კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაამწესეს საგიჟეთში ქართველი თაღლითის მიერ მოტყუებული ფრანგი კოლექციონერი

ხიდი
1967 წელს 20 ივნისს ციმბირის დაბა იუჟნო ამურსკის ადმინისტრაციის წინ ტენტიანი „ვილისი“ გაჩერდა. იქიდან სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა. სტეპან ბოიკო იკითხა და იუჟნო ამურსკის ადმინისტრაციის უფროსს კაბინეტში ეახლა.
ბოიკომ ახალმოსულს თვალი შეავლო და ჰკითხა:
– გისმენთ, ამხანაგო. რა გნებავთ?
– მე იური ვოვსი ვარ და მოსკოვიდან ასე შორს იმიტომ ჩამოვედი, რომ თქვენი მოთხოვნა განვიხილო მდინარე ამურზე ხიდის აშენების თაობაზე.
ბოიკოს სახე გაებადრა. სტუმარს დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– დიახ, დიახ, ამხანაგო ვოვს, პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ გაწამებულები ვართ უხიდობით. მდინარე ამურის მარცხენა ნაპირზე რომ მოვხვდეთ, ტაიგაში სამოცდაათკილომეტრიანი სახიფათო გზის გავლა გვიწევს. ნავით გადასვლა მდინარეზე კი ორმაგად სახიფათოა. იქნებ გვიშველოთ, დადებითად გადავწყვიტოთ ჩვენი საკითხი და ხიდი აგვიშენოთ.
დაბა იუჟნო ამურსკი შუაგულ ტაიგაში მდებარეობდა. მისი მკვიდრნი კი თევზჭერითა და ოქროს უკანონო მოპოვებით ირჩენდნენ თავს. იმ მიდამოებში უამრავი ოქროს მარცვალი მოიპოვებოდა და იუჟნოამურსკელებს სწორედ იმიტომ სჭირდებოდათ ხიდი, რომ თავიანთი ოქრო იოლად გადაეტანათ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და სარფიანად გაეყიდათ. დაბაში, თვეში ერთხელ ჩამოივლიდა ხოლმე სატვირთო გემი, რომელსაც იუჟნოამურსკელებისთვის პროდუქტები და პირველადი მოთხოვნილების საგნები მოჰქონდა.
ბოიკო და ვოვსი მდინარე ამურის ნაპირზე გავიდნენ. მოსკოველმა სტუმარმა ყურადღებით დაათვალიერა იქაურობა და ბოიკოს უთხრა:
– რვაასმეტრიანი ხიდი უნდა აიგოს, ბეტონის საფარითა და ორმხრივი მოძრაობით. ახლა, ამხანაგო ბოიკო, დოკუმენტაციისთვის საჭირო მონაცემები უნდა დავაზუსტოთ და თუ ყველაფერი რიგზე გაქვთ, მაშინ პროექტს შევადგენთ და მშენებლობას, მაქსიმუმ, სამ კვირაში დავიწყებთ.
ბოიკოს კაბინეტში დაბრუნებულმა მოსკოველმა ყველა მოთხოვნილი მონაცემი რომ გადაათვალიერა, თავი გააქნია და მასპინძელს მიუგო:
– სამწუხაროა, მაგრამ არაფერი გამოვა.
– რატომ, ამხანაგო ვოვს?
– იმიტომ, რომ თქვენს დაბაში ათას ოთხასი ადამიანი ცხოვრობს. ნომრების მიხედვით კი, ხიდი იმ შემთხვევაში შენდება, თუკი მოსახლეობის რაოდენობა 1 500 და მეტია. ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ბოდიში. მოსკოვში უნდა დავბრუნდე.
ბოიკო, იმდენს ეხვეწა ვოვსს, რომ მოსკოველი დათანხმდა მასპინძელს, ხიდის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტში მოსახლეობის რაოდენობა ასით გაეზარდა და ჩაეწერა 1 510 ადამიანი. სანაცვლოდ კი, მოსკოველი უფროსობის მოსაქრთამად თხუთმეტი კილოგრამი ოქრო აეღო. დაახლოებით ათი გრამი – თითოეულ იუჟნოამურსკელზე.
ვოვსკმა ოქროც აიღო, სამი დღე კარგი დრო გაატარა დაბაში და ბოიკოს ქალიშვილთანაც გაერთო. შემდეგ კი „ვილისში“ ჩაჯდა და გაემგზავრა. დაბელებს კი, მაქსიმუმ სამ კვირაში დაბრუნება და ხიდის მშენებლობის დაწყებას შეჰპირდა.
სინამდვილეში, იუჟნო ამურსკის სტუმარი ციხიდან ახლად გათავისუფლებული თაღლითი, მახო ჩიჩუა იყო, რომელმაც ხუთწლიანი პატიმრობა იმის გამო მოიხადა, რომ მოსკოვის სასტუმრო „როსიას“ კვების ობიექტებს ფალსიფიცირებული ხიზილალა და ჩეხური ლუდი მიჰყიდა. ამით კი სახელმწიფო 75 ათასი მანეთით აზარალა. ხიზილალის  ქილებში შეღებილი წიწიბურა იდო, ხოლო ლუდის ბოთლებში – შეფერადებული გაზიანი წყალი... იუჟნოამურსკელების ამბავი კი მან ერთ-ერთი იუჟნოამურსკელი პატიმრისგან შეიტყო, რომელიც მასთან ერთად იხდიდა სასჯელს და ციხიდან ორი წლის შემდეგ გათავისუფლდებოდა. ჩიჩუამ მისთვის ჩვეული ოსტატობით ჩაატარა ეს აფერა და 15 კილოგრამი ოქროთი სამუდამოდ გაუჩინარდა იუჟნო ამურსკიდან.
 გროსმაისტერი
მიუხედავად იმისა, რომ მალხაზ ჩიჩუამ იუჟნო ამურსკიდან 15 კილოგრამი ოქრო წამოიღო და შეეძლო, მთელი ცხოვრება თავის გემოზე, უზრუნველად გაეტარებინა, ის მაინც განაგრძობდა თაღლითობას. ჩიჩუა აზარტული, შეიძლება ითქვას, პატივმოყვარე იყო და ადამიანების გაცურება სიამოვნებას ჰგვრიდა. ის მთელ საბჭოეთში მოგზაურობდა. სხვადასხვა აფერას იგონებდა და ახორციელებდა კიდეც. ოქროს ნელ-ნელა ყიდდა და აღებულ ფულს აფერებში დებდა, საიდანაც ხან მცირე, ხან კი დიდ შემოსავალს იღებდა. 1967-1973 წლებში, მალხაზ ჩიჩუამ სახელმწიფო და სხვადასხვა კერძო პირი თითქმის მილიონ მანეთში „გადააგდო“.
1969 წლის მაისში, ლენინგრადში მყოფმა ჩიჩუამ ერთი შვედი მილიონერი ისე გააბრუა, რომ მან (შვედმა) ქართველი თაღლითისგან, ოქტომბრის რევოლუციის სიმბოლო, კრეისერი „ავრორა“ 200 ათას მანეთად იყიდა. ჩიჩუამ შვედს 50 ათასი წინასწარ გამოართვა, „საბუთების გასაფორმებლად“ წავიდა და გაუჩინარდა.
იმავე წლის ივლისში, ჩიჩუამ უკვე ლენინგრადის „ერმიტაჟის“ დამთვალიერებელი, ფრანგი ფანატიკოსი კოლექციონერი ისე „დააბოლა“, რომ მან თაღლითს 150 ათასი მანეთი გადაუხადა. სანაცვლოდ კი, თავისი ცნობილი თანამემამულის, ოგიუსტ როდენის ქანდაკება უნდა მიეღო, რომელიც „ერმიტაჟში“ იყო გამოფენილი. როგორც ყოველთვის, ქართველი თაღლითი, წამით გავიდა და სამუდამოდ გაუჩინარდა. დოყლაპია ფრანგი კი ელოდა მას და როდესაც აღარ გამოჩნდა, პირდაპირ მუზეუმის დირექციაში მივიდა და ნაყიდი ნივთი მოითხოვა. ფრანგი ჯერ გიჟი ეგონათ. შემდეგ კი, როცა ყველაფერი გაირკვა, მილიცია გამოიძახეს, ფრანგი კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან ძლიერი სტრესი მიიღო...
1972 წლის იანვარში, ქართველი თაღლითი ყაზახეთის მაღალმთიან კურორტ „მედეოზე“ იმყოფებოდა, სადაც იმავე სახელწოდების ყინულის მოედანზე მსხვილი საციგურაო შეჯიბრება იმართებოდა. ჩიჩუა „მედეოს“ დირექციას ყინულის მოედნის სრულ გადახურვას შეჰპირდა. ქრთამის სახით მათ 40 ათასი მანეთი გამოართვა და მიიმალა. ამ პერიოდისთვის, ქართველი თაღლითის კვალს „კაგებე“ დააჯდა და ჩიჩუამ ძლივს გაასწრო უშიშროების ოპერებს, რომლებიც მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში მის დასაჭერად მივიდნენ. ამის შემდეგ, მალხაზ ჩიჩუა ტაჯიკეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში გაემგზავრა. ყალბი საბუთები წარუდგინა ადგილობრივი სკოლის დირექტორს და ფიზკულტურის მასწავლებლად მოეწყო. ჩიჩუა ამბობდა, რომ ის ჭადრაკის გროსმაისტერი იყო და რადგან მართლაც კარგად თამაშობდა ჭადრაკს, სკოლაში საჭადრაკო სექცია ჩამოაყალიბა. ადგილობრივი ბავშვები ნიჭიერი მოჭადრაკეები გამოდგნენ. ჯერ რაიონის პირველობა მოიგეს, შემდეგ რესპუბლიკური ჩემპიონატი და სწორედ იქ არ გაუმართლა ქართველ თაღლითს. როდესაც პატარა სოფლის გამარჯვებულ გუნდსა და მათ მწვრთნელს აჯილდოებდნენ, ქართველი თაღლითი ერთმა მშობელმა იცნო, რომელიც სხვა გუნდის მონაწილეს ახლდა და ჩიჩუასთან ერთად იჯდა ციხეში. სწორედ მან დააბეზღა ძებნილი თაღლითი და მეორე დღეს „გროსმაისტერი“ იმ დროს აიყვანეს ფიზკულტურის გაკვეთილზე, როცა თავის მოსწავლეებთან ერთად, საჭადრაკო პარტიას არჩევდა.
მალხაზ ჩიჩუა მოსკოვში გაასამართლეს, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ერთ დროს მოუხელთებელი თაღლითი ნაყინის გამყიდველად მოეწყო და მოსკოვში, გორკის პარკში ყიდდა ნაყინს.

скачать dle 11.3