კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა სანდრო ლორთქიფანიძემ საყვარელი ქალისთვის თბილისიდან ამსტერდამში ყვავილების მირთმევა და რატომ არ პასუხობს ის ნიკა გვარამიას განცხადებას

ცოტა ხნის წინ, ქართული ინტელექტკლუბის – „რა? სად? როდის?” ერთ-ერთი თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც მოთამაშეების გამარჯვებით დამთავრდა, გადაცემისთვის უჩვეულო და უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა: მოთამაშე გუნდის კაპიტანმა სანდრო ლორთქიფანიძემ თავისივე გუნდის წევრს, ანი მარდალეიშვილს, ორიგინალურად სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო. 
სანდრო ლორთქიფანიძე: ჩემი და ანის ურთიერთობა უკვე სამი წელია გრძელდება. ხელის თხოვნის ასეთი იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ მისი განხორციელება ახლა უფრო მოუხდა სიტუაციას – ერთმანეთს სწორედ ამ თამაშმა დაგვაკავშირა. 2013 წელს შეიქმნა ახალგაზრდული ნაკრები, რომლის კაპიტანიც მე ვარ და მასში ანიც იქნა არჩეული. იქ გავიცანით ერთმანეთი და დავახლოვდით. ამიტომ მინდოდა, რომ ხელის თხოვნაც და ბეჭდის გადაცემაც თამაშთან და იდუმალ შავ ყუთთან ყოფილიყო დაკავშირებული.
– როგორ დაიხვეწა იდეა და ვინ იცოდა ამის შესახებ?
– იდეის შესახებ იცოდა ჩემმა თანაგუნდელმა და მეგობარმა გიორგი იაშვილმა, შემდეგ კი ბატონ წამყვანს, გიორგი მოსიძესაც ვუთხარით, რომელსაც ძალიან მოეწონა და აიტაცა ეს აზრი. გიორგი იაშვილმა მოიფიქრა, რომ დასმულიყო შეკითხვა, რომლის რეალური პასუხი იყო ლაკმუსი და რომელსაც ანიმ სწორად უპასუხა. თუმცა, იქ იყო ასეთი ფანდი – ბატონი წამყვანი ბოლოს მე მეკითხებოდა, რა იდო შავ ყუთში და ამას უკვე მე გავეცი სწორი პასუხი, რომ მასში ბეჭედი იდო. ასე, რომ ორივე მართალი გამოვედით. რაც მთავარია, ჩვენმა გუნდმა ბოლომდე ვითამაშეთ, მოვიგეთ და ეს ყველაფერი მისი დასრულების შემდეგ განვახორციელეთ. ასე რომ, არც შოუ დაზარალდა და არც ჩემი ჩანაფიქრი. ბევრი მეკითხებოდა, რატომ გადავწყვიტე ასეთი პირადი ამბავი საჯარო გამეხადა, რაზეც მე ორი პასუხი მაქვს: ჯერ ერთი, რომ ამაში ცუდი და დასამალი არაფერია და, მეორე, ამ კითხვას იმ ხალხის ემოცია პასუხობს, რომელსაც ეს ყველაფერი მოეწონა, გაუხარდა და ცოტა ხანს მაინც შეექმნა პოზიტიური განწყობა.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული და, ამ შემთხვევის გარდა, რა სიურპრიზებითაა ის სავსე?
– ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, თუმცა ახლოს 2013 წლის იანვარში გავიცანით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენ შორის მაშინვე გაჩნდა „რაღაც”. მიჭირს იმის თქმა, იყო თუ არა ეს ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ, ის კი ვიცი, რომ მაშინვე რაღაც დაიბადა. დაახლოებით ორ თვეში კი ეს ამბავი ჩვენ შორის გაცხადდა. რაც შეეხება სიურპრიზებს, მე განსაკუთრებით არასადღესასწაულო  დღეებში მიყვარს საჩუქრების გაკეთება, როცა ამას საერთოდ არ ელის. ბევრი ასეთი ფაქტი იყო ჩვენს ურთიერთობაში და, სხვათა შორის, არც ანი მიდებს ტოლს. მახსოვს, ჩვენი ურთიერთობის პირველ წელს ბათუმში მომიწია წასვლა. ვიცოდი, რომ ანისაც უამრავი საქმე ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახავდი, მაგრამ, მოულოდნელად ბათუმში დამადგა. ჩემთვის ეს შოკი იყო, მისი მხრიდან კი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომლითაც მივხვდი, რომ ამ ურთიერთობისთვის ბევრ რამეზე იყო წამსვლელი. ანის ძალიან უყვარს აკა მორჩილაძე და მისი წიგნები, თუმცა მისი პირადად გაცნობის საშუალება არ ჰქონია, რადგან აკა ძირითადად დიდ ბრიტანეშთია და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მე როგორღაც დავიჭირე მომენტი, როცა აკა რამდენიმე დღით ჩამოვიდა თბილისში და ანის მისი წიგნი ვუყიდე, რომელზეც აკას ხელიც მოვაწერინე, სპეციალურად ანისთვის მინაწერიც გავაკეთებინე და ვაჩუქე ყოველგვარი დღესასწაულის გარეშე. მაგრამ, არც იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც დღესასწაულების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი; პირიქით, მიყვარს დღესასწაულები. ჩვენი სიყვარულის გაცხადების დღე 14 მარტია. ამ დღეს მსოფლიოში მათემატიკური მუდმივას – „პის” დღე აღინიშნება, რომელიც მუდმივობისა და უსასრულობის ერთ-ერთი სიმბოლოა. 14 თებერვალი იქნება, 8 მარტი თუ ახალი წელი, ვცდილობ, ანის საჩუქარი გავუკეთო. წელს დაბადების დღეზე მაჯის საათი ვაჩუქე, რომელიც სპეციალურად ანისთვის გავაკეთებინე. საათის ციფერბლატში მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის სიმბოლოა ჩასმული. მე კი მისგან მაქვს სამაჯური, რომელსაც შიგნიდან აწერია ჩემი საყვარელი ფრაზა საყვარელი წიგნიდან – „ჰარი პოტერი:” „მთელი ამ ხნის შემდეგ ყოველთვის” – ინგლისურად. მანაც ეს სპეციალურად ჩემთვის ამოატვიფრინა. მახსოვს, ჩვენ პირველ საერთო ახალ წელს ცოტა ვიკამათეთ: ანი თავის დიდი ხნის უნახავ მეგობარზე იყო შეპირებული, რომ ახალ წელს ამსტერდამში ჩააკითხავდა, რადგან ის იქ ცხოვრობდა, რაზეც მე გული დამწყდა, რადგან, მინდოდა, რომ ის ახალი წელი ერთად გაგვეტარებინა, თუმცა, იმდენი მოვახერხე, რომ უტრეხტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში ანის ჩემგან გაგზავნილი ყვავილები მიუტანეს. ესეც ძალიან მოულოდენელი იყო მისთვის – ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ იქ, თბილისიდან ასე შორს, ყვავილები მიუვიდოდა (იცინის).  შარშან კი ბლოკნოტი ვაჩუქე, რომელიც ჩვენი საერთო მოგონებებით იყო სავსე. შიგადაშიგ თავისუფალი ადგილები დავუტოვე, რომ თვითონაც შეევსო თავისი მოგონებებით.
– რომელი იყო მასში ყველაზე გამორჩეული მოგონება?
– გამორჩევა რთულია, რადგან ყველა მოგონება თავისთავად მნიშვნელოვანია. თუმცა, ალბათ, წელს მოხდა ყველაზე გამორჩეული ამბავი: ათი დღის განმავლობაში იტალიაში ვიმოგზაურეთ ერთად, უამრავი თავგადასავლის თანხლებით. აქედან ტურის მარშრუტით არ წავსულვართ, ყველაფერი თვითონ დავგეგმეთ და იქ გატარებული დრო არასდროს დაგვავიწყდება. მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში იტალიაში ძალიან ცხელოდა, თუმცა, ფლორენციაში ყოფნისას, მოულოდნელად ნამდვილი ტროპიკული წვიმა წამოვიდა. ჩვენი საცხოვრებლიდან ძალიან შორს ვიყავით წასულები და, რომანტიკულ ფილმებში რომ გინახავთ, ზუსტად ისე მოვტოპავდით და მოვრბოდით უკან. ბოლოს სირბილს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მთლიანად გალუმპულები ვიყავით. მოკლედ ძალიან რომანტიკული იყო – ფლორენცია, წვიმა და შეყვარებული წყვილი. ფაქტობრივად, კინოს გმირები ვიყავით.
– ორ თვეში მოხდა სიყვარულის გაცხადებაო. ამასაც განსაკუთრებული ამბავი ხომ არ ახლავს თან?
– დიახ, არის ერთი ისტორია, რომელსაც ანი ყოველთვის სიცილით ყვება (იცინის). იქიდან გამომდინარე, რომ მწერალი ვარ და მუდმივად ტექსტებთან მაქვს საქმე, ძალიან კარგად ვიცი, როგორ გავმართო წინადადება და ჩამოვაყალიბო სათქმელი. მაგრამ, სიყვარულის ახსნისას იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ სრულიად გაუგებრად ვლაპარაკობდი.  ზუსტად „რა? სად? როდის?” თამაშის დასრულების შემდეგ ანი სახლში მივაცილე და, უკან რომ ვბრუნდებოდი, რაღაცამ გადამაწყვეტინა, რომ ყველაფერი მაშინვე მეთქვა და მასთან დავბრუნდი. სადარბაზოში, რომელიღაც სართულზე დავეწიე და, რა ვიბოდიალე, დღემდე მიჭირს ამის გადმოცემა (იცინის). თვითონაც ვერაფერი გაიგო და გაოგნებული თვალებით მიყურებდა. დაახლოებით ასეთ რამეს ვეუბნებოდი: „ანი, იცი რა? იცი, რომ შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და არაფერი სხვა არ უნდა იფიქრო?! იმიტომ, რომ, როგორ გითხრა? კარგი, არაფერი, დაივიწყე. არა, არა, უნდა გითხრა. არა, არაფერი... – და ჩამოვედი კიბეებზე. მერე ისევ ავბრუნდი და – არა, უნდა გითხრა, იმიტომ, რომ შენ არ ხარ ჩემთვის სულერთი... – მოკლედ, ესეთი აბდაუბდა (იცინის). გაოგნებული მიყურებდა და, ერთადერთი რეპლიკა, რაც მახსოვს, მითხრა – სანდრო, ეს ასე არ ხდებაო (იცინის). იმ მომენტში ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ უფრო ჩამოყალიბებულად ვუთხარი სათქმელი.
– ხელის თხოვნა უკვე შედგა. დაქორწინებას როდის აპირებთ და თუ იქნება ის ასეთივე ორიგინალური?
– დაქორწინებას ზაფხულისთვის ვგეგმავთ. გვინდა, რომ ქორწილი ორიგინალური იყოს, თუმცა, რა ფორმით, ამაზე ჯერ არ შევჯერებულვართ.
– სხვა თემაზეც გკითხავ: „არაკორექტულ შოუში” გასულ სკეტჩს, რომელიც „რუსთავი 2-ს” ეხებოდა, მოჰყვა ნიკა გვარამიას კომენტარი შენი მისამართით, რადგან შენ ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი ხარ. მან თქვა, რომ არ დაიშვებოდი ტელევიზიის ტერიტორიაზე და აღარ მიიღებდი მონაწილეობას ინტელექტუალურ თამაშში.
– მე არც მაშინ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი და ამ ამბავს ახლაც უკომენტაროდ დავტოვებ. ალბათ, ნელ-ნელა ყველაფერი თავისთავად გაირკვევა.
– „რა, სად, როდისში” ისევ ითამაშებ?
– ყველაფერი თავისთავად გაირკვევა.

скачать dle 11.3