კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეში ჩააგდო ადარნასე მეფემ ქვეყანა ცოლთან გაყრით და რა მისწერა გრიგოლ ხანძთელმა გარდაცვლილ მონაზვნებს

აშოტ კურაპალატს სამი ვაჟი დარჩა – ადარნასე (ადარნერსე), ბაგრატი და გუარამი (გვარამი). ადარნასე აშოტ პირველის უფროსი ვაჟი გახლდათ. თუმცა, სახელმწიფოს ძმები ერთად მართავდნენ. შემდეგში, უმთავრესობა მის მომდევნო ძმას, ბაგრატ პირველს მიუღია, რომელსაც ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალატის ტიტული მიანიჭა. ძმებს შორის დიდი სიყვარული იყო, ყოფილან ისინი „ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება“, და ალბათ, ეს ყველაფერი მოხდა, უფროს ძმასთან შეთანხმებით. უფრო თუ დავაზუსტებთ, სამივე ძმის შეთანხმებით, რადგან მათი უმცროსი ძმა, გუარამიც ხელმწიფე გამხდარა და მამფალის ტიტულს ატარებდა. მამფალის ტიტულიც იმავე პრინციპითაა ნაწარმოები, როგორც დედოფალი (დედა უფალი - დედოფალი, მამა უფალი - მამფალი). ანუ, მამფალი თითქმის იმავეს ნიშნავს, რასაც მეფე. ამგვარად, სამივე ძმა იწოდებოდნენ ხელმწიფედ, ასეთი ტიტული კი მეფეებს და მეფის მსგავსი ძალაუფლების მთავრებს, სუზერენებს ჰქონდათ მაშინ. ანუ, ისინი – ხელმწიფენი ერთად მეფობდნენ.
ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ძმები უხვად ეხმარებოდნენ გრიგოლ ხანძთელს მონასტრების მშენებლობაში. უდაბნოს ვარსკვლავს მოუნათლავს ადარნასეს ძე გურგენი და ბაგრატის ძე დავითი.
ადარნასე ხელმწიფეს მამაზე ნაკლები თავგადასავალი არ ჰქონია სიყვარულში. მას ჰყავდა საყვარელი და მისი მოთხოვნით თავის კანონიერ ცოლს გაშორდა. მისი მეუღლე იყო ბაგრატ შაროელის ასული, რომელიც ადარნასემ გაუშვა უკან, ოჯახში, აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში). ბაგრატ შაროელი ყოფილა „ხელმწიფე“. ანუ  ბაგრატ შაროელი აფხაზეთის მაშინდელი ერთ-ერთი ხელმწიფე ყოფილა, ანუ ერთ-ერთი დიდებული მთავარი.
ადარნასეს მეუღლე ძლიერი ოჯახიდან იყო, ამიტომ შეიძლება, მომხდარიყო დაპირისპირება ოჯახებსა და სამთავროებს შორის.  თუ იმ დროს პოლიტიკური ქორწინება მტრობის შეწყვეტის, დაზავებისა და შეთანხმების, მშვიდობის გამო ხდებოდა, ოჯახის შეურაცხყოფა შეიძლება გამხდარიყო მტრობის დაწყების საფუძველი, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების დაწყების მიზეზი.
გრიგოლ ხანძთელი არ იყო მხოლოდ სასულიერო პირი, ბერი, მღვდელი და არქინამდრიტი. ის გახლდათ მთელი ქვეყნის გულშემატკივარი, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უდიდესი მოღვაწე. მან კარგად იცოდა, რომ მეფის თუ მთავრის მოქმედებაზე დამოკიდებული იყო ბევრი რამ. იცოდა ქართული ეკლესიის ვარსკვლავმა, რომ მთავრის ქმედება გადამდები შეიძლება, გამხდარიყო ქვეშევრდომებისთვისაც. ის არა მარტო სულზე ზრუნავდა, არამედ ქვეყანაზეც, საზოგადოებაზეც. ამიტომ, როგორც კი  შეიტყო ადარნასეს სიყვარულის შესახებ, თავისი მოვალეობისამებრ, მრავალგზის ამხილა ხელმწიფე, როგორც ადრე მამამისი, დიდი აშოტ პირველი კურაპალატი. თუმცა, ადარნასეზე არაფერმა გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ახსოვდა მამამისის უიღბლო სიყვარულის ამბავი. ბოლოს მან სხვა ცოლი მოიყვანა.
მაშინ ქართული ეკლესიის მნათობმა, გრიგოლ ხანძთელმა უწინასწარმეტყველა ადარნასეს.
„ვინაიდან არ ისმინე ჩემი, ღვთის გლახაკის სიტყვა, მძიმე დაავადება შეგეყრება, და შენი ძეები, რომლებიც გყავს, ისინიც დაავადდებიან, იგვემებიან ეშმაკისგან. ვერ განიკურნებით, ვერც შენ და ვერც შენი შვილები, სანამ უსამართლოდ გაძევებული ქალი არ შეგინდობს. თუ გარდაცვლილი იქნება, მის საფლავზე უნდა მიიღონ შენდობა შენმა შვილებმა. ხოლო ის მეძავი, ვინც დაგიყოლია ასეთ საქმეზე, პასუხს აგებს და ქრისტე მას დასჯის მისი უკეთურებისთვისო“.
ადარნასე ბაგრატიონს ძალიან შეეშინდა და ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს შენდობის თხოვნით. მამა გრიგოლმა წამოაყენა და უთხრა: „ქრისტემ შეგინდოს. მაგრამ, ეს იცოდე, ჩემი ნათქვამი აღესრულება თავის დროს, რათა ყველამ გულისხმა ჰყოს, რა ელის ურჩობის გამო“.
მართლაც, რამდენიმე დღეში ადარნასეს სახსრების დაავადება დაემართა, ნიკრისის ქარს რომ უწოდებენ და ტკივილებისაგან მწარედ იტანჯებოდა. გაახსენდა მამა გრიგოლის ნათქვამი და შეშინებულმა სასწრაფოდ გააგზავნა თავისი მსახური, სახელად კუპრა, ყოფილ მეუღლესთან, შენდობის სათხოვნელად.
ადარნასეს გაგზავნილი კუპრა მივიდა და ნახა თავისი ყოფილი დედოფალი მონაზვნად აღკვეცილიყო. ეცვა უბრალო მონაზვნის ჩოხა, ზემოდან სქემით იყო მოსილი, ზურგზე ბლომად შეშა ჰქონდა მოკიდებული და მიჰქონდა. სახელად ბევრელი უწოდებიათ თავიდან, მერე კი – ანასტასია. შემდეგში მის საფლავზე თურმე ადამიანები იკურნებოდნენ.
იცნო ადარნასეს წარგზავნილმა ყოფილი დედოფალი, ჩაუვარდა ფეხებში და შენდობა სთხოვა თავისი ხელმწიფოს მაგიერ:
„ქრისტეს ნების მყოფელო, გევედრები, შეიწყალე ღვთისგან სამართლიანად დასჯილი ჩემი ხელმწიფე შენი მადლით და ნუ წყევლი, არამედ შეუნდე ცოდვები“.
დედოფალყოფილმა უპასუხა:
„გეფიცები ქრისტეს, არასდროს ამოსულა ჩემი პირიდან წყევლა და არც მას ვწყევლი. ქრისტემ შეუნდოს ყოველი ცოდვა და განკურნოს სულითა და ხორცთ“.
როცა კუპრა დაბრუნდა თავის ბატონთან, ადარნასე განკურნებული დახვდა. გამოჯანმრთელებულიყო ზუსტად იმ დღეს,  როცა მსახურმა ყოფილი დედოფალი იხილა.
რამდენიმე წელიწადში ადარანასეს ძეები – გურგენი (რომელიც შემდგომში კურაპალატი გახდა) და სუმბატი დაავადნენ და ძალიან იტანჯებოდნენ. ადარნასემ გააგზავნა ისინი ფერსათში. ალბათ, აქ იგულისხმება უფრო იმერეთის სოფელი ფერსათი, და არა მესხეთის მთაზე მდებარე ფერსათის მთა. იმერეთში, სოფელ ფერსათში (ახლანდელ ბაღდათის რაიონში) ყოფილა დედათა მონასტერი.
უფლისწულებს ეცვათ საგლახაკო ტანსაცმელი და თან წაიღეს დიდძალი შესაწირავი. იმ დროს უკვე იცოდნენ, რომ ნეტარი ანასტასია გარდაცვლილიყო და უფლისწულები მის საფლავზე მივიდნენ სალოცავად. მართლაც, დედის საფლავზე ლოცვის შედეგად, ისინიც გამოჯანმრთელდნენ და განკურნებული დაბრუნდნენ შინ.
ადარნასეს საყვარელი კი ფსიქიკურად დაავადდა და „განცოფნა“. სხვა განსაცდელებიც ეწვია მას. საშინელი შესახედავი გამხდარა და მისი სიტყვების მოსმენა შეუძლებელი ყოფილა. ცოტათი რომ მოეგო გონს, წავიდა დედა ფებრონიასთან მერეს მონასტერში. ფეხებში ჩაუვარდა ნეტარ ფებრონიას, ტირილით აღიარა თავისი დანაშაული და გოდებით ევედრებოდა, რათა მამა გრიგოლ ხანძთელისთვის ეთხოვა პატიება მის მაგიერ.
დედა ფებრონიამ წერილი მისწერა უდაბნოს ვარსკვლავს და სთხოვა, ეპატიებინა. მაგრამ, მამა გრიგოლმა არ ინება და უპასუხა:
„დიდი განსაცდელი დაატყდება თავს, რადგან საცთურად ექმნა ღვთისმსახურ ხელმწიფეს და გააშორა კანონიერი ცოლი. განთქმული იყო მისი სახელი, როგორც მეძავის. და თან სისხლი დააქცია უდანაშაულო ჭაბუკის. მიეგება მას თავის საქმეების მიხედვით, სიკვდილამდე“.
ეტყობა, იმ საცოდავ ქალს ვიღაც ახალგაზრდის სიკვდილშიც მიუძღოდა ბრალი.
ნეტარი ფერბრონია დაეთანხმა მამა გრიგოლს. თუმცა, არ გააძევა უბედური ქალი და ნუგეში სცა სასოწარკვეთილს.
სიკვდილამდე მერეს მონასტერში დარჩა გაუბედურებული ქალი. ძალიან დაავადებული იყო ფიზიკურად და იტანჯებოდა, მაგრამ ცოცხალი იყო. როცა გარდაიცვალა ხელმწიფის ყოფილი სიყვარული, დედა ფებრონიამ ბრძანა, დაეკრძალათ კეთილმორწმუნე მონაზვნების გვერდით, რადგან დიდი ბრალეულია და იმ მონაზვნებმა გაამართლონ ქრისტეს წინაშეო.
და მაშინ მოხდა სასწაული თურმე, რადგან დამარხული მეორე დღეს აკლდამის კარებთან იპოვეს, და ასე მოხდა სამჯერ. ეს ყველაფერი აუწყეს მონასტრის წინამძღვარს, დედა ფებრონიას. ის იმ დროს უკვე ძალიან მოხუცებული იყო და ვერ შეძლო მისვლა სასაფლაოსთან. ამიტომ გადაწყვიტა, ყველაფერი მიეწერა მამა გრიგოლისთვის, რადგან ის არის ამ საქმეში უმთავრესიო.
და მისწერა წერილი.
„წმიდაო მღვდელო, საღმრთოო მოძღვარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და ხელმწიფეთა მამხილებელო. მოვიდა დრო შენდობისა. წყალობა ჰყავ განწირული დედაკაცისადმი“.
როგორც კი წაიკითხა წერილი მამა გრიგოლმა, ცრემლით მადლობა უთხრა ღმერთს და გარდაცვლილ მონაზვნებს, ვის გვერდითაც ასაფლავებდნენ იმ ქალს, მისწერა:
„ქრისტეს მოყვარენო, ნეტარნო, დამსახურებულნო, მე გლახაკი გრიგოლი და დედა ფებრონია მადლობელი ვართ, რადგან ვიხილეთ თქვენი სამართლიანი სასჯელი იმ ქალზე. ახლა კი გევედრებით, ითხოვეთ იმ საწყალობელი დედაკაცისთვის შენდობა. და ჩვენთვისაც მეოხ იყავით. ამენ!“
გრიგოლ ხანძთელის წერილი წაიკითხეს მონაზვნების საფლავებთან. მას შემდეგ ის ქალი დამარხეს და ამოთხრილი აღარავის უნახავს.

скачать dle 11.3