კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ულურჯდებოდა თვალი ზაზა ფაჩულიას დედას შვილის თამაშების შემდეგ და რატომ იყო მისი კალათბურთზე ტარების წინააღმდეგი

ზაზა ფაჩულიას all star-ზე წარდგენამ მთელი საქართველო ერთი მიზნით გააერთიანა – საამაყო და ყველასთვის საყვარელი ქართველი კალათბურთელის ამ დონის თამაშზე მოხვედრა. ამისთვის საჭიროა, მას 24 საათში ერთხელ ხმა მივცეთ ინტერნეტის საშუალებით. დავწეროთ ღია პოსტი ტექსტით #NBAVOTE Zaza Pachulia.  ბოლო მონაცემებით ზაზა მერვე ადგილზეა და თანამემამულეების მაღალი მხარდაჭერით მან მსოფლიოს გაოცება შეძლო. თუმცა, მთავარი ხუთეულში მოხვედრაა, რისთვისაც მას კიდევ ბევრი ხმა სჭირდება. გულშემატკივრების აქტივობა არაერთი ხუმრობის მიზეზიც გახდა. მაგალითად: „თუ ასე გაავაგრძელეთ, all star-ზე მხოლოდ ფაჩულია ითამაშებს“, „ბაგრატ მესამის შემდეგ საქართველოს გაერთიანება მხოლოდ ფაჩულიამ შეძლო“, ჩვენი ქვეყნის რუკაზე კი „საქართველოს” ნაცვლად გაჩნდა წარწერა – „საფაჩულეთი.”  

 მარინა კოდუა (ზაზა ფაჩულიას დედა): ზაზა პირველად, თუ არ ვცდები, სამი წლის წინ წარადგინეს all star-ზე. მაშინ ამხელა რეკლამა არ ყოფილა, შესაბამისად, ბევრმა ვერ გაიგო  და მხოლოდ ახლობლები ვაძლევდით ხმას. ამჯერად საოცარი ერთობა მოჰყვა ამ ამბავს. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში ამდენი არ მინერვიულია. იმიტომ კი არა, რომ საქმე ჩემს შვილს ეხება, ეს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ზაზა უკვე შემდგარი კალათბურთელია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველმა ითამაშოს all star-ზე. ეს, ალბათ, რთული დასაჯერებელია, მაგრამ, გეფიცებით, ნამდვილად ასეა. ჩემი შვილისადმი თანადგომით გამოწვეული ემოციების გამოხატვა კი სიტყვებით არ შემიძლია. ნეტავი ოდესმე რამეს თუ გაუერთიანებია ასე საქართველო?! ყველაზე მეტად მიხარია, როცა ეუბნებიან, განა რამდენი ხართო – ჰგონიათ, რომ 20-მილიონიანი ერი ვართ, სინამდვილეში კი გული გვაქვს 20-მილიონიანი.
– ალბათ, ძალიან ამაყი ხართ, როცა თქვენი შვილის გარშემო გაერთიანებულ საქართველოს ხედავთ.
– მე, როგორც ზაზას დედა, ძალიან ამაყი ვარ. ღმერთმა ყველა დედას გამოაცდევინოს ეს გრძნობა და მაშინ უფრო გამიგებენ. იმ დედების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც საკუთარ შვილებს აქებენ. არც მე მაქებდნენ ჩემი მშობლები და არც მე ვაქებდი ზაზას. ახლა ცხოვრებაში პირველად შევაქე – დედა, მე შენით ვამაყობ-მეთქი და მითხრა: ცუდად ხომ არ ხარო (იცინის). ზაზა მე მგავს, ემოციებს არ გამოხატავს. მაგრამ მე დედა ვარ და ყველაფერს მის ხმასა და გამოხედვაში ვგრძნობ. ვხვდები, რომ ასეთი მხარდაჭერის გამო ძალიან ამაყი და უზომოდ მადლიერია. მისი საუბრიდან ვხვდები, რომ ფიქრობს, რა გააკეთოს მადლიერების გამოსახატავად. შოკის მომგვრელია ის სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ახლა მის მიმართ გამოხატავენ. ხმის მიცემა ორშაბათს მთავრდება და, ვნახოთ, რა იქნება. საერთოდ, ჯანმრთელი ვარ და წნევაც არ მაწუხებს, მაგრამ ახლა თვალები დასიებული მაქვს და სხვა რამეზე ფიქრიც კი არ მინდა. ადამიანობას გეფიცებით, რომ ვერ გავიდეს, იმაზე კი არ ვინერვიულებ, რომ ზაზამ all star-ზე ვერ ითამაშა. მას ამით არც ხელფასი მოემატება, დაფასება და ცნობადობა კი ისედაც არ აკლია. რასაკვირველია, ეს საამაყოა და მის შვილიშვილებსაც კი შეეძლებათ ტრაბახი, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, უფრო მეტად იმაზე ვდარდობ, რა უნდა გავაკეთო, ამდენი ხალხის მონდომება წყალში რომ ჩაიყაროს. მინდა, ყველას დაუფასდეს მხარდაჭერა – ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება. ზაზამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. უკვე წარდგენილია და მეტი მას აღარაფერი შეუძლია. რაც ახლა ხდება, ხალხის გამარჯვებაა. NBA-ში და all star-ზე წარდგენილი ქვეყნებიდან, მგონი, ყველაზე პატარა და მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ, იმდენად მაგრები, რომ ჩვენი ხმებით ვაჯობეთ ჩინეთს, თურქეთს, უკრაინას, გერმანიას – ეს საოცრებაა. NBA შოკშია და, თუ ბოლომდე გავედით, მაშინ, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ვფიქრობ, ვინც კი შემხვდება, ყველას ჩავეხუტო და გადავკოცნო. არც კი ვიცი, ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო (იცინის).
– შვილის ნახვას ხშირად ახერხებთ? ახალ წელს ერთად თუ ატარებთ ხოლმე?
– ხშირად ვერ ვახერხებ. ახალ წელს აქ ვატარებ, მას შემდეგ, რაც სასტუმრო მაქვს, რომელსაც „ზიფი“ – ჩემი შვილის სახელი ჰქვია, ჩემი ოჯახი კი ამერიკაშია. ჩემთვის ახალი წელი ზაფხულში იწყება, როცა ჩემი გიჟი ბავშვები ჩამოდიან. ერთი შვილი მყავს და მეორის სიყვარული არ ვიცოდი. ახლა უცებ ხუთი მყავს და ეს ნამდვილი სასწაულია.
– შვილიშვილებიდან რომელიმე მამის კვალს ხომ არ მიჰყვება?
– შვილიშვილები ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემაა. ყოველთვის ვბრაზობდი ბებიის სინდრომზე – როგორ შეიძლება, შვილზე წინ შვილიშვილი დააყენო-მეთქი?! პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, შვილია, მაგრამ შვილიშვილები ნამდვილი სასწაული ყოფილა. უფროსი, დათი, 7 წლისაა; საბა – 6-ის და მარიამი – 3-ის. ფაჩულიას არ უთხრათ, მაგრამ დათიზე ვერ ვიტყვი, რომ კალათბურთისკენ აქვს მიდრეკილება (იცინის), ის უფრო მწიგნობარია. ადამიანის შეფასებაში იშვიათად ვცდები. ზაზაში ყოველთვის ვხედავდი, რომ კარგი კალათბურთელი იქნებოდა და ამიტომაც არ მიმყავდა კალათბურთზე – ძალიან კარგად სწავლობდა და, არ მინდოდა, თავი დაენებებინა. დათის რაც შეეხება, ის ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანი ბავშვია. ბევრს კითხულობს და უკვე ბიბლიოთეკიდან გამოაქვს წიგნები. აი, რაც შეეხება საბას, ის მამაზე უკეთესი კალათბურთელი იქნება. საბა ყველა all star-ს ითამაშებს. ძალიან მსუბუქი, თხელი და მაღალი ბავშვია, კალათბურთისთვის ყველა მონაცემი აქვს. მარიამი კი ბალეტზე დაჰყავთ. ოღონდ, არ ვიცი, ბალერონს სად იპოვიან (იცინის). სამი წლისაა და უკვე ნამდვილი არტისტია. დედის მხრიდან ბებია ჰყავს მსახიობი და, ალბათ, მას დაემსგავსა. არსებობს ისეთი რამეები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჩემთვის, თიკასთვის, დათისა და საბასთვის, მაგრამ მარიამისთვის ყველაფერი შეიძლება – აი, ვინ დასცა ფაჩულია ბეჭებზე (იცინის), ეს გოგომ მოახერხა. მას ყველა სურვილს უსრულებს. თან, ხომ იცით, გოგო ცოტა ეშმაკია, ბიჭებს უჩიჩხინებს და მერე ისინი ისჯებიან. მარიამს თავი დაანებეთ, – იძახის მამამისი და, ამ დროს, მარიამია დამნაშავე. მაგრამ ის ისე მოთაფლავს, რომ ზაზა „დაბმულია” (იცინის). ზაზა ძალიან მოწესრიგებულია. მაგიდაზე მტვერს რომ ვუწმენდთ, ზედმეტად არაფერს არ უნდა შევეხოთ და ადგილი არ უნდა შევუცვალოთ, მხოლოდ მარიამს აქვს ზაზას უჯრაში ჯირითის უფლება (იცინის).
– ცნობილია, რომ რძალთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ.
– ჰო, ასე ამბობენ (იცინის). არ არსებობს კარგი დედამთილი და კარგი რძალი; არსებობს კარგი ადამიანი და, თუ ასეთი ხარ, ყველასთან კარგი ხარ. გარდა ამისა, თუ შვილი კარგი გყავს, მაშინ, რძალიც კარგია, რადგან, შვილი არც ცოლს და არც დედას არ მისცემს უფლებას, რომ სახლში კონფლიქტი იყოს. ასე რომ, მე შვილი მყავს კარგი.
– რომლის დიდი და ყველაზე ემოციური გულშემატკივარიც ხართ.
– თქვენც იცით, რომ ცუდად ვიქცევი, როცა ზაზა მოედანზეა? (იცინის) ხაზს ვუსვამ: დიდი ვერაფერი, მაგრამ, მე თვითონაც კალათბურთელი ვიყავი და თეორიულად ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. ამიტომ, როცა ჩემი შვილი თამაშობს, მე სულ ვკივი: „ზაზა, მოვიდააა!.. მარჯვნივ!.. მარცხნივ!..” დედისთვის ძალიან ძნელია, როცა ხედავს, რომ მისი შვილი წაიქცა, მით უმეტეს, თუ დედა ემოციურია და, თან – მეგრელი. ასეთ შემთხვევაში მოედანზე პირველი მე გავრბივარ. ამერიკაში ვინ გაგიშვებს, მაგრამ, მაინც. როცა თამაში აქ აქვს, ყოველთვის მაფრთხილებს: იცოდე, საქართველოში ვართ და ცუდი სიტყვა არ თქვაო (იცინის). სხვაზე არც არასდროს  ვამბობ ცუდ სიტყვას, თუ ვიტყვი, მხოლოდ ფაჩულიაზე (იცინის). ერთი პერიოდი თვალი მქონდა ჩალურჯებული. თავიდან თითის შეხებისას მტკიოდა, შემდეგ ჩამილურჯდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ, ვერ ვხვდებოდი, რის გამო მემართებოდა. მერე დავაკვირდი, რომ ეს თამაშის შემდეგ ხდებოდა. საქმე ისაა, რომ ზაზას თამაშებს კამერით ვიღებდი, რომ შემდეგ გაგვერჩია და, ეტყობა, აზარტში რომ შევდიოდი, იმდენად ვიჭერდი თვალზე, რომ მილურჯდებოდა (იცინის). ერთხელ, რიგაში თამაშის დროს, ზაზას ბურთი გაუვარდა და მე, ჩემდა უნებურად, მოედანზე აღმოვჩნდი – მივეხმარე, ბურთი გავუჩერე (იცინის). მსაჯი გაოცებული მიყურებდა – ამას მოედანზე რა უნდაო. კი არ გამომაგდო, გამომაბუნძულა იქიდან (იცინის). მე თვითონაც ვიცი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ გამოსავალი არაა, იმ მომენტში მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი.
– თქვენც კალათბურთელი ხართ და, რატომ არ გინდოდათ კალათბურთზე ზაზას მიყვანა?
– მე კალათბურთზე სიმაღლის გამო მიმიყვანეს, მაგრამ, ამის გარდა, სხვა მხრივ, ფიზიკური მონაცემები ხელს არ მიწყობდა, ამიტომ ჩემგან კარგი კალათბურთელი არ გამოვიდა, მაგრამ გონებრივად ძალიან კარგად ვაზროვნებდი და შესანიშნავი ხედვა მქონდა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რამდენად რთული და შრომატევადი იყო ეს სპორტი. ჩვენ მხოლოდ მათ მიღწევებს ვხედავთ და ტაშს ვუკრავთ, მაგრამ, იცის ვინმემ, ამის მიღმა რა ხდება? ზაზა 25 წლის იყო, როცა მოედანზე სამი კბილი ჩამოუღეს. ზურგი და ფეხები საშინელ დღეში აქვს. პროფესიონალურ სპორტში თანხას დიდი მსხვერპლისა და შრომის გარეშე არავინ მოგცემს. ამ საქმეს ნახევარი ჯანმრთელობა მიაქვს. მარტო ამ კვირაში, 7 დღის განმავლობაში, ზაზას 5 თამაში ჰქონდა. უამრავჯერ გადაფრინდა და გადმოფრინდა. როცა დამწყები იყო, მის თამაშს მიშა ქორქიას დედამ უყურა და მითხრა: ეს ძალიან კარგი კალათბურთელი გამოვა და შენ მეცოდები, რადგან, სულ იფრენსო. მაშინ ვიფიქრე,  ამას რა ჯობია-მეთქი, ვერ გავიგე რას მეუბნებოდა. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს, როცა სულ ცას უყურებ და, თუ ცუდი ამინდია, დარდობ, ნეტა როგორ ჩაფრინდაო. თუმცა ზაზას პანიკები არ უყვარს და მას არასდროს ვაგრძნობინებ, რომ მე ამაზე ვდარდობ. ამ საქმეს, სიხარულთან ერთად, უამრავი ნერვიულობა და ტრავმა ახლავს. თან, ზაზა ძალიან კარგი მოსწავლე იყო და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მინდოდა კალათბურთზე მიმეყვანა. მირჩევდნენ, მაგრამ მე ცოცხალი თავით უარზე ვიყავი. შემდეგ ერთმა ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ჩემი ხათრით ერთხელ მაინც მოიყვანეო. მივიყვანე და, სანამ მე ძველი მეგობრები მოვიკითხე, ზაზა მწვრთნელმა ნახა და ამათ ანიშნა – დედა გაიყვანეთო. ზაზა იქ დარჩა. დარჩა და დარჩა.
– პირველად როდის იამაყეთ მისით, როგორც კალათბურთელით?
– როცა სპორტის სასახლეში ხელში აიყვანეს. ეს დაახლოებით 19 წლის წინ იყო. იმდენად გახარებული ვიყავი, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა და ჩემი ემოციების დასახარჯად მთელ თბილისი ფეხით შემოვიარე (იცინის).
– ურთულესი პერიოდის გამოვლაც მოგიწიათ – მეუღლე გარდაგეცვალათ და თქვენ შვილის მომავლისთვის ყველაფერი დათმეთ.
– მაშინ ძმა, მამა და ქმარი ერთდროულად გამომეცალნენ ხელიდან. მარტო დავრჩი შვილთან, რომელსაც გარდატეხის ასაკი ჰქონდა და მამა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენთვის. ამ დროს ზაზას დაენიშნა ხელფასი – 300 დოლარი და 14 წლის ასაკში თავი უკვე კაცი ეგონა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი იცოდა. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში კაცობდა, მაინც ყველანაირად ბავშვი იყო.  იმ პერიოდში თურქეთში ვიყავით და, მახსოვს, შარვლის ჩაცმას მიკრძალავდა. მთელი თურქეთი შარვლით დადიოდა და მარტო მე მეცვა კაბა – რაღაც ხომ უნდა აეკრძალა (იცინის)! ახლა ამაზე სიცილით კვდება.
– შვილის გზაზე დაყენებაც შეძელით და შემდეგ თვითონაც ბიზნესვუმენი გახდით.
– უკვე 11 წელიწადია, ბიზნესში ვარ. ჯერ პატარა სასტუმრო მქონდა, ახლა დიდიც გავაკეთეთ და ორი სასტუმრო გვაქვს. იმ პერიოდში ზაზას მხოლოდ ჩაცმა-დახურვა აინტერესებდა, ამ დროს კი, შეიძლება ითქვას, რომ დედამ ფული წაჰგლიჯა და სასტუმროსთვის ფართი იყიდა. თავიდან არაფერი ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველა დეტალში შესანიშნავად ვერკვევი. მინდა, სანამ ჩამოვლენ, ისეთივე წარმატებული შევინარჩუნო, როგორიც არის, რომ მერე მშვიდად დასვენების უფლება მქონდეს.
– ახლა რა არის თქვენი ოცნება?
– ახლა all star-ის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. თუმცა, ვოცნებობ, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ ისეთი ქვეყანა დახვდეთ, როგორიც მათ უნდათ და როგორსაც საქართველო იმსახურებს.

скачать dle 11.3