კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ნინო სურგულაძის მამას კოსმოსურ თეფშებთან და რატომ არ ესწრება მისი ძმა ნინოს კონცერტებს

მსოფლიო ვარსკვლავს, უნიჭიერეს და უმშვენიერეს მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს ახლახან, იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტონიმ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,  იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა, რაც იტალიასა და საქართველოს შორის კავშირის გაღრმავებისთვის მიენიჭა. „ნინო საქართველოს კულტურის დესპანია იტალიაში და იტალიის კულტურის დესპანია – მთელ მსოფლიოში. ნინო სურგულაძე თავისი წარმატების წყალობით ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა – ფონდ „ნატვრის ხის” მეშვეობით ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება,“ – აღნიშნა ენრიკო ბარტონიმ. ქართველმა მაყურებელმა ნინო სურგულაძე ძალიან პატარა ასაკში გაიცნო ფილმიდან „მეტიჩარა“, რასაც მოჰყვა სხვა ფილმები, საესტრადო სიმღერები, წარმატებები და ახლა – მსოფლიო საოპერო სცენა. რა გზა გაიარა ნინომ  „მეტიჩარადან“ მეცო-სოპრანობამდე; რა არის მისი წარმატების ფორმულა, რა როლი მიუძღვით მშობლებს მისი ცხოვრების ჩამოყალიბებაში; შეცვალა თუ არა ვარსკვლავობამ, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ნინო გულახდიალად და ხალისით გვესაუბრა.

 ნინო სურგულაძე: ბავშვობიდან ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, როგორც ახლა, მაგრამ ყოველთვის აქტიური და ინიციატივიანი. ძალიან მოსიყვარულე ბებიებით, ოჯახით... ერთხელ გაკვეთილზე, საკლასო ოთახში უცხო ქალი შემოვიდა და გოგონები ფეხზე აგვაყენა. იმ ქალმა თავისთან მიხმო – სახელი, გვარი, ასაკი მკითხა და ტელეფონის ნომერი გამომართვა. მახსოვს, მთელი დღე ვნერვიულობდი. სახლში აქეთ-იქით დავდიოდი, ვგრძნობდი, თუ დამირეკავდნენ და როლზე დამამტკიცებდნენ, ეს მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. მე ამ როლს სერიოზულად ვეკიდებოდი. დამირეკეს და დამამტკიცეს. ცურვა არ ვიცოდი და შემცვლელი მოიყვანეს, წყალში ეს გადახტებაო. გავგიჟდი, რას ჰქვია, ეს გადახტება-მეთქი და ცურვაზე შევედი. ,,მეტიჩარას” მოჰყვა ფილმები „მარტივი პასიანსი” და „ვალსი პეჩორაზე”. ამ უკანასკნელ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის ჟენევის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზით დამაჯილდოვეს. მაქვს ერთი ვიდეო, სადაც ათი წლის ვარ და ინტერვიუს იღებენ ჩემგან. იქ ვამბობ, რომ მე გავხდები ოპერის მომღერალი. ოღონდ რატომ ვთქვი, არ ვიცი. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. არჩევანი მქონდა ორს შორის – თეატრალური, ან კონსერვატორია. მინდა გითხრათ, რომ შიგნიდან, პროცესში უფრო შემიყვარდა ეს საქმე, ვიდრე გვერდიდან. თუ შიგნიდან არ ჩაერთვები, არა მგონია, მიხვდე ეს რა არის. ჯერ, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვაა. ადრე ბიოლოგიის წიგნშიც ეწერა, რამდენი კალორია მიდის ორი საათის განმავლობაში, როდესაც ადამიანი საოპერო არიას მღერის და მაღალ ბგერებს იღებს. წნევა ორას ოცზე ადის, ათასი უბედურებაა, მაგრამ ამაზე რომ იფიქრო, შეიშლები. ხელოვნების სკოლაში  სოლისტი ვიყავი მიუზიკლებსა და ანსამბლებში. შემდეგ იყო სოლო კარიერა ესტრადაზე.  ბოლოს იმით დაგვირგვინდა, რომ უცხოეთში წავედი. ბარსელონას კონკურსით დაიწყო. მოვიგე ბარსელონას აკადემიაში სწავლა.
– ნინო, მშობლებზეც გვიამბე. მეცნიერების ოჯახში დაიბადე. მისაღები იყო მეცნიერი მშობლებისთვის შენი ოპერის მომღერლობა?
– მამა არის ფიზიკოსი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა – დავით სურგულაძე. ფაქტობრივად, რადიოინჟინერს ეძახიან. მამა იყო ხელმძღვანელი, მთავარი ინჟინერი დიდ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა ორი ათასამდე თანამშრომელი. 17 წლის ასაკში ჩავიდა პეტერბურგში და იქ სწავლობდა. შემდგომ დარჩა და ძალიან ბევრი იმუშავა დიდ მეცნიერებთან, როგორიც არის კარალიოვი და ბევრი სხვა. მამას ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო. „გეპეიში“ ასწავლიდა. სახელწიფო პრემიის ლაურეატია და 500-მდე პატენტი აქვს, მათ შორის თეფშებში, რომლებიც კოსმოსშია, მისი მიკროსქემებია.  ძალიან დიდი გამოგონებები აქვს, მაგრამ როგორც ვიცით, საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები არ ფასდებიან, ისე როგორც იმსახურებენ. მაგრამ, მე ძალიან ვამაყობ ჩემი მამით. დედა არის ფიზიოლოგი. ბერიტაშვილის სახელობის ინსტიტუტში მუშაობდა წლების განმავლობაში. მეცნიერების კანდიდატია და დისერტაციას რუსეთში იცავდა. ადამიანის ტვინს შეისწავლიდა. ძალიან მეუხერხულება ამ ყველაფერს რომ ვყვები, თავის ქება გამომდის, მაგრამ რადგან მეკითხებით... მშობლები მეცნიერები კი არიან, მაგრამ კლასიკური მუსიკა ძალიან უყვართ და მეც შემაყვარეს. მამაჩემი სერიოზული მელომანია. ალბათ, როგორც ბევრს იმ წლებში, მასაც ძველი საოპერო შემსრულებლების ფირფიტების კოლექცია აქვს. პირადად მე მამამ შემაყვარა ეს ჟანრი.  ტენორების ცნობილ არიებს თვითონ ასრულებდა ხოლმე  სხვადასხვა ოჯახურ შეკრებაზე. დედას შვიდწლედი აქვს დამთავრებული. ძალიან ლამაზი ხმა ჰქონდა, მაგრამ გლანდების ოპერაციის შემდეგ, ხმა დაკარგა. არავის ვურჩევ გლანდების ოპერაციას, თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის არაა, – ხმის დაკარგვის საშიშროება დიდია. დედა ძალიან მიწყობდა ხელს. პირველად რომ წავედი. უცხოეთში, თავიდან ძალიან გამიჭირდა, ვტიროდი, სახლში დაბრუნება მინდოდა. დედაჩემის დამსახურებაა, რომ გავუძელი. ის მეხმარებოდა ფსიქოლოგიურად. მეუბნებოდა, ცოტაც გამეძლო, მომეთმინა. რეპეტიციებზე დამყვებოდა, უცხო ენებს მასწავლიდა. დამყვებოდა პედაგოგებთან. ბაბუაც მღეროდა, მაგრამ მე ვერ მოვესწარი, ომის დროს დახვრიტეს. რადგან ბიძაჩემს ოჯახი არ ჰყავდა, მე ამიყვანა შვილად. ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ ბიძაჩემს ჰქონდა ასეთი ჩვევა – ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობდა და რომ მივიდოდა სამსახურში, ვითომ არაფერი, ისე დადებდა გაზეთს მაგიდაზე. პირადად არავის ანახვებდა, მაგრამ  რომ გაივლიდნენ თანამშრომლები და ნახულობდნენ გაზეთს, მერე ეუბნებოდნენ: უი, რა კარგია, შენი ნინიკოს ინტერვიუა გაზეთშიო... და ბიძია ამით ძალიან ამაყობდა. საოპერო სიმღერისადმი სიყვარული დიდი იყო ჩვენს ოჯახში. რა თქმა უნდა, არჩევნის თავისუფლება მქონდა. უბრალოდ, რჩევა მომცეს, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ხედავდნენ რომ ბავშვობიდან სცენისკენ, ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება.
– ნინო, ძმა თუ ერთვება შენს საქმიანობაში –  ესწრება შენს კონცერტებს, გაძლევს შეფასებებს?
– ჩემი ძმა, კოტე, ექიმი-კარდიოლოგია. საუკეთესო პროფესიონალად მიიჩნეოდა საქართველოში... მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა სასულიერო პირი – ბერია.  ძალიან კარგი ძმა და მეგობარია. ძლიერ მორწმუნეები ვართ ორივე, მაგრამ – ორი განსხვავებული პიროვნება. არ უყვარს, როდესაც მასზე ვსაუბრობ... ჩემს კონცერტებს არასდროს ესწრება, მაგრამ მერე ყველაფერს უყურებს. ჩემი ძმა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გრძნობს, მაგრამ ვერ გამოხატავს. მე ზუსტად ვიცი, რომ ის ყოველთვის ამაყობს ჩემით და არის ჩემი ნომერ პირველი შემფასებელი.
– რომელია შენი პირველი დიდი წარმატება?
– პირველს ვერ გამოვყოფდი. იყო მიუზიკლები, სანამ ფილმი იქნებოდა. იყო სატელევიზიო მიუზიკლი, რომელიც მაშინ პირველ არხზე გადაიცემოდა და იმედი მაქვს, ოდესმე გააცოცხლებენ. არაჩვეულებრივი დადგმა იყო ვარლამ ნიკოლაძის, რომელიც ცნობილი „ნიკოლშოუს“  მამაა და ახლა მუშაობს თურქეთში. მე ვიყავი პეპი თავისი ჭორფლებითა და კიკინებით. ეს იყო მართლა საინტერესო. უცხოეთში მაშინ არავინ დადიოდა და ეს მიუზიკლი ჩვენ გაგვქონდა. საბჭოთა კავშირიდან ჩვენ დავდიოდით ამერიკაში, ბულგარეთში... პირველი გასვლა უცხოეთში – ბულგარეთში მქონდა რვა წლის ასაკში. პირველად რომ ამერიკაში მოვხვდი, 11 წლის ვიყავი. ეს იყო ჩვენთვის სრულიად შოკისმომგვრელი, მაგრამ ბავშვი შოკს ისე არ განიცდის, როგორც უფროსი. მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა კავშირში რომ გაატარეს და მერე უცებ, აღმოჩნდნენ ცათამბჯენების ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ბავშვებისთვის კი შოკი იყო „დისნეი ლენდი“ და არაჩვეულებრივი ბარბები. პირველი „კოკა-კოლა”, ინგლისური, რომლითაც მელაპარაკებოდნენ – სულ სხვა აქცენტი მესმოდა. აქ რასაც მასწავლიდნენ სულ სხვა ინგლისური იყო, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. იმის მერე სულ სხვანაირად ვლაპარაკობ ინგლისურად. მახსოვს, როგორ ემოციურად, ცრემლებით დაგვხვდნენ, როგორ გვიყურებდნენ. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამერიკამ. ნიუ-იორკშიც გამოვედით. ჯორჯიის შტატშიც გვქონდა გამოსვლები, სადაც „ჯორჯია ონ მაი მაინდ“ ვიმღერე. მაშინ საქართველოში მძიმე პერიოდი იყო, ახალი მომხდარი იყო 9 აპრილის ტრაგედია და მე ქართულ სიმღერებს, „ჰერიო ბიჭებოს“ ვმღეროდი. იყო ფილმები, კონკურსები, ფესტივალები, პოპულარობა – თავისთავად. შემდეგ იყო ბარსელონას კონკურსი, სადაც წავედი და გავიმარჯვე.
– პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?
– პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. იქ პირადი ცხოვრებისთვის ფიზიკურად დროც არ რჩება. ამდენი გადაადგილება... კონცერტები... მაგრამ, მდიდარი ხარ უამრავი რაღაცის ნახვით, ისტორიებით.
–  მაესტრო რიკარდო მუტისთან ურთიერთობამ განსაკუთრებული წარმატება მოგიტანა. შენ იყავი პირველი ქართველი, თანაც პატარა ასაკში, ვისაც წილად ხვდა „ლა სკალაში“  სეზონის გახსნა.
– რიკარდო მუტი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, როდესაც მოვიგე ბარსელონას აკადემიაში სწავლა. ყველამ იცის, რომ მუტი აბსოლუტურად სინონიმურია „ლა სკალასთან“. როდესაც ვიღაც კერპივით გყავს, რაღაც საოცარი შეგრძნება გიჩნდება, როცა მას ცოცხლად ხედავ. სადაც კი გადამეკვეთებოდა, შემთხვევით შევხვდებოდი, მეტყველების უნარს ვკარგავდი, ფერი მეცვლებოდა და ძალიან დიდი რიდი და პატივისცემა მქონდა მის მიმართ. ჩემთვის კი ყველაზე დიდი სურვილი იყო, მასაც ჰქონოდა ჩემ მიმართ პატივისცემა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა. მიზნად დავისახე, რომ კარგი მხრიდან დავენახეთ – როგორც საქართველო და ასევე, მეც გამეკეთებინა ყველაფერი, რაც კი შემეძლო. ჩემთვისაც სერიოზული გამოცდა იყო ეს. რომ დამიწყო მოსმენა, ძალიან მოვეწონე და მერე რაღაც მოხდა. იყო ორწლიანი პაუზა და უცებ მეხმიანება რიკარდო, რომ მე უნდა გავხსნა სეზონი „ლა სკალაში”. 23 წლის ვიყავი, როდესაც პირველი სეზონი გავხსენი და 24 წლისამ – მეორე სეზონი ზედიზედ.
– ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თან პატარა ასაკში. რა არის შენი წარმატების ფორმულა, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ხარ?
– არასოდეს, ჩემს ცხოვრებაში, ასე არ შემშინებია. შიშის გრძნობა მქონდა მანამ, სანამ მაესტრო მუტისთან ერთად გამოვიდოდი. 22 წლის ვიყავი, როცა ფეხი შევდგი დიდ სცენაზე... ეს იყო უფრო პასუხისმგებლობისგან მიღებული სტრესი. ეს არამხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებოლობაა, შენ გაწევს პასუხისმგებლობა იმ ბრენდის, რასაც ჰქვია „ლა სკალა“. მერე გადავწყვიტე, ამაზე აღარ მეფიქრა, თორემ შეიძლება გავგიჟებულიყავი. გადავწყვიტე, ყველაფერს იოლად უნდა შევხედო-მეთქი. ყველა ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, ყველას თავის გზა აქვს და ყველაფერს შეიძლება მიაღწიო ადამიანმა. რა თქმა უნდა, თუ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ და მასში გულწრფელად, მთელ სულსა და გულს ჩადებ. მე მჯერა რომ ასე, ყველაფერს მიაღწევ. წარმატების ფორმულა – ეს ძალიან ინდივიდუალურია, ან შეიძლება, ერთი ფორმულაა, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, მე ამ ფორმულას ვხედავ რამდენიმე კომპონენტში. ყველასთვის ცნობილი, ეს არის გამართლება. ასევე, ძალიან დიდი შრომაა აუცილებელი და ამ შრომასთან ერთად, ბევრი მსხვერპლის გაღებაც. ნიჭის გარეშე კი, ბუნებრივია, არაფერი გამოვა... თუმცა, ნიჭი ყველაფერი არ არის. ჩემი აზრით,  მშობლებისგან აუცილებელია მიმართულების მიცემა და მხარდაჭერა.
– რაიმე ტრადიციები თუ გაქვს კონცერტის დღეს?
– ტრადიციასავით მაქვს – კონცერტის დღეს, დილით რომ ავდგები, თუნდაც ყელის ტკივილით გავიღვიძო, სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს დავალებას ვაძლევ, რომ დღეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ყურადღებას ვაქცევ ჭამას. რამდენი ხნით ადრე და როგორ უნდა ვჭამო კონცერტამდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ განწყობას. საკუთარ თავს უნდა ემეგობრო და შეუძახო, გჯეროდეს, რომ შენ ეს შეგიძლია.
– ალბათ, ყელის მოვლის განსაკუთრებული წესებიც გაქვს?
– თავიდან ვიყავი შეშლილი ყელის მოვლაზე. სულ დახურული კაშნეებით დავდიოდი, არ ვლაპარაკობდი. მერე მივხვდი, რომ ცოტა არ იყოს, მე გავხდი ამის ტყვე. მიმაჩნია, რომ თუ ასე იცხოვრე, ბევრი დაგაკლდება. ადამიანი რომ მღერის, ბევრი ემოცია უნდა ჰქონდეს და ეს გადმოსცეს. ცივ წყალს არ ვსვამდი. ახლა ვსვამ და ყელიც აღარ მტკივა. ბევრი ყინულსაც კი ყლაპავს.
– ნინო, საქველმოქმედო ფონდ  „ნატვრის ხეს“ უდგახარ სათავეში. როგორ შეიქმნა ფონდი?
– მე ვიყავი იტალიაში, „კარმენს“ ვმღეროდი. მახსოვს, ჩემი დაბადების დღე იყო და „ფეისბუქის” საშუალებით შევიტყვე, რომ ნინო ჩიქოვანს ესაჭიროება დახმარება. იტალიაში ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. ძალიან უმწეო სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ კარგი ის იყო, რომ საქართველოში მალე ჩამოვდიოდი. მივწერე ყველა ჩემს კოლეგას – ყველას თავისი გრაფიკი აქვს და გავაკეთეთ საქველმოქმედო კონცერტი. იმდენად დიდი იყო გრძნობა იმისა, რომ რამე გამეკეთებინა, რომ მას ვეღარ ვაკონტროლებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. ამას მოჰყვა სიხარული, გამოჯანმრთელება. უკვე თვრამეტი ადამიანი გვყავს გადარჩენილი. მთავარი ისაა, რომ ყველას მიეცა სიკეთის გაკეთების საშუალება – საზოგადოებას, ვარსკვლავებს, კერძო კომპანიებს.
– იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იტალიის ორდენის ვარსკვლავის კავალერი გახდი. რას ნიშნავს შენთვის ეს პრიზი?
– ძალიან გამიხარდა და ეს მივიღე, როგორც დიდი ავანსი იმისა, რაც კიდევ უნდა გავაკეთო. მე საერთოდ ასეთი ხასიათი მაქვს – ბოლომდე  არასოდეს ვკმაყოფილდები საკუთარი თავით. ამ პრეზიდენტს არ ვიცნობ. როგორც ჩანს, ის იცნობს ჩემს შემოქმედებას და ეს ძალიან გამიხარდა და ვაფასებ. წინა პრეზიდენტს ვიცნობდი და დადიოდა ჩემს სპექტაკლებზე. ბევრ პრეზიდენტს ვიცნობ. გვაქვს მათთან გამოსვლები. თუმცა, მე ადამიანებს თანამდებობით არ ვასხვავებ. უპირველესად, მე, მაყურებელს ვუყურებ. იტალიის პრეზიდენტი ჩემთვის მნიშვნელოვანი იმითაა, რომ იტალია არის ჩემი მეორე სამშობლო. იტალიამ მე ძალიან ბევრი მომცა და ამას დიდად ვაფასებ.

скачать dle 11.3