კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაამართლე მკვლელი!

თენდებოდა, როცა ადვოკატი დეივ ჰორტნერს კლიენტის ცოლმა, მარსიამ დაურეკა:
– დეივ, ჰარლის უბედურება შეემთხვა...
ჰორტნერმა მძინარე ცოლს გადახედა, ტელეფონი აიღო და მეორე ოთახში გავიდა:
– რა მოხდა?
– პოლიციამ წაიყვანა. მათ თქვეს, რომ ჰარლიმ ჩვენი შვილების ძიძა გააუპატიურა და გაგუდა... ახლა შერიფთან არის... ეს, ეს წარმოუდგენელია, ხომ მართალია?
– რა თქმა უნდა. მარსია, შენ დამშვიდდი. ახლავე წავალ შერიფთან და ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა.
– გმადლობ, დეივ... დიდი მადლობა...
სანამ დეივი იცვამდა, მის ცოლს, ენის გაეღვიძა. დეივმა ცოლს აკოცა და დაჰპირდა, მალე მოვალო. შემდეგ ადვოკატი ქალიშვილის, თხუთმეტი წლის ბეტის საძინებელში შევიდა და მზრუნველად ამოუკეცა საბანი. ბეტი ბავშვობიდან იხდიდა საბანს და დეივსაც ჩვევად ჰქონდა, ღამეში რამდენჯერმე დაეხედა მისთვის... ქალიშვილს მშვიდად ეძინა. სახის ჯერ ისევ ბავშვური ნაკვთებით სინაზესა და სითბოს ასხივებდა. დეივმა ვეღარ მოითმინა. მისკენ დაიხარა და შუბლზე ფრთხილად ეამბორა.
პოლიციაში მისულს შერიფი პირადად მიეგება პირქუში, მკაცრი გამომეტყველებით.
– ძალიან დიდ პატივს გცემ, დეივ, მაგრამ ამჯერად ვერაფერს უშველი. დარწმუნებული ვარ, რომ გოგონაზე მან იძალადა – გვამთან სანთებელა ვიპოვეთ მისი ინიციალებით. ყველაზე მეტად ასეთი ნაძირლები მძულს, გარეგნულად წესიერი კაცის შთაბეჭდილებას რომ ტოვებენ.
– უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევ, შერიფო! სანთებელის პოვნა ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაველაპარაკო?
– რა თქმა უნდა. ჩემს კაბინეტს დაგითმობთ.
 ჰარლი ისედაც არ იყო წარმოსადეგი და ამ რამდენიმე საათში საერთოდ წელში მოიხარა. დეივის დანახვაზე წამოხტა, მასთან მიირბინა და აკანკალებულმა ხელი მხურვალედ ჩამოართვა.
– რა მოხდა? – ჰკითხა დეივმა, სიგარეტს მოუკიდა და ჰარლისაც გაუწოდა.
– დეივ, მათ უნდათ, ეს საქმე მე შემტენონ. უნდათ, რომ ჩემგან განტევების ვაცი შექმნან.
– ჰარლი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიმართლე ვიცოდე.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... – ჰარლი ციებიანივით კანკალებდა.
– რა აქვთ შენ წინააღმდეგ – მხოლოდ სანთებელა? შეგიძლია, ამიხსნა, რას აკეთებდი იმ საღამოს და როგორ აღმოჩნდა შენი სანთებელა გვამთან?
– მე და მარსია კინოში წავედით... მერე ბარში შევიარეთ, ოღონდ, მხოლოდ ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე, მეტი არა... სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდით და, ჩვენი ძიძა, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, ბავშვებს ვუტოვებთ ხოლმე, სახლში წავიყვანე. სხვათა შორის, ეძინა და მარსიამ გააღვიძა.
– სახლში შენ მიგყავდა ხოლმე თუ ეს პირველი შემთხვევა იყო? – ჰკითხა ადვოკატმა.
– არა, როცა გვიან ვბრუნდებოდით, ყოველთვის მიმყავდა. გზაში სიგარეტი მთხოვა და, ეტყობა, მასთან დარჩა ჩემი სანთებელაც, – ყურადღება აღარ მიმიქცევია. ქალიშვილი სახლთან დავტოვე და გამოვბრუნდი. გზად ბარში შევიარე და სიგარეტი ვიყიდე.
– ბარმენი ამას დაადასტურებს?
– არ ვიცი, მე სიგარეტი ავტომატიდან ვიყიდე.
– არ დაგინახავს, ქალიშვილი სახლში შევიდა თუ არა? – დეივი ფურცელზე რაღაცას იწერდა.
– არა. დაღლილი ვიყავი, დეივ, ძალიან დაღლილი და, ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი. ჯანდაბა! ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა.
– გვამი სად იპოვეს?
– მგონი, სახლთან ახლოს, პატარა ჩიხში. პოლიცია ფიქრობს, რომ შეილი მანქანიდან გადმოაგდეს.
– მარსიას გარდა ვის შეუძლია, შენი ალიბი გაამყაროს?
– მგონი, არავის... – ამოიოხრა ჰარლიმ, – მარსიაც ვერ იტყვის, რომელ საათზე დავბრუნდი შინ, იმიტომ, რომ ეძინა, როცა მივედი. ცუდად არის, ხომ, ჩემი საქმე? – საცოდავად გაიღიმა ჰარლიმ.
– ყურები არ ჩამოყარო, რაღაცას მოვიფიქრებთ, – გაამხნევა დეივმა.
სასამართლო პროცესი ხუთი დღე გრძელდებოდა. ოლქის პროკურორი ძალიან მკაცრი იყო და თავის არსენალში არსებული ყველა სამხილები გამოიყენა, რომ ნაფიცი მსაჯულებისთვის ჰარლის ბრალეულობა დაემტკიცებინა. მაგრამ დეივს თავისი კოზირები ჰქონდა – არცერთი სამხილი არ იყო პირდაპირი და მან სწორედ ეს გამოიყენა. ჯერ ჰარლი დაჰკითხა და იმ ღამის ამბავი მოაყოლა. ჰარლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი ძალიან კარგად ეჭირა, მშვიდად და ძალდაუტანებლად ლაპარაკობდა... დეივის შეკითხვებსაც კარგად გაართვა თავი და ნაფიც მსაჯულებთან თავისი საუკეთესო მხარეებით წარმოჩინდა – როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ორი შვილის მამა, თავისი საქმის მცოდნე, რომელიც აქამდე შემჩნეულიც კი არ ყოფილა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში... მერე ჯერი მისი ალიბის გამყარებაზე მიდგა და დაცვის მხარემ ის ბარმენი გამოიძახა, რომლის ბარშიც ჰარლიმ სიგარეტი იყიდა.
– ყველა გახსოვთ, ვინც თქვენს ბარში შემოდის?
– არა, რა თქმა უნდა... – დაიბნა ბარმენი.
– აი, მე... გუშინ ვიყავი ქერა ლამაზმანთან ერთად... გახსოვვართ?
– არა. თქვენ არ მახსოვხართ, მაგრამ ქერა ქალბატონი მახსოვს, თანაც ძალიან კარგად.
– მაშინ, მითხარით, რა ეცვა მას?
ბარმენი შეყოყმანდა:
– უნდა გავიხსენო...
– ტყუილად წვალობთ... მე იქ არ ვყოფილვარ არანაირ ქალთან ერთად. ხედავთ, ბატონებო? ბრალდების მხარე ვერ დაეყრდნობა ამ ჩვენებას. მე მინდა, გონებით გადაწყვიტოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. თქვენს ხელში ოთხი ადამიანის ბედია...
ადვოკატის საბოლოო სიტყვამ წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა: ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოიტანეს განაჩენი – „უდანაშაულოა“.
საღამოს ჰარლი და მისი ცოლი დეივს სახლში ეწვივნენ სტუმრად, გამარჯვება რომ აღენიშნათ. ვისკის სვამდნენ და ზღვის პროდუქტებს მიირთმევდნენ... მარსია უკვე მერამდენედ ეუბნებოდა მადლობას დეივს. მალე ბეტიც დაბრუნდა, დედას და მამას ლოყაზე აკოცა და თავისი ოთახისკენ გაემართა. კიბეზე რომ ადიოდა, დეივმა უნებლიეთ შენიშნა ჰარლის ხარბი, ვნებით სავსე მზერა, რომლითაც ის ბეტის უყურებდა – მოკლე, ვიწრო ქვედაკაბაში ნორჩი სხეული ქალური და დახვეწილი ჩანდა... ადვოკატს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– როგორ გაიზარდა, უკვე თითქმის ქალია... – თქვა ჰარლიმ და დეივი მიხვდა, რომ შეეშალა, თანაც ძალიან შეეშალა და თავი უკანასკნელ სულელად იგრძნო. სიმწრით კბილები გააღრჭიალა, როცა საკუთარი უსუსურობა და უძლურობა გააცნობიერა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა...

скачать dle 11.3