კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (165)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

რატომ არ ეკონტაქტებოდა დათო ევგენიძე შვილებს 2 წლამდე და რატომ გაიგო 8 წლის ასაკში მისმა უფროსმა ქალიშვილმა, რომ დათო მისი მამაა

უნიჭიერესი მუსიკოსი დათო ევგენიძე 4 შვილის მამა და ექვსი შვილიშვილის ბაბუაა. მას პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან ჰყავს, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ლუკა და ულამაზესი ლიკა, რომელსაც ყველა იცნობს, პირველი მეუღლისგან, ნინა კალანდაძისგან ჰყავს, ხოლო მესამე, პატარა ნიკოლოზი, მეორე მეუღლესთან, ნინო ჟვანიასთან შეეძინა, რომელთან ერთადაც თბილი და ბედნიერი ოჯახი აქვს. როგორი მამა და ბაბუაა დათო, რა ურთერთობა აქვთ მის შვილებს ერთმანეთთან, როგორი აღზრდის მეთოდები ჰქონდა შვილებთან, ერეოდა თუ არა მათ პირად ცხოვრებაში, ამ თემაზე დათო ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა.
დათო ევგენიძე: შვილებთან კონტაქტში გვიან შევდიოდი. ხელშიც არ შემეძლო აყვანა. უცხოდ ვგრძნობდი თავს. 2-3 წლის მერე, ენას რომ ამოიდგამდნენ და კონტაქტური ხდებოდნენ, პირდაპირ ვხდებოდით ძმაკაცები. უფრო სხვა, სულიერი სიახლოვე მაქვს შვილებთან. ყველა თემაზე ვლაპრაკობთ, ვმეგობრობთ. შემოქმედებით-ფილოსოფიური, მუსიკალურ გემოვნებაზე გვაქვს საუბრები. კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს. არცერთს არ ვარჩევ ერთმანეთისგან.
– გვიამბეთ თქვენს უფროს შვილზე, ანჟელიკაზე... როგორი ურთიერობა გაქვთ მასთან?
– ყველაზე უფროსი – ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლინახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ. პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა მალევე გათხოვდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო საფრანგეთში წასვლა. მეც, რა გზებს არ ვპოულობდი, რომ იქ ჩავსულიყავი. 200-დოლარიანი „პუტიოვკები“ იყო, რომლითაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა გესარგებლა და მეც, წელი არ გამიშვია, რომ არ ჩავსულიყავი. პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა, იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. თუმცა, უკვირდა, ეს ბიძია რატომ არის ასეთი კეთილიო. უამრავი საჩუქარი ჩამქონდა და თბილად ვექცეოდი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. იგრძნო, თავისით მიხვდა. ხომ არის სისხლის, გენეტიკის შეგრძნება. თან, ის მამა არ უკეთებდა იმდენს, რამდენსაც მე – ვანებივრებდი, თბილად ვექცეოდი. ამდენი საჩუქარი არავის მიუტანია მისთვის. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდა ქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე. ჯგუფი „ბონი ემი“ გამიკეთა – ერთი ბიჭი და სამი გოგო ჰყავს. მე „აბბა“ მყავს  ორი გოგო და ორი ბიჭი (იცინის).
– თქვენი დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორ ახეხებდით შვილებთან დროის გატარებას?
– ჩვეულებრივ ვახერხებდი. ჩემი შვილები სულ დამყავდა კანარის კუნძულებზე, საბერძნეთში, საფრანგეთში... სულ სხვა ცხოვრება ჰქონდათ. თვეობით კანარის კუძულებზე ვმუშაობდი. კონცერტები მქონდა, კლუბში ვუკრავდი და ლექციებს ვკითხულობდი კვირაში ორჯერ სანტაკრუზში. დანარჩენ დროს ვერთობოდით. დამყავდა აკვაპარკებში, რაც მაშინ არავინ იცოდა, რა იყო. ერთხელ კი არა, ბევრჯერ იყვნენ. დედაჩემიც წავიყვანე. 3-4 წლის იყვნენ ლიკა და ლუკა ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებზე ისწავლეს ცურვა. ყველაფერს პირდაპირ ვასწავლიდი – უცებ წყალში გადავაგდებდი, მოულოდნელად დავაყენებდი თხილამურებზე. ერთ დღეს მე და ჩემს მეუღლეს გვეძინა და ლიკა იყო აუზთან. ჯერ ცურვა არ ჰქონდა ნასწავლი. უცებ წყალში ჩავარდნილა და მესმის ლუკას ყვირილი – ლიკა, ლიკა!.. გამეღვიძა და რომ გავიხედე, უცებ ვიღაც კაცსაც გაუგონია ეს ყვირილი და მეორე სართულიდან გადახტა, ამოიყვანა. ასე გადაარჩინა ლუკამ ლიკა.
– რომელი შვილი გგავთ განსაკუთრებულად?
–  ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16  წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით,  საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია. თვისებებით ყველა შვილი სხვადასხვანაირია. პირადად მე როგორიც ვიყავი ათი წლის ასაკში, ისეთივე ვარ. ხასიათი საერთოდ არ შემცვლია – ახლაც ბავშვი მგონია თავი... ისინი კი ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩემი ყველა სხვადასხვა თვისება თითოეულ მათგანშია გაფანტული.  რაღაცა ერთს აქვს, რაღაც – მეორეს. ლიკა მგავს იმით, რომ ძალიან შემოქმედებითია, ხელოვნების მოყვარული. ვერ ჩერდება, სულ რაღაც უნდა აკეთოს. კარგად ხატავს, ლექსებს წერს. ლიკასთვის სიმღერა უნდა დამეწერა და ნერვიულობდა, როდის მოასწრებ დაწერას, ორ კვირაში მივდივარ ამერიკაშიო. წუხელ მთელი ღამე გავათენე და  დავუწერე. ყველა მუსიკალურია. ლიკამ ადრეულ ასაკში დაანება თავი მუსიკაზე სიარულს, ასევე, ლუკამაც. ლუკა ძალიან პატარა, 13– 14 წლის იყო, საოცარ კლიპებს რომ აკეთებდა. არ სჯეროდათ, რომ მისი გაკეთებული იყო. ანჟელიკაც მუსიკალურია... აი, ნიკოლოზი, სერიოზულად დადის და დიდი ნიჭი აქვს. ვინც შეიძლება, რომ მუსიკოსი გახდეს, ეს ნიკოლოზია.
–  მკაცრი მამა ხართ?
– მკაცრი საერთოდ არ ვარ. ჩემთვის ყოველთვის იყო ერთადერთი, რომ სულ უნდა იკითხონ და განათლება მიიღონ. ისეთი მამა არ ვყოფილვარ, რომ ზღაპრები მეკითხა მათთვის, ან მემღერა და ისე დამეძინებინა. ჩვენს სახლში ისედაც სულ მუსიკა ისმოდა – მუსიკაში ცხოვრობდნენ.  სულ კლიპებს ვიღებდით. ეს მათთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. არასდროს ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებაში. ნიკოლოზს ვეხმარები ხოლმე, როცა მუსიკაში სჭირდება რამე და ისიც მეზარება. არასოდეს ჩავრეულვარ მათ პირად ცხოვრებაში, მათ შორის, ჩემი გოგოს, ლიკას ცხოვრებაშიც. შეიძლება, ჩემი აზრი მქონოდა, მაგრამ არ გამოვთქვამდი. მამა არცერთს არ დაუძახია ჩემთვის, სახელით მომმართავენ. ჩემს შვილებთან ხომ ვძმაკაცობ, ასევე ჩემი შვილების მეგობრებთანაც ვძმაკაცობ. სახლში მოდიოდნენ ჩვენთან. იმ პერიოდში ღამის კლუბები არ არსებობდა და სახლში ვუწყობდი მათ „ტუსოვკებს“. მუსიკას ჩავურთავდი. ლიკა მოდების ჩვენებას აწყობდა დაქალებთან ერთად. მერე კლუბი მქონდა და იქ გავუკეთე ლიკას მოდების ჩვენება. პირველ ცოლს რომ გავშორდი, შვილები ჩემთან წამოვიდნენ მოსკოვში და ლუკას, რომელიც მაშინ 16 წლის იყო და მის ძმაკაცებს გავუკეთე სიურპრიზი. ვუთხარი, ამა და ამ მისამართზე მოდით-მეთქი. მოვიდნენ და მივიყვანე ძალიან მაგარ, ფეშენ-ბორდელში. შეშლილები იყვნენ სიხარულით. დღესაც განსაკუთრებულად ახსოვთ. პატარა ნიკოლოზიც მე უნდა წავიყვანო, რა თქმა უნდა – მამის მოვალეობაა. არ მესმის, ბიჭმა რატომ უნდა დაუმალოს მამას თავის სექსუალური სურვილები. ასევე მიყვარს და ვმეგობრობ ჩემი მეუღლის, ნინოს შვილთან, ლუკასთან. მასაც ძალიან ვუყვარვარ. რასაც ნინოს და მამამისს არ ეუბნება, მე მეუბნება ხოლმე. ჩემს შვილებს ერთი რამით ვაწუხებ – ძალიან ხშირად ვურეკავ. ამას შესამოწმებლად კი არ ვაკეთებ, მთავარია ვიცოდე, რომ კარგად არიან. დღეში ოცჯერ შეიძლება დავურეკო და ვკითხო, როგორ არიან.
– მეგობრული ურთიერთობა თუ აქვთ ერთმანეთთან თქვენს შვილებს?
– ძალიან მეგობრობენ, სულ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ანჟელიკა აქ ხომ ორი წელი მყავდა, მერე პარიზში მქონდა კონცერტები, მყავდა ლიკა და ლუკა. ერთხელ პარიზში, კონცერტზე ქალი მომეწონა და გავეპრანჭე. ლუკამ ეს შეამჩნია და გავაფრთხილე, არ თქვა, აქ რომ ვიყავით-მეთქი. კარგი, არ ვიტყვიო, შემპირდა და აი, როგორ შემინახა საიდუმლო: დათომ შემთხვევით, ისეთი ლამაზი გოგო ნახაო. ლუკა  ბევრჯერ იყო თავის დასთან საფრანგეთში. ანჟელიკამ ქართული კარგად იცის. დღე არ გავა, დედაჩემს რომ არ დაურეკოს. დედაჩემი ჩვენი, ყველას მეგობარია. სულ სხვა სიახლოვე აქვს შვილებთან და შვილიშვილებთან. ჩემი ოცნებაა ყველა შვილის ერთად შეკრება, რაც ამ წელიწადს უნდა შევასრულო. მაიმუნის წელია და უნდა ვიმაიმუნოთ. ალბათ, პარიზში შევიკრიბებით, იმიტომ რომ, იქ კონცერტს ვაპირებ.

скачать dle 11.3