კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

ვინ სთხოვდა ქათმისგან უფლებების დაცვას ელენე თევდორაძეს და რატომ დანიშნა მან შვილიშვილის ქორწილში თამადად პატიმარი

უკვე დიდი ხანია, ელენე თევდორაძე პოლიტიკას ჩამოსცილდა, თუმცა ის წლები, როცა პროცესების ეპიცენტრში იყო, დღემდე ნოსტალგიას იწვევს მასში. დღეს პენსიონერის მშვიდი ცხოვრება აქვს, თუმცა დროდადრო, როცა საქმე  ადამიანის, პატიმრების უფლებებს   ეხება, „ავიწყდება” რომ პენსიაზეა და ვერც  ემოციებს მალავს და არც  ხმაურიან სკანდალზე საუბარს არიდებს თავს.

  ელენე თევდორაძე:  რაც პოლიტიკას ჩამოვშორდი, მშვიდი ცხოვრება მაქვს. ახლა ვარ პენსიონერი და ვცხოვრობ როგორც ყველა პენსიონერი, ოდნავ მათზე უკეთესად, რადგან  მაქვს სადეპუტატო პენსია – 560 ლარი.  ახლა აქტიური ვარ ოჯახში, მყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილთაშვილი. სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ისე გაიზარდნენ  ჩემი შვილიშვილები,  მათთვის დრო არასდროს მქონდა. ახლა ამ დანაკლისს ვინაზღაურებ – ყველაზე დიდ დროს  ჩემს პატარებთან ვატარებ.   ამის გამო, პენსიონერობას თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონია, თუმცა თავიდან, როცა აქტიურ ცხოვრებას ჩამოვშორდი, ძალიან გამიჭირდა.  უსაქმურობა ძნელი იყო.  ადამიანი, ალბათ, ყველაფერს ეჩვევა და მეც შევეჩვიე. მთელი ყურადღება გადავიტანე ჯანმრთელობაზე, რისთვისაც ადრე ვერ ვიცლიდი, თუმცა არც იყო ამის საჭიროება – ახლა ჯანმრთელობამაც მიმტყუნა და მიღალატა,  თუმცა თავს  უკვე უკეთესად ვგრძნობ.  ის მოვიმკე, რაც დავთესე (იცინის).  როცა საკუთარ თავთან ერთი ერთზე რჩები, ყველაფერს  სხვანაირად უყურებ. მარტო მე არ ვარ ასე, ყველა ჩემნაირად განიცდის აქტიური ცხოვრების ჩამოშორებას – როცა იღვიძებ და არსად არ ხარ წასასვლელი, მაშინ იწყებ იმაზე  ფიქრს, რომ შენი საქმიანობა არავის აღარ სჭირდება. აი, ეს იყო ყველაზე ძნელი მისაჩვევი და მტკივნეული.
– გავლენა, ძალაუფლება – ხელისუფლების  სხვა „ხიბლების” დაკარგვა არ იყო რთული?
– იმის მიუხედავად, რომ დიდხანს ვიყავი ჩართული პოლიტიკაში, ვერ ვიტყვი, რომ გავლენიანი ვიყავი, ან ძალაუფლება მქონდა. მე ვფიქრობდი, რომ ვჭირდებოდი ადამიანებს, როგორც მათი უფლების დამცველი. გავლენაზე მეტად, მე მქონდა დამხმარე ადამიანის პოზიცია და ასე იყო ბოლომდე. როცა მე თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩი, გარკვეული პერიოდი, არც გაზეთებს ვკითხულობდი, არც ტელევიზორს ვუყურებდი. ჩავთვალე, საჭირო იყო, ცოტა ხანს გავცლოდი იმ ყველაფერს, რაც უკან მაბრუნებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა გავდიოდი ქუჩაში,  ვხვდებოდი ადამიანებს, ისინი მაშინვე მაბრუნებდნენ წარსულში. მისვამდნენ შეკითხვებს, იწყებდნენ საუბარს. ბევრმა არც იცოდა, რომ მე აღარ ვიყავი ჩართული იმ პროცესებში. ეს ერთი მხრივ სასიამოვნოც იყო და ახლაც კი, როცა ვინმე უცნობი მაჩერებს ქუჩაში და თბილ სიტყვებს მეუბნება, ან  ადამიანის უფლებებზე მიწყებს საუბარს, მიხარია, რომ მათ მეხსიერებას აქამდე შემოვრჩი. ეს დიდი „სიმდიდრეა”. როგორი პერიოდიც არ უნდა იყოს, პოლიტიკაში ყოფნა ძნელია. მე, მით უმეტეს – რთულ დროს მომიხდა პოლიტიკის კეთება – ჯერ იყო ედუარდ შევარდნაძის პერიოდი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, ბევრი ბარიერი იყო გადასალახი. მერე იყო ზურაბ ჟვანია, მის მიმართ დღემდე დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. მან   იმ დროს ჩემთვის რთული სფერო მანდო, მაშინ ბევრს საერთოდ არ ესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის, მით უფრო, პატიმრის უფლებები. მე ძალიან დამეხმარა ის, რომ პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება მქონდა. ბავშვებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა.  ზურა ხშირად მეუბნებოდა, ისეთ საინტერესო  გზას გადიხარ, მემუარების წერა დაიწყეო. თუმცა, ამისთვის  მე ვერ მოვიცალე
–  ცოტა ხნის  წინ ხმაურიან სკანდალში გაეხვივნენ  თქვენი „მემკვიდრეები” – ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის  ხელმძღვანელი და შეწყალების კომისიის ყოფილი  ხელმძღვანელი. როგორია ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?  
–  ამ სკანდალის გამო ძალიან განვიცადე, მწყინს, რომ ასეთ ამბავში გახვიეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. მე ეკა ბესელიას ვიცნობ  იმ წლებიდან, როცა ადვოკატი იყო და მინდა გითხრათ, რომ ის არაერთხელ უსასყიდლოდ დახმარებია პატიმართა ოჯახის წევრებს, რომელთაც ადვოკატის აყვანის საშულება არ ჰქონდათ. ასეთ დროს ეკას ვურეკავდი და მახსოვს, ასეთი ეკა ბესელია. სამწუხაროა, რომ ახლა მისი „დაცვა” მიწევს ძალიან ბევრ ადამიანთან. მე ვერ დავიჯერებ, რომ ეკა ბესელიამ ხელები გაისვარა და ამაში იმ ხალხსაც ვარწმუნებ, ვისაც ეს სჯერა.  რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, როდესაც ის  შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდა, მოვიდა ჩემთან. მე მას გადავაბარე საქმეები, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. იქამდე მას არ ვიცნობდი, ტელეკომპანია „კავკასიაზე” ვუყურებდი, როგორც ჟურნალისტს.  მერე, როდესაც ის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი იყო, ტელევიზიით გამოვიდა და რეპლიკა თქვა ჩემზე, რომ მე მანქანა მემსახურებოდა. მეწყინა მისი ეს ნათქვამი. სულ ციხე-ციხე დავდიოდი და ერთი მანქანა არ დავიმსახურე? ახლაც ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, ცუდად მოიქცა. თუ ერთი წელი ასეთი რამ იცოდა, აქამდე ვერ მიიღო ზომები? მე სულ ვაწუხებდი პროკურატურას. იყო დრო, პროკურატურაში ტანკივით შევდიოდი. 18 წელი ვიყავი შეწყალების კომისიაში და აქედან ათი წელი – თავმჯდომარე. დაჟინებული ზარიც ბევრი იყო, თხოვნაც, მესიჯიც, მაგრამ ყველაფერზე, რაც უკანონოდ მეჩვენებოდა, მაშინვე შესაბამის ორგანოებს ვაყენებდი საქმის კურსში ყვირილისა და აურზაურის გარეშე.    სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მე ბოლო პერიოდში ძალიან გამირთულდა ურთიერთობები ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებთან. ისინი პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ მე მათთვის მისაღები არ ვიყავი. რას ვისმენდი და ვითმენდი, ახლა იმის გამეორებაც არ მინდა. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მუშაობა ძალიან გამიჭირდა. ზურა ადეიშვილი არც კი პასუხობდა ჩემს ზარებს, საშვს არ უშვებდა, რომ მასთან შევსულიყავი. მე ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო. ამიტომაც, ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე განვაცხადე, რომ პოლიტიკიდან გავდიოდი.  
– ხმები, რომ პატიმრებით ფული „კეთდებოდა” და თავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეული თანხები იყო გადასახდელი,  თქვენ დროსაც ხშირად ისმოდა.
– ვიცი, გამიგია, თუმცა, მერე დრო აჩვენებდა, რომ  ამ ხმებს საფუძველი არ ჰქონდა. თვითონ პატიმრებიც კი მირეკავდნენ ციხიდან და მეუბნებოდნენ: ქალბატონო ელენე, ვიღაც მოვიდა ჩვენთან და თქვა, გათავისუფლებისთვის ფულია საჭიროო. ეს ინფორმაცია მოდიოდა  ჩემთან პატიმრების ოჯახის წევრებისგანაც.  მე ამ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევდი. მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა. ჭუჭყი კი, რომელიც გესროლეს, თავისით  გაივლის, თუ შენ მართალი  ხარ. ამიტომაც არის, რომ დღეს ყოფილ პატიმრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, ერთ-ერთი  ყოფილი პატიმარი ჩემი შვილიშვილის ქორწილში თამადაც კი იყო.
– ამბობენ, რომ ერთხელ ბატკანი მოგიყვანეს  პარლამენტში მადლიერების ნიშნად. ეს ისტორია   გახსოვთ?
– კარგად მახსოვს. ამას რა დამავიწყებს?  სამწუხაროდ, იმ ბატკანზე საშვი არ დაუშვეს და ვერ „შევხვდი” (იცინის). ერთხელ ერთ  აზერბაიჯანელ პატიმარს დავეხმარე. მამამისი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მისი შვილი საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ იმის მიუხედავად, რომ ცუდად იყო. მე მაშინვე დავრეკე სადაც იყო საჭირო და ის პატიმარი ერთ საათში გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.  ამ ამბიდან რამდენიმე დღე იყო გასული, პარლამენტში ამ პატიმრის ბიძა მოვიდა და ქვემოდან მირეკავს: ქალბატონო ელენე, მოვედი, ბატკანი მოგიყვანეთ.  მე კი ამოვალ, მაგრამ ბატკანზე საშვს არ მიწერენო (იცინის). ასეთი უცნაურობებიც ხშირი იყო. კარგად მახსოვს, ერთი ქალი დაჟინებით მთხოვდა, მისი უფლებების დაცვას მეზობლის მამლისგან, რომელიც ყოველ დილით ადრე აღვიძებდა. ის ქალბატონი პენსიონერი იყო და ძალიან დარდობდა, რომ მის, პენსიონერის უფლებებზე არავინ ზრუნავდა. რა უნდა მექნა? იმ ქალს პასუხიც ვერ მივწერე. ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ მომწერა,  რომ იმ მამალს თავი მოწყვიტა. აი, მერე კი მივწერე, რომ მისი საქციელი დანაშაული იყო.  
– თქვენს სამეზობლოში როგორაა მამლების საქმე?
–  კარგად. მე არ ვარ ჭირვეული პენსიონერი, არც კატები მაწუხებს, არც ძაღლები  და არც მამლები. მათი ყეფა და გნიასი ჩემზე არ მოქმედებს (იცინის).

скачать dle 11.3