კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ნოე რამიშვილმა სტალინი და რისთვის მოინახულა მისმა შვილმა მამის მკვლელი ციხეში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი ხელმძღვანელის, ნოე რამიშვილის შვილიშვილი საქართველოს ეწვია. მიშელ რამიშვილმა მშობლიურ ქვეყანაში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველოს შტამპი დაფიქსირდა. ამ ნაბიჯით მან სიმბოლურად დააბრუნა სამშობლოში ემიგრანტი ნოე რამიშვილი.

 მარიამ დავითაშვილი (მიშელ რამიშვილის ახლო ნათესავი): მიშელის აქ ჩამოსვლის ძირითადი მიზანი მისი ბაბუის, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის პასპორტის ჩამოტანა იყო. მასში ბოლო შტამპი დამოუკიდებელი საქართველოსი უნდა ყოფილიყო, რითაც მას უნდოდა, ბაბუა სიმბოლურად დაებრუნებინა საქართველოში. წელს სრულდება ნოე რამიშვილის დაბადებიდან 135 წელი და მიშელმა  მოისურვა, ბაბუის ხსოვნასთან დაკავშირებით, ერთჯერადი სტიპენდია დახმარების სახით გადაეცა პოლიციის აკადემიის წარჩინებული სტუდენტისთვის. შესაბამისი სტუდენტის შერჩევაში შსს დაგვეხმარა და, ამასთან ერთად, მათ ულამაზესი შეხვედრაც მოგვიწყვეს. ისევე, როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მიშელს განსაკუთრებულად უნდოდა, მამისა და ბაბუის ხსოვნის პატივსაცემად მართლმადიდებლურ შობის დღესასწაულს აქ დასწრებოდა. ამ დღეს ჩვენ სიონში მივედით. სიონში იმიტომ, რომ, როდესაც მენშევიკების მთავრობა საქართველოს ტოვებდა, ნოე რამიშვილს უთქვამს: მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ჩემს ქალიშვილს, ნუცას, სიონში მოვნათლავო. ამიტომ ამ დღესასწაულზე მისი შვილიშვილის აქ ყოფნას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
მიშელ რამიშვილი: უკვე ქართული პასპორტი მაქვს და ახლახან თბილისში ბინაც შევიძინე. ნელ-ნელა თავს უფრო და უფრო სახლში ვგრძნობ. საქართველოში პირველად ათი წლის წინ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩამოვედი ჩემს ქალიშვილთან, ქეთევანთან ერთად. ახალგაზრდობისას თვითმფრინავში სტიუარდად ვმუშაობდი და მთელი მსოფლიო მოვიარე. სამწუხაროდ, მათ შორის საბჭოთა ქვეყნები არ შედიოდა, რადგან ეს ჩვენთვის აკრძალული იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბიძაჩემი, აკაკი რამიშვილი ძალიან აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტი იყო. მოგვიანებით მდგომარეობა შეიცვალა და აქ ჩამოსვლაც შესაძლებელი გახდა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ჩემს ქალიშვილს ვუთხარი: მთელი მსოფლიო მოვიარე და საქართველოში არ ვარ ნამყოფი. მოდი, წავიდეთ და ჩემი სამშობლო მოვინახულოთ-მეთქი. საჭირო პროცედურები გავიარეთ და წამოვედით.
– როგორი იყო თქვენი ემოციები მშობლიურ ქვეყანაში პირველად ჩამოსვლისას?
– მე ყოველთვის ქართველად მიმაჩნდა თავი. საფრანგეთში ურთიერთობა მქონდა ქართველ სათვისტომოსთან და ამიტომ ეს შეგრძნება არ გამნელებია. მოგვიანებით ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე დედაჩემმა ნორმანდიაში წამიყვანა, მაგრამ იქაც ყოველთვის ქართველი ვიყავი. მახსოვს, ჩემში პირველად უდიდესი ემოცია მცხეთის ჯვრის ნახვამ გამოიწვია. ამ პატარა ეკლესიაში რომ შევედი, ტირილი ამივარდა.
– ხალხს როგორი რეაქცია აქვს, როცა იგებენ, რომ ნოე რამიშვილის შვილიშვილი ხართ?
– უკვე მესამედ საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი. ურში ვიყავით, რომელიც არაჩვეულებრივი ადგილია მთაში. იქ ყოფნისას უცებ ერთი მოხუცი კაცი მომიახლოვდა, გადამეხვია და კოცნა დამიწყო. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა (იცინის). ხელი მომკიდა და თავის სახლში შემიყვანა. ძალიან უბრალო და პატარა ქოხი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ თვითონაც უჭირდა, მაგრამ დიდ ბოთლში ღვინო ჩამომისხა და მაჩუქა. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ წარმომედგინა, ნოე რამიშვილი საქართველოში ასე პოპულარული თუ იყო. როდესაც ემიგრაციაზე ვიწყებდი ლაპარაკს, იმ წუთას ნოე რამიშვილს ახსენებდნენ. არ შემხვედრია ადამიანი, რომელთანაც დამჭირდებოდა ახსნა, თუ ვინ იყო ბაბუაჩემი. გავოცდი, რადგან, ვიცოდი, რომ ეს თემა აკრძალული იყო.
– შეგიძლიათ, ბაბუას შესახებ ისეთი ისტორიები გაიხსენოთ, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და თქვენი ოჯახის წევრებისგან იცით?
– ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც მე ნუცა თაყაიშვილმა მომიყვა. ბაბუაჩემი ძალიან მკაცრი და პირდაპირი კაცი იყო. როცა საქართველოში დიდი თანამდებობა ეკავა, მასთან ერთი სომეხი ბიზნესმენი მოსულა და რაღაც საქმეში დახმარება უთხოვია. ბაბუა მიხმარებია და მეორე დღეს ამ სომეხმა საჩუქრად ძალიან ლამაზი, უზარმაზარი ხალიჩა მოუტანა სახლში. ბებიაჩემს ძალიან გაუხარდა და მაშინვე მთავარ ოთახში გაშალა. საღამოს, როცა ნოე დაბრუნებულა და ეს გაუგია, სიბრაზისგან კინაღამ გაგიჟებულა. იმ წუთას გაუგზავნია სომეხ ბიზნესმენთან კაცი და დაუბარებია, მოდი, ახლავე წაიღე შენი საჩუქარი და, იცოდე, თუ კიდევ მსგავს რამეს გააკეთებ, დაგიჭერო.    
წლების წინ მე და ბებია – ნოეს მეუღლე, მარო, ვლაპარაკობდით ნოეს გარდაცვალებასა და სტალინზე. ბებიამ უცებ ტირილი დაიწყო. მას გაახსენდა: ერთხელ, ჯერ კიდევ ცარიზმის დროს, როგორ იხსნა ნოე რამიშვილმა სტალინი პოლიციისგან, რომელიც მას მოსდევდა. მერე, როგორც ჩანს, საკუთარ სახლში დამალა. ბებია განიცდიდა – ნოემ გადაარჩინა, ის კი როგორ მოექცაო. ნოე ძალიან კარგი ორატორი იყო. ერთხელ, დამფუძნებელი კრების შეკრებაზე, ბევრი ხალხი იყო, მათ შორის – სტალინიც. ნოე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ბოლშევიკებს ეს აღიზიანებდათ, რადგან კრებაზე გავლენა ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ტუალეტში შევიდა, სტალინის დავალებით, ბოლშევიკებმა ის ჩაკეტეს, რომ ვეღარ გამოსულიყო და საუბარი ვეღარ გაეგრძელებინა. შემიძლია ვთქვა, რომ სტალინს მადლობის გადახდის ძალიან უცნაური მეთოდები ჰქონდა. ფაქტობრივად, მან გაგზავნა ქართველი, რომელმაც ნოე რამიშვილი მოკლა.
– კიდევ რას იხსენებდა ბებია მეუღლის შესახებ?
– ამაზე ბევრს არ ლაპარაკობდა, რადგან ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა მიღებული. ნოეს მკვლელობის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, დანარჩენ ემიგრანტ ქართველებთან საერთოდ აღარ ურთიერთობდა. თავის სახლში მხოლოდ ძველ ნაცნობებს და სანდო ხალხს უშვებდა. თუ გაიგებდა, რომ კიდევ ვინმე ქართველი ჩამოვიდა, მას აღარ იღებდა. მე ძალიან ახლოს ვიყავი ბებიასთან, მისგან დედაზე უფრო დიდი სიყვარული მახსოვს. მას საქართველოში დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა. ერთადერთი, მახსოვს, ბიძამ – აკაკი რამიშვილმა მითხრა, მგონი, ოდესმე დავბრუნდებით საქართველოში და, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ ვემახსოვრებითო.
– ჭანუყვაძის მიერ რამიშვილის მკვლელობის შესახებ რას იხსენებდნენ ოჯახის წევრები?
– ეს საშინელი სიმძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ბაბუას მკვლელობიდან ერთ წელიწადში, ბიძაჩემს, აკაკის, ჯერ სულ გაუთეთრდა თმა და შემდეგ გასცვივდა. ამ ამბის ერთ-ერთი მსხვერპლი მამაჩემია. ის ძალიან ნიჭიერი იყო და მაღალ ქულებზე სწავლობდა საფრანგეთის კეთილშობილ ვაჟთა კოლეჯში. როცა ეს ამბავი მოხდა, რაც კი ფული ჰქონდა  ოჯახს დარჩენილი, რომელიც მამაჩემის ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა გამოეყენებინათ, ბებიაჩემმა ადვოკატებში დახარჯა, რომლებიც სასამართლოსთვის დაიქირავა, სადაც სტალინს უჩიოდა. მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, ვერაფერს მიაღწია და მამაჩემის სწავლის ფულიც აღარ დარჩა. ამიტომ მამა იძულებული გახდა, განათლების მიღების ნაცვლად, ემუშავა და სხვადასხვა ქარხანას მიმართა. მთელი ოჯახი მისი სარჩენი იყო, რადგან ბებიამ ფრანგული არ იცოდა, აკაკი კი უფრო ახალგაზრდა იყო. მამაჩემი ამის გამო ძალიან უბედური კაცი იყო და პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა, პირიქით, სულ განზე იდგა. ჩემი შვილი პირველად საელჩოში რომ მივიდა, ყველამ იცოდა აკაკიზე, ნოეზე, მაგრამ ბენოს, ანუ მამაჩემის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ის იმდენად ტრავმირებული იყო მომხდარით, რომ ყველაფრისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
– სიმართლეს შეეფერება ინფორმაცია, რომ ბაბუათქვენის მკვლელი – ჭანუყვაძე, ციხეში გაგიჟდა?
– მამაჩემი მივიდა მასთან ციხეში – უნდოდა ეკითხა, რატომ გააკეთა ეს. თავს იგიჟიანებდა თუ მართლა გაგიჟდა, არ ვიცით. ჩემს ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ ჭკუიდან გადავიდაო, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ეს მანიპულაცია იყო, რომელიც ბერიასა და მთავრობის სხვა წევრებისგან მოდიოდა.
– ნოეს ოთხი შვილი ჰყავდა. რას გვეტყვით დანარჩენი შთამომავლების შესახებ?
– უფროსი შვილი მამაჩემი – ბენო იყო, შემდეგი – აკაკი და კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდა – ნინა და თამარი. ნინა სამი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მას შვილები არ დარჩენია. აკაკის პოლონელი ცოლი ჰყავდა და შვილები არც მათ ჰყოლიათ; თამარი კი ადრე გარდაიცვალა. ასე რომ, ნოე რამიშვილის ერთადერთი შვილიშვილი მე ვარ. მე ორი ქალიშვილი მყავს და ხშირად მეუბნებიან, რატომ არ გყავს ბიჭიო მაპატიეთ, რომ ასე მოხდა (იცინის).
– თქვენ რას საქმიანობთ?
– მე ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია: ვიყავი შვეიცარი, ბარმენი, ოფიციანტი, დეკორატორი – ეს ყველაფერი სტუდენტობისას. კოლეჯში ვასწავლიდი ინგლისურს. როგორც გითხარით, სტიუარდიც ვიყავი. ვმუშაობდი ეკოლოგიაში. სამხედრო კურსი გავიარე და აფრიკის დესანტში ვიყავი როგორც სამხედრო ექთანი. 25-26 წლისას ძალიან მინდოდა, სამედიცინოზე მესწავლა, მაგრამ ამას დიდი დრო და ფული სჭირდებოდა, რასაც ვეღარ მოვახერხებდი და ამიტომ რეზიდენტის კურსები გავიარე. როცა პირველ მეუღლეს, ქეთევანის დედას გავეყარე, გადავწყვიტე, საცხოვრებლად წყნარი ოკეანის რაიონში წავსულიყავი. უკვე ორმოცი წელია, საფრანგეთის პოლინეზიაში, მარკიზის კუნძულებზე ვცხოვრობ.
– ლევილსა და დანარჩენ ქართველ ემიგრანტებზე რას იტყვით?
– ლევილი საქართველოს ფულით იყიდეს, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის პოლონეთის მთავრობამ გამოყო. ნოე რამიშვილის დროს აქ პოლონური რაზმი იდგა, რომელსაც ნოე ეხმარებოდა და პოლონეთის მთავრობამ სამაგიერო ასე გადაუხადა. ის ყველა ქართველისთვის იყო. იმისთვის ჩამოვედი საქართველოში, რომ ლევილის ამბები მომეგვარებინა. ახლა სწორედ ამ პროცესებში ვართ და ლევილის მამული საქართველოს მთავრობას უნდა გადაეცეს. არის რაღაც პირობები და წელს ვაპირებთ, ეს პროცესები დავასრულოთ. მე დანარჩენ ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა, რასაკვირველია, მაქვს. ის ეკუთვნის ყველა იმ ოჯახს, რომელიც მაშინ იქ ჩავიდა. უბრალოდ, გამოყოფილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც და ჩვენ ვართ მათი წარმომადგენლები და ნდობით აღჭურვილი პირები. ეს ის ოჯახებია, რომლებიც მაშინდელი მთავრობის წევრები არიან. ლევილი უნდა გახდეს საქართველოს კულტურული და ეროვნული ცენტრი.
– ნოე რამიშვილის პასპორტში დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის ჩარტყმას თქვენთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. როგორ გაჩნდა ეს იდეა?  
– მამიდაჩემ ნინას გარდაცვალების შემდეგ, ნუცა თაყაიშვილმა, რომელიც მისი ძალიან ახლობელი იყო, პატარა სეკრეტერში იპოვა ნოე რამიშვილის პასპორტი. ჯერ არ ვიცოდით, მისთვის რა გვექნა. ზოგმა თქვა, ლევილში უნდა დარჩესო. ორი წელი ჩემი ცოლის ოჯახში ინახებოდა. მამია ბერიშვილის შვილის ოჯახშიც დიდხანს გვქონდა. შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს პასპორტი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და შიგ დამოუკიდებელი საქართველოს ბეჭედი ჩარტყმულიყო. მასში ბევრი ვიზა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის საშუალებით ვიგებთ, როგორ მოძრაობდა ბაბუაჩემი. ბოლოს გადავწყვიტეთ, ის ჯავახიშვილის უნივერსიტეტისთვის გადაგვეცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თვითონ იყო.
– ახლა რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?
– 65 წლის  ვარ და შარშან პენსიაში გავედი. ისევ ახალ კალედონიაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოში ხშირად მნახავთ. ვგიჟდები გურიაზე, რომელიც ჩემი მშობლიური მხარეა. სოფელ სურებში მამაჩემის ბიძის სახლი იყო და მინდოდა შემეკეთებინა, მაგრამ, დიდთოვლობა იყო, რომელსაც ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. თბილისში ცხოვრებაც ძალიან მომწონს.

скачать dle 11.3