კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეეზღუდებათ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება კანონით მაღალმთიანი რეგიონების შესახებ

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მთაში მცხოვრებთათვის შემდეგი ტიპის შეღავათებს ითვალისწინებს: 20-პროცენტიან დანამატს მიიღებენ პენსიონრებიც და სოციალური პაკეტის მიმღებებიც. ექიმების დანამატი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა იქნება; ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობა. ზამთრის პერიოდში ყველა აბონენტს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტს აუნაზღაურებს (ოღონდ არაუმეტეს 100 კვტ.სთ-ს). ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში მშობლები ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარს მიიღებენ, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში – არანაკლებ 200 ლარს. მაღალ მთაში დასაქმებულ საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს ხელფასზე დაერიცხებათ საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტი, ისევე, როგორც  დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და სხვა.
ამას გარდა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი ისარგებლებს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. მეწარმე სუბიექტი კი განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
კანონის ავკარგიანობის შეფასება და მისგან მოსალოდნელი შედეგის შესახებ პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მოსაზრებით დავინტერესდით.

– რამდენად საკმარისია ის აქტივობები, რაც გაწერილია კანონში, მთის გასაძლიერებლად და იქ მოსახლეობის დასამაგრებლად და დასაბრუნებლად?
– ვწუხვარ, რომ უნდა დავიწყო შეფასებით: ეს კანონი ზოგადად არ არის მთისთვის და იქ მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებული შედეგის მომტანი. მას შეიძლება, ვუწოდოთ კანონი მთის რეზერვაციების შესახებ, რომელმაც ყველა ის მოლოდინი, რაც არსებობდა, არ გაამართლა.
– თქვენი არგუმენტები როგორია?
– მაღალმთიან რეგიონთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა მოცემულია კონსტიტუციაში. კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ მაღალამთიანი რეგიონებისთვის უნდა დადგინდეს განსაკუთრებული შეღავათები და რეგულაციები. ეს მოხდა 1995 წელს. მას შემდეგ საკითხი გაჯანჯლდა და კანონი მივიღეთ 1999, ანუ საპარალამენტო არჩევნებისა და საპრეზიდენტო არჩევების წინა წელს, როდესაც ყველას ჰპირდებოდნენ ყველაფერს და 1 600 სოფლამდე მოხვდა ჩამონათვალში. ფაქტობრივად, ყოველი მეორე სოფელი, არადა, თუ ყველას ეკუთვნის შეღავათი, ვინ ვის უნდა გაუწიოს და რის ხარჯზე?! ამ კანონმა, ბუნებრივია, არ იმუშავა. მისი არც ერთი მიზანი არ შესრულდა: ვერც მთის ეკონომიკური აღმავლობა ვერ განხორციელდა, არც მთის დემოგრაფიული მდგომარეობა არ გაუმჯობესდა; მოსახლეობა არათუ არ დაბრუნდა, ორჯერ და მეტად შემცირდა. ესე იგი, ჩვენ გვქონდა უარყოფითი გამოცდილება, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ პოზიტივად გვექცია. მაგრამ ახლანდელ ჩამონათვალშიც 1 600-ზე მეტი სოფელი მოხვდა.
– ამას რომ ამბობთ, რას გულისხმობთ: ეს ცოტაა თუ ბევრი?
– რა საჭიროა სპეციალური კანონის მიღება, თუ ის შეეხება ყველას?! ის აღარ არის სპეციფიკურად ვინმესთვის. არის ზოგადი და განწირული –  არშესრულებისთვის.
– როგორ უნდა აერჩიათ მაშინ სოფლები და მაღალმთიანი რეგიონები?
– რა გვაქვს მიზნად? ეს კანონი არ არის სოფლების კანონი, მაგრამ კანონმდებელმა ის აქცია მაღალ მთაში არსებული სოფლის კანონად. მაგალითად, უშგული შედის ამ კანონში, მაგრამ შხარა და უშბა არ შედის. ანუ მთავარი იდეა, რაც ამ კანონის სათაურში დევს, რომ ეს არის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, არ არის განხორციელებული. ამ კანონით, მაღალმთიანი რეგიონი უდრის მაღალმთიან დასახლებას და ეს არღვევს კონსტიტუციურ მიდგომას, რადგან კანონმდებელმა ის დაიყვანა მაღალ მთაში არსებული დასახლების დონეზე, ჩამოთვალა სოფლები და მივიღეთ მაღალ მთაში არსებული სოფლების შესახებ კანონი, რაც, თავის მხრივ, დაშორდა კონსტიტუციურ პრინციპს. არის სოფელი, რომელშიც არ არსი მოსახლეობა, ეხება თუ არა ეს კანონი ნასოფლარს? თუ გინდა, რომ მთაში დაბრუნდეს მოსახლეობა, ესე იგი, ნასოფლარსაც უნდა ეხებოდეს, მაგრამ, თუ კანონს ამ განმარტებით გამოიყენებ, არ ეხება. თან, კანონის იდეა არ არის მხოლოდ სოფელი, ეს არის რეგიონი, რომლის რესურსი არ არის გამოყენებული და მთიანეთი და მაღალმთიანეთი შეადგენს ჩვენი ქვეყნის 52 პროცენტს, მაგრამ მისი  წილი ეკონომიკაში არის 3-5 პროცენტი.
– პოტენციალი რამდენი აქვს, თუა დათვლილი?
– ზუსტად თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ დაზუსტებით შეიძლება, ითქვას, რომ გამოუყენებელია: ჰიდრორესურსი, ეკოლოგიური რესურსი, მინერალური რესურსი, ტურისტული და რეკრეაციული რესურსი. გინდა, რომ წაახალისო ადამიანები და პირველი ბავშვის გაჩენაზე აძლევ თანხას, მაგრამ ჩამონათვალში არსებული მთიანი სოფლების 90 პროცენტში ბავშვის გაჩენის ასაკის ქალი აღარ არის და თავისთავად ეს სტიმული იქ ვერ იმუშავებს. ან სკოლის მასწავლებლებს უნდა დაუმატო თანხა, მაგრამ ამ მაღალმთიანი რეგიონების სოფლების 10 პროცენტშია სკოლები, ესე იგი, დანარჩენ 90 პროცენტს არ ეხება. დავუშვათ, ადამიანი ბარიდან ავიდა და ასწავლის, მისცემ თუ არა დანამატს?! ამ კანონით, არა.
– რატომ?
– იმიტომ რომ ამ კანონმა შემოიტანა მთაში მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში, მინიმუმ, 9 თვე უნდა ცხოვრობდეს ადგილზე გაუსვლელად და ეს უნდა იყოს დადასტურებული. როგორ უნდა დაადასტურო?!
– თუ მასწავლებელია, გასაგებია, რომ დადასტურებულია სკოლაში გამოცხადებით.
– შაბათ-კვირას როგორ უნდა დაადასტუროს?! თუ შაბათ-კვირას აუცდა ფეხი და არ იყო ადგილზე, კანონი ამბობს, რომ ის მაშინ ვერ მიიღებს დამატებით შემოსავალს. მთაში მუდმივად მცხოვრებლის სტატუსის შემოტანა არის ინდიელების რეზერვაციის შექმნის მაგვარი რამ, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს. იმიტომ რომ არაკონსტიტუციურია ასეთი დიფერენცირება. შეგიძლია სხვანაირად შემოიტანო: კლიმატური პირობების, მავნე სამუშაო პირობების გამო მისცე დანამატი ხელფასზე, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაუსვლელად იქნება ადგილზე. თუ მასწავლებელი დილით ბარიდან ამოვიდა და საღამოს ჩავიდა, ვერ მიიღებს ამ დანამატს?! რატომ? ამიტომ არ მგონია, რომ ამ სისტემამ იმუშაოს ჩვენს სინამდვილეში. მაგრამ, ვთქვათ, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ამით განვითარდება სოფლის მეურნეობა? განვითარდება გარემო? განვითარდება სოფელი?! მთას არ სჭირდება ტურისტული თუ სხვა ინფრასტრუქტურის შექმნა?
– მეწარმეებს შეღავათებს ჰპირდება ეს კანონი. კერძოდ, გადასახადებისგან გათავისუფლებას.
– მთაში, სადაც არც მოსახლეობაა და არც ინფრასტრუქტურა, არ არის მუშახელის აყვანის შესაძლებლობა, წარმოება რისგან უნდა გაათავისუფლო?! მოგების 15-პროცენტიანი გადასახადისგან?! დანახარჯის ტოლფასი არის ის 15 პროცენტი? ავა ადამიანი და საწარმოს გამართავს?! ხალხი უნდა ჩაიყვანოს, საცხოვრებელი უნდა გაუკეთოს, ამუშაოს. რა საწარმო იმუშავებს იქ? კანონის არსი უნდა ყოფილიყო, რომ ისეთი კრიზისული რეგიონისთვის, როგორიცაა მთა, შემუშავებულიყო სახელმწიფო პროგრამები –  თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ურთიერთობით შეიქმნებოდა პროდუქტი, რომელიც  რომელიღაც მოსახვევში გახდებოდა თვითკმარი.
თანაც, ჩვენს მაღალმთიანეთში განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის ნაკლებობა არ არის, იქ მიწის ნაკლებობაა, ამდენად, იქ სხვა პრობლემა გაქვს –  რაციონალური განსახლების; მესხეთსა და ჯავახეთში არც ხალხის პრობლემაა და არც მიწის, მაგრამ არის კონსულტაციის, საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტირების, ტექნიკური, ინოვაციური პრობლემები.
ასევე, არის რეგიონები, სადაც ადამიანი უბრალოდ არ გვყავს: მაგალითად, თუშეთი. იქ დემოგრაფიულმა თუ მასწავლებლების წახალისებამ რა შედეგი უნდა გამოიღოს?! ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კანონი განწირულია იმისთვის, რომ არ იმუშაოს და უბრალოდ ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი კანონი. სხვა რომ არაფერი ითქვას, კანონი 2016 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში და ლაპარაკია 50-მილიონიან დაფინანსებაზე. ანუ ეს თანხა ისედაც იხარჯებოდა მუნიციპალიტეტებში, ახლა შეეცვალა სახელი და, თურმე, ეს გაკეთდა მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ის ორი, სამი თუ ათასი მასწავლებელი თუ მიიღებს ამ ხელფასს.
– პენსიონრებიც მიიღებენ დანამატს, ექიმები, ექთნები.
– ეს კარგია, მაგრამ რა ამოცანა სრულდება ამით?! ეს არ არის დაკავშირებული მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან. ეს არ ქმნის მოსახლეობის მთაში დაბრუნებისა და მაღალმთიანი რეგიონის პოტენციალის გამოყენების მოტივაციას საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ხოლო ის, რაც მასში დევს, რომ ადამიანი 9 თვის განმავლობაში ვერ დატოვებს მთას, იმუშავებს და ჩვენ მივიღებთ დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.
და გვირგვინი: გვიხარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება და, თუ ის ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ წელიწადში ექვსი თვით წავიდეს ევროპაში, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა და ექვსი თვით ან სამი თვით და ორი დღით წავა ევროპაში განათლების მისაღებად ან ექსკურსიაზე მუზეუმების დასათვალიერებლად, დაკარგავს ყველა იმ შეღავათს, რაც მიღებული აქვს ამ კანონით. ანუ საქართველოს მთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოში გადაადგილების თავისუფლება ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქის გადაადგილება ევროპაში.
–  გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი მთის დასასახლებლად? თავი რომ დავანებოთ ამ კანონის ავკარგიანობას?
– მთელი ეკონომიკა არის მეცნიერება შეზღუდული რესურსის გადანაწილების შესახებ. ჩინეთი რომ ჩინეთია, მას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი. რაც გაქვს რესურსი, მისი გადანაწილებაა საქმე. რადგან არ გყავს ცენტრალიზებული ბელადი, რომ დაადგინოს, ვინ სად უნდა წავიდეს, გადანაწილება უნდა მოხდეს სტიმულებითა და პროგრამებით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა და უნდა შეიქმნას მაგალითები: სად ჯობია ცხოვრება თბილისში თუ სტეფანწმინდაში?! როგორც კი ემპირიულ დონეზე განიხილავ ამას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, თუ შეუქმნი ადამიანებს შესაფერის გარემოს, ტექნიკა-ტექნოლოგიის განვითარების პირობებში ეს მიმართულება თბილისისკენ კი არ წავა, არამედ წავა თბილისიდან. შენთვის ამოცანაა მოსახლეობის გაზრდა მთაში თუ იმ მოსახლეობის შენარჩუნება, რომლებიც იქ ცხოვრობენ? ბუნებრივია, ეს საკითხები ვერ გადაწყდება კანონში, მაგრამ კანონი უნდა იძლეოდეს მინიშნებას, რომ ეს უნდა გადაწყდეს პროგრამებით, ეს პროგრამები უნდა იყოს დაფინანსებული, დროში გაწერილი, უნდა იყოს გარკვეული, ვინ იღებს მათზე პასუხისმგებლობას და მხოლოდ მაშინ იქნება რეალური. ზოგადად, თუშეთში პირველი ბავშვისთვის მილიონიც რომ იყოს განსაზღვრული, ვინ მიიღებს მას, როდესაც თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში 100 სოფლიდან 99-ში არავინ ცხოვრობს?! როგორ მისცემ თანხას იმას, ვინც არასდროს დაიბადება?! სამწუხაროდ, ამ კანონმა გაიმეორა წინა კანონის ყველა შეცდომა და მისი შესრულება რომ არ არის გათვალისწინებული, ჩანს იქიდანაც, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ამ კანონით გათვალისწინებული პროგრამებისთვის არც ერთი თეთრი არ არის განსაზღვრული. და არც ის ვიცი, ტექნიკურად როგორ შესრულდება ის დისკრიმინაციული მიდგომა, რომ ადამიანმა 9 თვე არ უნდა დატოვოს მთა. ეს არის ცუდი კანონი და მასზე სასწრაფოდ უარია სათქმელი. იყო ამ კანონის პირველი ნორმალური ვარიანტი, მაგრამ გზადაგზა შეიცვალა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

скачать dle 11.3