კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან „ჩამოფრინდა“ გოჩა სვანიძე ქართულ რაგბიში და რა აკავშირებდა მას ზურაბ ადეიშვილთან

გასულ კვირას რაგბის კავშირის პრეზიდენტი ადვოკატი გოჩა სვანიძე გახდა.  ქართველმა მორაგბეებმა „იმარჯვეს“ და, ფეხბურთელებისგან განსხვავებით,  პრეზიდენტის არჩევნები მცირე სკანდალზე „გადაატარეს“, თუმცა, როგორ გახდა წარმატებული იურისტი და გახმაურებული საქმეების ადვოკატი გოჩა სვანიძე რაგბის თავკაცი, მაინც იქცა მითქმა-მოთქმის თემად. რა აკავშირებს გოჩა სვანიძეს ქართულ რაგბისთან და რა იწინასწარმეტყველა მან წლების წინ, ამას ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.  

 – ბატონო გოჩა, მთლად „საიდან სადაო“ არაა თქვენი ამბავი, მაგრამ, მაინც  გვითხარით,  რატომ გადაწყვიტეთ ქართული რაგბის თავკაცობა?
– ვერ ვიტყვი, რომ  1981 წლიდან,  როდესაც ცხოვრება რაგბის დავუკავშირე, მას შემდეგ რაგბიდან სადმე წავსულვარ.  სულ რაღაც ოთხწლიანი წყვეტა მქონდა, თუმცა შემდეგ უკვე იურისტის რანგში დავუბრუნდი ამ საქმეს.   ის, რომ საზოგადოება ამ მხრივ არ მიცნობს,  ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემს შრომის წიგნაკში ბევრი სამსახური იყო,  ტაქსის მძღოლი არ ვყოფილვარ,  პარიკმახერი და მექისე – სხვა არაფერი „დამიკლია“ (იცინის).  დიპლომი ინჟინერ-მექანიკოსისაც მაქვს და ამ მიმართულებითაც მაქვს  ნამუშევარი. 1981 წელს,  პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, როცა ზაფხულში მესამე  შრომით სემესტრში მოვხვდი მურმანსკის ოლქში. მანამდეც სპორტულად ვცხოვრობდი – კალათბურთს ვთამაშობდი. მურმანსკში  ჩემი სპორტული „მიმართულება” შეიცვალა, – ჩვენი გუნდი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტისა და „გეპეის” სტუდენტებისგან იყო შემდგარი, იქ  კალათბურთის ჩემპიონატში ფინალამდე გავიდა. მახსოვს, მითხრეს, კალათბურთის ნაცვლად, რაგბიში ხომ არ სცდიდი ძალებსო. რატომაც არა-მეთქი და, თბილისში დაბრუნებული, სამედიცინო ინსტიტუტის ახალ გუნდში, ჩემნაირ დებიუტანტებთან მოვხვდი.
– ამ საქმემ, ისე ჩაგითრიათ, სანამ მოედანზე, როგორც იტყვიან, ცხვირ-პირის მტვრევა არ დაიწყო?
–  ცხვირ-პირის მტვრევა არ იყო პრობლემა, პირველი რეაქციები იყო  მძიმე: მოედანზე გამოვდიოდი  ჩემსავით დაბნეულ, გამოუცდელ ახალგაზრდებთან ერთად, უაზროდ დავრბოდით ზემოთ-ქვემოთ, ვინ ვის ეჯახებოდა, არც წესი ვიცოდით ხეირიანად, არც რიგი. სულ სხვა დატვირთვა იყო და სხვა სპეციფიკა,  მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე. რამდენიმე კაცმა გადავწყვიტეთ, დაგვემტკიცებინა, რომ  შეგვეძლო  რაგბის თამაში და მერე ჩვენი გზა მოგვეძებნა. როგორც კი ამის დამტკიცება შევძელით, თავიც ვეღარ დავანებეთ – ისე ჩაგვითრია,  დავრჩით და დავრჩით. რაგბი მაშინაც არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აქტიური საადვოკატო პრაქტიკა მქონდა. იმ პერიოდშიც  ყველანაირად გვერდში ვედექი  რაგბის:  ვთანამშრომლობდი და ვმეგობრობდი რაგბის კავშირთან, გავაკეთეთ რაგბის მხარდამჭერთა ლიგა, გამოვეცით ჟურნალი.  
– აღმოჩნდა, რომ ქართულ სპორტს, მძიმე კულისები აქვს, პოლიტიკის ჩართვის გარეშე არც აქ გამოდის არაფერი – აგერ, ბატონო, გახდით პრეზიდენტი და უკვე ითქვა: ქართულ რაგბიში სააკაშვილი დაბრუნდაო.  
– უფრო მძიმე ვერსიებიც მოვისმინე. ეს იმან იდარდოს, ერთი ნავიდან მეორე ნავში რომ ხტებოდა. მე არცერთ ნავში არ ვმჯდარვარ,  ჩემი ნავი მქონდა, ჩემი საქმე, რომელიც მძიმე წლებშიც კი არ მიმიტოვებია (იცინის). ახლა რომ დაიწყეს,  საიდან გამოჩნდა ეს კაცი, ვინ არის, რა უნდაო – ყველას ჰგონია, რომ უცებ,   საიდანღაც ჩამოვფრინდი. 12 წელი ვიყავი რაგბის კავშირის  გამგეობის თავმჯდომარე და, არ მესმის, ამის შემდეგ ჩემი აქ მოსვლა ვინმეს რომ უკვირს.   პრობლემა სხვა რამ არის, რაც, რეალურად, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა:   მახინჯმა პოლიტიკურმა სიტუაციებმა და ჩაკეტილმა წრემ შექმნა ეგრეთ წოდებული ვითომ ელიტური ბომონდი, რომელიც მუდმივად უნდა იყოს და არ გამოვიდეს მედიის ყურადღების ცენტრიდან.  იცით, ირგვლივ რამდენი საინტერესო ადამიანია, საინტერესო წარსულით, ბიოგრაფიითა და ამბიციებით?! ჩვენ ხომ ასე გვჩვევია: სანამ საქმეს გავაკეთებთ, მანამდე უნდა ვიყვიროთ: „მე ვარ, მე ვარ!”.  მთელი  ცხოვრება   ისე გავატარე, არასდროს გამიკეთებია იმის აფიშირება, რასაც ვაკეთებდი.  მაშინაც კი, როცა  როგორც  ადვოკატი, გახმაურებულ საქმეებზე ვმუშაობდი, საზოგადოების წინაშე ვჩნდებოდი მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ თვითრეკლამა მეკეთებინა. ყოველთვის ვცდილობდი, არ შევსულიყავი ამ წრეზე და ასე გავაგრძელებ ახლაც. 21 წელია, ადვოკატი ვარ და, ვერავინ დამისახელებს პერიოდს, როცა მე რაიმე ფორმით ვიყავი გარეული პოლიტიკაში – არასდროს! სწორედ ის მიმაჩნია ჩემს დამსახურებად, რომ ყველანიარ ცდუნებას, სატყუარას გავუძელი და არ გავხდი პოლიტიკური პროცესების მონაწილე. არ დაგიმალავთ, რომ ამ წლებში მქონდა შემოთავაზებები, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, კარს მიმტვრევდნენ-მეთქი. მე ვიპოვე „გამოსავალი” – თემატურად ვთანამშრომლობდი ყველასთან, თუმცა  იმის იქით პოლიტიკოსებთან საერთო არაფერი მქონდა.
– თუმცა, თქვენ  დღემდე ხართ  წინა ხელისუფლების ყველაზე სკანდალური სახის –  ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი.
– ის რატომ გავიწყდებათ, რომ წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ადამიანებს ვიცავდი? მაგალითად, ზურაბ ჭანკოტაძეს? მისი საქმე სტრასბურგში, მისი  გარდაცვალების შემდეგაც კი, დღემდე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს სახელმწიფოს. რაც შეეხება ზურაბ  ადეიშვილს, მე მას ახლოს არ ვიცნობდი, მასთან არათუ მეგობრული, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, არანაირი ურთიერთობა  არ მქონია. როდესაც მისმა წარმომადგენელმა მისი ინტერესების დაცვა შემომთავაზა და მე მას დავუსვი შეკითხვები, მისგანაც  იყო წინადადება, რაც ჩემთვის იყო მთავარი, რომ  მას  სჭირდებოდა  სამართალმცოდნე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადვოკატი. როგორ შეიძლება, ადვოკატმა შეასრულოს თავისი პროფესიონალური  ფუნქცია,  თუ ის პოლიტიკური ნიშნით დაიწყებს იმის გარჩევას, ვის იცავს?!  სხვათა შორის, ამას წინათ ფორუმზე დაიდო ჩემი ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასაწყისში ნათქვამი ფრაზა, რომ, თუ დაჭირდებოდა ჩემი, როგორც ადვოკატის დაცვა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც პროფესიონალი, არც ამაზე ვიტყოდი უარს; ასე რომ, ახდა ჩემი წინასწარმეტყევლება (იცინის).
– ახლა რაგბის გამო საყვარელ საქმესთან  შელევა მოგიწევთ?
– რაგბის კავშირში იმდენი დროის დახარჯვა  მომიწევს, ჩემი საქმისთვის ვეღარ მოვიცლი. ჩემი ფირმა განაგრძობს მუშაობას, ინტერესთა კვეთა არ მექნება და, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ამ „ფრონტზე” – რაგბიში გადავინაცვლე, თუმცა, დიდი „გადანაცვლება” არც დამჭირვებია.  იმის ძახილს არ დავიწყებდი, აქ ვარ-მეთქი!  სიმართლე გითხრათ, დეკემბერში ჩემს მიზნებში არ შედიოდა კავშირის  პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. ეს მოხდა უცებ, როცა გია ნიჟარაძემ მოხსნა თავისი კანდიდატურა. მე მასთან დიდი ხნის, ახლო ურთიერთობები მაკავშირებს.
– გია ნიჟარაძე, ფარული ჩანაწერების წყალობით, სკანდალს მაინც ვერ გადაურჩა. როგორც ადვოკატს, მეგობრის დაცვა ხომ არ მოგიწევთ?
– მე არ ვფიქრობ, რომ მას დაცვა  სჭირდება. სიმართლე გითხრათ, მის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები ვერ მოვისმინე. ამ გუნდმა კარგად იცის, რამდენი გააკეთა გია ნიჟარაძემ  რაგბის განვითარებისთვის. დაინიშნება აუდიტი,  დაიდება დასკვნა და ამ ყველაფერზე მერე ვილაპარაკოთ. მე  ვაპირებ, მუდმივად ასეთი  ეჭვები რომ არ იყოს,  ყოველკვარტალური ანგარიშები გაკეთდეს; საზოგადოებას ვთავაზობ, რომ ხშირად „მომაყოლონ” რევიზიებში, ოღონდ, ჩვენი კარი ღია იქნება და ღია კარის მტვრევას ნურავინ დაიწყებს, შუშებს კარგად გავწმენდ და ყველაფერი უკეთ გამოჩნდება (იცინის).  
– ღირდა ამ ყველაფრად  ეს პოსტი?
– დიახ, როგორ არ „ღირდა”. რაღაც-რაღაცეების პრეზიდენტი მეც ვყოფილვარ, ასე რომ, პრეზიდენტობა არ იყო აქ  მთავარი. რაგბი ჩემთვის დიდი ფასეულობაა, ახლა ამ საქმის წარმატებაა მთავარი; წარმატება კი, პირველ ყოვლისა,  შედეგია. აქამდე ჩვენი საზოგადოების წარმატებებში პატარა აგურები მეც მაქვს დადებული და, თუ ამ საქმეშიც შევიტან ჩემს წვლილს, ამაზე დიდი წარმატება რა იქნება. ვიცი,  ამას ბევრი შრომა დასჭირდება.   
– როგორია თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
–  კადრს მიღმა ჩვეულებრივი, რიგითი  ობივატელის  ცხოვრება მაქვს: ხან ვეცემი, ხან – ვდგები; დაცემას ვებრძვი ადგომით, სხვა მხრივ მშვიდი ცხოვრებაა – მეგობრები,  ოჯახი, ორი შვილი, რომლებიც ცოტა ირონიით უყურებენ ჩემს ახალ პოსტს.  მომწონს ეს თაობა – ნაკლებად აწუხებთ, მამა კავშირის პრეზიდენტი იქნება თუ – არა, სხვა ღირებულებებით ცხოვრობენ.  ვერ ვიტყვი, რომ ამ სიახლით ძალიან ბედნიერია ჩემი  მეუღლე. პირველი სამი დღე საერთოდ შოკში იყო და არ ლაპარაკობდა. როდესაც გუნდში  ჩემზე შეჩერდა არჩევანი, ჩემი მეუღლე ძალიან დადარდიანდა. ცუდად არის ჩვენი საქმე-მეთქი, ვეხუმრე – იცის, რომ ახლა  ფირმის მთელი საქმე მასზე გადავა, თუმცა, უკვე ორი წელია, ჩვენთან მუშაობს. პროფესიით ისიც იურისტია და, იმედი მაქვს, ყველაფერს გაართმევს თავს. ბევრი  სამსახური გამოიცვალა და, ეტყობა, მისი გზაც  აქამდე მოდიოდა – ცხოვრებაში ზოგადად ასეა: ლოგიკურად  ლაგდება ყველაფერი.

скачать dle 11.3