კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-2(484)

 რატიმ ხუთი თვის განმავლობაში დარეკილი ნომრების სია გადაათვალიერა და უკვე წასვლას აპირებდა, მაგრამ მორიგე ოპერატორს ახლა ლიდა გავაშელის ნომრიდან მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში დარეკილი ტელეფონების ნომრები ამოაბეჭდინა და მხოლოდ ამის მერე დატოვა ოფისი. წამოსვლის წინ კი გოგონას ჰკითხა:
– თქვენ აქ რომელ საათამდე იქნებით?
– ცხრაზე ვიცვლები. რატომ მეკითხებით? – ჰკითხა რატის „ნაქოფაკარმა“.
– უკან მომიწევს მობრუნება ჩვენთვის საინტერესო ნომერზე ინფორმაციის გასაგებად და ამიტომ გკითხეთ. თქვენ ისე ოპერატიულად დამეხმარეთ, რომ, სასურველია, ისევ თქვენ დამხვდეთ, – მიუგო რატიმ.
ოპერატორ გოგონას აშკარად ესიამოვნა რატის სიტყვები და უთხრა:
– თუ ცხრამდე მოხვალთ, თქვენს განკარგულებაში ვარ. თუ არა და, ვიოლა მცვლის და დავუბარებ, რომ ხარისხიანად მოგემსახუროთ.
– კარგი, ნახვამდის. შეხვედრამდე, – გამოემშვიდობა რატი „ნაქოფაკარს“ და წამოვიდა.
დილის ექვსის ნახევარი სრულდებოდა. ნელ-ნელა თენდებოდა. რატი „ბეემვეში“ ჩაჯდა და პირველად მაშინ იგრძნო, რომ ძალიან შიოდა და ძალიან ეძინებოდა.
თავდაპირველად სამსახურში დაბრუნება უნდოდა, შემდეგ კი სახლში წასვლა გადაწყვიტა და გაიფიქრა: „მივალ, ჩემებს დავენახვები. ვიბანავებ, ვისაუზმებ, ტელეფონებს გავშიფრავ. მერე მობილურ კომპანიაში დავბრუნდები, მისამართს გავიგებ და მხოლოდ ამის მერე დავბრუნდები სამსახურში...“
სახლში მისულ რატის დედა შეეგება, რომელიც უკვე ფეხზე იყო და შვილს ჰკითხა:
– გეტყობა, ძალიან დაკავებული ხარ, შვილო, ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი და მხოლოდ ერთხელ დარეკე. საწოლი გაშლილია. საუზმეს გამოგიტან, შემდეგ კი აბაზანას გაგიმზადებ. ჭამე და დაიძინე.
– აბაზანა არ მინდა, მხოლოდ შხაპს მივიღებ და ტანსაცმელს გამოვიცვლი. უნდა ვიმუშაო და თან წავისაუზმებ. მერე კი უკან უნდა დავბრუნდე, – მიუგო რატიმ. დედას მოკლედ მოუყვა ყველაფერი  და ბოლოს დაამატა, – მოკლედ, უკვე უშიშროებაში ვმუშაობ. ახლა კი საჭმელი მომიტანე, დედი, ჩემს ოთახში უნდა შევიდე.
რატი თავის ოთახში შევიდა. ამობეჭდილი ტელეფონების ნომრების სია წინ დაიდო, თან ჭამდა და თან მუშაობდა. მას არ გასჭირვებია იმ სავარაუდო თურქი ზუხრას მიერ დარეკილი ტელეფონის ნომრის მიგნება – 14 იანვარს და 14 მაისს სულ ორი ზარი იყო განხორციელებული ერთი და იმავე ნომრიდან, თანაც, ჩვეულებრივი ნომრებისგან განსხვავებით, საეჭვო ნომერი ძალიან გრძელი იყო და თოთხმეტი ციფრისგან შედგებოდა. ასეთი გრძელი ნომრები უცხოეთის ან ფოსტა-ტელეგრაფის ტელეფონებს ჰქონდათ. უცხოეთი გამორიცხული იყო, ამიტომ რჩებოდა ფოსტა-ტელეგრაფი და რატიმ ჩაილაპარაკა: „ეშმაკი ქალი! როგორც ჩანს, ფოსტა-ტელეგრაფიდან ურეკავდა ლიდა გავაშელს და მისი პოვნის შანსი თითქმის ნულის ტოლია“. რატიმ სია საქაღალდეში შეინახა. შემდეგ შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა, საათს დახედა და დედას უთხრა:
– რვის ნახევარია, დედი, წავედი!
რვას თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც რატი მობილურ კომპანიაში დაბრუნდა. ნაცნობი „ნაქოფაკარი“ გოგონა კვლავ იქ დახვდა, რატის გაუღიმა და უთხრა:
– ისევ შევხვდით ერთმანეთს. რით გემსახუროთ?
„ნაქოფაკარისთვის“ რომ ეამებინა, რატიმ უთხრა:
– ისე სწრაფად და კვალიფიციურად დამეხმარეთ წეღან, რომ მთელი გზა ვნატრობდი, ნეტავი წასული არ იყოს-მეთქი.
გოგონას აშკარად ესიამოვნა რატის სიტყვები და მიუგო:
– აბა, გისმენთ.
რატიმ მორიგე გოგონას ამოწერილი ნომერი მისცა და უთხრა:
– შეგიძლიათ, ამ ნომრის კოორდინატები დამიდგინოთ?
– ახლავე, – თქვა მორიგემ, შემდეგ კომპიუტერში მანიპულაციები ჩაატარა და რატის უთხრა:
– ზარები ამ ნომრიდან მთავარი ფოსტამტის შენობიდანაა განხორციელებული, სავარაუდოდ, შეკვეთით: კლიენტი შეკვეთას აძლევს ოპერატორს, შემდეგ კი კაბინიდან ლაპარაკობს. აი, სულ ესაა.
– მთავარი ფოსტამტიდან, ანუ, რუსთაველის გამზირზე რომ მდებარეობს, ხომ? – დააზუსტა რატიმ.
– დიახ, – გაუღიმა მორიგემ რატის, რომელმაც ღიმილითვე მიუგო:
– უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი და კვალიფიციური მომსახურებისთვის. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა კი უნდა გავიქცე. გმადლობთ და ნახვამდის.
რატი ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა მობილური კომპანიის შენობიდან, რომ ფოსტა-ტელეგრაფში გავარდნილიყო. უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც მას მაიორმა ზურაბ გეგეშიძემ დაურეკა და უთხრა:
– ხომ მშვიდობაა, რატი, სად ხარ ამდენ ხანს?
– ბატონო ზურაბ, კვალს მივყვები. ტელეფ... – გეგეშიძემ რატის სიტყვა გააწყვეტინა:
– აღარ გააგრძელო. ტელეფონით აღარასდროს გადასცე ინფორმაცია. რამდენი დრო გჭირდება?
– ალბათ, ერთი საათი, – მიუგო რატიმ.
– კარგი. თუ შეგაგვიანდება, დამირეკე და გამაფრთხილე. აბა, შენ იცი, – თქვა გეგეშიძემ და ტელეფონი გათიშა.
რატი ძალიან სწრაფად მივიდა ფოსტა-ტელეგრაფთან, მანქანა სადგომზე გააჩერა და დაცარიელებულ შენობაში შევიდა, სადაც თითო-ოროლა კლიენტი და ნამძინარევი ოპერატორები იმყოფებოდნენ. პეტრიაშვილმა ჯერ ცარიელ დარბაზში გაიარ-გამოიარა და რვა სატელეფონო კაბინას დააკვირდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო დაკავებული; შემდეგ სათვალთვალო კამერებიც დაათვალიერა და ოცამდე ვიდეოთვალი აღმოაჩინა. ამის მერე ერთ-ერთ ოპერატორთან მივიდა, მიესალმა და ჰკითხა:
– მობილურ ტელეფონზე დარეკვა რომელი კაბინიდან შეიძლება?
– ნებისმიერიდან, – მოკლედ მოუჭრა ოპერატორმა გოგონამ.
– ახლა რომ ნებისმიერ კაბინაში შევიდე, მობილურზე დავრეკავ?
– ნომერი უნდა დამიწეროთ და, თუ აბონენტი ხაზზეა, ნებისმიერი ცარიელი კაბინიდან შეგიძლიათ, ელაპარაკოთ. დარეკვა გნებავთ? დაწერეთ ნომერი. შებრძანდით ცარიელ კაბინაში, დავრეკავ და დაგალაპარაკებთ.
– დარეკვა არ მინდა, – მიუგო რატიმ და სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, რომ თავაზიანი ოპერატორი მებრძოლი მამალივით წამოიქოჩრა და პეტრიაშვილს შეუტია:
– თუ დარეკვა არ გინდა, ამდენი რას მალაპარაკე? შენნაირი მოცლილი იმდენი შემოდის აქ, ყველას რომ პასუხი გავცე, თავი გამისკდება.
– მე ინფორმაცია მაინტერესებს.
– სპრავოჩნი ხომ არ გგონივარ?! – ხმას აუწია ოპერატორმა.
– კითხვა ხომ იცით? – მშვიდად უთხრა რატიმ გოგონას, რომელიც ამ სიტყვებმა ორმაგად გააცოფა და ლამის აკივლდა:
– კითხზვაც ვიცი, წერაც და ორი უმაღლესის დიპლომიც მაქვს სახლში! ჰმ, კითხვა იციო... – ჩაილაპარაკა გოგონამ და რატისთვის რისხვის მესამე ტალღა უნდა დაეტეხა, რომ პეტრიაშვილმა მას უშიშროების მოწმობა უჩვენა და მკაფიოდ უთხრა:
–  წაიკითხეთ!
უშიშროების „ქსივამ“ ანჩხლი გოგონას ბობოქარი ენერგია წამშივე დააცხრო და კვლავ ზრდილობიანი გახადა. მრისხანება ღიმილით შეეცვალა და რატის უთხრა:
– ბოდიში. ღამენათევი ვარ. ვიფიქრე, მოცლილია და მელაზღანდარავება-მეთქი. აბა, რა გაინტერესებთ?
– სად შეიძლება ამ ნომრიდან დარეკილი ზარების ამონაბეჭდის მოპოვება? – ჰკითხა რატიმ ოპერატორს და ზუხრას მიერ დარეკილი ტელეფონის ნომერი უკარნახა.
– მე ამოგიბეჭდავთ. თქვენ მხოლოდ დღე და საათი მითხარით.
– ამა წლის პირველი იანვრიდან დღემდე, – მიუგო რატიმ.
– რა ბრძანეთ? – გაოცდა ოპერატორი.
– ამა წლის პირველი იანვრიდან დღემდე, – გაუმეორა რატიმ.
– ეს ხომ ათასობით განხორციელებული ზარია. ფურცლებიც არ მეყოფა ამოსაბეჭდად. უკაცრავად, მაგრამ უფროსის გარეშე ამას მე ვერ გადავწყვეტ.
– სადაა თქვენი უფროსი? მასთანაც საქმე გვაქვს...
– წუთი წუთზე მოვა, – თქვა ოპერატორმა და სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ადგილიდან წამოხტა. ღიობიდან გამოვიდა, აი, მოვიდაო, – მიაძახა რატის და დარბაზის შუაგულისკენ ფეხსაცმელების კაკუნით გაიქცა.
რატი შეტრიალდა და მშვიდად ადევნებდა თვალყურს ფოსტის უფროსისა და მისი ხელქვეითის საუბარს. ორიოდე წუთის შემდეგ ოპერატორმა გოგონამ კვლავ კაკუნით ჩაურბინა რატის და ღიობს მიღმა მიიმალა. ფოსტის უფროსი დინჯად მიუახლოვდა რატის, გაეცნო და უთხრა:
– მე უკვე განკარგულება გავეცი და თქვენთვის საინტერესო ნომრის სრულ ამონაბეჭდს მალე მოგართმევენ. კიდევ რით შემიძლია, გემსახუროთ?
– მთელი წლის ვიდეოთვალის ჩანაწერები გვჭირდება, – უთხრა რატიმ ფოსტის უფროსს.
– ამ საკითხზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უნდა დაელაპარაკოთ. წამობრძანდით, მასთან ავიდეთ.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რომ რატის მოუსმინა, ჰკითხა:
– დარბაზსა და პერიმეტრზე თხუთმეტი კამერა გვიყენია და თქვენ რომლის მონაცემები გნებავთ?
– ყველასი.
– ყველასი? – გაოცდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
– დიახ. თხუთმეტივე კამერის. თანაც, ყოველ ჩანაწერს თან უნდა ერთვოდეს განმარტება, თუ რომელი მონაკვეთია ჩაწერილი, გაშიფვრა რომ გაგვიადვილდეს. შესაძლებელია, ასეთი რამ?
– ცოტა წვალება მომიწევს, მაგრამ გაგიკეთებთ. ნახევარ საათში მზად მექნება.
– კეთილი. ნახევარ საათში მოვალ. ახლა კი, ხელი რომ არ შეგიშალოთ, დაგტოვებთ.
ორმოციოდე წუთის შემდეგ ტელეფონის ზარების ამონაბეჭდებით დატვირთული რატი „მოდულის“ შენობისკენ გაემართა. ჯიბეშიმ ას თხუთმეტი ვიდეოკამერის სრული ჩანაწერებით დატვირთული „ფლეშკა“ ედო.
***
რატი რომ ზურაბ გეგეშიძის კაბინეტში შევიდა, დილის თერთმეტის ნახევარი შესრულდა.
– შეიძლება, ბატონო ზურაბ? – იკითხა რატიმ.
– ოო, დაკარგული დაბრუნებულა, – თქვა მაიორმა და ფურცლების მსხვილ დასტას თვალი შეავლო, – აბა, რა მოგვიტანე?
რატიმ მაიორს დაწვრილებით უამბო თავისი კვლევა-ძიების შესახებ და ბოლოს უთხრა:
– აქ, ამ ნომრიდან დარეკილი ზარების ამონაბეჭდია, დაახლოებით ოთხმოცი ათასი ზარი, – შემდეგ „ფლეშკა“ ამოაცურა და გეგეშიძეს წინ დაუდო, – აქ კი თხუთმეტ ვიდეოკამერაზე ჩაწერილი მონაცემია პირველი იანვრიდან დღემდე, სულ ორმოცდაათი ათას შვიდას სამოცი საათი.
– ჰოო, უზარმაზარი ინფორმაციაა გასაშიფრი. ამას სახლის ვიდეოთვალის ჩანაწერებიც დაემატება და ღმერთმა უწყის, კიდევ რა გამოჩნდება. მთელი ჩვენი უწყების თანამშრომლები რომ ჩავრთოთ, ისინიც კი ვერ აუვლენ ამ საქმეს სწრაფად. ამერიკელებს კი ეჩქარებათ, – თქვა გეგეშიძემ და რატის თითით ანიშნა, აქ იყავიო. მერე შიდა ტელეფონის ყურმილი აიღო და თქვა:
– ბატონო სოსო, რატი პეტრიაშვილი მოვიდა მოძიებული მასალებით, – გეგეშიძემ პაუზა გააკეთა და მერე თქვა, – კარგი, მოვდივართ.
მაიორმა ყურმილი დაკიდა და რატის უთხრა:
– შენი მასალები წამოიღე და წამოდი. პოლკოვნიკი გვიხმობს.
სოსო ჯაფარიძის კაბინეტში მისულ რატისა და გეგეშიძეს, პოლკოვნიკის გარდა, ის ამერიკელიც დახვდათ, რომელიც პეტრიაშვილს „ეფბეერელთა“ ოთხეულის უფროსად მოეჩვენა.
– აბა, რა სიახლეებია? – ინგლისურად ჰკითხა ჯაფარიძემ რატის.
რატიმ ინგლისურადვე დაწვრილებით უამბო ყველაფერი პოლკოვნიკს. ამონაბეჭდებს „ფლეშკაც“ დაადო და გაჩუმდა. გეგეშიძემაც ინგლისურად დაამატა:
– ბატონო სოსო, აქ ისეთი ზღვა მასალაა, მთელი ჩვენი უწყება რომ ჩავრთოთ, მათ დამუშავებას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
აქამდე ჩუმად მყოფმა ამერიკელმა გეგეშიძეს უთხრა:
– ნუ დარდობთ, მაიორო. ეს მასალები  მაინც ჩვენ მიგვაქვს და ჩვენვე მივხედავთ. თქვენ კი მშვიდად იმუშავეთ, – შემდეგ რატის მიუბრუნდა, ხელი გაუწოდა და უთხრა:
– მე „ეფბეერის“ უფროსი აგენტი, არნოლდ ნიუმანი ვარ. ყოჩაღ, რატი! თქვენგან კარგი მაძებარი დადგება და ვფიქრობ, დონალდ ონილი არ შემცდარა თქვენში. ვაშინგტონში რომ დავბრუნდები, ხელმძღვანელობას თქვენზე ინფორმაციას მივაწვდი და „ეფბეერის“ მომავალი კურსანტების სიაში შეგიყვანთ.
– გმადლობთ, მისტერ ნიუმან, – თავშეკავებულად მიუგო რატიმ ამერიკელს.
– ახლა კი, მეგობრებო, უნდა დაგემშვიდობოთ. დღესვე უკან ვბრუნდები და კიდევ უამრავი საქმე უნდა მოვასწრო გამგზავრებამდე, – თქვა ამერიკელმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რატისა და გეგეშიძეს ჯაფარიძის კაბინეტი უნდა დაეტოვებინათ.
– ნახვამდის, მისტერ ნიუმან, – ერთხმად დაემშვიდობნენ ამერიკელს რატი და გეგეშიძე, მაგრამ, სანამ გავიდოდნენ, ჯაფარიძემ მაიორს უთხრა:
– ზურაბ, რატის თავისი ოთახი უჩვენე და დასახული გეგმის მიხედვით იმუშავეთ. აბა, თქვენ იცით! თუ რამე ახალი გამოჩნდა, დაუყოვნებლივ შემატყობინეთ.
ჯაფარიძის კაბინეტიდან რომ გავიდნენ, მაიორმა რატის მისი ოთახი უჩვენა, რომელიც გეგეშიძის კაბინეტის გვერდით მდებარეობდა. შემდეგ კი თავის კაბინეტში შეიყვანა და უთხრა:
– სანამ შენ მოკვლევას ატარებდი, ბატონმა სოსომ მოქმედების გეგმა შეიმუშავა და როლები დაანაწილა. შენ აბრეზას მკვლელობაზე უნდა იმუშაო, – მაიორმა საათს დახედა და დაამატა, – ახლა თერთმეტი საათია. ღამენათევი ხარ და ჯარისკაცულად შეგიძლია ერთი საათი მაგიდასთან წაუძინო. შუადღეზე კი მუშაობა განაგრძე. დრო არ ითმენს. ხომ გაიგონე, რა თქვა ნიუმანმა – დღესვე უნდა დავბრუნდეო უკან და რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია უნდა გავატანოთ.
– ახლავე შევუდგები მუშაობას, ბატონო ზურაბ. დაღლილი არ ვარ, – მიუგო რატიმ.
– შენ იცი. უბრალოდ, არ გადაიქანცო, – უთხრა მაიორმა რატის და სანამ კაბინეტიდან გაისტუმრებდა, კიდევ დაამატა, – ჰო, ერთი რამ დაიმახსოვრე, რატი, არასდროს მობილურსა თუ სხვა ტელეფონზე არ ილაპარაკო სამსახურებრივ საიდუმლოებებზე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3