კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენილა სალომე შარვაძე და რაზე ნერვიულობდა ის მოტაცებისას

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. ახალ სეზონს მაყურებელი მარტში იხილავს. მანამდე კი, სერიალის ერთ-ერთი მუდმივი პერსონაჟის, ქეთის როლის შემსრულებელ სალომე შარვაძეს ვესაუბრეთ, რომლის გმირმაც ბოლო სერიაში შესამჩნევი ცვლილებები განიცადა.

 – სალომე, ბოლო სერიაში შენი პერსონაჟი ცოტა შეიცვალა. პირველად შეეწინააღმდეგა ქმარს და პირვლად ჰქონდა კოცნის სცენა.
– ჰო, მის ხასიათში ცვლილება მოხდა. კოცნის სცენა არც ამ სერიალში და არც სხვაგან, აქამდე არ მქონია. როცა ცოლ-ქმარს თამაშობ, არაბუნებრივია, რომ მსგავსი რამეები არ ხდებოდეს, მაგრამ ქეთი და ზაზა ისეთი პერსონაჟები არიან, მსგავსი სცენის საჭიროება აქამდე არ ყოფილა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭირო გახდა, მაგრამ გიორგი ლიფონავა ამ ყველაფერს ყოველთვის ისე აკეთებს, რომ გამაღიზიანებელი არ იყოს და მგონი, არც ჩემს შემთხვევაში ყოფილა ასე. არ ვიცი, სხვა მსახიობები როგორ ფიქრობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი სცენები საკმაოდ რთულია. თუმცა, ისეთი სცენაც არ მქონია, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკი ან ფიქრი ღირდეს.
– მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ერთად ვუყურეთ სერიალს, მაგრამ ამაზე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია. მეუღლეს წინასწარ ვუთხარი, რომ მსგავსი სცენის თამაში მომიწევდა, რადგან ჩემგან ამას მიჩვეული არაა. არიან მსახიობები, რომლებსაც ხშირად უწევთ მსგავს სცენებში თამაში და ეს მათი მეუღლეებისთვისაც ძალიან ჩვეულებრივია.
– მეუღლე რა სფეროში საქმიანობს?
– პროფესიით იურისტია, მაგრამ ახლა სხვა, თავის საქმითაა დაკავებული. ძალიან კარგი ადამიანია და ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ. უპირველესად, მეგობრები ვართ და ჩვენი ერთად ცხოვრება ძალიან კომფორტულია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ დაკავებული ვარ და ყველაფერში ხელს მიწყობს. ზოგჯერ გადაღებები დილამდე გრძელდება და ამ დროს ბავშვთან ისაა. ალბათ, ამიტომაცაა მასთან ცხოვრება ასეთი კარგი. უკვე რვა წელია, ერთად ვართ და ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.
– თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. 20-21 წლის ვიყავი და იმ დროს ოჯახის შექმნას საერთოდ არ ვგეგმავდი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა და სულ რაღაც რვა თვეში დავქორწინდით. ამ დროის განმავლობაში, ალბათ, სულ ორი თვე ველაპარაკებოდით ერთმანეთს, დანარჩენ დროს სულ ვჩხუბობდით (იცინის). მაგრამ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ხვდები – ეს ზუსტად ის ადამიანია, რომელიც გინდა მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეს.
– მაშინ შენ უკვე პოპულარული გოგო იყავი.
– კი. სერიალებში 18 წლიდან გამოვჩნდი. ყველა მცნობდა და ბევრი „პაკლოვნიკიც“ მყავდა (იცინის). მაგრამ, როცა ნახავ ადამიანს, რომელიც ყველაზე კარგია და ხვდები, მასთან ერთად ცხოვრება გინდა,  ადვილად იღებ გადაწყვეტილებას. თუმცა, სანამ რამეს გადავწყვეტდი, სამი თვე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ასე რომ, ერთ დღეში არ გავთხოვილვარ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ უკვე რვა წელია, ერთად ვართ და არცერთხელ ისეთი კონფლიქტი არ გვქონია, ის წასულიყო, ან – მე. ჩვენს ურთიერთობაში თავიდანვე ძალიან ბევრი დამთხვევა იყო. ჩვენი გემოვნება იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს მაგიჟებდა კიდევაც (იცინის). ერთმანეთი რომ გავიცანით, ტელეფონზეც კი ორივეს ერთნაირი ზარი გვეყენა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ისიც იქ მხვდებოდა. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად მოდიოდა, უბრალოდ, ასე ემთხვეოდა. სანამ ცოლად გაყოლას გადავწყვეტდი, მანამდე მომიტაცა. ვუთხარი, ერთმანეთს ვერ ვუგებთ და დავიშალოთ-მეთქი. გნახავ და დავილაპარაკოთო. შევხვდი და მითხრა: მცხეთაში რაღაც საქმე მაქვს, წავიდეთ და თან, გზაში ვილაპარაკოთო. დავთანხმდი. გზებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ იმდენხანს მივდიოდით, მივხვდი, რომ მცხეთაზე ცოტა შორს უნდა ვყოფილიყავით. მოტაცებამ კი გამიელვა თავში, მაგრამ ხომ არ ვკითხავდი, თან ვიცი, ისეთი ტიპი არაა, რომ ეს გაეკეთებინა. ჩემზე ბევრად დიდი და სერიოზულია. მოკლედ, ვერ ვკითხე, ხომ არ მიტაცებ-მეთქი (იცინის). გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ, აბრაზე ზესტაფონია გადახაზული. როცა დავრწმუნდი, რომ მიტაცებდი, ვუთხარი: თუ მართლა პატივს მცემ და გიყვარვარ, მოაბრუნე მანქანა და უკან  წავიდეთ-მეთქი. მთელ მის სამეგობროს სცოდნია, რომ ცოლი მოჰყავდა და ბათუმში ელოდნენ, მაგრამ რომ ვთხოვე, მომაბრუნა და სახლში წამომიყვანა. მისი საქციელი დავაფასე. ზოგი ამას არ გააკეთებდა და იმაზე იფიქრებდა, ამდენმა ხალხმა იცის, რომ ცოლი მომყავს და თავს ხომ არ შევირცხვენო. თუმცა, ის პატიოსნად მოიქცა – შენ თუ ასე გინდა, კარგიო და უკან წამოვედით. თან, სულ გალურჯებული ვიყავი და რაც ყველაზე სასაცილოა, მიტაცებდნენ და ამ დროს იმაზე ვნერვიულობდი, ხვალ ახალ სერიალში პირველი გადაღებები მაქვს და რომ ვერ მივიდე, ლიფონავას რა ვუთხრა-მეთქი (იცინის). ამ ამბიდან სამი თვის განმავლობაში არ ველაპარაკებოდი, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თვითონ დავურეკე. მერე ყველაფერი ტრადიციულად გავაკეთეთ – ნიშნობაც გვქონდა და ქორწილიც.
– თქვენი შვილი უკვე 7 წლისაა, როგორი გოგონაა?
– ვაიმე, ძალიან პრანჭიაა. გარეთ პომადის გარეშე არ გადის (იცინის). მართა კეთილი, საყვარელი და ბავშვურია. ძალიან უყვარს კითხვა, რაც უზომოდ მიხარია. სათამაშოები დიდად არც არასდროს მოსწონდა. არც ის მომენტი აქვს – ვაიმე, დედაჩემი ესა და ესაა. ყველაფერს ჩვეულებრივად აღიქვამს.
– სკოლაში მაინც არ ამაყობს დედით?
– როცა სკოლაში ერთად მივდივართ, ყოველთვის ვაგვიანებთ, რადგან ბავშვები განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ თვითონ მართა არ უსვამს ხაზს – აი, დედაჩემი ვინააო. მაგრამ ადრე იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ჩემს საჩვენებლად სახლში ბავშვები მოჰყავდა (იცინის). წარმოიდგინე, სახლში რომ ხარ „პოლის ჯოხითა“ და აწეწილი თმით, სახლს ალაგებ, კარს გააღებ და იქ მთელი უბნის ბავშვები დგანან (იცინის). არ დაიჯერეს, დედაჩემი რომ ხარ და ამიტომ წამოვიყვანე – აი, ნახეთ, თუ ის არააო და ჩემს თავს აჩვენებდა (იცინის).
– მომავალ პროფესიაზე არაფერი უთქვამს?
– რას ჰქვია, არ უთქვამს?! კაბებს ხატავს და აწერს: ფასი – 50 000 ევრო, 10 000 ევრო (იცინის). კოლექციას აკეთებს და პაემნისა და სინაზის კაბა უკვე შექმნილი აქვს. იტალიურ სკოლაში დადის და გადაწყვეტილი აქვს, მილანში წავიდეს და კაბების დიზაინი ისწავლოს. სახლებიც უნდა გავალამაზოო.  
– როგორც ვიცი, ხშირად ვარდები უხერხულ და სახალისო სიტუაციაში. შეგიძლია, რამდენიმე მათგანი გაიხსენო?
– გამორიცხულია, რაიმე არ დამემართოს, როცა რაღაცისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. ერთხელ ქორწილში მივდიოდი. თეთრი, ულამაზესი კაბა უნდა ჩამეცვა, რომელიც ქიმწმენდიდან გამოვიტანე და მანქანიდან გადმოვედი თუ არა, მაშინვე ტალახში ჩამივარდა. ჩემი ქორწილის დღეს ჯვრისწერაზე დაგვაგვიანდა. სამწუხაროდ, პატრიარქი გველოდა, უნდა დაველოცეთ, მაგრამ ვეღარ მივასწარით. მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებამდე დაწინდვა გვინდოდა, რაც ეკლესიურ ნიშნობას ნიშნავს. თუმცა, მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ სრულდებოდა ეს რიტუალი და ეკლესიაში მხოლოდ ჩვენ მივედით. თან, მამა აკაკისთან, რომელიც, მგონი, ყველაზე მკაცრი მამაოა. გაგიჟდა კაცი, მეჯვარეები სად არიანო და უკან გამოგვიშვა (იცინის). წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ მეჯვარეებიც იყო საჭირო, თუმცა, მერე არმია გვყავდა (იცინის). ერთხელ, მარტო მე და მართა ვიყავით ბათუმში და სანაპიროზე ბავშვი დავკარგე. მაშინ ხუთი წლის იყო. საშინელი ამბავი ავტეხე: ვაიმე, ბავშვი დაიხრჩო-მეთქი და გამწარებულები ვეძებდით. აღმოჩნდა, რომ ვიღაც გოგოსთან მისულა და უთქვამს, დედამ ცურვა არ იცის და წყალში ჩამიყვანეო. ჰოდა, ის გოგო აცურავებდა. იმდენი ვინერვიულე, იქიდან ორი კილო ჩამოვედი.

скачать dle 11.3