კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ცნობილი ქართველი მძარცველი, მეტსახელად „მაიორი“, რომელმაც გალინა ბრეჟნევა გაძარცვა

ბურჟუაზიის ბორკილები
მოსკოვის ელიტური კამპანია, ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის უზარმაზარ ბინაში იყო შეკრებილი. მდიდრული სუფრა გაეშალათ და ისე გნიასობდნენ, ლამის სქელი კედლები ზანზარებდნენ. ვლადიმირ ვისოცკის მთელ ხმაზე აწეული სიმღერები კი ქუჩის ბოლოშიც ისმოდა ფართოდ გამოღებული ფანჯრებიდან. უკვე ბინდდებოდა, როდესაც მოსამსახურე გოგონამ კარზე ზარის ხმას მოჰკრა ყური. გააღო და ზღურბლზე მილიციის ფორმაში გამოწყობილი ოთხი მამაკაცი დაინახა. ერთ-ერთმა მილიციელმა, რომელსაც მხრებზე მაიორის სამხრეები ჰქონდა, მოახლეს ჰკითხა:
– ეს, თუ არ ვცდები, ვიქტორ ბოგდანოვის ბინა უნდა იყოს.
– არ ცდებით, – მოკლედ მოუჭრა მოახლე გოგონამ მაიორს.
– შეიძლება, შემოვიდეთ? – იკითხა მაიორმა.
– რატომ, რაშია საქმე?
– ვიქტორ ვასილიევიჩს უბედურება შეემთხვა და მის ვაჟს ვიქტორ ვიქტოროვიჩს უნდა შევატყობინოთ ამის შესახებ, – ლამის ჩურჩულით აუწყა მაიორმა თავზარდაცემულ გოგონას, რომელმაც მასიური მუხის კარს ფოლადის ჯაჭვი მოხსნა და მილიციელები ბინაში შეუშვა. თვითონ კი  თვალები აუცრემლდა.
ბოგდანოვ-უფროსი ცნობილი საბჭოთა მეცნიერი იყო და იმ დღეს აგარაკზე იმყოფებოდა. მისი ერთადერთი ვაჟი კი – ბოგდანოვ-უმცროსი, თავის ელიტურ მეგობრებთან ერთად, მორიგ ხმაურიან წვეულებას მართავდა.
როგორც კი კარი მიიხურა, მილიციელებმა პისტოლეტები ამოაცურეს და მოახლეს უბრძანეს, კრინტი არ დაეძრა. შემდეგ უზარმაზარ სასტუმრო ოთახში შევიდნენ. ერთ-ერთმა მილიციელმა მაგნიტოფონი გამორთო. მაიორის სამხეებიანმა კი შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართა:
– სმენა იყოს და გაგონება. აბა, ბობოლა მშობლების მიერ განებივრებულო ახვრებო, გათავისუფლდით ბურჟუაზიის ბორკილებისგან და მაგიდაზე დააგროვეთ თქვენი ძვირფასი სამკაულები და ფული. ცოცხლად, ცოცხლად, თორემ ადგილზევე გაგათავეთ.
ოცივე მოქეიფემ სასწრაფოდ შეასრულა მძარცველის ბრძანება და მაგიდაზე ძვირფასეულობის გროვა დადგა, რომელიც ერთ-ერთმა მძარცველმა ტყავის ტომარაში ჩაყარა. ფული კი მეორე ტომარაში განათავსა. მხოლოდ ერთი მოქეიფე, შეზარხოშებული ქალი არ დაემორჩილა მძარცველებს. მან „მარლბორო“ გააბოლა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მძარცველებს უხეშად უთხრა:
– სირებო! იცით, სად მოხვედით და რას სჩადიხართ?
– ენა დაიმოკლე, შე ძუკნავ, თორემ ტვინს გაგასხმევინებ, – შეუღრინა ქალს მაიორისსამხრეებიანმა, ქალმა კი არ დაუთმო:
– კრეტინო, მე გალინა ბრეჟნევა ვარ, ლეონიდ ილიჩის ქალიშვილი!
ქალის სიტყვების მიუხედავად, გალინა ბრეჟნევაც „გაასუფთავეს ბურჟუაზიის ბორკილებისგან“ და მისმა უნიკალურმა სამკაულებმაც შავ ტომარაში გადაინაცვლა.  ამის შემდეგ მილიციის ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა სასწრაფოდ დატოვეს პროფესორ ბოგდანოვის ბინა, რომელიც სულ რაღაც ასიოდე მეტრის დაშორებით მდებარეობდა ლეონიდ ბრეჟნევის საცხოვრებელი სახლიდან და რომელსაც გაძლიერებულად იცავდნენ.

მეტსახელად „მაიორი“
ბოგდანოვის ბინაში, კუტუზოვის გამზირზე მომხდარი ძარცვა 1974 წლის 31 მაისს განხორციელდა და ამ შემთხვევამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „კაგებეს“ თოთხმეტი პასუხისმგებელი პირი შეიწირა. მათ შორის იყო ხუთი გენერალი. მთელი მოსკოვი – „კაგებე“ და მილიცია ფეხზე დადგა და ყოველ კუთხე-კუნჭულში ეძებდნენ მილიციისფორმიან მძარცველებს. მათ 796 ათასი მანეთის ღირებულების სამკაულები, 53 ათასი ნაღდი ფული გაიტაცეს და უკვალოდ გაქრნენ. იმავე საღამოს ჩატარებული, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მაიორისსამხრეებიანი მძარცველი, ორგზის ნასამართლევი, ორი თვის წინ ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული ბოროტმოქმედი, 34 წლის შალვა ამირანის ძე ჭაბუკიანი, მეტსახელად „მაიორი“ იყო. დანარჩენი სამი მძარცველის ვინაობის დადგენა ასე სწრაფად ვერ მოხერხდა. თუმცა, მილიციას მათი ფოტორობოტები ჰქონდა და ამის მიხედვით ეძებდნენ.
„მაიორის“ მამა – ამირან ჭაბუკიანი ცნობილი სამხედრო ექიმი გახლდათ. მას მთელ მოსკოვში კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. თუმცა, ის ცრუ დასმენის გამო 1949 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც ჭლექით გარდაიცვალა. ქმრის დარდს გადაჰყვა შალვას დედაც და 1950 წელს ათი წლის პატარა შალვა დაობლდა. ბავშვი ინტერნატში გაამწესეს და 1954 წელს სწორედ იქ მიუვიდა მამის რეაბილიტაციის ცნობა. 1955 წელს კი, 15 წლის შალვამ მკვლელობა ჩაიდინა და თავში რკინის ჯოხის ჩარტყმით მოკლა ის ცრუ დამსმენი, ვინც მისი ოჯახი გაანადგურა. მცირეწლოვან ყმაწვილს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის მერე მცირეწლოვანთა კოლონიიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. მიუხედავად ამისა, შალვა ბოროტმოქმედების გზას დაადგა და მძარცველი გახდა. შავ სამყაროში კი ავტორიტეტი მოიპოვა და მათ წრეებში ერთ-ერთ წონიან ფიგურად იქცა. „მაიორი“ ძალიან რისკიანი იყო და კოლონიიდან გაქცევისას ექვსი მავთულხლართიანი წინაღობა გადალახა, რომლებშიც მაღალი ძაბვის დენი გადიოდა. შემდეგ ტაიგაში ორმოცი კილომეტრი ფეხით მშიერ-მწყურვალმა გაიარა და მოსკოვში დაბრუნდა. იქ კი მორიგი რისკიანი საქმე ჩაიფიქრა და წარმატებითაც განახორციელა.
„მაიორის“ ძებნის გამო, მოსკოველმა ძალოვნებმა ლამის მთელი მოსკოვური შავი სამყარო დააპატიმრეს. მართალია მერე, თითქმის ყველა გამოუშვეს, მაგრამ, შალვა ჭაბუკიანს უკვე კოლეგებიც განუდგნენ და დასჯით ემუქრებოდნენ. ამგვარად, „მაიორი“ ორ ცეცხლშუა მოექცა და გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა.
1974 წლის 3 ივლისს, ანუ ბოგდანოვის ბინაში განხორციელებული ძარცვიდან 34-ე დღეს, „მაიორი“ მილიციამ „მცირე არბატზე“ მდებარე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში, ერთი გასროლის გარეშე აიყვანა. იქვე, ამოიღეს ყველა ნაძარცვი ძვირფასეულობა და 52 ათასი მანეთიც. ანუ, მას და მის მეგობრებს მხოლოდ ათასი მანეთი ჰქონდათ დახარჯული. იქვე აიყვანეს დანარჩენებიც და როგორც შემდეგ გაირკვა, მძარცველთა ოთხეული ერთმა ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დააბეზღა მილიციაში.
სასამართლომ შალვას თანამზრახველებს 6-6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ციხეში გაამწესეს. „მაიორს“ კი 15 წელი დაუმატეს და სოლიკამსკის ცნობილ „ბელი ლებედში“ მოათავსეს, რათა სიცოცხლე იქ დაესრულებინა. თუმცა, 1976 წელს „მაიორს“ ყველა ბრალდება მოუხსნეს, ციხიდან გაათავისუფლეს და ის მოსკოვში დაბრუნდა, რაც წარმოუდგენელი ჩანდა, რომ არა ერთი რამ... „მაიორი“ გალინა ბრეჟნევას მოსწონებია. სწორედ მას უხლაფორთია ჭაბუკიანის ციხიდან გათავისუფლებისთვის. სამოცდაათიანი წლების მიწურულსა და ოთხმოციანების დასაწყისში „მაიორს“ ხშირად ხედავდნენ გალიას გვერდით.
მაიორი“ 1983 წელს გაურკვეველ ვითარებაში, მოსკოვში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3