კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ექმნებოდა ნიკა კოჩაროვს ბავშვობიდან გვარის გამო პრობლემა და როგორ შერჩა მის ჯგუფს ხუმრობით შერქმეული ეროტიკული სახელწოდება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაწყვეტილებით, „ევროვიზია 2016-ზე” საქართველოს ალტერნატიული როკის შემსრულებელი, ნიჭიერი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენენ. ნიკა საქართველოში როკ-მუსიკის ერთ-ერთი პიონერის, ვალერი კოჩაროვის ვაჟია. საქართველოში „ევროვიზიის” პროდიუსერის, ნათია უზნაძის განცხადებით, მათ დასათანხმებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. უკვე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება იმ ფაქტს, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასახელა „ევროვიზიაზე” საქართველოს წარმდგენი ჯგუფი, რაზეც ნათია უზნაძე პასუხობს: „არა მარტო საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელს”, არამედ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაასახელოს, ის, ვინც მას უნდა.  ჩვენ შეგვეძლო, დაგვესახელებინა სიმღერაც, რითაც ჯგუფი წარდგებოდა, მაგრამ, არ დავასახელეთ და არჩევნის საშუალება მივეცით საზოგადოებას. ახლა ყველას შეუძლია, გამოგზავნოს სიმღერა.“ სად იყო, რას საქმიანობდა ნიკა კოჩაროვი, რა დამოკიდებულება აქვს ნეგატიური კრიტიკის მიმართ და რამდენად მზად არის ამხელა პასუხისმგებლობისთვის, რომ საქართველო წარადგინოს „ევროვიზიაზე,“ თავად ნიკა გვესაუბრა:

 – ელოდი, რომ „ევროვიზიაზე“ წელს შენ წარადგენდი საქართველოს?
– რომ დამირეკეს, ცოტა გავოგნდი. ისიც კი ვიფიქრე, ნომერი ხომ არ შეეშალათ-მეთქი.  მერე დავფიქრდი და – რატომაც არა, ეს გაბედული ნაბიჯია, თუნდაც საქართველოს მხრიდან. არათუ საქართველოდან, მსოფლიოდან არავის გაუშვია „ევროვიზიაზე” ალტერნატიული როკის შემსრულებელი. არ ვიცი, იქ რამდენად წარმატებულად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ, მართლაც ინოვაციური და საინტერესო სვლა არის. უკვე გზავნიან კიდეც სიმღერებს, მაგრამ  ჯერჯერობით უფრო უცხოელი ავტორები. მოვუსმინე, ჯერ არცერთით არ აღვფრთოვანებულვარ. მეც ვაპირებ დაწერას, მაგრამ ჯერ დრო არის და არ ვჩქარობ, დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში.
– ბევრი ამბობს, საქართველო ქართული გვარის მქონე ადამიანმა უნდა წარადგინოსო. სადაური წარმოშობისაა შენი გვარი?
– სომხური წარმოშობისაა, მაგრამ ყველა ჩემი წინაპარი საქართველოში ცხოვრობდა. მეც ისეთივე სომეხი ვარ, მაგალითად, როგორც შენ – შოტლანდიელი.  ეს პრობლემა მაქვს მთელი ცხოვრება – ქართულ სკოლაში არ მიღებდნენ ჩემი გვარის გამო. ზვიადის დროს რომ იყო მთელი ამბები სომხურ გვარებზე, დედაჩემსაც ჩაერთო ეს პანიკა და გვარი შემიცვალეს, ისე შემიყვანეს ქართულ სკოლაში. მერე მივხვდი, სომხური გვარით რომ მივსულიყავი იმ სკოლაში, თან, ახალი მისული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდი. იყო ერთი ბავშვი ქართული გვარით, მაგრამ რუსის ტიპაჟი და, ისე ექცეოდნენ, ჯოჯოხეთში იყო. ჩემთვის ეს ახალი არ არის, ეგ უკვე იმათი პრობლემაა, ვისაც ამაზე პრეტენიზია აქვს.
– გიტარაზე დაკვრა, ალბათ, მამამ გასწავლა.
– სხვათა შორის, არა. სულ ვთხოვდი, მასწავლე-მეთქი და არ მასწავლიდა – დამიჯერე, არ გინდა, შვილოო. მამაჩემი მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, არ ისწავლო გიტარაზე დაკვრაო. ვთხოვე, ერთი-ორი აკორდი მასწავლე-მეთქი, მაგრამ, ჯიუტად არ მასწავლიდა. ჯობია, ექიმი გამოხვიდეო, მეუბნებოდა. ვიპოვე სახლში „გედეერის“ გამოშვება ნოტების გერმანული წიგნი. ნოტების წაკითხვა არ ვიცოდი, მაგრამ, მეორე წიგნიც მქონდა, ნახატების დონეზე, ვიზუალურად ვადარებდი და ვხვდებოდი, რომელი რა ნოტი იყო და ასე ვისწავლე. მამას არ უნდოდა, მუსიკოსი გამოვსულიყავი, მაგრამ რეპეტიციებზე დავყავდი და როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ სხვა გზა არ იყო. სხვათა შორის, იმ დღეს დავიბადე, როცა მამაჩემის ჯგუფ „ბლიცს“ პირველი კონცერტი ჰქონდა, ეს იყო 1980 წლის 22 ივნისს. აუდიოჩანაწერიც მაქვს, სადაც კონცერტზე თქვეს, რომ ვალერი კოჩაროვს ვაჟი შეეძინა.
– როდის დადექი პირველად სცენაზე?
– პირველად სცენაზე რომ დავდექი, მაშინ დაკვრაც არ ვიცოდი. 1993-94 წლები იყო, ცამეტი წლის ვიყავი. ჯგუფი „ბლიცი“ შვიდი წელი მუშაობდა ლივერპულში. მეც მათთან ვცხოვრობდი. უამრავი კონცერტი ჰქონდათ – ხან დიდ კლუბებში, ხან თეატრში. ბევრ დროს ვატარებდი მათთან, ხან ავტობუსში მეძინა, ხან გასახდელში.  ახალი წელი იყო. მამას კონცერტი ჰქონდა და მე კულისებში ვიჯექი მოწყენილი. მაშინ გამიყვანეს სცენაზე. ანუ პირველად სცენაზე ლივერპულში დავდექი.  კონცერტი რომ დამთავრდა, დარბაზიდან მსმენელი ამოვიდა – საჩუქარი მინდა გაჩუქოო. მასთან გავიარეთ სახლში და აკუსტიკური გიტარა მაჩუქა, რომელზეც ვისწავლე დაკვრა და დავწერე ჩემი პირველი სიმღერა. მასზე დღემდე ვუკრავ. სხვათა შორის, პირველი ჯგუფი 14-15 წლისამ დავაარსე, მაგრამ, დაახლოებით 22–23 წლამდე არ ვამბობდი, რომ მუსიკოსი ვიყავი. მუსიკა ჩემთვის ჰობის მაგვარი იყო, თავს პროფესიონალ მუსიკოსად არ მივიჩნევდი. ჯგუფი Young Georgian Lolitaz 15 წელია, რაც დავაარსე და, როდესაც ამ ჯგუფისთვის 2003  წელს პირველი ალბომი ჩავწერე, მაშინ მსმენელებისგან ისეთი პოზიტიური რეაქცია წამოვიდა, მივხვდი რომ,  ეს უკვე სერიოზული იყო. ჯგუფის სახელწოდებაც რაღაც ხუმრობით შევარჩიეთ და შემოგვრჩა. მზიურში ტარდებოდა ფესტივალი, სადაც უნდა გავსულიყავით. მაგ პერიოდში სულ სხვადასხვა სახელით გავდიოდით. იყო ეროტიკული საიტები: young Japanese lplitaz, young japanes Russian და, ვთქვით – მოდი, young Georgian lolitaz გავაკეთოთო. გავედით ამ სახელით კონცერტზე, ახალი სიმღერებიც ვიმღერეთ და ხალხი გაგიჟდა, ისე მოეწონა. ეს პატარა პოპულარობაც ამ ფესტივალზე მოვიპოვეთ, სახელი კი დავიტოვეთ. თავიდან სასაცილო იყო, მაგრამ მერე შეგვრჩა ეს ეროტიკული და ხუმრობით გაკეთებული სახელწოდება.
– მზად ხარ „ევროვიზიის” სცენისთვის, კრიტიკისთვის? ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა...
– სცენას მიჩვეული ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, დარბაზში ორი კაცი ზის თუ გადაჭედილია, ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდები ნებისმიერი მასშტაბის სცენას. მთავარია, მე ვიცოდე, რომ, რასაც ვასრულებ, კარგია. თუ დარწმუნებული ვარ, რომ კარგია, არავითარი კრიტიკა არ მოქმედებს. მე თუ ცოტა დარწმუნება მაკლია და ეჭვი მეპარება ჩემს შესრულებაში, მაშინ, შეიძლება, მივაქციო სხვის აზრს ყურადღება. ისიც ვიცი, რამხელა კრიტიკა მეკუთვნის და რამხელა არა. პოსტებს საერთოდ არ ვკითხულობ. ახლა შენ რომ მითხარი აჟიოტაჟი გამოიწვიაო, საერთოდ არ ვიცოდი. კი მაქვს „ფეისბუქი,“ მაგრამ, პოსტებს და ეგეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევ.
– შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი „ევროვიზიაზე” დასახელების შემდეგ?
– გრაფიკი სასწაულად შემეცვალა. ყოველ დილით მახსენებს ნათია, რა უნდა გავაკეთო. ვეღარ ვიმახსოვრებ, რა ხდება. მთელი ცხოვრება დალაგებული მქონდა, ვიცოდი, დილით რომ ავდგებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ახლა კი, ორი კვირაა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. აღარც ვფიქრობ, დღეს რა უნდა გავაკეთო, უკვე ვიცი, რომ რაღაც თავისთავად მოხდება. ბევრად მეტი კონცერტია, გადაღებები, ინტერვიუები...
– პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
– მეუღლე არ მყავს. ორი შვილი მყავს – კოსმო და დამიანე. შვიდი და სამი წლის.  კოსმო სიტყვა „კოსმოსიდანაა“. სანამ მათ დედას გავიცნობდი, სახელი „კოსმო” გავიგე და გადავწყვიტე, როცა ვაჟი გამიჩნდებოდა, აუცილებლად კოსმოს დავარქმევდი. აღმოჩნდა, რომ კოსმო და დამიანე – ასეთი წმიდანები ყოფილან და, როცა მეორე ბიჭი შემეძინა, მაშინ უკვე ჩემმა ცოლმა შემომთავაზა,  მისთვის დამიანე დაგვერქმია.
– გამიგია, რომ კარგი კულინარიც ხარ.
– კარგი კულინარი კი ვარ, მაგრამ, მარტო რომ ვარ, არაფერს ვაკეთებ, მაყურებელი მჭირდება. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ ერთი და იგივე არ გამომივიდეს. უფრო რაღაც განსხვავებული, ეგზოტიკური კერძების გაკეთება მიყვარს. ის მომწონს, რაც უფრო რთული გასაკეთებელია.
– სახელმწიფო კონცერტებზე თუ გეძახიან?
– წინა ხელისუფლების  დროსაც მეძახდნენ და ახლაც. მედროვე ვარ (იცინის). ხელოვნება რა შუაშია სახელმწიფოსთან, პოლიტიკასთან. ვინც ამაზე პრეტენზიებს გამოთქვამს, ის მუსიკასთან საერთოდ ახლოს არაა. ხელოვანი როგორ უნდა შეაფასო პოლიტიკური ნიშნით?! მახსოვს, ერთხელ, გუდაურში იყო კონცერტი. ისე ყინავდა, ბარაბნებზეც კი ყინულის ფიგურები დაიხატა.  ჩვენ უნდა გამოვსულიყავით და ჩვენ წინ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი (მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო). ისეთი სიცივე იყო, შანსი არაა, რომ არაყი ყველას არ ჰქონოდა დალეული. სააკაშვილსაც ექნებოდა „ჩარტყმული“ და, ცოტა ზედმეტი მოუვიდა თუ, რა იყო, არ ვიცი. ლაპარაკობს, ლაპარაკობს, არ ჩერდება. არ ვიცი, ხმის პულტთან ვინ იჯდა,  მიშას ხმას ჩაუწიეს და მუსიკა შემოუშვეს მის ლაპარაკში. მერე ჩვენ გამოვედით, არაფერი არ ჩაირთო, რაღაც ჩავყვირე მიკორფონში და ეგ იყო.

скачать dle 11.3