კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჩუქა გიორგი მესამემ ანისის სომეხ და მაჰმადიან მოქალაქეებს 40 000 ოქრო და რატომ გამოიხსნა მათი თანამემამულეები ტყვეობიდან

1261 წლის ზაფხულში, ანისის აღების შემდეგ სამი დღე დაასვენა მორჭმულმა მეფე გიორგი მესამემ თავისი ჯარი. მადლობდნენ ღმერთს გახარებულნი, რადგან თითქმის მსხვერპლის გარეშე აიღეს სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს დედაქალაქი –  „ბერძენთა მეფის საჯდომი სახლი“, ანისი, სადაც 1001 ეკლესია იდგაო, როგორც ამბობენ.
მეფემ ანისი პირდაპირ შემოუერთა საქართველოს და მმართველად, „ამირად“ დანიშნა ივანე ორბელი, თავისი მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. თანაშემწედ დაუნიშნა სარგის მხარგრძელი. ქალაქის მცველად 2 000 მეომარი დატოვეს.
განსაკუთრებით გახარებული იყო მეფე გიორგი ანისის დასაბრუნებლად წამოსული  ხლათის მბრძანებლის (შაჰ-არმენის), სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელების, დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და სხვა, არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავრის გაერთიანებული ლაშქრის დამარცხების გამო. ქართველებმა თითქმის დანაკარგის გარეშე სძლიეს გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს.
ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებით 80 000 მაჰმადიანი. 7 000 მეომარი მოუკლავთ და 2 000 ტყვედ აუყვანიათ. ასევე 6 დიდი მთავარი და 150 ამირა ჩავარდნიათ ხელთ ჩვენს მეომრებს.
აღივსო საჭურჭლით ჯარი, დიდებულებიც და უბრალო ჯარისკაცებიც. მეფემ დიდძალი საჩუქარი გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ქართველმა მეფემ საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული). ანისიდან ადრე ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები და მაჰმადიანებიც მტრების ტყვეობიდან გამოისყიდა და გაათავისუფლა. იმ დროს არაერთი სომეხი იყო გადასული მაჰმადიანობაზე, განსაკუთრებით ზედაფენების წარმომადგენლები.
გამოაგზავნა მაცნე პატრიარქისა და ფილოსოფოსთა გასახარებლად. მათი ლოცვა მუდამ თან ახლდა მეფეს. მივიდა თავისი დედის, თამარ დედოფალთა-დედოფლის წინაშე, რომელმაც სიხარულით იტირა. მერე თავის ულამაზეს ცოლს, დედოფალ ბურდუხანს ეახლა გამარჯვებული მეფეთ-მეფე.
შემდეგ, ქართველთა მეფე 30 000-კაციანი ჯარით სომხეთის სხვა დედაქალაქის, დვინის გასათავისუფლებლად გაემართა. სასტიკად დაამარცხა იქაური მაჰმადიანების ჯარი, რომელთაც დაპყრობილი ჰქონდათ სომეხთა ეს ქვეყანა. გამოეკიდა გაქცეულ ჯარს, შეჰყვა ქალაქში, დაიკავა და შემოუერთა საქართველოს.
დიდი სიხარულით შეხვდა სომხური მოსახლეობა ამ ამბავს.
გახმაურდა ამბავი ხლათის, დიარბექირის, არზრუმისა და სხვა მაჰმადიანთა მფლობელების ლაშქრის დამარცხების შესახებ. ეს შეიტყვეს „ხორასნისა და ერაყის სულთანმა“ და ყოველთა მაჰმადიანთა სასულიერო ლიდერმა – ხალიფამ, სპარსეთის ათაბაგმა ელდიგუზმა, შეკრიბეს დიდი კოალიცია და გამოემართნენ საქართველოსკენ.
გამარჯვებისთვის სპარსელ მაჰმადიანებს ჯადოქრობისთვისაც კი მიუმართავთ და გაუხსენებიათ მათი წინაპრების ღმერთი – ზოროასტრი, რომელიც მათი პირველი მეფე და ვარსკვლავმრიცხველი იყო. მისი ძვლების ძებნა დაუწყიათ, რადგან გადმოცემა არსებობდა: ვიდრე გექნებათ ზოროასტის ძვლები, არ მოაკლდება მეფობა სპარსელებსო.
შეიკრიბნენ რანში, შემოვიდნენ ქვემო ქართლში, აიღეს გაგის ციხე და მოაოხრეს საქართველოს საზღვარი.
ეს რომ გაიგო სახელგანთქმულმა მეფემ, უძლეველმა მხედარმა და უებრო მეომარმა გიორგიმ, მოუწოდა შვიდივე სამეფოს არმიას იმერიდან და ამერიდან, გადმოიყვანა კავკასიის გადაღმიდან ოსები და სხვა მთიულები და დიდი ძალით გაემართა მაჰმადიანთა უთვალავი ჯარის წინააღმდეგ.
როცა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლებმა ნახეს, რომ ქართველებს არ შეეშინდათ და მოგვადგნენო, თავად შეშინდნენ, ითათბირეს და თქვეს: დღეს არავინ არის პირისპირ შემბმელი გიორგისთან და მის ლაშქართან. გავერიდოთ და მივეფაროთო.
გაგის ტერიტორიაზე მყოფები დაიძრნენ, დაიხიეს უკან და მოერიდნენ ჩვენს ჯარს. მიატოვეს სანოვაგე, კარვები, საჭურველი და გაცლას ცდლობდნენ.
წამოეწივნენ ჩვენები და დაუწყეს ჩამოყრა ცხენებიდან მათ უკანა რიგელებს. ეს რომ გაიგო სვეგანდიდებულმა გიორგი მეფემ, გააფთრებული იწევდა შეტევაზე გადასასვლელად. მაგრამ, რამდენიმე დიდებულმა სადავე დაუჭირა მის ცხენს და არ გაუშვეს. განსაკუთრებით თავი გამოიდო ვარდან კოლონკელიძემ, ჰერეთის ერისთავმა, რომელიც საკმაოდ ასაკიანი ყოფილა, ბრძოლათა შინა გამოცდილი და ძლიერი. მემატიანის აზრით, ეს ერთმანეთის შურმა და მტრობამ გამოიწვიაო.
არ მიუშვეს მეფე შეტევაზე და უთხრეს: „ვინაიდან გაქცეულია სულთანი თავის ჯარით, ნუღარ იკადრებ აღზევებულობას ღვთის მიმართ“. ეს იყო მიზეზი უმიზეზო, სიტყვა უსიტყვო, უქმი საქმეო, – წერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი.
ალბათ, დიდებულები მოერიდნენ ზედმეტ სისხლისღვრას, რადგან გამარჯვებას ისედაც მიაღწიეს, მტერი უკან გაბრუნდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო, რადგან ქართველთა მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვა.
მეფე იყო ბრძენი და მოსმსმენი, დამორჩილდა დიდებულების რჩევას და აღარ გაეკიდა არაბ-თურქ-სპარსელებს.
გაუშვა გიორგიმ ჯარი და არხეინად შეუდგა ისევ შვებას, სიხარულსა და ნადირობას.
როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი არც დაზვერვის სისტემა და არც კონტდაზვერვა აღარ მუშაობდა კარგად. სიფრთხილე მუდამ აკლდათ ქართველებს.
სულთანმა, ათაბაგმა და მათმა ჯარმა ამასობაში გელაქუნის ოლქი გადაიარეს, შემდეგ მოულოდნელად გადაუხვიეს, რეიდი განახორციელეს და სწრაფად მივიდნენ ქალაქ ანისთან. თან, მოიხმეს ადრე დამარცხებული  სხვა მაჰმადიანი მფლობელებიც.
იმ დროს ანისს მართავდა დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე – თორელი. გაამზადა თორელმა საბრძოლო მანქანები.
მეფე მცირერიცხოვანი ძალებით სანადიროდ და გასართობად იყო. ლორესა და დმანისს შორის იდგა. მასთან ვითომ მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა სულთნის ელჩი, რომელიც დაზვერვასაც ახორციელებდა. ელჩმა სწრაფად გააგზავნა ცნობა სულთანთან და ათაბაგთან და აცნობა: ახლა გვაქვს შესაფერისი დრო, ახლა თუ არ მოხვალთ, სხვა დროს ვეღარ მოახერხებთ ვერაფერსო.
მიატოვეს ანისი მაჰმადიანებმა და სწრაფი მარშით დაიძრნენ მეფის სამყოფლისკენ. დილაადრიანად მძინარეებს თავს დაესხნენ მეფესა და მის მცირერიცხოვან მეომრებს. ძლივს მოასწრეს ქართველებმა ჩაცმა და აბჯრის ასხმა. ძალები ძალიან უთანასწორო იყო და სიტუაცია – წამგებიანი. 
ივანე ამირსპასალარმა და სხვა დიდებულებმა ძლივს აიძულეს დაუმარცხებელი გიორგი მეფე უკან დაეხია. ეუბნებოდნენ: არის დრო ომისა და არის დრო გაქცევისა. ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. ჩვენ ახლა გავიქცეთ და შემდეგში კვლავ შევძლებთ ჩვეულებისამებრ გამარჯვებასო.
ასე იძულებით მოჰყავდათ მეფე. არიერგარდის მეომრები კი შიგადაშიგ მიუბრუნდებოდნენ მტერს და ბრძოლას უმართავდნენ, რათა მეფე სამშვიდობოს გაეყვანათ.
ისეთი სიმხნე და სიჩაუქე გამოიჩინეს ქართველებმა, რომ არც ერთი აზნაური, არც ვარგი, არც აზნაურის ყმა არ მომკვდარა, გარდა ერთი ჯვრისმტვირთველი ქანისძისა და ერთი უიღბლო აზნაურისა. სალაშქრო ჯვარიც მშვიდობით გამოარიდეს მტერს.
მაჰმადიანთა კოალიციის მეთაურებმა თქვეს: „ვინაიდან უგრძნეულად დავეცით თავს და ხელთ ვერ ვიგდეთ, ახლა მისი დევნა არის დევნა აჩრდილისა და ქარისა. უკან გავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში, რაც მოგვცა ღმერთმა მისით მადლობელნი.“
ეს მოხდა 1262 წელს. ამის მერეც კარგა ხანს გაგრძელდა დაპირისპირება ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის ანისის გამო.
შემოეხვეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩადგა შუამავლად მეფესა და სულთანს შორის და ითხოვა ზავი. დედოფალი რუსუდანი, ჩვენი მეფის დაც, ხორასნის (ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყანა) ყოფილი სულთნის ქვრივი, შუამავლად ჩადგა თავის ძმასა და მაჰმადიან მფლობელებს შორის და დაიდო ზავი.
ამ მარცხისა და მუდმივი საომარი მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილის გამო, დაახლოებით 1165 წელს, გიორგი მეფე იძულებული გახდა და ანისი კვლავ უბოძა ძველ მფლობელს, მაჰმადიან ქურთ შედადიანს (შადადიანს) და ითაყვანა ყმადნაფიცობის პირობით, ანუ შედადიანი კვლავ ქართველთა მეფის ვასალი გახდა.
გიორგი მეფემ ისევ გააგრძელა ნადირობა, ნადიმობა და განცხრომა.

скачать dle 11.3