კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შარში გაეხვია პიკასო სტალინის პორტრეტის შექმნის გამო და ვისი თხოვნით დახატა მან ფიროსმანი

ცოტა ხნის წინ „თბილისელებში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო ულამაზესი თბილისელი ქალის – ლუდმილა სმანოვა-პიტოევას პორტრეტის ისტორია, რომელიც პაბლო პიკასომ შექმნა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა ფაქტი, რომ პიკასოს მუზა თბილისელი ქალის სილამაზე გახდა, მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დიდ მხატვარს ორი ქართველის: დიდი ბელადის – სტალინის და, დიდი მხატვრის – ფიროსმანის პორტრეტები აქვს შექმნილი და ორივე ტილოს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

 ქეთევან კინწურაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): პიკასოსთან დაკავშირებით ჟურნალისტები ხშირად მომმართავენ თბილისელი ქალის, ლუდმილა სმანოვა-პიტოევას პორტრეტის თაობაზე. თქვენც გამოაქვეყნეთ ინტერვიუ ამ პორტრეტის შესახებ. თუმცა, მხატვრული თვალსაზრისით გაცილებით საინტერესოა პიკასოს მიერ დახატული ფიროსმანის პორტრეტი. ამასთან ერთად, ნაკლებად არის ცნობილი, რომ პიკასოს სტალინის პორტრეტიც აქვს დახატული.
– როგორ შექმნა სტალინის პორტრეტი პიკასომ?
– პიკასოს მიერ დახატული სტალინის პორტრეტი 1953 წლის 12 მარტს დაიბეჭდა ყოველკვირეულ ლიტერატურულ გაზეთში – „ფრანგული წერილები“, რომელიც საფრანგეთის კომუნისტური პარტიის საგამომცემლო ორგანო იყო. ამ დროს პიკასოც კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ. ის პარტიაში 1944 წელს გაწევრიანდა, როდესაც საფრანგეთი გერმანელთა ოკუპაციისგან გათავისუფლდა. გაზეთში რედაქტორის, მწერალ ლუი არაგონის სტატია უნდა დაბეჭდილიყო. პიკასო მასთან მეგობრობდა და არაგონმა მას გაზეთისთვის სტალინის პორტრეტის შექმნა სთხოვა. ეს 6 მარტს მოხდა, სტალინის გარდაცვალების მეორე დღეს. 12 მარტს, დილით, რედაქციაში ნერვიულობდნენ, რადგან პორტრეტი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, გაზეთი კი უნდა გამოსულიყო და სწორედ ამ დროს მიიღეს კონვერტი პიკასოსგან. ნახატი  მაშინვე დასაბეჭდად გაიგზავნა. პიკასოს ნახატმა დაბეჭდვისთანავე უდიდესი აღშფოთება გამოიწვია საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრებში, განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ამ პორტრეტის მიმართ საბჭოთა კომუნისტურ წრეებში გამოხატეს. საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩმა საჯაროდ გამოთქვა აღშფოთება აღნიშნულის თაობაზე. კომუნისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს პიკასო და დაგმეს მისი ქმედება. მათთვის მიუღებელი იყო თავისუფლად შესრულებული პორტრეტი, სრულიად შეუთავსებელი სოციალისტური პრინციპებისთვის: პიკასომ დახატა ახალგაზრდა სტალინი ულვაშებით და ფართოდ გახელილი, თითქოს განცვიფრებული თვალებით, რომელიც, კომუნისტების შეფასებით, უბრალო გლეხს უფრო ჰგავდა, ვიდრე დიდ ბელადს. ასეთმა რეაქციამ პიკასო განაცვიფრა. ის ამბობდა, რომ მან სტალინის მიმართ პატივისცემა გამოხატა და დახატა ისე, როგორც პოეტი დაწერდა ლექსს. მისთვის სრულიად გაუგებარი იყო, რამ გამოიწვია ასეთი აღშფოთება. პორტერეტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამ ინციდენტის შესახებ ლონდონის გაზეთიც წერდა. არსებობს ინტერვიუ, სადაც პიკასო იუმორითა და ჟარგონით საუბრობს ამ ფაქტზე და შესატყვის ირონიას გამოხატავს სოციალისტური რეალიზმის შესახებ. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებს კი არაერთი წერილის დაწერა დასჭირდათ საბჭოთა ამხანაგებთან ამ საკითხის განსახილველად და სიტუაციის შესარბილებლად.
– კომუნისტური პარტიის დამოკიდებულება პიკასოს მიმართ ამის შემდეგ შეიცვლებოდა.
– რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გაჩნდა და ის აღარ იყო პარტიის სასურველი წევრი, მაგრამ მას კომუნისტური პარტია არ დაუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე მის წევრად დარჩა.
– იმასაც წერდნენ, რომ ეს პორტრეტი, შესაძლოა, პიკასოსთვის ჩვეული იუმორის გამოხატულება იყო.
– ის მარტივად, თავისუფალი ადამიანის მიერ არის შექმნილი. ჩემთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ არ მოეწონათ ეს პორტრეტი კომუნისტებს – ნახატი სრულიად ეწინააღმდეგება სოცრეალიზმის დაკანონებულ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც იხატებოდა პროლეტარიატის ბელადთა პორტრეტები:  ლენინი იქნებოდა ის, სტალინი თუ სხვა, პორტრეტი უნდა ყოფილიყო რეალისტური, ამაღლებული; უნდა შექმნილიყო იდეალიზებული სახე, როგორც ამბობდნენ, გმირულ-რომანტიკული. პიკასოს ნახატში კი არაფერი მსგავსი არ არის. ასეთ მხატვრობას საბჭოთა კავშირში „ფორმალისტურს” უწოდებდნენ, რის გამოც სასტიკად სჯიდნენ მხატვრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დაიხატა ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში, რადგან ის სულ ახალი გარდაცვლილია. შემდგომ სიტუაცია ამ თვალსაზრისით შედარებით შერბილდა.
– თვითონ ნახატის ბედი როგორია?
– ეს გრაფიკული ნაწარმოებია, რომელიც გაზეთში დასაბეჭდად შეიქმნა და დაიბეჭდა კიდეც. მე არ შემხვედრია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რომელიმე მუზეუმში ან კერძო კოლექციაში ინახებოდეს, თუმცა, შესაძლებელია, ასეც იყოს; გაზეთის ეგზემპლარები კი კოლექციონერებისთვის სასურველ იშვიათობას წარმოადგენს.
– გარდა ამ პორტრეტისა, პიკასოს სტალინის 70 წლის იუბილის აღსანიშნავადაც აქვს შექმნილი მისალოცი ბარათი.
– როგორც ჩანს, არაგონმა არ გაითვალისწინა ამ ამბამდე რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა: 1949 წელს, სტალინის იუბილესთან დაკავშირებით, მან სთხოვა პიკასოს მისალოცის დახატვა. პიკასომ მაშინვე დახატა ხელი ჭიქით და დააწერა: „სტალინ, გაგიმარჯოს!“ ნახატმა მაშინაც დიდი აღშფოთება გამოიწვია კომუნისტებს შორის.
რადგან სტალინის პორტრეტზე ვსაუბრობთ, ერთი რამ მინდა დავუმატო: 1940-იანი წლების დასასრულს, დავით კაკაბაძეს სტალინის სამგანზომილებიანი პორტრეტის შექმნა სურდა. მას ჰქონდა თეორიული აღწერა და ესკიზები ამ პროექტისთვის. ამ ჩანაფიქრით კაკაბაძე, ფაქტობრივად, ჰოლოგრამის წინამორბედად გვევლინება. ეს რეალისტური გამოსახულება იქნებოდა, მაგრამ, სრულიად ახალი მეთოდით შექმნილი. ამის საშუალება კაკაბაძეს არ მისცეს, რისი ახსნაც ადვილია: ეს იყო ავანგარდისტული ჩანაფიქრი, რაც მიუღებელი იყო იმ რეჟიმისთვის. 2011 წელს, შვედ კოლეგებთან ერთად, ქალაქ ლუნდის გალერეისთვის შევძელით ამ პროექტის განხორციელება.   
– რაც შეეხება ფიროსმანის ნახატს, მისი შექმნა როგორ გადაწყვიტა პიკასომ?
– 1969 წელს ლუვრში ფიროსმანის გამოფენა მოეწყო, თუმცა პიკასოს მისი პორტრეტი ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დაუხატავს. ფიროსმანის პორტრეტი მან ილია ზდანევიჩის თხოვნით შექმნა 1971 წელს.  კარგად არის ცნობილი, რომ ილია და კირილე ზდანევიჩების როლი ფიროსმანის აღმოჩენის, მისი შემოქმედების პოპულარიზაციისა და მისი ნამუშევრების შენახვის თვალსაზრისით ფასდაუდებელია. ზდანევიჩები, დედით ქართველები, მამით კი პოლონელები, თბილისში დაიბადნენ. ისინი პეტერბურგში სწავლობდნენ და  1912 წელს, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდნენ საქართველოში მიხეილ ლე დანტიუსთან ერთად, რომელიც ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი იყო. მათ ერთად აღმოაჩინეს ფიროსმანის ნამუშევრები ერთ-ერთ სამიკიტნოში, სადგურის მახლობლად და შემდეგ ძალიან ბევრი გააკეთეს მისი აღიარებისთვის. ძმები ზდანევიჩები ტფილისური ავანგარდის სულისჩამდგმელები იყვნენ. 1921 წელს ილია ზდანევიჩი საფრანგეთში გაემგზავრა და შემდგომ იქ ცხოვრობდა. ის ცნობილი იყო როგორც მწერალი, მხატვარი და მრავალმხრივი შემოქმედი. ძალიან კარგად იცნობდნენ ხელოვანთა წრეებში. ბევრ ცნობილ მხატვარს აქვს შექმნილი მისი პორტრეტი. იგი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორია. ილია ზდანევიჩი საყოველთაოდ ცნობილი იყო და არის ფსევდონიმით – ილიაზდი. პიკასო და ილიაზდი ერთად აფორმებდნენ ხოლმე წიგნებს. ილია ზდანევიჩი ნამდვილად მეგობრობდა პიკასოსთან. ცნობილია ფოტო, რომელზეც პიკასო ილიას თმებს კრეჭს. ეს სურათი ბევრს მეტყველებს მათი ურთიერთობის შესახებ. 1972 წელს ილიამ გამოსცა წიგნი – „ნიკო ფიროსმანაშვილი, 1914“ და ამ წიგნისთვის სთხოვა პიკასოს ფიროსმანის პორტრეტის დახატვა. პიკასომ შექმნა გრავიურა, რომლის ანაბეჭდი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
– თუ შეიძლება თქმა, ახლოს იცნობდა პიკასო ფიროსმანს?
– ნახატიდან ჩანს, რომ პიკასომ იცის ფიროსმანის შესახებ. ძალიან მეტყველი ნახატია და იგრძნობა, რომ ზდანევიჩმა მას ნამდვილი შთაგონება მისცა. მან იცის, ვის პორტრეტსაც ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად აბსტრაქტული ნამუშევარია და, ზოგადად, მხატვრის სიმბოლურ გამოსახულებად შეიძლება ჩაითვალოს, ექსპრესიული ხაზების მიღმა პორტრეტული მსგავსებაც კი იკითხება.
– მისი მხატვრული ღირებულება როგორია?
– ეს ძალიან საინტერესო გრავიურაა. სტალინის პორტრეტი, თავისთავად, სკანდალურ მოვლენას უკავშირდება და დარჩა როგორც საინტერესო არტეფაქტი. ფიროსმანის პორტრეტი კი ნამდვილად საინტერესო, ორიგინალური ნამუშევარია. სხვათა შორის, ლუი არაგონი, რომელიც რამდენჯერმე ვახსენეთ სტალინის პორტრეტთან დაკავშირებით, ბევრს წერდა ფიროსმანის შესახებ. ის ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესანიშნავი მცოდნე იყო. ფიროსმანის ნამუშევარი – „არსენალის მთა ღამით“, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ დაუბრუნდა საქართველოს, სწორედ არაგონის კოლექციაში ინახებოდა წლების განმავლობაში.

скачать dle 11.3