კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მზადდება ტიბეტელი ბერების რეცეპტის მიხედვით სამკურნალო საცივი და რა დაავადებებს კურნავს ის

როგორც აღმოჩნდა, ყველასათვის საყვარელი კერძი – საცივი, რომელიც ახალ წელთან ასოცირდება, გარდა იმისა, რომ უგემრიელესია და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, ორგანიზმისთვის სამკურნალო საშუალებაც ყოფილა, რომელიც ადამიანს უამრავი დაავადებისგან იცავს. მისი რეცეპტი ტიბეტელი ბერების მიერაა შედგენილი.

 თინათინ თოფურია (ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ჰომეოპათიის კომიტეტის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატ ჯორჯ ვიტულკასის მოწაფე და პირადი წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი): თავის დროზე, ტიბეტელი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც მთხოვა, თარგმანში დავხმარებოდი. ერთდროულად რამდენიმე ენაზე ითარგმნებოდა ძველი ტიბეტურიდან ტრაქტატი. სჭირდებოდათ სპეციალისტი, რომელიც ექიმი იყო და, თან, რამდენიმე ენას ფლობდა. მე ორივე მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და ამიტომ ამ საქმეში ჩავერთე. ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო მათი თეორია და რეცეპტურა. როგორც გადმოცემით ვიცოდი, არსებობდა შვიდი საიდუმლო რეცეპტი. დავიწყე მათი კანონზომიერებების შესწავლა და, აღმოჩნდა, რომ ამ რეცეპტებიდან სამი სრულიად შემთხვევით შევადგინე. როცა მათ ჩემი აღმოჩენის შესახებ ვუთხარი, საქმეს ჩამომაშორეს, რადგან, როგორც მითხრეს, უკვე ძალიან ღრმად შევტოპე და ამის იქით ჩემი წასვლა აღარ შეიძლებოდა. ასე რომ, ოთხი კიდევ გაუშიფრავი დამრჩა. ამის შემდეგ მოსკოვში ლექციებს ვკითხულობდი და ამ რეცეპტს სტუდენტებს ვაძლევდი როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელს და, ზოგადად, ორგანიზმის გამაჯანსაღებელს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მსმენელი ქართველი იყო და მან მითხრა: თინა გიორგიევნა, ეს ხომ საცივის რეცეპტიაო. მაშინ საცივი და ბაჟე ერთი და იგივე მეგონა, მისი მომზადება არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ მათ სრულიად სხვადასხვა შემადგენლობა აქვთ. ეს წამალი ზუსტად მაშინ შევქმენი, ჩემს მოწაფეებსაც ვაძლევდი და საკმაოდ სერიოზულად დავნერგე მოსკოვსა და ციმბირის რამდენიმე ქალაქში. წლების შემდეგ, როცა ისევ იქ მომიწია ჩასვლა, ეს ყველაფერი დავიწყებული მქონდა. იქ იგივე მსმენელები და კოლეგები დამხვდნენ. მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რა შესანიშნავი შედეგები აქვთ ჩემი წამლის მიღების შემდეგ: გრიპი აღარ ხვდებათ, სიმსივნეების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მისი მოხმარება ინტენსიურად დავიწყე. როცა შედეგები გავაცნობიერე, მივხვდი, რომ საცივი კულინარიულ და სამკურნალო ხელოვნებათა შედევრი და შესანიშნავი შერწყმაა. როცა ახალ წელს მივირთმევთ სამკურნალო ინგრედიენტებისგან შემდგარ საცივს, იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ეს წამალია, უბრალოდ, გემრიელობას ვიღებთ. მასში შემავალი კომპონენტები კი სხვადასხვა სისტემასა და ორგანოებზე დადებითად მოქმედებენ. დღეს ბევრს საუბრობენ ანტიოქსიდანტების მნიშვნელობაზე, ამიტომ მათ ძალიან დიდი როლი მიენიჭა. აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტებში საკვებ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა საცივის ერთ-ერთი ინგრედიენტი – მიხაკი, მეორეზე კი – დარიჩინი. ესე იგი, საცივი ორ უძლიერეს ანტიოქსიდანტს შეიცავს და, მხოლოდ ამიტომაც, უკვე ძალიან ძლიერი წამალია. სანელებელი ზემოქმედებს თირკმელებზე, შარდსაწვეთ სისტემაზე; ბევრი მათგანი აფროდიზიაკი, ანუ ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედია, რომელიც სექსუალურ ლტოლვას იწვევს და მამაკაცისა და ქალის სეკრეციის ჯირკვლებს აძლიერებს. ის სექსუალური ლტოლვის აღმგზნებია. მიხაკს აქვს წნევის აწევის, დარიჩინს კი წნევის დაწევის ფუნქცია და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. დარიჩინი ძალიან კარგად მოქმედებს დიაბეტიანებზე, რადგან ის შაქრის დამწევი საშუალებაა, ორგანიზმიდან გამოაქვს არასასურველი ქოლესტერინი და ათხელებს სისხლს, ანუ პროთრომბინს დაბლა სწევს; ასევე, სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ამიტომ მისი გამოყენება დიეტების დროს მიზანშეწონილია. შემიძლია, კონკრეტულად გასახდომი რეცეპტიც მოგცეთ: 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 სადილის კოვზი თაფლის ნაზავიდან ყოველ დილით 1 ჩაის კოვზი აიღეთ, თბილ წყალში გახსენით და დალიეთ ერთი თვის განმავლობაში – ასე  საგრძნობ ეფექტს მიიღებთ. დარიჩინი აძლიერებს ინსულინზე რეაგირებას, უხდება სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და  გუნება-განწყობას, რადგან ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია; ასევე, აქვს ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება და, შესაბამისად, გამოიყენება გაციებისა და გრიპის დროს. მიხაკსაც იმდენად ძლიერი ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომ ძველ ჩინეთსა და შუა საუკუნეების ინგლისში მეფისა და იმპერატორის კარზე მათთან დაახლოებულ პირებს პირში დაუფქველი მიხაკი უნდა ჰქონოდათ და ეღეჭათ, რათა რამე ინფექცია არ მიეტანათ მბრძანებლისათვის. ის, ასევე, შეიცავს A, B, B1, B6, PP  ვიტამინებს; ასევე შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და ნატრიუმს. ის არის სოკოს საწინააღმდეგო საპროფილაქტიკო საშუალება; მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, უხდება მუცლის შებერილობას, ხსნის სპაზმებს, მოუნელებლობას, გულძმარვას, ღებინებას, თავის ტკივილებს და არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს ნაბახუსევზე. თავის ტკივილის დროს 1 გრამი მიხაკი და 5 გრამი ქაფურის ზეთი, რომელიც აფთიაქში იყიდება, შეურიეთ ერთმანეთს და დაიზილეთ მტკივანი ადგილები. გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებადაც: ხველების დროს ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, 1/4 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი, 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 ჭიქა მდუღარე წყალი ერთმანეთში აურიეთ და დალიეთ. ძალიან კარგი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით – ძილის წინ.
– საცივის დანარჩენ ინგრედიენტებზე რას იტყვით?
– მე საცივის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ წელს მას ჩვეული გემო ვერ მივეცი, რადგან ნამდვილი დარიჩინი ვერ ვიშოვე. მაღაზიებში ფალსიფიცირებული ჩინური დარიჩინი იყიდება, რომელსაც ისეთი ეფექტი არ აქვს. ნამდვილი დარიჩინი ღია ყავისფერია და ოქროსფერში გადადის, ფალსიფიცირებული კი – უფრო მუქი ყავისფერია. ასევე, ძალიან უხარისხოა წელს შემოტანილი მიხაკიც და ეს საცივის ხარისხზეც აისახება. საცივის შემდეგი კომპონენტია წიწაკა, რომელიც ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს, რითაც ხსნის სტრესს და ბედნიერების შეგრძნებას იწვევს; გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ძილს, კუჭ-ნაწლავზე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აძლიერებს სექსუალურ ფუნქციას, ესეც კლავს ბაქტერიებს და უხდება სახსრებს. კიდევ ერთი ინგრედიენტია – ზაფრანა, რომელსაც სასწაული თვისებები აქვს, თუმცა მათ არ ჩამოვთვლი, რადგან ზაფრანას ბაზარზე ოქროს ფასი აქვს და ჩვენთან არ შემოდის. მსოფლიოში სულ სამასი ტონა იწარმოება, რადგან რთული მოსაპოვებელია და ამიტომ ძალიან ძვირი ღირს. ჩვენ რასაც ვიყენებთ, ის სულ სხვაა.
რაც შეეხება ნიგოზს, ის, როგორც ვიცით, ძალიან სასარგებლოა, თუმცა, შედარებით მავნე ხდება, როცა მას ძმარი ერევა. მაგრამ ამ კომპლექტაციაში დიდი მავნებლობა არ მოაქვს, უბრალოდ, ის დიდხანს არ უნდა იხარშოს. ზოგიერთი საცივს ძალიან დიდხანს ხარშავს და ერთ ან ნახევარ კილოგრამ ნიგოზს უშვრება. ამდენი ნამდვილად არაა საჭირო. შესქელება მოხალული ჭადის ფქვილით უნდა მოხდეს, ბოლოს უნდა დავუმატოთ ნიგოზი, წამოვადუღოთ და გამოვრთოთ. ძმარს, როცა გაცივდება, მერე შევურევთ. იმისთვის, რომ ამ წამლის რეცეპტმა მაქსიმალური ეფექტი იქონიოს, მას აუცილებლად სჭირდება ცხოველური ცილა. ამიტომ უნდა მომზადდეს არა წყალზე, არამედ აუცილებლად ნახარშზე. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგია ინდაურის ნახარში და თვითონ ინდაურის ხორციც ყველაზე სასარგებლოა.
– წლის განმავლობაში რამდენჯერაა საცივის ჭამა მიზანშეწონილი?
– საცივის რეგულარულად ჭამა არ არის  მიზანშეწონილი, რადგან მასში შემავალი კომპონენტები საკმაოდ ძლიერია და, გარდა ჩამოთვლილი თვისებებისა, ისინი ცალკეულ სისტემებსა და ჰიპოფიზის ფუნქციებზეც მოქმედებენ. ჰიპოფიზი თავის ტვინში მოთავსებული პატარა ჯირკვალია, რომელიც მართავს ყველაფერს: ზრდას, კიდურების სიგრძეს, მხედველობას, მომწიფებას, გამრავლებასა და დაბერებას. საცივის დაკომპლექტებული წამლით ხდებოდა ჰიპოფისზე ნაწილობრივი გავლენის მოხდენა. მნიშვნელოვანია,  რატომ ხდებოდა მისი მაინცდამაინც ახალ წელს ჭამა. ახალ წელთან ერთად იწყება  ჩვენი ფიზიოლოგიური განახლებაც (ისევე, როგორც ბუნების). ეს ერთ დღეში არ ხდება, ესაა პროცესი, რომელსაც თავიდანვე გაძლიერება სჭირდება, რადგან ამ დროს მთელი მარაგი დახარჯულია და, როგორც მატერიალური მარაგის შევსებას იწყებ თავიდან, ისე ორგანიზმის სტიმულაციაა საჭირო, რასაც უზრუნველყოფს საცივში შემავალი წამლები, ანუ მისი კომპონენტები. ის მაღალი ენერგეტიკის მქონე წამალია და მისი ჭამა სავსებით საკმარისია წელიწადში ერთხელ, ორი-სამი დღის განმავლობაში; შედეგად, სისტემები იქოქება და მიშველება აღარ სჭირდება.
გეტყვით, რომ ამერიკის „დაბერების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „ახალგაზრდობის რეცეპტი“, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ერთ-ნახევარი ჩაის კოვზი ორეგანო, ამდენივე მიხაკი და ნიორი, 1 ჩაის კოვზი წიწაკა, ნახევარი ჩაის კოვზი ჯინჯერი, ამდენივე მარილი და შავი პილპილი. ეს რეცეპტი ძალიან ჰგავს ჩემ მიერ შედგენილ საცივის რეცეპტს, რომელსაც, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სამკურნალო ეფექტი აქვს. გთავაზობთ მისი მომზადების წესს, რომელიც ტიბეტური რეცეპტითაა შექმნილი: 1 თავი დანაყილი ხახვი და 3 კბილი ნიორი, შავი პილპილი (ან მარცვალი), 7 ცალი მიხაკი, დარიჩინი და ზაფრანა დანის წვერზე, ხმელი წიწაკის წვერი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 70 გრამი არაყი თავსდება ქილაში, ინჯღრევა და დგას 48 საათი ბნელ, თბილ ადგილას. გადმოვწუროთ ერთი ჩაის კოვზი ნაყენი, დავამატოთ 10 ჩაის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და 100-ჯერ ავანჯღრიოთ. გამოვიყენოთ: პროფილაქტიკისთვის – 1 წვეთი დღეში სამჯერ; გაციების ან გრიპის ეპიდემიის დროს – 3 წვეთი, დღეში 5-ჯერ; თუ უკვე ავად ხართ – ყოველ 1 საათში 3 წვეთი. ზამთრის დასაწყისში ერთი კურსის ჩატარების შემდეგ ვერავითარი ინფექცია ვერ მოგეკარებათ.

скачать dle 11.3