კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ეუბნებოდნენ მალხაზ აბულაძეს სერიალ „ტიფლისში“ შესრულებული სექსის სცენასთან დაკავშირებით და როგორ იქცა ის „ცუდი როლების კარგ შემსრულებლად“

მსახიობ მალხაზ აბულაძის მიერ შესრულებულ როლს სერიალ „ტიფლისში“, სადაც ის ციმბირის ციხის უფროსის, კობას როლს განასახიერებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს უარყოფითი როლის შესრულების გამო, ხშირად უწევს მაყურებლის რისხვასთან გამკლავება. ამას ემატება სერიალი „ჩემი ცოლის დაქალებიც“, სადაც მსახიობი, ასევე უარყოფით, ნატაშკას პათოლოგი ქმრის როლს ასრულებს, რომელიც ცოლზე ძალადობს. მსგავსი როლების გამო, როგორც თავად გვითხრა, ხალხში შენიღბულიც დადის.

 მალხაზ აბულაძე: სერიალ „ტიფლისს“ ძალიან საინტერესო საწყისი ჰქონდა. მისვლისთანავე არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა ჩემი და ყველა დანარჩენი პერსონაჟისთვის. თავიდანვე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო სიტუაციაში მოვხვდი. გარემომ და სცენარმა შემიქმნა წინაპირობა, რომ ეს როლი, შეძლებისდაგვარად, კარგად გამეკეთებინა. როცა ეთერში გავიდა, მშვენიერი შეფასებები მოჰყვა. ჩემს გმირთან დაკავშირებით მესმოდა: „ამ კაცს რომ ვუყურებ, მინდა, ტელევიზორი დავამტვრიო“; „მინდა, ეს კაცი მოკვდეს“ და რომ მოკვდა: „აი, ხომ ჩაძაღლდა ბოლოს და ბოლოს“ (იცინის). თუმცა, იქვე ამბობდნენ – „რა კარგი არტისტია, რა კარგად თამაშობს“. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი დამოკიდებულება. ეს უარყოფითი პერსონაჟია და კარგია, თუ მაყურებელში შესაბამის ემოციებს აღძრავს. ქუჩაში ღიმილსა და დაბნეულ თვალებს ახლაც ხშირად ვხვდები. ხან მესმის – „ის არის?“ (იცინის).
– როგორც მსახიობისთვის, რთული შესასრულებელი როლი აღმოჩნდა?
– ალბათ, რთულია. თუმცა, მუშაობის პროცესში, რომელიც ძალიან შრომატევადი იყო, მთელი შემოქმედებითი გუნდი იმდენად გავერთეთ, ყველაფერი ისე ჰარმონიულად აეწყო, რომ  სირთულეს, რომლის გაკეთებაც ძალიან გამიჭირდა, ვერც დავასახელებ.
– დიდი გარჩევა მოჰყვა სექსის სცენას. ამბობდნენ, რომ ამ სერიალში მსგავს ეპიზოდს არ ელოდნენ.
– არ მესმის, რატომაა ეს გასაკვირი ქართულ ფილმებში, როცა იგივეზე არ ღიზიანდებიან, თუ მას უცხოურ ფილმებში უყურებენ. იმიტომ, რომ იმათ ხშირად ვერ ხედავენ? ვიცოდი, რომ ეს სცენაც ამ პერსონაჟის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ეს კაცი ხომ ოქროს გატაცებას და გაქცევას აპირებდა, ამიტომ მას პარტნიორი უნდა ჰყოლოდა. ეს პარტნიორი ქალი აღმოჩნდა. გამოჩნდა, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა არ იყო და რომ რომანი მანამდეც ჰქონდათ. სექსის სცენამ კი პერსონაჟი შეავსო და მისი მთლიანობაში მოქცევა მოახერხა. მაყურებელმა დაინახა, რომ ის არ იყო მარტო მყვირალა კაცი, რომელიც დარბის და ხალხს აწამებს. მას აქვს ინტიმური ცხოვრება, გააჩნია თავისი სიყვარული და ისიც რაღაცეების ერთგულია. ეს სცენა ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცა გაღიაზიანდა, ვიღაცამ კი მითხრა: რა საჭირო იყოო. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ეს სალაპარაკო თემადაც არ მიმაჩნია. თუ დასავლურ სერიალში ანალოგიურ სცენაზე პრეტენზია არ გაქვს, ქართული რატომ უნდა გაღიზიანებდეს? მე არტისტი ვარ და ეროვნებას ამ დროს რა მნიშვნელობა აქვს? აბსოლუტურად არავითარი. ამიტომ, მაყურებლის გაღიზიანების ან უხერხულობის საფუძველს, ვერ ვხედავ.
– კიდევ ერთ ქართულ სერიალში, „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობთ. ეს ცოტა გამიკვირდა კიდევ თავიდან. როგორც წესი, მსახიობების უმეტესობა ერთ-ერთ არხზე არიან ხოლმე.
– მე თავისუფალი არტისტების სიას მივეკუთვნები, ვინც არცერთი ტელევიზიის მიმართ არ არის მიკერძოებული. მირჩევნია, ჩემი გზა ყველგან გავიარო. მე ვარ მსახიობი, რომელსაც სთავაზობენ როლს და თუ ის მაინტერესებს, ვთანხმდები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს „რუსთავი 2-ზე“ იქნება თუ GDS-ზე. არც არხებისგან წაუყენებია ჩემთვის ვინმეს ულტიმატუმი და არც წავაყენებინებ არასოდეს. ვარ თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ვმუშაობ გახმოვანებაზე GDS-ზე და „რუსთავი 2-ზე“, ვიმუშავე „ტიფლისზე“ და ვმუშაობ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ გარკვეული შეზღუდვებისთვის.
– „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ უარყოფით გმირს ასახიერებთ.
– ეგ ჩემთვის ერთ-ერთი მოსაწყენი ფაქტორია. ამის გამო პერსონაჟი ცოტა მომაბეზრებელია. მისი ყოველი გამოჩენა დედის გინებით იწყება, რაც ვფიქრობ, ცოტა რეალობას მოკლებულია. ამდენი გინება და ყვირილი, მგონი, დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ კაცს სხვა მხარეც ხომ უნდა ჰქონდეს. გავიგეთ, რომ გაღიზიანებულია. უყვარდა თავისი ცოლი, იმან კი უღალატა და ეს ნერვების მომშლელია. თუმცა, არაკაცურად იქცევა, როცა შვილებს დედაზე აღიზიანებს და ზოგადად, სულ არასწორად და არამისაღებად იქცევა. გასაგებია, რომ უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ მასაც თავის სისუსტეები გააჩნია, ძლიერი პიროვნება ნამდვილად არაა. ძალიან სტერეოტიპულად აზროვნებს და სხვათა შორის მისნაირი ბევრია. საკუთარ კომპლექსს ვერაფრით გადააბიჯა და ვერ გამოჯანსაღდა მისი ფსიქიკა. პრინციების გამო, უამრავ შეცდომას უშვებს და ამიტომ, შვილებთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს. მოკლედ, თავის მხრივ, დრამატული, საცოდავი გმირია.
– ამ ორმა როლმა უარყოფითი გმირის სახელი არ დაგიმკვიდრათ?
– კი, ასეა. ხშირად გამიგია ჩემზე – „ცუდი როლების კარგი შემსრულებელი“. ეს არტისტების ხვედრია. იმედი მაქვს, მოვა დრო და დადებით როლსაც არანაკლებ შევასრულებ (იცინის). როლების გამო ძალიან ბევრჯერ დამინახავს უცხო ადამიანის თვალებში მუქარა და ზიზღი. სადაც ხშირად მიწევს სიარული, იქ ყველა მიცნობს და მსგავსი შემთხვევები არ ხდება. თუმცა, როცა ქუჩაში გავდივარ, ხანდახან ვინიღბები, რომ ვინმემ მრისხანე თვალით არ შემომხედოს (იცინის). იმედი მაქვს, არავინ არაფერს დამიშავებს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა (იცინის). ადრე კიდევ ერთ უარყოფით გმირს ვთამაშობდი სერიალში „ქაღალდის ტყვია“. იქ ქურდის მარჯვენა ხელი და ძველი ბიჭი ვიყავი, რომელიც ქალს სცემდა. ცემის სცენა ეთერში რომ გავიდა, იმ დღეს „ბუტკასთან“ მივედი რაღაცის საყიდლად. გამყიდველმა რომ დამინახა, მიცნო და ჩემი შეეშინდა. რა იცოდა, რომ იგივეს არ გავაკეთებდი (იცინის). ჩემი მეგობარი ირაკლი კონტრიძეც საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდა. გახსოვთ, ალბათ, ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს ერთ-ერთი საქმრო იყო. ერთხელ მანქანით პატრულმა გააჩერა და უთხრა, რას უწუნებ იმ გოგოს, ცოლად რატომ არ მოგყავსო?! გავშრი და რა მეთქვა, არ ვიცოდიო (იცინის).
– როგორც ვიცი. დაქორწინებული ხართ.
– კი, მყავს მეუღლე ხათუნა ბეჟანიძე, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიბრძვით, როცა კი ამის საჭიროება გვაქვს. მას ჩემს საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ის ეკონომისტი და გემთმშენებელია. თუმცა, ამ ეტაპზე დიასახლისია. ბავშვები იზრდებიან და როგორც ბევრ ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც ქალბატონებს უფრო მეტი სამუშაო აქვთ სახლში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, მე ვარ მისი მუშაობის წინააღმდეგი. უბრალოდ, არ გამოვიდა. სერიალის მსგავსად, დესპოტი ქმარი არ ვარ (იცინის). აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. უკვე ოცი წელია, დაქორწინებულები ვართ. 30 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შექმენით, ხათო კი – 26-ის. ჩვენი რომანი ოცი წლის წინ, ბათუმიდან დაიწყო და წლინახევრის შემდეგ გადაწყვიტეთ დაქორწინება. გვინდოდა, სამოგზაუროდ სადმე წავსულიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ხათო ორსულად იყო და არ გამოუშვეს. ასე რომ, ჩვენი საქორწინო მოგზაურობა საქართველოთი შემოიფარგლა (იცინის). თუმცა, ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახლა ვაპირებთ ევროპაში წასვლას.
– შვილები, დარწმუნებული ვარ, ამაყობენ ცნობილი მამით.
– ორი შვილი გვყავს – 17 წლის საბა და 11 წლის ტასო. კი, ძალიან ამაყობენ. სკოლის მოსწავლეები არიან და მეგობრები ხშირად სთხოვენ ჩემს ავტოგრაფს. ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ. აღფრთოვანებულები მოდიან ხოლმე და მეუბნებიან: „მამა, იცი, დღეს შენზე რამდენს ლაპარაკობდნენ?“. მიხარია, როცა ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ, ესე იგი, რაღაც გამიკეთებია და მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. საბა მომავალ წელს აბიტურიენტია და არჩევანი უკვე გააკეთა. ექიმობას უმიზნებს, უნდა, ბაბუასავით ქირურგი გამოვიდეს. ტასო უფრო ჩემკენაა, მგონი, არტისტობა უნდა. ახლა ცეკვავს, მღერის და ვნახოთ, მომავალში რას იზამს.

скачать dle 11.3