კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პატარა სოხუმელი ბიჭი ლეგენდარული ჯიბგირი, მეტსახელად „სოხუ“

ლეგენდარული ქართველი – საბჭოთა კანონიერი ქურდი ვარლამ მარშანია, მეტსახელად „სოხუ“, განუმეორებელი ჯიბგირი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯერ იყო ნასამართლევი, ისე „სუფთად“ მუშაობდა, არასდროს აუყვანიათ ფაქტზე. ხუთივეჯერ მას სხვადასხვა „ნივთმტკიცება“ ჩაუდეს და ამგვარად ჩასვეს ციხეში. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს სოხუს ცხოვრებიდან.
ბოდიში, შემეშალეთ...
1926 წელს სოხუმში დაბადებული ვარლამ მარშანია 15 წლის ასაკში დაობლდა. მისი მშობლები ექიმები იყვნენ და დიდი სამამულო ომის დროს, 1941 წელს, სანიტარული მატარებლის დაბომბვისას დაიღუპნენ, როცა დაჭრილი საბჭოთა ჯარისკაცები გადაჰყავდათ. დაობლებული ბიჭი იმვე წელს ფრონტზე გაიპარა, რათა ფაშისტებისთვის სამაგიერო გადაეხადა. თუმცა, თბილისში დააკავეს და ბავშვთა გამანაწილებელში გაამწესეს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, 15 წლის ვარლამი იქიდან გაიქცა, მაგრამ ფრონტისკენ აღარც კი გაუხედავს, თბილისელი ქურდების ბანდაში მოხვდა. მათ კი ობოლი ყმაწვილი ბოროტმოქმედების გზაზე დააყენეს და ქურდული ადათ-წესები ასწავლეს. ბანდას ცნობილი ქურდი აბესალომ კაკაბაძე, იგივე „აბო ოქროსხელება“ მეთაურობდა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის დროინდელი რუსეთის კატორღაში იყო ნამყოფი. ვარლამი ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და თავის მასწავლებლებსაც კი აჯობა სიმარჯვეში. „სოხუს“ ორიგინალური ქურდული ტაქტიკა ჰქონდა შემუშავებული. გასაქურდად შერჩეულ ობიექტს ვარლამი შუა ქუჩაში აჩერებდა. გადაეხვეოდა, ხელებს მეგობრულად დაუტყაპუნებდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, გულთბილად მოიკითხავდა და ბოლოს გაოცებულ მზერას ესროდა. გულღიად გაუცინებდა და ეტყოდა: „ბოდიში, შემეშალეთ“ და, სანამ გაოგნებული ადამიანი გონს მოეგებოდა, სასწრაფოდ გაეცლებოდა იქურობას – წასულ ვარლამს კი უზარმაზარი ჯიბეები ოსტატურად გაქურდული „ობიექტის“ ძვირფასი ნივთებით ჰქონდა სავსე, რომელიც ქურდულ „ობშჩიაკში“ შეჰქონდა და იქ ხდებოდა მისი განაწილება.
მოუხელთებელი იმპროვიზატორი
ვარლამ მარშანია, ჯიბგირობის უბადლო ნიჭთან ერთად, კარგი გარეგნობით, გონებამახვილობითა და იმპროვიზაციის ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის მოხდენილად იცვამდა. სამოსს საუკეთესო თერძებთან იკერავდა და ხშირ შემთხვევაში, კრიმინალურ პარტნიორებად ნაზი გარეგნობის ქალებს ირჩევდა. ცნობილ საბჭოთა ფილმში – „შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება“, არის ეპიზოდი, რომელშიც ჯიბგირი „დიდი თეატრის“ ფოიეში ბრიტანეთის ელჩს ჯიბიდან გარდერობის ნომერს მოჰპარავს. მისი თანმხლები ქალი კი ამ ნომრით 100 ათასის ღირებულების უძვირფასეს ქურქს გამოიტანს. ფილმში ბოროტმოქმედებს მილიცია აკავებს. ეს ქურდული ტრიუკი კი სინამდვილეში ვარლამ მარშანიას მოგონილია. სწორედ მან მოჰპარა 1957 წელს „დიდი თეატრის“ ფოიეში ბრიტანეთის ელჩს გარდერობის ნომერი. მისმა პარტნიორმა ქალმა კი უძვირფასესი ქურქი „ვიპ“ გარდერობიდან გამოიტანა, რის შემდეგაც წყვილი გაუჩინარდა. სწორედ სოხუა იმ ეპიზოდის გმირის პროტოტიპი და ამ ქურდობის გამო მთელი „მური“ ფეხზე დადგა. დააკავეს მთელი მოსკოველი ქურდები. ვარლამმა და მისმა პარტნიორმა კი მოსკოვიდან ქურქიანად ისე მოახერხეს გაქცევა, რომ ქურქი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ, სკანდალი რომ ჩაეცხროთ, ბრიტანეთის ელჩს საბჭოთა მთავრობამ ზუსტად ისეთივე ქურქი უყიდა. სოხუ კიევში დააპატიმრეს, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ, ცეცხლასროლი იარაღი ჩაუდეს და ციხეში ჩასვეს. 1958 წელს 32 წლის ვარლამ მარშანია მოსკოვის „ბუტირკის“ ციხეში კოლეგებმა კანონიერ ქურდად მონათლეს.
ციხიდან გამოსული სოხუ ახალი ენერგიით შეუდგა ძველ საქმიანობას. ის სხვადასხვა ელიტურ შეკრებაზე ჩნდებოდა. საზოგადოებას თავს პიანისტად აცნობდა და გარდა იმისა, რომ თავისი გრძელი თითებით მართლაც მშვენივრად უკრავდა როიალზე, პარალელურად, ჯიბგირობდა. ყოველი ასეთი „ტუსოვკის“ შემდეგ სტუმრებს ეკარგებოდათ ფულით გატენილი საფულეები, ძვირფასი სამკაულები და საათები, რომლებსაც მათ სოხუ პირდაპირ სხეულიდან პარავდა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ „ვირტუოზი პიანისტის“ ჩადენილი იყო. ერთ-ერთ ბანკეტზე, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა, ვარლამ მარშანიამ, ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟან გაბენს ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს პორტსიგარი ამოუცურა ჯიბიდან და გაუჩინარდა... პორტსიგარი, ისევე, როგორც ძვირფასი ქურქი და სოხუს მიერ ნაჯიბგირალი სხვა ნივთები, მილიციამ ვერ იპოვა. მიუხედავად ამისა, ვარლამ მარშანიას მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი მიუყენეს და მეხუთედ გაამწესეს საპყრობილეში.
ოპერაცია „მიმტანი“
ვარლამ მარშანია მეხუთე პატიმრობიდან სულ რაღაც ხუთი დღის გათავისუფლებული იყო, როცა ის მოსკოვის ბაუმანის რაიონის მილიციაში გამოიძახეს. ვარლამი იმ რაიონში ცხოვრობდა.
– შემოდი, შემოდი, სოხუ, – მეგობრულად შეიპატიჟა  თავის კაბინეტში ვარლამი პოდპოლკოვნიკმა, მილიციის უფროსმა პავლე სკადოვმა. იქ კი ორმოციოდე წლის, შავპიჯაკიანი მამაკაციც დახვდა.
– რატომ დამიძახეთ, უფროსო? – თქვა სოხუმ და შუა კაბინეტში შეჩერდა.
– შენთან პირისპირ ლაპარაკი სურთ, მე გავალ და შენ მოუსმინე, – უთხრა სკადოვმა ვარლამს. ხელით შავპიჯაკიანზე მიუთითა და კაბინეტი დატოვა.
შავპიჯაკიანმა მილიციის უფროსის სკამი დაიკავა. სოხუს გამჭოლი მზერა ესროლა და უთხრა.
– დაჯექი, მარშანია და ყურადღებით მომისმინე. შეგიძლია, მოწიო.
სოხუ დაჯდა. სიგარეტი გააბოლა და უცნობს უთხრა:
– გისმენთ.
– თუ გამოცდილება არ მღალატობს,  მგონი, ხვდები, ვინ ვარ? – მიმართა უცნობმა.
ვარლამს ჩაეცინა და მიუგო:
– თუ გამოცდილება არც მე მღალატობს, ვფიქრობ, „კომიტეტჩიკი“ („კაგებე“) უნდა იყოთ.
– არ შემცდარხარ. მე კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკი მიხეილ ლოსევი ვარ.
– რით დავაინტერესე ასეთი სერიოზული უწყება. ამჯერად ჯაშუშობას ხომ არ „მტენიან“? – ირონიით თქვა სოხუმ.
– ჯაშუშობა იქით იყოს. ჩვენ თქვენი ლეგენდარული კვალიფიკაცია გვაინტერესებს. ანუ, მართლა ასეთი „ასი” ხარ, როგორც ამბობენ, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ მითია?
ამ სიტყვებზე სოხუს ჩაეცინა. სიგარეტი პირში ჩაიდო და ლოსევს მოკიდება სთხოვა. პოდპოლკოვნიკმა მას ასანთით მოუკიდა. მარშანიამ მადლობის ნიშნად ლოსევს მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯაზე დაჰკრა. გააბოლა და უთხრა:
– კონკრეტულად, რა გაინტერესებთ?
– რა და, მართლა ისე ოსტატურად იპარავთ, თუ ეს ყველფერი გადაჭარბებულია?
„სოხუმ“ პოდპოლკოვნიკს მისივე საათი დაუდო მაგიდაზე, რომელიც სულ რაღაც წუთის წინ მაჯიდან ელვისებურად და შეუმჩნევლად მოხსნა და სიგარეტს ნაფაზი დაარტყა...
კონტრმზვერავმა გაოცებისგან პირი დააღო. შემდეგ გაეცინა. თავი გააქნია და საათი მაჯაზე გაიკეთა. სოხუს შეხედა და უთხრა:
– ვერაფერს ვიტყვი, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს.
– გისმენთ.
– გაქვთ სურვილი, რომ სამშობლოს გამოადგეთ?
– ჯაშუშები უნდა დავიჭირო?
– ერთ პატარა ოპერაციაში დიდი როლი უნდა შეასრულოთ და საამისოდ, მთელი თქვენი ოსტატობა გამოიყენოთ. აი, სულ ესაა და თუ თანახმა იქნებით, დეტალებს უკვე სხვაგან გაგაცნობთ.
– ვფიქრობ, მეექვსე „სროკზე“ ჩაჯდომა, თან სამშობლოს ღალატის მუხლით, უგუნურობა იქნება ჩემი მხრიდან, – თქვა სოხუმ. ლოსევმა კი დაამატა:
– გეთანხმებით.
– მაშინ, მეც თანახმა ვარ...
ორი კვირის შემდეგ საბჭოთა კონტრდაზვერვამ მოსკოვში, კრემლის ყრილობათა სასახლის საბანკეტო დარბაზში, ოპერაცია „მიმტანი“ ჩაატარა. მიმტანის უნიფორმაში გამოწყობილმა სოხუმ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შამპანურის დასხმისას პიჯაკზე მიმაგრებული ამერიკის დროშის სამკერდე ნიშანი მოხსნა. სამაგიეროდ კი იგივე ნიშანი გაუკეთა, რომელიც „კაგებეს“ სამეცნიერო-ტექნიკურ ლაბორატორიაში იყო დამზადებული მასში ჩამონტაჟებული გადამცემის მიკრომოწყობილობით. ამით სოხუს მისია ამოიწურა. ვარლამ მარშანიამ კიდევ ექვსი წელი იცოცხლა. ციხეში აღარ მოხვედრილა და 61 წლის ასაკში, 1987 წელს გარდაიცვალა.

скачать dle 11.3