დავლიოთ. ისე, დროა, ჩვენც ვიფიქროთ რაღაც-რაღაცეებზე,  – ანიშნა ეტლზე, – თორემ, გავიდა, ბიჭო, ცხოვრება. იმ დღეს, იცი, ვინ შემხვდა?
კახას მოთმინების ძაფი გაუწყდა:
– უნდა წავიდე, მართლა ძალიან მეჩქარება.
შვებით მაშინ ამოისუთქა, როცა საკეტში გასაღები გადაატრიალა და ძრავას ხმა გაიგონა.
„უჰ, ეს რა იყო, ამ დილაუთენია საიდან გამეჩითა? თან, მაინცდამაინც ლევანზე რომ დამიწყო ლაპარაკი? ბეთანია მაინც რაღამ გაახსენა. რა იცის, რომ მაშინ არაფერი მომხდარა და, კიდევ კარგი, რომ არაფერი მომხდარა – ეს მეტისმეტი იქნებოდა, ამას უკვე ვეღარ გავუძლებდი” – ერთბაშად იგრძნო, რომ გული დაუმძიმდა. მანქანას ძლივს მართავდა. ცალი ხელით სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ფიქრმა დაღალა, უფრო კი საკუთარ თავთან ჭიდილმა. არ უნდოდა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოეჩინა, რომ ყველაფერი სისულელე ყოფილა. 
„რა გავაკეთო? თეონა მიზიდავს, მინდა მასთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და მისი ღიმილის დანახვა. რატომ უნდა ვთქვა უარი ამაზე? მე ხომ ვხვდები,  რომ სწორედ ეს არის  ჩემი ბედნიერება? მაგრამ, მზად ვარ უამრავ უხერხულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად? ზურას მსგავსად, ბევრი სხვაც შემომხედავს ეჭვით და დამცინავად, მე კი ეს არ მომეწონება და თავი ისე უნდა დავიჭირო, თითქოს უდანაშაულო ვიყო. გამომივა? მით უმეტეს, რომ, არ ვიცი, რაში ვარ დამნაშავე. სიყვარული დანაშაული ვერ იქნება. ლევანმა თავისი არჩევანი გააკეთა, მე რატომ არ მაქვს უფლება, ასევე მოვიქცე?“ 
კახამ საათზე მეტხანს იბორიალა ქალაქში და თეონასთან ასვლა მაინც ვერ გაბედა. საღამოს კი, რესტორნიდან გამოსულს, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ფული არ დანანებია, ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ბეჭედი შეარჩია. დარწმუნებული არ იყო, რომ ზომა ზუსტად გათვალა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო.
თეონა გაოცებით მიაჩერდა:
– ეს ბავშვისთვის იყიდე? რა საყვარელი ხარ! არ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადო.
– თეონა, ცოლად გამომყევი... – თქვა კახამ და შვებით ამოისუნთქა..
ქალი გაშრა. ხან კახას შესცქეროდა, ხან კი მის ხელისგულზე დადებულ წითელი ხავერდის კოლოფს.
– შეგიძლია, ახლავე არ მიპასუხო, მაგრამ ლოდინი ჩემთვის მტანჯველი იქნება.
– კახა, ეს რა არის? – ჰკითხა ენის ბორძიკით.
– რასაც შენ ფიქრობ, ის. თუმცა, დარწმუნეული არ ვარ, რომ მოგერგება. ისე ვჩქარობდი, ვერ დაგირეკე და ზომა ვერ გკითხე.
– კახა... – ქალმა გაუბედავად და ყოყმანით გახსნა კოლოფი, – ღმერთო, ეს ხომ ძალიან ძვირფასია! ამდენი ფული ერთ ბეჭედში გადაიხადე?
– მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ბეჭედში, – გაიღიმა კახამ, – ესე იგი, თანახმა ხარ?
– ჰო... აღარც კი მეგონა, რომ ამის თქმას მოახერხებდი, – თქვა თეონამ და მოეხვია. 
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3