კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-4(786)

 ცალმხრივი სიყვარული ქუჩაზე ერთმიმართულებიან მოძრაობას ჰგავს, რომელზეც მოულოდნელად შემოიჭრება დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი... ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იქ მოხდეს?! ხშირ შემთხვევაში, გარდაუვალია შეჯახება, რომელიც, შესაძლოა, ლეტალური შედეგით, ანუ სიკვდილითაც დასრულდეს...
ისინი პირდაპირ შემოსასვლელში გადაეხვივნენ ერთმანეთს. იდგნენ და ისეთი ვნებით კოცნიდნენ, თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა, თითქოს მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა... ეს დიდი ხნის დაგროვებული ლტოლვის, ერთმანეთთან სიახლოვის დაუოკებელი სურვილის აფეთქებას ჰგავდა. კაცმა ხელში აიტაცა ქალი და თითქმის სირბილით აიარა კიბე, საძინებლის კარი ფეხით შეაღო და საწოლისკენ გააქანა... მერე დიდხანს იყო ორი სხეული ერთმანეთზე შეზრდილი, ხანგრძლივი, თავბრუდამხვევი სიამოვნებისთვის...
ლევანმა სიგარეტს მოუკიდა და ქალს მიაწოდა.
– თურმე, როგორ მომნატრებიხარ... – უთხრა ღიმილით, მისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა, – სულელი ვიყავი...
– ჰო, სულელი იყავი, ამაში გეთანხმები, მაგრამ, არ გეგონოს, ამ აღიარებით გამოძვრე. ძალიან ვარ გაბრაზებული.
– მაშინ, ხშირად უნდა გაგაბრაზო. ასეთი სექსი არასდროს გვქონია... – ლევანმა ქალს თმაში შეუყო ორივე ხელი და სახე სახეზე მიადო. ნანამ უხეშად მოიშორა და წარბი შეიკრა.
– სად იყავი?
– არსად... – ლევანმა სიგარეტი გააბოლა და ქალს მზერა მოარიდა.
– რას ნიშნავს – არსად? სამი კვირა არსად იყავი? გინდა, ეგ ტყუილი დამაჯერო? ლევან, იცოდე, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
– საყვარელო, მე არ გატყუებ... მართლა... მაშინ ჩემს დაბრუნებას აზრიც არ ექნებოდა.
– ჰმ, აპირებდი კი, საერთოდ, დაბრუნებას? საზიზღარო! რობერტისთვის რომ არ დაგერეკა, არც გამოჩნდებოდი.
 არა, არა, ვერ დაგეთანხმები. შენთან დაბრუნება რომ არ მდომოდა, არც დავრეკავდი. ამაზე არ გიფიქრია?
– ლევან, არ მჯერა, რომ დაბრუნება გინდოდა! არ მჯერა...
– ნანა, ნუ გავაფუჭებთ ამ არაჩვეულებრივ ღამეს. ძალიან მომენატრე.
– სად იყავი, მითხარი...
– არსად-მეთქი, ხომ გითხარი? სანაპიროზე ვათევდი ღამეს, ან – მანქანაში... იცი, როგორ მიჭირდა?
– ნაშიმშილარს და ქუჩაში ღამენათევს არ ჰგავხარ.
– ნანა, უსამართლო ნუ იქნები. შეხედე, შენი ნაჩუქარი საათიც არ გამიყიდია... არც მანქანა... ბარში ჭურჭელი გავრეცხე რამდენჯერმე და უფასოდ მაჭმევდნენ საჭმელს. სულ შენზე ვფიქრობდი...
– ამის ღირსი ხარ – ჭურჭელს უნდა რეცხავდე ბარში... ყველაზე ჭუჭყიან ბარში... ვერ შეიფერე ის პირობები, რომელიც მე შეგიქმენი. გაგანებივრე და, სამაგიერო იმით გადამიხადე, რომ მეჩხუბე და გამექეცი...
– ძალიან ვნანობ, – სიტყვა გააწყვეტინა ლევანმა და მოეხვია. ნანა ჯერ წინააღმდეგობას უწევდა, მერე დანებდა, მოეშვა და მის ალერსს მიენდო. კაცი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, რომ ბოლო მომენტში ნანა ისევ დაუსხლტა ხელიდან.
– რა ვქნა, რაღაც მაიძულებს, რომ შენი არ მჯეროდეს... სამი კვირა მარტო იყავი სანაპიროზე? სულ მარტო?
– აბა, შენ რა გგონია, ლამაზმანების მთელი არმია მეხვია თავს? კარგი, რა, ნანა, ვის ვჭირდები აქ, ამ უზარმაზარ ქვეყანაში შენ გარდა?
– კარგია, თუ მიხვდი მაგას, – ნიშნის მოგებით მიუგო ნანამ.
– ყოველთვის ვიცოდი.
– მაშინ, რას ჰგავდა შენი საქციელი? რატომ მოიქეცი ისე, როგორც მოიქეცი?
– ხომ გითხარი, სულელი ვარ-მეთქი.
– ეს პრობლემას ვერ შველის, ლევან, მე შენს გამოხტომებს ვეღარ ავიტან! – ხმა გაიმკაცრა ქალმა.
– მე კი შენს უაზრო და უსაფუძვლო ეჭვიანობას ვეღარ ავიტან, – მოუჭრა ლევანმა, რომელიც უკვე დარწმუნებული იყო, რომ ქალი მას ძნელად შეელეოდა.
– მოიცა, ეგ რას ნიშნავს? ასე, თვალდახუჭული უნდა გენდო?
– დიახ, უნდა მენდო, იმიტომ, რომ მიყვარხარ. შენ გამო ცოლი მივატოვე – აღარ გახსოვს?
– ჩემ გამო მიატოვე ცოლი? მე კი მგონია, რომ ამერიკაში წამოსვლისთვის და კარგი ცხოვრებისთვის გააკეთე ეს.
ლევანმა სიგარეტი ბრაზით დასრისა საფერფლეზე და ასადგომად წამოიწია.
– სად მიდიხარ? – პრეტენზიული ტონით ჰკითხა ნანამ.
– თუ ჩემთან ასეთი ტონით განაგრძობ ლაპარაკს, აუცილებლად წავალ, თანაც, ახლა უკვე სამუდამოდ. შეურაცხყოფილი ვარ. სხვათა შორის, იმ საღამოსაც შეურაცხყოფილი ვიყავი და იმიტომაც გავიქეცი. რომ დავრჩენილიყავი, შენ უარესებს მეტყოდი და ძალიან მაგრად ვიჩხუბებდით.
– ახლაც ვიჩხუბებთ, იმიტომ, რომ გასაქცევად ხარ მზად.
– ნანა, მე შენ მიყვარხარ! შეიძლება, როცა გაგიცანი ასე არ იყო, მაგრამ, დამიჯერე, თავიდანვე ვიგრძენი, რომ განსაკუთრებული ქალი იყავი. ნუთუ ვერ ხვდები, როგორი გრძნობა მაქვს შენ მიმართ?
– არ ვიცი... ზოგჯერ ეჭვი მეპარება. არადა, უნდა დავრწმუნდე. აუცილებლად უნდა დავრწმუნდე.
ლევანმა ორივე ხელი დაუჭირა და თვალებში ნაზად ჩახედა:
– მომისმინე, ნანა... ასე არაფერი გამოვა, ყველაფერს გავაფუჭებთ. არადა, შეგვიძლია, ბედნიერები ვიყოთ, ძალიან ბედნიერები.
– მეც მხოლოდ ეს მინდა. შენ შეიძლება გგონია, რომ ძალიან იოლი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ასე არ არის. არავის აქვს უფლება, განმსაჯოს ან მისაყვედუროს. ახლა შემიძლია, პირობები მე ვუკარნახო იმას, ვინც ჩემ გვერდით იქნება, თუნდაც ეს საყვარელი მამაკაცი იყოს..
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ქმარს ოფიციალურად ვშორდები, მაქსიმუმ ერთ თვეში ყველაფერი დასრულდება. მე და სტივმა უკვე ვილაპარაკეთ.
– მერე?! – ლევანს სული შეუგუბდა პასუხის მოლოდინში.
– მერე ის, რომ მინდოდა,შენზე დავქორწინებულიყავი, – ნანა გაჩუმდა და კაცს გამომცდელად შეხედა.
– ახლა აღარ გინდა?
– არ ვიცი... შენზეა დამოკიდებული.
– ელოდები, რომ გკითხავ, მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის? არა, ნანა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, დამოუკიდებლად.
– რომ გითხრა, გადავიფიქრე-მეთქი, წახვალ?
– მე მარტო მაშინ წავალ, თუ ჩემზე უსაფუძვლოდ იეჭვიანებ ან მეტყვი, რომ არ მიყვარხარ და აქ კარგი ცხოვრებისთვის ჩამოვედი.
– პირობა უნდა მომცე, რომ დააფასებ ჩემს ნდობას.
– ნანა... მიყვარხარ და ეს პირობაზე მეტია.
– მომეხვიე, ლევან, მომეხვიე და ხელი არასოდეს გამიშვა... შენ არც კი იცი, როგორ მჭირდები, – ამოისლუკუნა ქალმა და ლევანს ჩაეხუტა.
***
კახას ისევ ეძინა, როცა მისმა მობილურმა ტელეფონმა დარეკა.  ჯერაც გამოუფხიზლებელმა,  ანგარიშმიუცემლად დააჭირა ღილაკს თითი და უკმაყოფილო, ნამძინარევი ხმით ჩასძახა:
– რომელი ხარ, საათი არ გაქვს სახლში?
– ლევანი ვარ, ძმაკაც! ჰო, ვიცი, რომ მანდ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ, მერე ვეღარ დაგირეკავდი. უნდა დაგელაპარაკო, საქმე მაქვს!
– ლევან, შენ ხარ? ნამდვილად?
– ჰო, რა იყო, ბიჭო, ამერიკიდან გირეკავ! ჰე, გაიღვიძე ახლა. გეუბნები, სერიოზული საქმე მაქვს-მეთქი!
– რა ვიცი, იმდენი ხანია, არ დაგირეკავს, ხმაც კი დამავიწყდა შენი.
– არ გინდა, რა! მე აქ წამოწოლილი არა ვარ და არც უფასო ტელეფონი მიდევს თავთან. ხომ დაგირეკე, როცა ჩამოვედი.
– ჰო, ხუთი თვის წინ, ისიც, ორი სიტყვით მითხარი, კარგად ჩავედიო და სულ ეგ იყო, – როგორც იქნა, გამოფხიზლდა კახა, ლოგინზე  წამოჯდა, შიშველი ფეხები საწოლიდან გადმოკიდა და სიგარეტს მოუკიდა.
– ბიჭო, იმისთვის არ დამირეკავს, რომ შენი საყვედურები ვისმინო. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც მეგონა, სანამ აქ ჩამოვიდოდი, მაგრამ, მგონი, ახლა უნდა გამიმართლოს.
– რა იყო, ნანამ თავის მემკვიდრედ გამოგაცხადა თუ თეთრ სახლში მიგიპატიჟა ობამამ?
– ღადაობ, ხო? დამიჯერე, მართლა სხვანაირადაა ყველაფერი.
– ჰო, კარგი, დაგიჯერე, რომ სხვანაირადაა. მერე? შენთვის ამით რამე იცვლება?
– კახა, შენი დახმარება მჭირდება და ცოტა სერიოზულად მიუდექი იმას, რასაც ახლა გეტყვი.
– ყურადღებით გისმენ, – ირონიულად გაეცინა კახას და ლევანმაც იფეთქა:
– რა იყო, ბიჭო, წამოვედი და ჩვენი მეგობრობა დამთავრდა?
– რა გინდა? დამირეკე, გამაღვიძე, რაღაც სისულელეებს ჩმახავ და კიდევ მე აღარ მახსოვს მეგობრობა?
– ჰო, ვერ გირეკავდი, მაგრამ, მქონდა მიზეზი. .მომისმინე, კახა, თეოსთან ხომ არ ყოფილხარ?
თეონას ხსენებაზე კახას ჟრუანტელმა დაურბინა. უსიამოვნო განცდამ საბოლოოდ გამოაფხიზლა.
– შენს თეონაზე მეუბნები? შენს ცოლზე?
– ჰო, რა იყო. იქნებ ნახე... შემთხვევით...
– არა, არ მინახავს, – იცრუა კახამ და აწრიალდა, – რა გინდოდა?
– ბიჭო, არც კი ვიცი, როგორ გითხრა, – ლევანი გაჩუმდა და კახას გამალებით დაუწყო გულმა ცემა, შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა და სანამ მეგობარი სათქმელს ბოლომდე ეტყოდა, ნერვიულობისგან მთელი სხეულით აკანკალდა. ვერაფრით დაუშვა, რომ შეიძლებოდა ლევანს რაღაცნაირად გაეგო თეონასთან მისი ვიზიტების ამბავი.
ლევანმა ამოიოხრა და განაგრძო:
– მოკლედ, მე ნანას ცოლად ვირთავ და, წარმოდგენა არ მაქვს, თეოს როგორ ვუთხრა ეს ამბავი.
– რა? ნანას ირთავ ცოლად? ოფიციალურად ქორწინდები მასზე?
- ჰო, შე ჩემა, აბა, ცოლად შერთვა რას ნიშნავს? რა ვქნა, არ გამოვიდა სხვანაირად. . აქ საბუთის გარეშე არავის სჭირდები, ნანა კი ქმარს გასცილდა და ამ  შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
– მესმის, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.
– არ გინდა ირონია, როგორც გითხარი, იოლად აქაც არაფერი მოდის, მხოლოდ მანდედან ჩანს ყველაფერი ნათელ ფერებში.
– კარგი, გავიგე, მაგრამ, ჩემგან რას ითხოვ? თეონასთან მივიდე და ვუთხრა, შენს ქმარს ცოლი მოჰყავს-მეთქი? ვერ გავაკეთებ ამას.
– ჰო, ძნელია, მაგრამ, მეც რომ ვერ დავურეკავ? რა გავაკეთო, არ ვიცი...
– ნუღარ იფიქრებ ამაზე, მოიყვანე ნანა ცოლად და იცხოვრეთ ბედნიერად.
– ასეთი უსინდისო გგონივარ? – ეწყინა ლევანს, – შენ გგონია, თეონა არაფერს ნიშნავს ჩემთვის? არ არის ასე.
– მე არაფერი არ მგონია, – კახას გაღიზიანება დაეტყო. ლევანს რომ თეონას ფეხმძიმობის ამბავი სცოდნოდა... და, უცებ მიხვდა: თეო კარგად მოიქცა, როცა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ლევანისთვის ბავშვის ამბავი დაემალა.
– კარგი, მესმის შენი. ეს ჩემი მოსაგვარებელი პრობლემაა, არ უნდა დამერეკა.
– რატომ, მშვენიერი ახალი ამბავი მითხარი, მოსალოცად გაქვს საქმე.
– ვხვდები, რას ფიქრობ ახლა ჩემზე, მაგრამ, დაგიმტკიცებ, რომ ცდები. ფეხზე მყარად დავდგები და თეონასაც მივხედავ, აი, ნახავ.  
– ჰო?! საინტერესოა. ალბათ, ფულს გამოუგზავნი, ან – მანქანას, რომ შენი გაქცევა რამენაირად გაამართლო. მეეჭვება, თეონამ ოდესმე ეს გაპატიოს, თუმცა, შენ ალბათ არც არაფერში გჭირდება...
– კარგი, ვეცდები, კიდევ დაგირეკო.
– ქორწილი როდის გაქვთ? ნანას მიულოცე.
– კახა, იცოდე, ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება, რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს! – ლევანმა ტელეფონი გათიშა.
კახამ ამოიოხრა, შუბლი მოისრისა და სიგარეტს მოუკიდა. ერთბაშად გულზე მოეშვა და მოულოდნელად შვება იგრძნო – ახლა უკვე შეეძლო, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მისულიყო თეონასთან, როცა მისი ნახვა მოუნდებოდა და შორსმიმავალი გეგმებიც გასჩენოდა. არანაირი ვალდებულება აღარ ჰქონდა ლევანის მიმართ. მან თავად თქვა უარი თეონაზე და ნანაზე დაქორწინებით მოიჭრა უკან დასაბრუნებელი გზა.
ოთახში შემოსულმა ნანამ სველი თმიდან პირსახოცი მოიხსნა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
– ვის ელაპარაკებოდი? – ჰკითხა ლევანს ცუდად დაფარული ეჭვით.
– კახას დავურეკე თბილისში.
– ჩვენ შესახებ უთხარი?
– ჰო.
– მერე?
– მოგილოცა. თეონასთან ვერ მივა – არ შემიძლიაო.
– კარგი. პრინციპში, ასეთი პასუხი მოსალოდნელიც კი იყო. მაგრამ, შენი ყოფილი ცოლი შტერი თუ არ არის, დიდი ხანია, მიხვდებოდა, რომ, არ ღირს, დაგელოდოს, მით უმეტეს, თუ ოფიციალურად არც კი ყოფილხართ ცოლ-ქმარი – უბრალოდ, ერთად ცხოვრობდით.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – ლევანი მოიღუშა და ქალს წყრომით შეხედა, – თეონასთან დამნაშავე ვარ და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. წამოსვლამდე უნდა მეთქვა სიმართლე.  
– მერე, გეთქვა, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – მე ხომ არ შემიშლია ხელი? არც ის მითქვამს, გამოეპარე-მეთქი, მაგრამ, ასეთები ხართ კაცები – გამბედაობა გაკლიათ. მე ხომ პირდაპირ ვუთხარი სტივს, რომ შენ გამო ვეყრებოდი, მით უმეტეს, რომ დასაკარგი გაცილებით მეტი მქონდა.
– ნანა, არ გინდა, რა, ისედაც საშინელ გუნებაზე ვარ. მოდი, საუბრის თემა შევცვალოთ.  
– კარგი, მაშინ ჩვენს ქორწილზე დავილაპარაკოთ, – გაიცინა ნანამ და თვალები მინაბა, –  ძალიან, ძალიან ლამაზი და მდიდრული წვეულება გვექნება, მე ასე გადავწყვიტე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3