კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ცდებიან ზოგჯერ გამოუცდელი სასულიერო პირები და შეიძლება თუ არა კვეთებულის კითხვა სხვა ადამიანის სახელზე

„უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ მაცხოვნებელი არის უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელიც განკაცდა იმისთვის, რომ გამოეხსნა დაცემული კაცობრიობა. იესო ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ არსებობს“. გახშირებული თვითმკვლელობების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, დღეს ძალიან გახშირდა თვითმკვლელობები, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. რა არის ამის მიზეზი?
– თვითმკვლელობა არის მეექვსე მცნების დარღვევა – „არა კაც კლა“, ეს არის პროტესტი ღმერთის წინააღმდეგ და, ადამიანი, რომელიც ამას საღი გონებით სჩადის, ხელს აწერს იმაზე, რომ „მე არ მჭირდება ღმერთი, მე არ მინდა სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მომცა“. ბევრი რამ ხდება თვითმკვლელობის მიზეზი. ბავშვი დაიღალა დედ-მამის ჩხუბით, აღარ უნდა სახლში მისვლა, მათთან ცხოვრება და იკლავს თავს – ჰგონია, ამ ადამიანებს გაექცევა და დასრულდება ეს წამება. ბევრი სიმსივნით არის დაავადებული, ტკივილს ვერ უძლებს და თავს იკლავს; ზოგს ფული აქვს წაგებული... მოკლედ, ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის და ხშირად ამას გარემო, მშობლები, ნათესავები უწყობენ ხელს. როგორც კი შვილს შევამჩნევთ პატარა გადახრას, პატარა გადაცდომას, შეცდომას, უნდა წავიყვანოთ ექიმთან ან მოძღვართან, სადაც იქნება საჭირო, რომ მერე შველა არ დაგვიანდეს. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები მთელი დღე წვანან საწოლში, თავზე აქვთ გადაფარებული საბანი და ყველაფრის მიმართ ინტერესი აქვთ დაკარგული. ამ დროს მშობლები კი არ უნდა ეჩხუბონ, უნდა დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით, მიიყვანონ ექიმთან, უმკურნალონ, რომ მერე მძიმე შედეგის წინაშე არ მოუწიოთ დადგომა. წარმოიდგინეთ, ყოველ წელს ერთი მილიონი ადამიანი იკლავს თავს – ეს საგანგაშო მაჩვენებელია. ბავშვებს პატარაობიდან უნდა ავუხსნათ, რა არის დეპრესია, ნევროზი, სასოწარკვეთილება, თორემ, ეკლესიაში უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები მოდიან. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მშობლის, ასევე მოძღვრის ყურადღება. დეპრესია უმადურობიდან მომდინარეობს, როცა მას არაფრის სჯერა; როცა  ფიქრობს, რომ არავის სჭირდება. ადამიანს უნდა გავუჩინოთ ინტერესი: შენ ღმერთს სჭირდები, შენ მე მჭირდები, გამომყევი, ერთად გავაკეთოთ ეს საქმე. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ამიტომ უნდა მივმართოთ მოძღვარს, ექიმს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს. უბრალოდ, ჩვენ იმდენად ამპარტავნები ვართ, დედას  რომ უთხრა – შენს შვილს ფსიქიატრი სჭირდებაო, ძალიან ეწყინება. ეშმაკი თავიდან ადამიანს ეუბნება: „ღმერთი მოწყალეა, რაც გინდა, ის გააკეთე, მიხვალ და მერე გაპატიებს.” მერე, როგორც კი მოგინდება სინანული, მარხვა, გეუბნება: „შენ აღარაფერი გეშველება, როგორ უნდა მიხვიდე ეკლესიაში, ეს როგორ უნდა უთხრა მოძღვარს?” და ადამიანს რაღა დარჩენია თავის მოკვლის გარდა?! სამწუხაროდ, ხშირად სასულიერო პირთა შვილებიც ვარდებიან ამ ცოდვაში და თავად სასულიერო პირებიც არ ვართ ამისგან დაზღვეულნი. რადგან სასულიერო პირი ვარ და გულზე ჯვარს ვატარებ, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ განწმენდილი ვარ და არ მჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. შეიძლება, მე მჭირდებოდეს კარგი, პროფესიონალი ფსიქოლოგი ან ექიმიც, მოძღვარიც უნდა ეცადოს, სანამ ადამიანის აღსარებას ჩაიბარებს, გაიცნოს ის, ფრთხილად გამოჰკითხოს ოჯახის, წინაპრების შესახებ, რას საქმიანობს... მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლა, ეზიარე და კარგად იყავი, არ არის მთავარი. ზოგჯერ ადამიანს ეუბნებიან – ილოცეო. თუ არ  იცის ლოცვა, როგორ უნდა ილოცოს? ადამიანს ჯერ უნდა გაუჩინო შენი დახმარების რწმენა და ცივად არ უნდა უთხრა: „ილოცე, აღსარება ჩააბარე, ეზიარე” – ამ ყველაფერს მაგიური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, საჭიროა დიალოგი, მასთან დაჯდომა, გასაუბრება. როცა ადმიანი ჩვენთან მოდის, უცნაურად იქცევა, უცნაურად აცვია, უცნაურად საუბრობს, არაადეკვატურია, პრეტენზიული და უმადური, იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, რატომ სჭირს მას ეს?
– ასეთებს კვეთებულებსაც უკითხავენ და ზოგჯერ ოჯახის წევრები მათი ტანსაცმლით მიდიან სასულიერო პირთან. ეს სწორი საქციელია?
– გამოუცდელმა მოძღვარმა შეიძლება დაუსვას დიაგნოზი, რომ ის არის შეპყრობილი, მას სჭირდება ეგზორციზმი, ყველა ადამიანი შეპყრობილი ჰგონია, არადა, შესაძლოა, სულაც არ იყოს ეგზორციზმი საჭირო და სულ სხვა პრობლემებთან ჰქონდეს საქმე. შეიძლება, მას საერთოდ არ სჭირდებოდეს კვეთებულის ლოცვა და უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს, თავიც კი მოიკლას. რომელ ეკლესიაში ტარდება კვეთებულის ლოცვა, რომელ საათზე – ასეთი სწავლება ეკლესიაში არ არსებობს. როდესაც სერგი რადონეჟელთან შეპყრობილი მიიყვანეს, მან მამებთან ერთად ილოცა, ყველამ ერთად დაასხა ხელი და განდევნეს ეშმაკი. თითო-ოროლა ისტორია არსებობს ამის შესახებ წმიდა მამებთან, ჩვენთან კი სეანსები ტარდება – კვირაში რამდენჯერმე, გარკვეულ საათზე. ეს არის ჯანმრთელობის პარაკლისები და არა ეგზორციზმის ლოცვები. მართლმადიდებელი მამა თავად იტყვის: მე მჭირდება ეგზორციზმი, მე თავად ვარ ცოდვილი, ეშმაკეული. ქალბატონებს ხშირად შვილების, ქმრების პერანგები  მიაქვთ ეკლესიაში და იმაზე ლოცულობენ – არა მგონია,  ეს ჯანსაღი მდგომარეობა იყოს. ბიბლიაში წერია: თუ გინდათ ეშმაკისგან განშორება, დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან.
– ეკლესია თვითმკვლელებს არ უგებს წესს, მათ არც პანაშვიდებს უხდიან. თუ უშვებს ეკლესია ან სულიერი მოძღვარი გამონაკლისს?
– თუ ჩვენ არ შეგვიძლია ლიტურღიაზე, მსახურებაზე მოვიხსენიოთ ისინი, უფლება გვეძლევა, პირად ლოცვებში მაინც მოვიხსენიოთ და ეს პირადი ნუგეშია უფლის მიერ მოვლინებული. არსებობს ასეთი ტრადიცია: თვითმკვლელის ჭირისუფლებს ეძლევათ უფლება, გარდაცვლილის სახელზე გასცენ მოწყალება. ამიტომ, სანამ ისინი ამ მდგომარეობამდე მივლენ, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, უნდა ვილოცოთ მათთვის და, ახლა, როდესაც ისინი აღარ არიან, დავიწყეთ მათი სულებისთვის ლოცვა და უფალმა დაგვანახვა, რა გულგრილი და გულცივი ადამიანები ვიყავით, ეს გარკვეული ცოდვაა უფლის წინაშე. ეკლესიის სწავლებით – სუიციდის დედა სასოწარკვეთილებაა. როდესაც ადამიანს ღმერთი არ უნდა, მას ღმერთი მძლავრებითად ვერ აცხონებს. არის შემთხვევები, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს აძლევს კურთხევას, რომ მათ ზოგიერთი თვითმკვლელისთვის აღასრულონ ღვთისმსახურება. თუ ადამიანი იყო შეურაცხადი, გონებასუსტი ან თვითმკვლელობის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა და თავის ქმედებაზე არ აგებდა პასუხს, პატრიარქის კურთხევით, ხდება მათთვის წესის აგება და პანაშვიდის გადახდა. თუმცა, ჩვენ მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ ოჯახის წევრების, საკუთარი თავის მიმართ და ერთმანეთისადმი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რომ ამ საშინელ ცოდვამდე არ მივიდეთ. მე, როგორც სასულიერო პირი, ამ ქვეყნის მოქალაქე, ვიტოვებ ნუგეშს, რომ არსებობს რაღაც საიდუმლოება ღმერთსა და ადამიანს შორის და სანამ ის აღესრულებოდა, შეიძლება, მოასწრო უფლის წინ შენდობის თქმა, მოინანია. რადგან ეს არავინ ვიცით, ამიტომ ბევრი მოძღვარი ევედრება მათი სულისთვის. სამწუხაროდ, ხშირად, როცა ასეთ დროს ადამიანები ეკლესიაში მოდიან, მხოლოდ წესის აგებას ითხოვენ, არ აინტერესებთ, საკუთარი ოჯახის წევრმა თავი რომ მოიკლა, ამაში თავად ხომ არ არიან დამნაშავეები. ასეთი მაგიური დამოკიდებულება აქვთ  და, თუ წესს აუგებ, მერე დამშვიდებულები განაგრობენ უღმერთო ცხოვრებას. ასეთი მძიმე შედეგის შემდეგ ყველა უნდა მივიდეს ეკლესიაში და დაფიქრდეს, რა როლი მიუძღვით ამ ადამიანის აღსრულებაში. ზოგჯერ გენეტიკაშიც ხდება ამ ყველაფრის გამეორება, ამიტომ კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების მდგომარეობას, რომ რამე არ გამოგვეპაროს.

скачать dle 11.3