კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (102)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

მოკლულს უნდა იცნობდე

ლეიტენანტი ფაულერი ქალს დაჟინებული და გამომცდელი მზერით აკვირდებოდა:
– გამოტყდით, აღიარეთ, რომ თქვენ მოკალით. მოტივი სახეზეა... ალიბი არ გაქვთ.
სამოც წელს მიტანებული ქალი მოწნულ სავარძელზე იჯდა და ოხრავდა:
– მე არ მომიკლავს... არ მომიკლავს... თოთხმეტ წელზე მეტხანს ვიყავი როზას კომპანიონი. საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობდი. მასზე ახლობელი არავინ მყავდა.
– თხუთმეტი ათასი დოლარი მიიღეთ – ეს ძალიან დიდი თანხაა თქვენნაირი ქალბატონისთვის. სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად და უზრუნველად იცხოვრებთ. თან, როგორც ამბობენ, თქვენს ქალბატონს აუტანელი ხასიათი ჰქონდა.
– ფულის შესახებ არაფერი ვიცოდი, გეფიცებით... – ასლუკუნდა ქალი.
– ცრუობთ. თქვენ მის მიწერ-მოწერას ამოწმებდით და ანდერძის შესახებაც გეცოდინებოდათ.
– ანდერძი რვა თვის წინ არის დაწერილი. როზას კი ინსულტი ხუთი თვის წინ დაემართა. მას შემდეგ ხელში კალმის დაჭერა უჭირდა. მომისმინეთ, რატომ დავიცდიდი ამდენ ხანს,  მით უმეტეს, თუ აუტანელი და საზიზღარი ხასიათი ჰქონდა?!
– არ მჯერა თქვენი, – ლეიტენანტი მოიღუშა, – ისე, შემიძლია, გაგიგოთ: თქვენ ავ, უხასიათო, უჟმურ ბებრუხანას უვლიდით. ბოლოს და ბოლოს, ყელში ამოგივიდათ. თან, შეიტყვეთ, რომ ანდერძით თხუთმეტი ათასი გრჩებოდათ... ქალბატონი რომ მომკვდარიყო, უსამსახუროდ და თავშესაფრის გარეშე დარჩებოდით. თქვენს ასაკში სამსახურის შოვნის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, პენსია კი კაპიკებია. მოკლედ, შეგიძლიათ, ადვოკატს დაურეკოთ. მე უნდა დაგაპატიმროთ – ამის სრული საფუძველი მაქვს.
– მე მარტო ქალბატონის ადვოკატს, მისტერ მენის ვიცნობ.
მისტერ მენი მაშინვე მოვიდა.
– ალმა? მკვლელი? გამორიცხულია, შეუძლებელია! ლეიტენანტო, მოდი, პატარა გამოძიება ჩავატაროთ. მე ვიცი, რომ როზა ყოველღამე სვამდა ძილის წამალს. იქნებ მან თავად მიიღო გადაჭარბებული დოზა?
– რატომ უნდა მოეკლა თავი, რის საფუძველზე? – არ დაიჯერა ლეიტენანტმა.
– იმ დღეს წერილი მიიღო, – თქვა უცებ ალმამ.
ადვოკატმა მას შეხედა:
– მიდი, მოყევი ყველაფერი.
– წერილი საუზმის შემდეგ მოიტანეს. ქალბატონმა მთხოვა, წამეკითხა. მისი საყვარლის, ბოლო საყვარლის გარდაცვალების შესახებ აუწყებდნენ. მას ამ კაცის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ძალიან აღელდა და თქვა, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მერე ცხელი შოკოლადი და თავისი სიმღერების კრებული მომთხოვა.
– სიმღერების კრებული რად უნდოდა? – გაუკვირდა ლეიტენანტს.
– მღეროდა ხოლმე, როცა... როცა თავისი შორეული დიდება გაახსენდებოდა. მე ამ დროს სამზარეულოში ჩავდიოდი. როზას არ უყვარდა, როცა იქვე ვიჯექი და ვუსმენდი.
– მომისმინე, ალმა, იმ დღეს როზას სიმღერა გაიგონე? – საუბარში ჩაერთო ადვოკატი. ქალი დაფიქრდა.
– მგონი, არა, სერ. არა... იცით, მას აღარც დაუძახია ჩემთვის. მოგვიანებით ავედი და ეძინა. რას წარმოვიდგენდი, თუ... თუ... – ალმა აქვითინდა. ადვოკატი სევდიანად უმზერდა. შემდეგ ლეიტენანტს მიუბრუნდა:
– არ არის ალმა დამნაშავე. როზას ვიცნობდი. დარწმუნებული ვარ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავისუფლად შეეძლო, ძილის წამალი მოეგროვებინა და შეენახა, საჭირო მომენტში კი დალია.
– არ მჯერა. სად არის წერილი, რომლის გამოც თითქოსდა თავი მოიკლა? სად შეიძლება ჰქონოდა აბები? მე მისი საძინებელი ოთახი დავათვალიერე...
– ალმა, სად შეიძლება იყოს წერილი? – ადვოკატი კომპანიონ ქალს მიუბრუნდა.
– არ ვიცი, სერ, მე ის აღარ მინახავს, ალბათ, მის წერილებშია....
– არაფერიც არ არის, ვნახე.
– რა მოხდება, თუკი როზას საძინებელს კიდევ ერთხელ ერთად დავათვალიერებთ?
– ეს დროის ფუჭად დაკარგვა იქნება, – მხრები აიჩეჩა ლეიტენანტმა, – თუმცა, საწინააღმდეგო მაინც არაფერი მაქვს, ავიდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ როზას ინსულტი ჰქონდა და უკანასკნელ, გამოსათხოვარ წერილს ვერ დაწერდა.
– თქვენ არ იცნობდით როზას, – გაეღიმა ადვოკატ მუნის, – ის ყოველთვის აღწევდა მიზანს.
... როზას საძინებელი ოთახი მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო: კედლებზე მისი ახალგაზრდობის დროინდელი პორტრეტები ეკიდა მოოქრულ ჩარჩოებში. საწოლიც და ფანჯრებიც ხავერდითა და აბრეშუმით იყო მორთული. საწოლის აქეთ და იქით ორი ძველებური, ფეხებმოჩუქურთმებული ტუმბო იდგა. ლეიტენანტმა ჯერ ერთის უჯრა გამოაღო – ასპირინი, სათვალე, სათვალის ჩასადები ბუდე, სუნამოს ფლაკონი, პომადა, პატარა სარკე, სურნელოვანი ხელსახოცები...
– თუ შეიძლება, სათვალის შესანახი ბუდე გახსენით. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ის ცალკე არ უნდა იდოს, როცა სათვალე პირდაპირ გდია უჯრაში? გახსენით და, დარწმუნებული ვარ...
ლეიტენანტმა ფუტლარი გახსნა და ყველამ დაინახა კუთხეში პატარა კაფსულა.
– ეს სეკანოლია, როზას ძილის მომგვრელი მედიკამენტი. ყოველ საღამოს ორი კაფსულა მომქონდა მისთვის და ტუმბოზე ვუდებდი, ის კი თითოს მალავდა...
– წერილი სადაა? – ლეიტენანტმა ოთახი მოათვალიერა. მეორე ტუმბოზე ნოტების რვეული იდო. აიღო და გადაფურცლა.
– ეს რა არის? წერილი... ალბათ, სწორედ ის, რომელზეც თქვენ საუბრობდით. რატომ შეინახა აქ?
– მე გეტყვით. მომაწოდეთ ეგ რვეული ან თქვენ თავად წაიკითხეთ იმ ლექსის სტრიქონები, რომელიც მანდ წერია: „ჩაქრნენ ერთგული გულები... აღარავინ დამრჩა და, დროა, მეც წავიდე მათთან... რაღა დამრჩენია მარტოს ამ უბადრუკ დედამიწაზე“... როზას სტილია! – წამოიყვირა ადვოკატმა, – ეს მისი გამოსამშვიდობებელი წერილია, თვითმკვლელობის აღიარება.
ლეიტენანტმა ხელები გაშალა:
– მგონი, მართალი იყავით. პოლიციაში წავიდეთ და ალმას გამამართლებელ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ...
ალმა დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი დაბრუნდა სახლში – ეს ახლა მისი სახლი იყო... ცხელი შოკოლადი მოადუღა და სავარძელში მოიკალათა. „დიახ, მე ყოველთვის როზაზე უკეთესი მსახიობი ვიყავი, მაგრამ ის სილამაზით მჯობნიდა. როგორ ვაიძულე ადვოკატი, რომ საჭირო როლი ეთამაშა! თანაც ისე, რომ აზრზეც ვერ მოვიდა“.
სინამდვილეში როზა დიდხანს ელოდა ასეთი შინაარსის წერილს. მისი წაკითხვაც არ ისურვა, ზიზღით ჩაილაპარაკა – კიდევ ერთი ნაძირალა ჩაძაღლდაო და ალმას მისი გადაგდება დაავალა... საღამოს ალმამ შოკოლადში რამდენიმე კაფსულა ჩაყარა და მაგრად დაატკბო, როგორც როზას უყვარდა... ახლა კი სახლიც მისი იყო და თხუთმეტი ათასი დოლარიც...
ლეიტენანტი ფაულერი ერთი კვირის შემდეგ ესტუმრა.
– ისევ ჩემს დასაპატიმრებლად მოხვედით? – ღიმილით ჰკითხა ალმამ.
– არა, ისე შემოგიარეთ. თუმცა, ბოლომდე მაინც არ მჯერა თქვენი ადვოკატის ვერსიის. შოკოლადს ხომ არ დამალევინებთ?
– დიდი სიამოვნებით, ლეიტენანტო, – ალმამ ორი ფინჯანი შოკოლადი მოამზადა და ლეიტენანტი მრგვალ მაგიდასთან მიიპატიჟა...

скачать dle 11.3