კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატის საფასური

შერილი ისევ უყვარდა, ძალიან უყვარდა. ამიტომ მისმა განცხადებამ, რომ სხვა შეუყვარდა, ლამის შოკში ჩააგდო.
– უნდა გამიგო, შერმან. შენ მიმართ გრძნობა ისევ მაქვს, მართლა... მაგრამ, დენისს მაინც უნდა გავყვე, ხელს ვერაფერი შემიშლის. მოვკვდები, თუ ერთად არ ვიქნებით, – ეუბნებოდა ცოლი და შერმანსაც გული უტიროდა, არ ეთმობოდა შერილი. მაგრამ, რა აზრი ჰქონდა მის შეკავებას? სახლშიც რომ გამოეკეტა, მაინც თავისას გაიტანდა. ქალს ისეთი ხასიათი ჰქონდა, წინააღმდეგობის გაწევა აზარტში აგდებდა. ქმარმა ბევრი იფიქრა და გადაწყვეტილება მიიღო:
– კარგი, ძვირფასო, მოიყვანე შენი დენისი და გავიცნობ. ხომ უნდა ვიცოდე, ვისთან მიდიხარ. მშვიდად ვიქნები, თუკი მეცოდინება, რომ საიმედო ხელში გაბარებ.
შერილმა ეჭვით შეხედა ქმარს.
– არაფერი გამოგივა, იცოდე. დენისი მიყვარს და მას ცოლად გავყვები, – ჩაილაპარაკა მკაცრად.
– ძვირფასო, არ ვხუმრობ, მართლა მინდა გავიცნო კაცი, რომელმაც შენი თავი წამართვა. ეჭვით ნუ მიყურებ, მე ხომ სულით ხორცამდე ინტელიგენტი ვარ. უხეშობის უფლებას არ მივცემ საკუთარ თავს.
– კარგი, ხვალ დენისი მოვა...
– მარტინის ხომ არ დალევდი, ძვირფასო?
– ხვალ, დენისი რომ მოვა, სამივემ ერთად დავლიოთ. შენ ჩემს საყვარელ კოქტეილს მოამზადებ, მერე კი მშვიდად გამიშვებ...
მეორე დღეს, კარზე რომ დარეკეს, შერილს ისე გაუბრწყინდა სახე, რომ შერმანს გული მოუკვდა. ეს ქალი ხელიდან უსხლტებოდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ბედნიერები იყვნენ და შერმანსაც ცხოვრება უხაროდა. მერე შერილმა დენისი გაიცნო. როგორ და სად, მის ქმარს ნაკლებად აინტერესებდა. სამაგიეროდ, ხვდებოდა, რა საფრთხის წინაშე დააყენა ამ კაცმა მისი ქორწინება. რა უნდა გაეკეთებინა, რომ საყვარელი ქალი დაებრუნებინა? მის ასე, უბრძოლველად დათმობას არ აპირებდა. თუმცა, ცოლისთვის არაფერი უთქვამს, თავისი გეგმების შესახებ ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
მოკლედ, ზარი დარეკეს და შერილმა კარი გააღო. ზღურბლზე მართლაც ის იდგა – მეტოქე. შერმანზე ერთი თავით დაბალი იყო, მაგრამ, ძალიან კარგი აღნაგობის; ცისფერთვალება, მხიარულად მოღიმარი და რაც მთავარია, ახალგაზრდა. შერილმა ორივე ხელი ყელზე შემოხვია და წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა. ისე კოცნიდნენ ერთმანეთს, შერმანს გუნება საბოლოოდ მოეშხამა. მისალმების ცერემონიალი დასაშვებზე მეტხანს გაგრძელდა. შერმანი ხვდებოდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა – მის რკინისებურ მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი და ეს საზღვარი ძალიან ახლოს იყო.
– მიხარია, რომ გაგიცანით, – დენისმა ხელი გულითადად ჩამოართვა შერმანს, – იშვიათად მინახავს თქვენსავით გამგები ქმარი. შერილმა მომიყვა, როგორ მიუდექით მის გადაწყვეტილებას... ძალიან კეთილი ხართ.
შერმანმა ამოიოხრა:
– მგონი, უნდა დავლიოთ, სამივემ. თავს უკეთესად ვიგრძნობთ, მით უმეტეს, რომ განსახილველიც გვაქვს რაღაც.
– რა უნდა განვიხილოთ? – აფორიაქდა ქალი და საყვარელს მხრებზე მოეხვია, – შერმან, ხომ უკვე ყველაფერზე შევთანხმდით?
– არა, – თავი გააქნია შერმანმა, – ყველაფერზე არ შევთანხმებულვართ. მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ ვაპირებ ასე ადვილად დავთმო.
– ეს რას ნიშნავს? – წარბი შეიკრა შერილმა.
– აი, სამი პატარა ბოთლი პორტვეინი მაქვს. ერთ-ერთში შხამია. თითოეულმა თითო უნდა ავირჩიოთ და დავლიოთ.
– რაო?! – შეჰყვირა დენისმა, – ამით რის გაკეთებას აპირებთ, ჩემი მოკვლა გინდათ?!
– არა, რადგან, წარმოდგენა არ მაქვს, რომელ მათგანშია საწამლავი. სამივეს თანაბარი შანსი გვაქვს.
– სამივეს? კი მაგრამ, შერილმა რატომღა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა?
– იმიტომ, რომ სამართლიანობა არ დაირღვას. თუ საწამლავს მე დავლევ, ქალი შენ დაგრჩება და ბედნიერად იცხოვრებთ ერთად. თუ საწამლავს შენ დალევ, ძვირფასო დენის, მე და ჩემი ცოლი ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას და, იმედია, შერილს მალე დაავიწყდები...
– და თუ შერილს ერგება საწამლავი?
– ო, თუ საწამლავი ჩვენ საყვარელ ქალს შეხვდება, დავიტირებთ მას და თითოეული ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ.
– თანახმა ვარ, – თვალები აუციმციმდა შერილს, – ბუნებით ყოველთვის ავანტიურისტი ვიყავი. მინდა, ამ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი ვითამაშო...
– არ გამოვა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიკვდილი არ მინდა, მეორე გარემოებაც არსებობს – ცოცხლად დარჩენილებს პოლიციასთან მოგვიწევს თავის მართლება, რაც ძალიან ძნელი იქნება... – განაცხადა დენისმა.
– მე ესეც გავითვალისწინე: მე სახლში დავრჩები და ჩემს ბოთლს აქ დავლევ. ქალაქის სხვადასხვა ბოლოში, სასტუმროებში, ორი ნომერი ვიქირავე. თქვენ იქ წახვალთ და დალევთ იმ ბოთლიდან, რომელსაც აირჩევთ.
ხვალ კი სადმე, ნეიტრალურ ადგილას შევხვდეთ ისინი, ვისაც გაუმართლებს, მაგალითად, კაფე „სანტორინში“. მოვიტანო ბოთლები?
– არა! არავითარ შემთხვევაში! – დენისი შეშლილივით წამოხტა სკამიდან და კარისკენ გაემართა, აჩქარებული ნაბიჯით...
– დენის, სად მირბიხარ? მოიცადე... მოიცადე!.. ეს ხომ ჩვენი სიყვარულის გამოცდა იქნება, უნდა გავრისკოთ! – გამოეკიდა შერილი, მაგრამ დენისი მობრუნებას არ აპირებდა.
– მშვიდობით, შერილ, ბედნიერ სიკვდილს ან სიცოცხლეს გისურვებ, ისეც არ მიყვარხარ, რომ ასე გავრისკო...
შერილი შემობრუნდა. სახეზე იმედგაცრუება აღბეჭდვოდა.
– გეგონა, უყვარდი? – გაუღიმა შერმანმა, – ეს კარგი იდეა იყო, ძალიან კარგი... გინდა, დავლიოთ? ოღონდ, პორტვეინს არ მიეკარო, სამივე ბოთლი მოწამლულია, ძვირფასო, სამივე... რა გეგონა, ასე ადვილად დავთმობდი ჩემს უსაყვარლეს ცოლს?!
შერილს თვალები გაუფართოვდა. რამდენიმე წუთი ასე იდგა, მერე ნელ-ნელა გაეღიმა, შერმანთან მივიდა და მის გვერდით, სავარძელზე მოკალათდა... – ჩემი საყვარელი კოქტეილი გამიკეთე, ძვირფასო...

скачать dle 11.3