კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჰპარავდნენ პარტიტურებს ზაქარია ფალიაშვილს და როგორ იბრძოდა ის საავტორო უფლებებისთვის

„მე არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენ,“ – უთქვამს ოპერა „ქეთოს და კოტეს“ ავტორს,  ვიქტორ დოლიძეს, როდესაც კომისიამ „დაისს“ მენშევიკური მუსიკა უწოდა და ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვა. „აბესალომის“ შემდეგ ეს მეორე ოპერაა. მალევე დაიდგა ფალიაშვილის მესამე ოპერა – „ლატავრა”. მან „აბესალომ და ეთერიდან” (რომელსაც ცხრა წელი მოანდომა) მორჩენილი თითქმის ყველა მუსიკალური მასალა აქ გამოიყენა. „ლატავრა” ოთხი სპექტაკლის შემდეგ მოიხსნა რეპერტუარიდან, რასაც კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.
საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის მიერ შედგენილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება, ორი განცხადება და წერილები, რომლებსაც დიდი კომპოზიტორი 1930-1933 წლებში მოსკოვში უგზავნიდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის რწმუნებულს, თვალსაჩინო იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს, გიორგი ჟორდანიას. კომპოზიტორის დღიურებიდან მისი ცხოვრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტები შევარჩიეთ (წყარო: „ბურუსი“).
***
„ძვირგასო გიორგი! დღეს მივიღეთ შენი დეპეშა... აი პასუხსაცა გწერ და „დაისის” ნოტების მატერიალსაც ამასთანავე გიგზავნი... ხვალ, ე. ი. 21-ში, აქედან გამოდის „კურიერის” მატარებელი და ნოტებს გამოვგზავნით ან „პროვოდნიკის” ხელით, ან კიდევ მარჯანიშვილის ქალი მოდის ამ მატარებლითვე და მისი ხელით. ყოველ შემთხვევაში, მაშინათვე ტელეგრამით გაცნობებთ, თუ ვის უნდა მოკითხო ნოტები... თუ ხათრი გაქვს, ჩემს ნოტებს ყური უგდე და არავის ხელში არ ჩაუგდო... გუშინწინ მაჩაბელმა გამომიძახა თეატრში და ვიღაც ქალი, მეტად „სალიდნი”, გამაცნო, ეს ქალი, როგორც გამოირკვა, ყოფილა მივლინებული სასომხეთში და თანაც დავალებული ჰქონია, მისულიყო ჩვენი თეატრის დირექციასთან და მოეწესრიგებინა ამ ოპერების გადაწერის და შეძენის საქმე. მაჩაბელს უთქვამს, რომ ნოტების გადაწერის საქმეს თეატრი კისრულობსო და, რაც შეეხება ავტორებთან მოლაპარაკებას, ეს თქვენ თვითონ მოელაპარაკეთო… მან მითხრა შემდეგი: რომ საზღვარგარეთიდან (ბერლინიდან) თხოულობენ თქვენი ნაწარმოებების პარტიტურებსაო და საჭიროა მათი გადაწერა და გადაგზავნაო და სხვა… მაშინ მე შევეკითხე, რომ, რა მიზნით თხოულობენ-მეთქი?! მან მიპასუხა, რომ, ვგონებ, რადიო თხოულობსო... მერე შევეკითხე, რომ ავტორს ვინ აძლევს გარანტიას, ეს ნოტები არ გაიბნევა და მითვისებული არ იქნება-მეთქი ვინმე პირისაგან? მან მიპასუხა, რომ არავინაო!.. მაშ გამოდის-მეთქი რომ, ავტორი, როგორც გაცილდება სსსრ-ის საზღვარს, ჰკარგავს თავის საავტორო უფლებებს და ხელს იბანს-მეთქი? ამაზედ მიპასუხა, რომ, რადგანაც ჩვენ არ ვაძლევთ იქაურ ავტორებს საავტორო ჰონონარსაო, მაშინ ჩვენც ნება არ გვაქვსო, მოვთხოვოთ მათ საავტორო ჩვენი ავტორებისთვისაო! ამაზედ მე მაგრად დავუდექი და ვუთხარი, რომ, ჩემდა საუბედუროდ, მე იძულებული ვარ, არ მოგცეთ ნება ჩემი თხზულების პარტიტურების გადაწერაზე-მეთქი. ამან, რომ შეხედა, რომ მე მაგრად ვიყავი, მაშინ მითხრა, თქვენი მოსაზრება და პირობები მითხარით, თუ რა ჰონორარი დაგაკმაყოფილებთო... თქვენ შეგიძლიათ, მისცეთ ნება განსაზღვრული წლით ქირით მისცეთ ეს ნოტებიო...  მე ვუთხარი, რომ მოსკოვში იმყოფება საქართველოს განსახკომის რწმუნებული გ. ჟორდანია, რომელსაც მინდობილი აქვს „აბესალომის” დიდ თეატრში დადგმის საქმე და ჩემგან პირადად კი მას აქვს სრული რწმუნებელი ქაღალდი, მოლაპარაკება გამართოს ჩემს მაგივრად...  ამაზედ ის დამთანხმდა და მომცა თავისი მისამართი, რომ თქვენ ის ნახოთ და მოელაპარაკოთ ამ საქმეზედ... გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს, გთხოვ, ამ საქმესაც გაუძღვე და სერიოზულად მოელაპარაკო მაგათ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ შემიძლიან, დავუთმო და ჩემს შრომაზედ ხელები დავიბანო და გარიყული დავრჩე! რას მიქვია საზღვარგარეთ იდგმებოდეს ჩემი ოპერები, იქ ვისაც ჭკუაზე მოუვა და შეძლოს, ისარგებლოს იმითი და მე პირდაღებული ვუცქეროდე, თუ როგორ ფარფაშობენ ჩემს ნაწარმოებზედ სხვები?! ავტორის უფლება, შენ ჩემზე უკეთ იცი, უნდა იყოს კანონით დაცული... იძულებული კი ვიქნები, ნება არ მივცე მათი გადაწერისა და ევროპაში გატანისა! მე ამის სრული უფლება ვიცი, რომ მაქვს. შენც არა ერთხელ გითქვამს ჩემთვის. მაგრამ, რასაკვირველია, სჯობს, ეს საკითხი საქმიანობისათვის ნებაყოფლობით გადაწყდეს და იქ, ევროპაშიაც, ფეხი მოიდგას ჩვენმა კულტურამ...
მაშ, იყავი ჯანმრთელად. შენი ვაჟი გივი მომიკითხე. შენი კეთილის მსურველი ზაქარია ფალიაშვილი.”
***
„...ძნელია ყველაფრის ტელეგრამით თქმა, ვამჯობინე ცოტა დაგვიანებით მოგწერო ყველაფერი, დაწვრილებით. რასაკვირველია, დიდი კულტურული საქმე არის ჩვენთვის „აბეასალომის” კლავირის გამოცემა, ყოველი ღონე უნდა ვიღონოთ, რომ ეს შესრულდეს, მაგრამ, ის პირობები, რომელიც მე შემთავაზეს. ე.ი. 2 500 მანეთი, გარდამეტებით მცირეა! შენ, ჩემო გიორგი, უკეთ იცი ყოველივე საავტორო უფლებების დაცვის კანონები, მაგრამ მეც არ შემიძლიან, სულ ვიქველმოქმედო! მაგალითად, ხარკოვში „აბესალომის” დადგმის საავტორო უფლებების გონორარიდან უარი მათქმევინეს, ეს „სმიჩკა” არისო, მეც დავთანხმდი და ერთი კაპიკი არ ამიღია მანდ დადგმის უფლებების ჰონორარზე და, მე ვგონებ, მეტად კორექტულად მოვიქეცი. შენს შეკითხვაზე, თუ რას მოვითხოვ დიდი თეატრისგან... შენ კარგად იცი, რომ საქართველოს მასშტაბში, ავტორს თითო დაბეჭდილ გვერდზედ ერგება 35 მანეთი. აბესალომი, რომ დაიბეჭდოს, გამოვა 230-240 გვერდი. სხვა იანგარიშე თუ რას შეედრება ჰონორარი, 8 000 მანეთამდე. ალბათ მანდაც იგივე ტარიფია და ამისდაგვარ მეც უნდა ვიყო დაკმაყოფილებული... ეხლაც გაწუხებ და გიმეორებ, რომ ერთი გვერდიც კი ჩვენი ნაწარმოებებისა თეატრმა არ მისცეს „ვნეშტორგს,” ან კიდევ, ვინც უნდა იყოს, გადასაწერად. მაგ. გწერდი შენც და მელიქ-ფაშაევსაც, სად არის ჩემი კლავირი „დაისი”, რომელიც მე გამოგიგზავნე შენ 6 ნოემბერს საზეიმო დღისათვის? ნოტები ყველა მივიღეთ და ეს კლავირი კი არა სჩანს! მეეჭვება, რომ ის იყოს მიცემული ვინმესათვის გადასაწერად, თორემ სხვანაირად რაში სჭირდებათ მანდ „დაისის” კლავირი?! ამასაც შენა გთხოვ, გამოარკვიო! მაშ, კიდევ გამოცემის შესახებ ჩემი პირობა ასეთია, 1 000 ეგზემპლარის გამოსაცემი მივიღო უნდა 5 000 მანეთი მაინც და არა ნაკლები, თანაც კანონიერი 15 დაბეჭდილი ეგზემპლარი საავტორო. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხელშეკრულობის დადება ჩემთან და მისი ნახევარი ავანსი. სხვანაირად არ შემიძლიან მოვიქცე და ნურავინ ნუ მისაყვედურებს...
შენი მუდამ მადლიერი ზაქარია
ფალიაშვილი. ველი პასუხს.”
„თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის დირექტორის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის, პროფესორ ზაქარია ფალიაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
„ოცდათერთმეტი წელია, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვმსახურობ, როგორც პროფესორის, ისეც ინსპექტორის და დირექტორის თანამდებობაზედაც. სხვებთან ერთად დიდი აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული სამუსიკო სკოლის კონსერვატორიად გარდაქმნის საქმეში. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისარგებლია ერთის თვის შვებულებით – 1931 წ, ქ. ხარკოვში, როცა აქ იდგმებოდა პირველად ჩემი ოპერა „აბესალომ და ეთერი”, სადაც ჩემი იქ ყოფნა აუცილებრივ საჭირო იყო. ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდა და სამსახურს სინდისიერად ვეწეოდი. დღეს მოხდა ის, რომ ძალზედ დაავადებულმა, იძულებული ვარ, მოგმართოთ თქვენ, რომ მიშუადგომლოთ სადაც კი ჯერ არს, რათა სერიოზულად სამკურნალოდ მომეცეს ორი თვის შვებულება, როგორც აქ წამლობის კურსის დასამთავრებლად, ისე ზაფხულში, სადაც ექიმები მირჩევენ, სადმე წასასვლელად და წამლობის გასაგრძელებლად. მაგრამ, რადგანაც ეს ყველა იწვევს ხარჯს, რომლის საშუალებაც არა მაქვს, ამისათვის აქაც გთხოვთ, – რომ გადარიცხული არ ვიქნე სოც. დაზღვევ სალაროში (ამ ორ თვეს) და ერთდროული მატერიალური დახმარებაც აღმომიჩინოთ, ან განსახკომის ან კიდევ სახ. კომისართა საბჭოსაგან. თუ ამ ორმოცი წლის განმავლობაში რა ღვაწლი მიმიძღვის ქართული მუსიკის განვითარების საქმეში, მე ამაზედ არას ვიტყვი რა, რადგანაც ჩემი ნაშრომები ყველასათვის პირნათელია... ყოველივე საჭირო დასკვნებს ექიმებისას, რომლებიც მე მწამლობენ, პირველივე მოთხოვნილებისამებრ წარმოგიდგენთ! შვებულებას გთხოვთ პირველი აპრილიდან. იმედი მაქვს, ამ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევთ.“

скачать dle 11.3