კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხსნა „ბოსტონ ბალეტმა“ ლაშა ხოზაშვილის მონაწილეობით თეატრის მთელ ისტორიაში ფინანსური რეკორდი და როგორ აკვირდებოდა მას მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფი

ლაშა ხოზაშვილი უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო „ბოსტონ ბალეტის“ წამყვანი მოცეკვავეა, სადაც მან არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. მის შესახებ ადგილობრივი პრესა ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან შეფასებას აქვეყნებს. მის ყოველ გამოსვლას უმაღლეს შეფასებას აძლევენ: საუცხოო მოცეკვავე, ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, მგრძნობიარე, საიმედო არტისტი, არაჩვეულებრივი ტექნიკის მქონე და რაც მთავარია, თავმდაბალი, შრომისმოყვარე ადამიანი.

 ლაშა ხოზაშვილი: წლევანდელი სეზონი დიდი შემართებით დავიწყეთ. ისეთი რეპერტუარი გვქონდა, რომლის შესრულებაც ფიზიკურად ყველაზე რთულია  ჩემს კარიერაში.  ცხოვრებაში ზედმეტი არასდროს არაფერი გამიკეთებია, იმის გარდა, რომ საკუთარ თავზე ვმუშაობდი, ვრეპეტიციობდი დარბაზში. მაგრამ ახლა მთელ დასს ცეკვის, რეპეტიციის გარდა სხვა ფიზიკური დატვირთვაც გვქონდა, ყველაფერი გამძლეობაზე იყო – სასუნთქ გამძლეობაზე. თან, მხოლოდ ხომ არ უნდა გაძლო,  უნდა შეასრულო – ლამაზადაც უნდა გამოვიდეს და შინაარსიც გადმოსცე. ამიტომ, გადავწყვიტე, ცურვაზე მევლო, რათა სწორი სუნთქვა გამომემუშავებინა. მსოფლიო მასშტაბით ტოპ-ხუთეულის ქორეოგრაფი, ჯონ  ნოიმაიერი იყო ჩამოსული, რომელმაც თავისი უძველესი დადგმა ჩამოიტანა: გუსტავ მალერის „მესამე სიმფონია“. ბალეტი მიდის 1 საათი და 45 წუთი. ჩემი როლი თითქმის საათი და 40 წუთია – ამდენი ხანი ვარ სცენაზე. პირველი ნახევარი საათი კი გაუჩერებლად ვცეკვავ. როდესაც მამაკაცი წყვილთა ცეკვიდან გადადის სავარიაციო თემაზე, ეს შეიძლება, მაქსიმუმ გაგრძელდეს 7-8 წუთი. ამ შემთხვევაში კი, როგორც კი სცენაზე ვდგამდი ფეხს, რომ არ მოგატყუო, 25-27 წუთი გაუჩერებლად ვცეკვავდი. ეს რომ გავიგე, პირველი, რაც ვთქვი, იყო: ვაი, დედა. თან მთელ ამერიკაში ჩვენი დასი იყო პირველი, რომელმაც ეს ბალეტი იცეკვა, ურთულესია და საპასუხისმგებლო. თავად ნოიმაიერი ჩამოსული იყო 2014 წელს. დაესწრო ჩვენს „გედების ტბას“ და რომ  ნახა დასი, როგორ ფორმაში ვიყავით, გადაწყვიტა, ეს ბალეტი დაედგა.
–  შენც გაკვირდებოდა, ალბათ, რადგან გამოდის, რომ ბალეტი მარტო შენთვის დაიდგა.
– რა თქმა უნდა. მე ვიყავი პირველი შემადგენლობა, თუმცა მეორე შემადგენლობაც იყო. მაგრამ, მეორე შემადგენლობამ სულ ორი სპექტაკლი იცეკვა, ამიტომ მე მომიწია თითქმის ყველაფრის ცეკვა. ერთი სპექტაკლი მთელ სეზონს უდრიდა და შვიდი სპექტაკლი ვიცეკვე ორი კვირის განმავლობაში. ბოლო სპექტაკლზე უკვე მეგონა, რომ სეზონის ბოლო იყო. არადა ეს სეზონის პირველი სპექტაკლი იყო. ამის მერე დავიწყეთ „მაკნატუნა“, რომელიც ტრადიციულად 42-43 სპექტაკლი გვქონდა.
– როგორი იყო მუშაობის პროცესი?
– ყოველ რეპეტიციაზე თავს ვაკლავდი, თან მონაკვეთებად ვსწავლობდით. ყოველდღე ვმუშაობდით, საგიჟეთი იყო. პირველი ნაწილი ყველაზე დიდი, ძლიერი, მამაკაცურია. მალერის ძლიერი მუსიკა, ლამაზი მოძრაობები. მოსაყოლი ბალეტია – მაყურებელს საშუალებას აძლევს საკუთარი აზრი გამოხატოს, იფიქრონ.  გიჟური რეპეტიციები გვქონდა. ასეთი მე კი არა, მთელ „ბოსტონ ბალეტსაც“ არ ახსოვს. რაც მთავარია, სპექტაკლს საოცარი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან დიდი მოლოდინი იყო. გერმანიიდან ჩამოვიდა დიდი დელეგაცია, რადგან ჯონ ნოიმაიერი გერმანიში ძალიან უყვართ. ელჩები, ხელოვანი ხალხი ჩამოვიდა, რეპეტიციებზეც გვესწრებოდნენ. ვიდეორგოლებიც გადიოდა. ტელევიზიაშიც პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ „ბოსტონ ბალეტიდან“ სიუჟეტს, ინტერვიუც მივეცი და თან, ვაჩვენეთ მონაკვეთი მალერიდან. საბოლოოდ, ისეთი კარგი გამოვიდა, რომ არა მხოლოდ ამერიკაში, ამერიკის გარეთაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მერე „მაკნატუნას“  სპექტაკლმაც ჩაიარა, მაგრამ მაინც მეუბნებოდნენ: მალერში ისეთი მაგარი იყავი, მაგას რა დაგვავიწყებსო. ეს შეიძლება, საშიშიც იყოს,  მალევე რომ ჩამოიტანონ სპექტაკლი, თავიდან მოგვიწევს სუპერფორმაში შესვლა. ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, გადაჭედილი იყო დარბაზი, დიდი მოთხოვნა იყო მასზე.
– რომ დაბრუნდები ამერიკაში, როგორი იქნება თქვენი რეპერტუარი?  
– თებერვალში მექნება ბალეტი, რომელში ცეკვაც სულ მინდოდა. ეს არის –„ევგენი ონეგინი“, ჯონ კრანკოს ქორეოგრაფია, ევგენის როლში ვიქნები. ესეც საკმაოდ რთული ბალეტია ემოციებიდან გამომდინარე. ზოგადად, ემოციები უფრო ღლის მოცეკვავეს, ვიდრე ტექნიკური მხარე. მომავალში ბალანჩინიც გვექნება და „გედების ტბაც“ ბრუნდება, რომელზეც მაყურებლის მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო. 2014 წელს ვიცევეთ და ისეთი ანშლაგი იყო, ისეთი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქორეოგრაფიამ, ასევე კოსტიუმებმაც, რომ ფინანსურად რეკორდი მოვხსენით მთელ „ბოსტონ ბალეტის” ისტორიაში. ორ დღეში აიწია თანხამ. ბილეთის ბოლო ფასი 400 დოლარამდე იყო.
– შენი მისვლით ბევრი რამ შესძინე „ბოსტონ ბალეტს“, ბევრი წარმატებული სეზონი ჩაატარე.
– ალბათ, ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ვარ დღეს „ბოსტონ ბალეტში“ და რატომ ვუნდივარ ამ ბალეტს. მინდა, უფრო მეტად გავიზარდო. ყოველ წელს ყველა მოცეკვავეს დირექტორთან გვაქვს გასაუბრება. წელსაც დირექტორმა მითხრა: სასწაული მოახდინე. მხოლოდ მალერი რომ ავიღოთ, ესეც საკმარისია – გადაგვარჩინე, ისეთი რაღაცეები გააკეთე. ახლა ოქროს ასაკი გაქვს და ყველაფერი წინ არის, შენში გაზრდის მხრივ დიდ პოტენციალს ვხედავ და მაინტერესებს, სადამდე წახვალო. 30-31 წელი მართლაც „გოლდენ ეიჯია“ და ამას მეც ვგრძნობ.
– სხვა თეატრებიდან არის ხოლმე შემოთავაზებები მათთან გადასვლაზე?
– რადგან „ბოსტონ ბალეტს“ ვეკუთვნი უკვე მეექვსე წელია, თუ წასვლას გადავწყვეტ და რომელიმე დასში მოვინდომებ გასინჯვას, მაშინვე გავრცელდება ინფორმაცია და წამოვა შემოთავაზებები. სხვა შემთხვევაში არავინ წამოვა, რადგან იციან, აქ რომ ვარ, კარგად ვარ. სხვა დირექტორებს უკითხავთ: როგორ ხარ, ყველაფერი კარგად არისო. თუ დავიჭყანები და დავიწუწუნებ – ეს ნიშანი იქნება და შემოთავაზებაც წამოვა. მე არანიარი სურვილი არ მაქვს, „ბოსტონ-ბალეტიდან” წამოვიდე, რადგან არსად არ არის ასეთი საინტერესო რეპერტუარი, როგორიც ჩვენთან.
– რა მიგაჩნია ყველაზე დიდ წარმატებად?
– ჩემთვის დიდი წარმატებაა ის, რომ ჯერ კიდევ ამ დასში ვარ და მხოლოდ მე კი არა,  მათაც ვუნდივარ. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. რაც შეეხება რეპერტუარს, ჩემთვის ყველაზე გრანდიოზული საცეკვაო მაინც გუსტავ მალერის „მესამე სიმფონია” იყო, ჯონ ნოიმაიერის ქორეოგრაფიით. თუმცა, მანამდეც იყო წარმატებები. ყოველი პროგრამის შემდეგ გვაქვს წვეულება, სადაც, ძირითადად, ჩვენი სპონსორები, სტუმრები მოდიან. თუ მაყურებელს უნდა მოსვლა, შეუძლია, 500 დოლარი გადაიხადოს, მოვიდეს და ჩვენთან ერთად გაატაროს დრო. ერთი სპონსორია, ყოფილი მოცეკვავე და ის მეუბნება ხოლმე: სად დაფრინავო.  მე ბავშვობიდან მაქვს ასეთი ბუნებრივი ნახტომი, მერე კი ნელ-ნელა გამოვიმუშავე. მისი შეფასება კი ასეთი იყო: მინახავს მოცეკვავეები, ვისაც დიდი ნახტომი აქვს, მაგრამ იშვიათობაა, შენი სიმაღლის მოცეკვავეს ასეთი ნახტომი ჰქონდესო.
– დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე ხარ და არა მხოლოდ „ბოსტონ ბალეტში.” შენს ყველა გამოსვლას დიდი გამოხმაურება და კარგი რეცენზია მოჰყვება ხოლმე.
– მიხარია, როცა პროფესიონალი ამახვილებს ყურადღებას ჩემს გამოსვლაზე. ყველაზე მეტად მიხარია, როდესაც წერენ, რომ პარტია კარგად შევასრულე და კარგი პარტნიორობა გავწიე – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება. როცა მაფასებენ როგორც მსახიობსა და ძლიერ პარტნიორს, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მახსოვს, „გედების ტბაში“ რომ როტბარდი ვიცეკვე, დაწერეს: საუკეთესო შესრულება იყო, რაც კი მსოფლიოში მინახავსო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.
– ქართველი მაყურებლის წინაშე ცეკვას არ გეგმავ?
– იყო შემოთავაზება, ბალეტ „გორდაში“ მეცეკვა და ეს ჩემთვის საამაყო იყო, მაგრამ ისეთი თარიღები დაემთხვა, ვერაფრით მოვახერხებდი ჩამოსვლას. „ევგენი ონეგინის” რეპეტიციები გვაქვს, მერე სცენაზე გადავდივართ და ამ დროს გაციების უფლებაც კი არ გაქვს, არათუ სადმე გამგზავრების. გარდა ამისა, სხვა სპექტაკლებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია – ძალიან დატვირთული. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვდივარ, თუმცა ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ჩვენს დასთან. მათ თუ დავჭირდები, აუცილებლად დავუდგები გვერდში.
– შენს მეუღლესაც აქვს წარმატებები „ბოსტონ ბალეტში“...
– კი. მაგალითად, „მაკნატუნაში“ თითქმის ყველაფერს ცეკვავს. 2014 წელს ერთად ვიცეკვეთ „აღმოსავლური თოჯინა“. საქართველოში „ფრანგულ თოჯინაში“ ვიცეკვეთ, ასევე, სხვა სპექტაკლებშიც. თურქეთშიც ვიცეკვეთ ბატონი ნუკრი მაღალაშვილის „ათას ერთი ღამე“, შეჰერეზადას როლს ასრულებდა ეკა. ორივენი წამყვანები ვიყავით. ასევე, ვიცეკვეთ „ზაფხულის ღამის სიზმარში“. გამიხარდა, რომ „ბოსტონ ბალეტშიც“ ვიცეკვეთ ერთად და ძალიან კარგად ჩაიარა. ერთი რეპეტიციის შემდეგ უკვე მზად ვიყავით სცენაზე გასასვლელად. ორივეს ბავშვებივით გაგვიხარდა, დირექტორმა რომ გვითხრა, გაწყვილებთო. რომ ნახა წყნარად, მშვიდად გავართვით თავი, შეიძლება, სამომავლოდაც იყოს კიდევ რაღაც. წელსაც უნდოდათ, მოეცათ როლი, მაგრამ დამინდეს, რადგან მალერის გარდა, „მაკნატუნაშიც“ დამატებით სხვა პარტიებიც ვიცეკვე. ბევრი ტრავმა იყო, განსაკუთრებით მამაკაცებში და მათი პარტნიორებიც მე გადამინაწილეს. ბევრ სხვადასხვა პარტნიორთან ვიცეკვე. სამომავლოდ გადავწყვიტე, გაკვეთილებიც ჩავატარო. ბოსტონში, სხვაგანაც უკვე არაერთხელ ჩავატარე. მოცეკვავეზე არანაკლები პედაგოგი ვარ, უფრო მეტი თუ არა. რაც მთავარია, ძალიან მომწონს. ზაფხულში ყველა დასში ტარდება ფესტივალი, მათ შორის ბოსტონშიც.  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები, მე კი ვიქნები პედაგოგი. სამომავლოდ, პედაგოგიური მოღვაწეობა მინდა განვაგრძო, ძირითადად, პროფესიონალებში, დასში. ბევრი მეუბნება, შენს სკოლას გახსნიო. ჯერ საკუთარი სკოლის გახსნაზე არ ვფიქრობ, მინდა, პროფესიონალებთან ვიმუშაო. შემდეგ დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

скачать dle 11.3