კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

როგორ ამოატრიალა ერთმა დღემ ბექა ფიცხელაურის ცხოვრება და როდის გახდა ის ბერა ივანიშვილის ფავორიტი

25 დეკემბერს GDS-ზე „გახდი ვარსკვლავის“ გამარჯვებული გამოვლინდა და ის 17 წლის ბექა ფიცხელაური გახდა. ბექა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია ეკონომიკის განხრით, თუმცა, ამ გამარჯვებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სექტემბერში ის ერთი წლით ლონდონში, მუსიკალური ცოდნის გასაღმავებლად გაემგზავრება და იმედი აქვს, იქაც თავის კვალს დატოვებს. ბექა ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი რჩეულია, რომელიც ამ კონკურსის ჟიურის წევრი იყო. 

 ბექა ფიცხელაური: დაახლოებით 11 წლის ვიყავი, როცა გიტარა ვიყიდე. თავიდან სულ ორი სიმღერა ვიცოდი და ყველგან ვუკრავდი. შემდეგ გადავწყვიტე, ვოკალზე მემეცადინა და ერთ-ერთ მოსამზადებელ ცენტრში მივედი, სადაც დაახლოებით სამი თვე დავდიოდი. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი – ელენე კალანდაძე არის „გახდი ვარსკვლავის“ პროდიუსერი და კონკურსში მონაწილეობის მიღება სწორედ მან მთხოვა. მეც დავინტერესდი, რადგან ეს პრაქტიკა ჩემი მუსიკალური კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დავთანხმდი. ქასთინგები წარმატებით გავიარე და იმ  26  ადამიანს შორის მოვხვდი, ვინც სცენაზე დადგა.
– როგორი შეგრძნება გქონდა, პირველად რომ იმღერე ამხელა აუდიტორიის წინაშე?
– ჩემს პირველ ნამღერს ტელევიზორში რომ ვუყურე, კოშმარი იყო. ყველაფერი მჭირდა, რაც შეიძლება, მომღერალს ცუდი დაემართოს – ვნერვიულობდი, დავიბენი და ტექსტი მავიწყდებოდა. შემდეგ ნელ-ნელა მომეხსნა მაყურებელის კომპლექსი, ნერვიულობაც გადავლახე და აშკარად, ზრდა დავიწყე. პირველი სამი-ოთხი „ლაივი“ ცუდი მომღერალი ვიყავი, მაგრამ შემდეგ, რაღაც გადატრიალება მოხდა (იცინის), რომელმაც ყველა გააკვირვა. ალბათ, იმიტომ რომ, ბევრს ვმუშაობდი. ჟიურის შენიშვნები ჩემზე ცუდად არ მოქმედებდა, პირიქით, დიდ სტიმულს მაძლევდა. ზაკ რისმა სუპერფინალის დღეს მითხრა, რომ ყველაფერი გავითვალისწინე და მათ მოცემულ რჩევებს მილიონჯერ გავუსწარი.  
– ბერა როგორი იყო ჟიურის ამპლუაში?
– მე მიყვარს სამართლიანი და ობიექტური ადამიანები. ჟიურის წევრს, უპირველესად, ეს თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც ჩემი აზრით, ბერას ნამდვილად ჰქონდა. ის გამოკვეთილად ობიექტურია და ნებისმიერ მომღერალს ზუსტად აფასებდა. კარგად მახსოვს მისი რჩევები და შენიშვნები. ამ პროექტში ჩემი გამარჯვება ბერას ობიექტურობის დამსახურებაცაა.
– შენ მისი ერთ-ერთი რჩეული იყავი.
– კი, იყო ასეთი კომენტარები. ყველაზე დასამახსოვრებელი ამ პროექტში ჩემთვის მისი შეფასება იყო. ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა მან ჩემს საფინალო ნომერზე თქვა, ასეთი შესრულება ამ კონკურსს არ ახსოვსო.
– კადრს მიღმაც თუ გაძლევდა რჩევებს?
– ბერა ძალიან კარგი და მეგობრული ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ჟიურის წევრი იყო და ჩვენ უნდა შევეფასებინეთ, სცენის გარეთ, ყოველთვის ისე გვექცეოდა, თითქოს ჩვენი ტოლი და ჩვენი გამოცდილების იყო. ძალიან მეგობრულია და არ გვაგრძნობინებდა, რომ რამით ჩვენზე მაღლა იდგა. ამიტომ, მას ძალიან ვაფასებ. ჟიურის წევრის ამპლუაშიც ძალიან მომწონს და გამიხარდება, თუ სხვა პროექტებშიც იქნება.  
– როდის მიხვდი, რომ მისი ფავორიტი გახდი?
– მერვე ლაივზე, როცა მეორე საკონკურსო სიმღერის შემდეგ, აუტსაიდერებში აღმოვჩნდი. ბერამ მაღლა ასწია ხელები და თქვა: ეს ყველაფერი არ მესმის. ჩემთვის გაუგებარია ეს ადამიანი ასეთი სიმღერების შემდეგ აუტსაიდერებში როგორ უნდა იყოსო. ზუსტად მაშინ მითხრა, შენ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარო.
– მუსიკის გარდა, რით ხარ დაკავებული, რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ ეკონომიკის განხრით. ვაპირებდი, მთელი ჩემი ცხოვრება ამ სფეროში გამეტარებინა. მინდოდა, მაგისტრატურაში სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა, მაგრამ ჩემი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ერთმა დღემ ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოატრიალა და ყირაზე დააყენა (იცინის). რა თქმა უნდა, ეს კარგი ცვლილებაა. ახლა ჩემთვის აღარც ეკონომიკა არსებობს და აღარც ჯავახიშვილი (იცინის). დიდი შანსია, მთელი ჩემი მომავალი მუსიკაზე ავაგო, მაგრამ მინდა, თავი მაინც დავიზღვიო და ამიტომ, ეკონომისტის დიპლომი მაინც მინდა მქონდეს. შესაბამისად, სწავლას არავითარ შემთხვევაში არ დავანებებ თავს. სიმართლე გითხრათ, ეს პროფესიაც არანაკლებ მიყვარს. რადგან ლონდონის ერთწლიანი საგზური მოვიგე, აკადემიურს ავიღებ და სწავლას დაბრუნების შემდეგ გავაგრძელებ.
– ლონდონში როდის მიემგზავრები?
– სექტემბერში მივდივარ ერთი წლით. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ მუსიკალურ ინსტიტუტში ვისწავლი. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა 17 წლის ბავშვი ამას აღწევს?! ძალიან მიხარია. ჯერ კიდევ შოკში ვარ და რა ვთქვა, არ ვიცი... უცებ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე და ჩემი ცხოვრება ათი, ოცი ეტაპით წინ წავიდა. ლონდონი ჩემთვის წარმოუდგენელი სიამოვნებაა და ვნახოთ, რა იქნება. მინდა, იქ ისეთი კარიერა ავაწყო, რომ სწავლის დასრულების შემდეგაც ჩამესვლებოდეს.
– დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსის შემდეგ, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი გახდი.
– ჯერ უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ (იცინის). ვერ წარმოიდგენთ, კონკურსისთვის რა გრაფიკით გვიწევდა მზადება. 12-დან 12-მდე იქ ვიყავით. თუმცა, პროექტში გამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ხალხისგან მეტი ყურადღება ვიგრძენი. საციალურ ქსელშიც რომ შევდივარ, მგონია, ამაფეთქებენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ჩემით ამაყობენ.
– თაყვანისმცემელ გოგონებზეც მომიყევი.
– ყველანი ძალიან საყვარლები არიან. ყველა მილოცავს და თბილ სიტყვებს მწერს. თუმცა, ხანდახან პირველ მესიჯზე მეცინება. მაგალითად, 15 წლის ლამაზი, საყვარელი გოგო მწერს, „ბარო“ ან „რავა ხარ?“ (იცინის). ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი მიმართვებია – კაი ძმაკაცური. თუმცა, მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა ყურადღებას იჩენენ და ვცდილობ, ყველას პასუხი გავცე.
– ერთი გამორჩეული გოგონა არაა, რომელიც მოგწონს ან გიყვარს?
– არაა (იცინის). არასდროს მყოლია შეყვარებული. დღეს აქტუალურია თემა, რომ მთავარია, გოგოს სული ჰქონდეს კარგი და გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. მე ამას არ ვეთანხმები (იცინის). გოგო, უპირველესად, ვიზუალურად უნდა მომეწონოს. შეიძლება, ოდესმე აზრი შემეცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. თუმცა, ვიზუალის გარდა, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს და მათ შორის, მთავარი ხასიათის შეწყობაა. ზედმეტად აქტიური და შემაწუხებელი გოგოები არ მიყვარს (იცინის).
– ამ ხნის განმავლობაში, ვინ იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– ალბათ, დედაჩემი. რომ ვმღერი და პროექტში გავიმარჯვე, მისი დამსახურებაა. თვითონ კარგი სმენა აქვს და ჩემშიც ყოველთვის ხედავდა სიმღერის ნიჭს. ამიტომ, სულ მაძალებდა, რომ ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. ასევე, ძალიან ნიჭიერი და მყავს, რომელიც, თამამად ვიტყვი, რომ ჩემზე უკეთესად მღერის (იცინის). ჯერ 14 წლისაა და ვფიქრობ, ქართველ მაყურებელს ისიც დაამახსოვრებს თავს.

скачать dle 11.3