კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი და რა ტრაგედიას ემსხვერპლა მისი ბიძა იმავე ასაკში

რამდენიმე დღის წინ ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. უბედური შემთხვევა კოხტაგორასა და დიდველს შორის მოხდა. ახალგაზრდა სნოუბორდისტის სიცოცხლე მთიდან მოულოდნელად წამოსულმა ზვავმა იმსხვერპლა. დიაკონაშვილი 2015 წელს საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი გახდა და 2018 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, რომელზეც საქართველო უნდა წარედგინა.

 მიხეილ თასოშვილი (სნოუბორდისტი): ნუგო რამდენიმე მეგობრთან ერთად სრიალებდა. ისეთ მთაზე ავიდა, სადაც საბაგირო არ მიდის. ფეხით იყვნენ ასულები და იქიდან ქვემოთ სნოუბორდით უნდა დაშვებულიყვნენ, ანუ ექსტრემალური პირობები იყო. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდის თანხლებით ხდებოდა. ნუგზარს სნოუბორდი გაუვარდა და იმ მხარეს დაუსრიალდა, საითაც თვითონ უნდა დასრიალებულიყვნენ. მან მეგობრები ჩასასვლელად სხვა მხრიდან გაუშვა, თვითონ კი სნოუბორდის ამოსატანად ხევში ჩავიდა, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა. ერთ მხარეს დიდი რაოდენობით თოვლი იყო მოგროვებული, მეორე მხარეს კი თოვლი თითქმის არ იყო, რადგან ქარმა ის ცალ მხარეს მიახვეტა. როცა სნოუბორდი აიღო და მობრუნდა, ზუსტად მაშინ, ხევის მეორე მხრიდან, სადაც თოვლი იყო დაგროვებული, ქარის ზემოქმედებით ზვავი წამოვიდა და ნუგზარი უკანა მხრიდან მთლიანად დაფარა, თუმცა ეს მისმა მეგობრებმა ვეღარ გაიგეს, რადგან ამასობაში ისინი ჩამოვიდნენ და მას ელოდნენ. რომ არ გამოჩნდა, იფიქრეს, ნუგზარი უკვე წავიდა და, ალბათ, ქვემოთაააო. როცა ნახეს, უკვე გვიან იყო.
ეს სპორტი ძალიან ექსტრემალურია და, სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა კლდეებიდან გადახტომა, პატარ-პატარა ზვავები და სხვა, აქამეც გვქონია მეც და ნუგზარსაც, მაგრამ ყველგან კარგად დაგვისრულებია. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ნუგზარისთვის ფატალური აღმოჩნდა.
სნოუბორდი ზუსტად ახლა იყო განვითარების პიკში. წინა წელს საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კროსში, რომელშიც ნუგზარმა გაიმარჯვა. ის, ასევე, ნამყოფი იყო საფრანგეთში, ავსტრიასა და ჩეხეთში სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე. საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. მე მასზე ასაკით ცოტა პატარა ვარ და, ფაქტობრივად, მან გამზარდა, ამ სპორტის შესახებაც ყველაფერი მან მასწავლა. ერთად 12 წელი ვსრიალებდით. მისი ცხოვრების მთავარი აზრი და მიზანი სნოუბორდი იყო. 2018 წლის ოლიმპიადას ელოდა, მასში მონაწილეობის მიღებას აპირებდა და ამისთვის ემზადებოდა. სული და გული სნოუბორდში ჰქონდა ჩადებული.
ნუგოსნაირი ადამიანი არ შემხვედრია. იმიტომ არ ვამბობ, რომ გარდაიცვალა, მართლა უკეთილშობილესი, უპატიოსნესი და ზრდილობიანი ადამიანი იყო, ხანდახან იმდენად, რომ ვსაყვედურობდი კიდეც.
ლაშა ხაჩიძე (მაშველი): ზარი შემოვიდა, ნუგო ზვავში მოყვაო და იმწუთას მთელი სამაშველო გავედით, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან მისი პოვნა სამი საათის შემდეგ მოხერხდა. ზვავში მოყოლილმა ადამაინმა მაქსიმუმ 15 წუთი შეიძლება იცოცხლოს. უკვე გარდაცვლილიყო, მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე. მისი თანამგზავრებიც ძალიან დაბნეულები იყვნენ – ვერ გაეგოთ, ნუგზარი ზვავში მოყვა თუ ფეხით გაასწრო მათ. ძალიან კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდით. ახლა მისი ყოველი სიტყვა და ქმედება თვალწინ მიდგება და ძალიან მიჭირს საუბარი. არც ვიცი, რა უნდა ვთქვა.
ოთარ იაშვილი (სნოუბორდისტი): მეტსახელად „ნინძას” ეძახდნენ – ეს მისი საყვარელი სიტყვა იყო. ყოველთვის, როცა ვინმეს დაურეკავდა, მისი პირველი სიტყვები იყო: „ნინძა, წამო სასრიალოდ.” ძირითადად სულ გაუკვალავში და ექსტრემალურ გარემოში ვსრიალებდით. ახლაც, ეს უბედური შემთხვევა გაუკვალავში მოხდა, ტრასაზე არ ყოფილა. ყველაზე მაღალ მთაზე ავდიოდით და იქიდან ვეშვებოდით. ყოველთვის ისეთ ადგილებს ვეძებდით, სადაც ყველაზე მეტი თოვლი იყო. საფრთხე და მცირე ტრავმები ხშირად იყო, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. ნუგზარი ჩემი ნაცნობებიდან საუკეთესო იყო, ყველაზე უფროსი და დაკვირვებული. ის გვხელმძღვანელობდა და გვარიგებდა ხოლმე, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ძირითადად ბაკურიანში ცხოვრობდა, სადაც თავისი სპორტსკოლა ჰქონდა და ახალ თაობას ასწავლიდა. მთელი წელი დაგეგმილი გვქონდა, ბაკურიანში კოხტაგორაზე უნდა გვესრიალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამბავი ვეღარ გამოვა. ძირითადად, ყველა მთაზეა შესაძლებელი პროგნოზირება, მაგრამ ის ზუსტი არასდროსაა ხოლმე.
სალომე ქუმარიტაშვილი (მეგობარი): „ნინძა“ ზუსტად იმ საქმეს შეეწირა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო და ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. რამდენიმე დღის წინ ვნახე და მითხრა, ბაკურიანობას აუცილებლად უნდა გამოხვიდე, მეც დაგეხმარები და რაღაცეების კეთებას გასწავლიო. ყველასგან გამორჩეული იყო. ბიჭები ყვებოდნენ, შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებოდით, ისეთი ილეთები გააკეთა, რომლებიც არცერთმა არ ვიცოდითო. სულ რაღაც ილეთებს იგონებდა ხოლმე და თვითონვე აკეთებდა. ერთხელ მთაზე შევხვდით ერთმანეთს, მე ყურსასმენები მეკეთა და მითხრა: ესენი მოიხსენი, თოვლი უნდა იგრძნო და მისი ხმა უნდა გესმოდეს, მხოლოდ სიმაღლე ვერ მოგანიჭებს სიამოვნებასო. მას მერე ყურსასმენებით აღარ მისრიალია.
საოცარი ადამიანი იყო და ძალიან მტკივა გული, რომ ეს ტრაგედია მოხდა. დაქორწინებული არ ყოფილა, მშობლები, და და დისშვილი ჰყავდა. სიძე აგვისტოს ომში დაეღუპა. ძალიან უყვარდა პატარა დისშვილი და მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა, სულ ერთად ვხედავდი. კიდევ, ძაღლი ჰყავდა, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა და სულ მპირდებოდა, უნდა გაგაცნოო. ყოველდღე დილის 5 სააათზე ასეირნებდა ხოლმე.
როგორც თქვეს, ბიძა ჰყოლია, მასაც ნუგზარი ერქვა და ისიც იმავე ასაკში დაღუპულა უბედური შემთხვევით – ავარიაში მოყოლილა.  
სალომე ქართველიშვილი (მეგობარი): ბაკურიანში გავიცანი ძალიან დიდი ხნის წინ და მას შემდეგ ვმეგობრობდით. პირველად ნუგომ დამაყენა სნოუბორდზე და ეს სრულიად უანგაროდ გააკეთა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი კარგად,  ერთ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა:  არ მაინტერესებს არაფერი, ხვალ სნოუბორდით ამოხვალ მთაზე, სრიალი უნდა გასწავლოო და ასეც მოვიქეცი. პირველივე გაკვეთილზე პირდაპირ კოხტის წვერში ამიყვანა და გაოგნებული დავრჩი, ძალიან შემეშინდა, თვითონ კი ძალიან იხალისა. თუ გინდა, ისწავლო, პირდაპირ ციცაბოდან უნდა დაეშვაო. მთელ დღეებს მითმობდა, რომ კარგად მესწავლა და ძალიან დავმეგობრდით. სასწაულად თბილი ადამიანი იყო, რომელიც სულ იღიმოდა. თან, საყვარელი მიმიკა ჰქონდა სიცილის დროს – აპრეხილი ცხვირი და დიდი, თეთრი კბილები, რომელიც არასდროს დამავიწყდება. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მთა გაწირავდა და სრიალს ემსხვერპლებოდა. როგორც კი თოვა იწყებოდა ბაკურიანში, ნუგო თვითონ ამზადებდა „ტრამპლინებს“ გაუკვალავში. მის ექსტრემს საზღვარი არ ჰქონდა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე, ძალიან კარგ პროექტს ვგეგმავდით და, სამწუხაროდ, ასე ტრაგიკულად დასრულდა ჩვენი გეგმა. ვიზიარებ მთელი ბაკურიანის მწუხარებას და არა მხოლოდ ბაკურიანის, ნუგო მთელმა საქართველომ დაკარგა.

скачать dle 11.3