კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ნათლისღების ძალა

დიდი ძალა აქვს ნათლისღებას. იულიანე განდგომილის დროს ცხოვრობდა ერთი მსახიობი, სახელად ჰენსიუსი. ის აბუჩად იგდებდა ქრისტიანობას, ქრისტიანულ საიდუმლოებასა და ქრისტეს ეკლესიას. იმპერატორ იულიანეს სძულდა ქრისტიანობა და ებრძოდა მას არა მარტო ცეცხლითა და მახვილით, არამედ ცილისწამებითა და გესლიანი დაცინვითაც. ერთხელ ჰენსიუსი, იმპერატორის თანდასწრებით, სახალხოდ ამასხარავებდა ქრისტიანობას. ამ საძაგელი კომედიის მსვლელობისას ის ჩახტა როფში (გეჯაში) და წარმოსთქვა (ეს, რა თქმა უნდა, კომედიის გაგრძელება იყო): „ნათელს იღებს მონა ღვთისა ჰენსიუსი სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა!“
ხალხმა გადაიხარხარა. მსახიობი წყლიდან ამოვიდა და დაიძახა: „მე ქრისტიანი ვარ!“ სეირი გრძელდებოდა. კომედიანტმა ხალხს ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ, იმპერატორს შეხედა და თქვა: „მე ქრისტიანი ვარ და ეს სიტყვები ჭეშმარიტებაა. ჩემი მშობლები ქრისტიანები იყვნენ და ცდილობდნენ, რწმენა და ღვთის შიში ჩაენერგათ ჩემთვის. მე ბავშვობიდანვე მძულდა ქრისტე,  როგორც მტერი; ჩემს მშობლებს დავცინოდი, ლოცვის დროს გამოვაჯავრებდი ხოლმე. ბევრჯერ დავასმინე – ეკლესიაში დადიან-მეთქი. გარყვნილი და თავაშვებული ვიყავი და ჩემი საქციელით უდროოდ დავასამარე ჩემი მშობლები. ქუჩის მსახიობი და ტაკიმასხარაც იმიტომ გავხდი, რომ ქრისტიანობა გამემასხარავებინა. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბრბოს რომ ვართობდი, ასე მეგონა, თვით ქრისტეს ვანერწყვავდი სახეზე და ვურტყამდი. ერთხელ ჩემი მშობლები ვნახე სიზმარში. ისინი ტიროდნენ, ჩემს სულს გლოვობდნენ, მე კი სიზმარშიც დავცინოდი მათ ცრემლებს.
ახლა ყველაფერი შეიცვალა ჩემთვის, როგორც კი  წარმოვთქვი: „ნათელს იღებს მონა ღვთისა“, ვიხილე უზარმაზარ ქარტაზე აღნუსხული ჩემი ცოდვები და ზეციდან გადმოწვდილმა ხელმა დახია ეს ხელთწერილი. მე ბოროტი სულები, დემონები მავიწროვებდნენ. პირჯვარი გამოვისახე. ზეციდან ნათელი გადმოვიდა ჩემზე და დემონები გაქრნენ. იმპერატორო, მე ქრისტიანი ვარ! შენც შეინანე და ღმერთი შეგინდობის ცოდვებს.”
იმპერატორი და ხალხი განცვიფრებისაგან გაშეშდნენ. იულიანე განდგომილი ისე საშინლად განრისხდა, რომ ბრძანა, ცოცხლად დაეწვათ ყოფილი მასხარა, აწ კი ქრისტეს მოწამე.
დიდია ნათლობის მადლი. მაგრამ, ასევე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთის წინაშე ჩვენ, მონათლულებს. ნათლისღება ხომ ღვთის წინაშე აღთქმის დადებაა. ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ განვეშორებით ჩვენს ნებას და ღვთის ნებას აღვასრულებთ ჩვენს ცხოვრებაში.
ერთხელ მაკარი დიდმა ანგელოზს ჰკითხა, ვინ მოხვდება შუა ჯოჯოხეთშიო. ანგელოზმა მიუგო, რომ შუაგულ ჯოჯოხეთში, ტარტარაში დაიტანჯებიან არა კერპთაყვანისმცემლები და ქრისტეს მტრები, არამედ ის ქრისტიანები, რომელთაც ჯერ მიიღეს ქრისტეს მცნებები, შემდეგ კი უგულვებელყვეს და მოუნანიებელი ცოდვებით შებღალეს ნათლობით განსპეტაკებული სული. ნათლისღების დროს ჩვენ ვიძენთ სულიწმიდის მადლს, რაც ყველა ამქვეყნიურ საუნჯეზე ძვირფასია და მას უნდა გავუფრთხილდეთ.

скачать dle 11.3